„ადამიანი თუ გარყვნილია, გარყვნილი იქნება ფესტივალზეც და სახლშიც“

„ადამიანი თუ გარყვნილია, გარყვნილი იქნება ფესტივალზეც და სახლშიც“

სანამ „კაზანტიპის“ ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ფესტივალთან დაკავშირებით გავრცელებული ეროტიკული ხასიათის ფოტოები ყალბი და პროვოკაციული შინაარსისაა, ხელოვანები კი „კაზანტიპის“ წინააღმდეგ გამოდიან.

ჯგუფ „შინის“ სოლისტმა, ზაზა მიმინოშვილმა „კაზანტიპის“ საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა და For.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ფესტივალის მუსიკალური მხარე მხოლოდ შირმაა, „კაზანტიპის“ ელექტრონული მუსიკა არის მხოლოდ აკომპანიმენტი, შინაარსი კი სულ სხვაა და რეალურად, ეს არის გარყვნილება. ამიტომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ჩავიდოდა ანაკლიაში და შვილის ტოლა ახალგაზრდებს წინ გადაუდგებოდა, რათა ისინი ღონისძიებაზე არ შეეშვა.

„ღიაა ინტერნეტსივრცე და ჩემთვის პატარა კვლევა ჩავატარე, „კაზანტიპის“ შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და დასკვნა გამოვიტანე, რომ „კაზანტიპის“ ჩატარება უნდა გავაპროტესტო. არ გეგონოთ, რომ მუსიკის წინააღმდეგი ვარ. მეც მუსიკოსი გახლავართ და მოვიარე ყველანაირი ფესტივალი. ის ფესტივალები მართლაც მუსიკის დღესასწაული იყო ყოველთვის. „კაზანტიპში“ კი მუსიკა მხოლოდ ფონია იმ ფილოსოფიისთვის, რომელიც აპირებს შემოსვლას საქართველოში და, რომელიც უკვე იყო ყირიმში. დიდი ხანია, მიწევს ცხოვრება ევროპაში, იქაც ხდება ფილტრაცია, არ თანხმდებიან ნებისმიერი ფესტივალის შემოშვებას. თავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც უნდა ვისწავლოთ რაღაცაზე „ჰო“-ს და რაღაცაზე „არა“-ს თქმა. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. „კაზანტიპისნაირ“ ფესტივალს ასე მარტივად უცხოეთშიც არ დაუშვებდნენ. ასეთი პროტესტი თავისუფალ სამყაროში არსებობს. ქართველებიც თავისუფალი სამყაროს შვილები ვართ, მაგრამ თავისუფალნი არასდროს გავხდებით, თუ არ მივხვდებით, რომ უკვე ვართ თავისუფალნი“,- გვითხრა ზაზა მიმინოშვილმა.

ამასთან გაიხსენა, რომ ბერლინშიც ტარდება უზარმაზარი ფესტივალი, სახელწოდებით, „სიყვარულის პარადი“, სადაც თავს იყრის ყველანაირი წარმოდგენის ადამიანი. პირადად იგი ამ ფესტივალის წინააღმდეგიცაა. ასევე ფიქრობს გერმანელი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ისინიც აპროტესტებენ ე.წ. „სიყვარულის პარადს“.

რაც შეეხება საქართველოს, ჯგუფ „შინის“ სოლისტი მიიჩნევს, რომ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით ძალზე დიდი დეზინფორმაცია და ინფორმაციული ვაკუუმია, თორემ ამ ფესტივალს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააპროტესტებდა. რატომღაც ამ ფესტივალის მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რაშია საქმე, მათ ჰგონიათ, რომ მივლენ და მარტო ელექტრონულ მუსიკას მოუსმენენ.

„შინის“ დანარჩენი წევრები ამჯერად გერმანიაში არიან, თორემ დარწმუნებული ვარ, როგორც ერთად ვიყავით ყველა საქმეში, „კაზანტიპსაც“ ერთად გავაპროტესტებდით. უხეშ მაგალითს გეტყვით, გარკვეული მუსიკა, გარკვეული ჟღერადობა ჯოჯოხეთშიც კი იქნება, მაგრამ არის ჯოჯოხეთში მუსიკალური ფესტივალი? ამდენად, შესაძლოა, მუსიკა იყოს აკომპანიმენტი, ისიც შეიძლება, ძალიან ზნეობრივი მუსიკაც იყოს რაღაც საშინელების აკომპანიმენტი. ასე რომ, მუსიკა აქ არაფერ შუაშია“.

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და გარყვნილების ფესტივალი არ უნდა ამოეფაროს მუსიკალურ ფესტივალს. ჯემალ ჭკუასელის თქმით, ქართული სიმღერა მთელმა მსოფლიომ უანალოგოდ აღიარა. ამ დროს კი ერთტაქტიან საშინელ მუსიკას გვთავაზობენ, რომელიც სავარაუდოდ, „კაზანტიპზეც“ გაიჟღერებს.

„საშინლად მაღიზიანებს „კაზანტიპის“ ორგანიზატორების მხრიდან თავის ამდენი მართლება - ჩვენ არავის არაფერს დავუშავებთ, თუ უნდათ მოვიდნენ, თუ უნდათ, წავიდნენო. მათთვის შესაძლოა, გარყვნილება ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მაგრამ პატარა ერისთვის, როგორც საქართველოა, ეს დიდი დარტყმაა. იაპონია რომ გაანადგურეს და ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს, აღორძინება რითი დაიწყეს, იცით? კულტურა გამოაცხადეს პრიოროტეტად. ზოგჯერ არ არის ადეკვატური გამოთქმა - გიჟი თავისუფალიაო, გიჟს ჩვენ არტახები უნდა მოვუჭიროთ, ამიტომ მარტო მომღერლები კი არ უნდა აპროტესტებდნენ ამას, არამედ მთელი ერი უნდა გამოდიოდეს „კაზანტიპის“ წინააღმდეგ. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, მე არ მომისმენია და არ ვიცი, რას სთავაზობენ „კაზანტიპზე“, მაგრამ როცა ჩვენი ტელევიზიები ერთტაქტიან მუსიკას ერთი საათის განმავლობაში იმეორებენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კულტურის დიდი დეფიციტი.

„კაზანტიპზე“ ორასი კარავი გაშალეს. როგორ ფიქრობთ, არ მოუნდება რომელიმე ქართველ ახალგაზრდას იქ შეჭვრეტა და იმის გაგება, იქ რა ხდება? იქაც ეტყვიან, დიდი სიამოვნებით, მობრძანდითო. ეს არის ერის გარყვნა“, - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.

For.ge პანჩოსაც დაუკავშირდა. მომღერალი მიიჩნევს, რომ ასჯერ ნათქვამს ერთჯერ ნანახი სჯობს. ამიტომ ახალგაზრდები უნდა წავიდნენ და ნახონ, რა მოხდება „კაზანტიპზე“. თუ იქ რაიმე ზნედაცემული იქნება, რაც არ შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს, მერეც მოვასწრებთ ამის გაპროტესტებას და ახალგაზრდები მომავალში აღარ ჩავლენ ამ ფესტივალზე.

„ფესტივალი ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამხელა აჟიოტაჟია ამტყდარი. ნახონ, რა ხდება, იქნებ, სულაც არ არის მამათმავლობა?! ისე, მამათმავლობა საქართველოში სულ იყო. ახლა თუ იქ ვიღაც ორი კაცი წავა და მაგაზეა აწყობილი ეს კამპანია, არ ვიცი. არ ვარ ნამყოფი და ზუსტად არ ვიცი, რა ხდება. თუმცა ტელევიზორში რაც ვნახე, ისაა, რომ ბავშვები ცეკვავენ. არა მგონია, ფესტივალზე მოხდეს ჩვენი შვილების გარყვნა. შვილები თუ გარყვნილები არიან, გინდა ფესტივალზე გაუშვი, გინდა, ირკუტსკში... ვერ გავიგე, ფესტივალმა როგორ უნდა გარყვნას ადამიანი? არ ვეწინააღმდეგები სასულიერო პირებს, უბრალოდ, ვფიქრობ, ადამიანი თუ გარყვნილია, გარყვნილი იქნება ფესტივალზეც და სახლშიც“,- აცხადებს პანჩო.