მაია ფანჯიკიძე საპატიო კონსულებს ჩაგრავს?!

მაია ფანჯიკიძე საპატიო კონსულებს ჩაგრავს?!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევის მიხედვით, დიპლომატების მიმართ ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საპატიო კონსულები ვეღარ ისარგებლებენ ავტომანქანის დიპლომატიური სანომრე ნიშნებით, მოუწევთ დღგ-ს გადახდა, ასევე შეიცვლება მათი დიპლომატიური სტატუსი. საპატიო კონსულებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უკვე გაუუქმეს დიპლომატიური ბარათები.

სხვათა შორის, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილი იყო სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში და მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეობაც კი ჩამოართვა, სააკაშვილსაც არ მოსვლია აზრად, რომ საპატიო კონსულებისთვის პრივილეგიები გაეუქმებინა. რითია განპირობებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ამის შესახებ მისი მხრიდან ამომწურავი პასუხი არ არსებობს. არც ის ვიცით, გაუუქმებდა თუ არა საპატიო კონსულებს პრივილეგიებს საგარეო უწყება, ივანიშვილი კვლავაც სან-მარინოს საპატიო კონსული რომ იყოს.

როგორც საპატიო კონსულები აცხადებენ, მათ ვერ გაარკვიეს, რატომ მოხდა მათთვის უფლებების შეზღუდვა. მათი განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია პრაქტიკულად, შეუძლებელია, ამიტომ წერილით მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. საპატიო კონსულები საკითხის შესწავლას უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ითხოვენ, მიმართვას ხელს 22 კონსულიდან 17 აწერს.

პიერ ორლოვი, საპატიო კონსულების ასოციაციის პრეზიდენტი, ბელგიის სამეფოს საპატიო კონსული: „ძალიან უცნაურად მოგვექცნენ, ისარგებლეს ზაფხულით, შვებულებების პერიოდით - ერთი კვირის წინ დაგვირეკეს, გვითხრეს, რომ ცვლილებები იქნება წესებში, რომელიც სექტემბრიდან შევა ძალაში, მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ ჩემი დიპლომატიური ბარათი ანულირებული იყო.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება, მოახდინოს ადაპტაცია, ვენის კონვენციასთან, მაგრამ უცნაურია, რომ ბოლო წუთებში მივიღეთ მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და 25 საპატიო კონსულიდან მხოლოდ ორმა მოახერხა მისვლა. ასევე სასწაფოდ გაგვიუქმეს პრივილეგიები მაშინ, როდესაც ცვლილებები პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. ისე იქცევიან, თითქოს რაღაც დანაშაული გვაქვს ჩადენილი. თუ ასეა, თქვან და დამნაშავეც დასაჯონ, მაგრამ ასე მოქცევა და მრავალწლიანი პრაქტიკის ასე, ერთი ხელის მოსმით შეცვლა არც გასაგებია და არც არის ნორმალური“.

საქართველოში აკრედიტირებული უცხოეთის საკონსულოებისა და საპატიო კონსულების სახელით მომზადებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც მოულოდნელად წარუდგინეს „პროტოკოლის სახელმძღვანელოს პროექტი, რა დროსაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოხდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა, თუმცა სასწრაფოდ, მომდევნო დღესვე, იმავე უწყებიდან მიიღეს ვერბალური ნოტა, სადაც ატყობინებდნენ, რომ უკვე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საპატიო კონსულებისათვის დაწესებული შეზღუდვები.

„ამ ტიპის შეზღუდვების იმპლემენტაცია ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ცალსახად გააუარესებს ამ კორპუსის სამუშაო პირობებს და ბუნებრივია, ეს ზოგადად ნეგატიურად იმოქმედებს იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან ჩვენი კოლეგები“, - ნათქვამია კონსულების ერთობლივ წერილში.

როგორც საპატიო კონსულები აცხადებენ, for.ge-სთან საუბრისას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გულწრფელად ემსახურებიან იმ ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც წარმოადგენენ საქართველოში, თუმცა ამავე დროს აკეთებენ ქართულ საქმეს და ამისათვის იყენებენ ყველა იმ ტრიბუნასა და კავშირს, რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე ხელმისაწვდომია საპატიო კონსულთა კორპუსისათვის.

საპატიო კონსულების ასოციაიში კი იმასაც აღნიშნავენ, რომ თითოეული ის საკონსულო დაწესებულება, რომელსაც ხელმძღვანელობენ საქართველოში აკრედიტებული საპატიო კონსულები, ძალას და ენერგიას არ იშურებენ საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „არაღიარების პოლიტიკის“ საქმეში.

შეგახსენებთ, რომ საპატიო კონსულების ინსტიტუტი საიმედო და სოლიდური დასაყრდენი რგოლია, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისთვის, ისევე როგორც იმ ქვეყნის საგარეო უწყებებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საელჩოები საქართველოში და აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ საპატიო კონსულებისა და მათი ოფისების საშუალებით.

გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათლადაა განმარტებული საპატიო კონსულების პრივილეგიები და იმუნიტეტები და აღნიშნულია, რომ (კონვენციის) მუხლები, რომლებიც ეხება კარიერულ კონსულებს, ასევე გამოყენებული უნდა იქნას საპატიო კონსულებთან მიმართებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევით ამოქმედებული რეგულაციები წინააღმდეგობაში არ მოდის ვენის კონვენციასთან. როგორ მაია ფანჯიკიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ვენის კონვენცია განასხვავებს კარიერულ კონსულებს საპატიო კონსულებისგან. ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საპატიო კონსულებს არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ თავიანთი საქმიანობის შესრულებისას და საპატიო კონსულებს ურჩევს, ყურადღებით წაიკითხონ გზამკვლევი.

როგორც ფილიპინების გენერალური კონსული, თემურ ჭიჭინაზე აცხადებს, ეს უბრალოდ დისკრიმინაციული მიდგომაა საპატიო კონსულებისადმი და საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს.

„არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ამ გზამკვლევის მიმართ და საერთოდ, მიღებული ფორმაა, როდესაც ასეთ საკითხებზე კონსულტაციები იმართება. როგორ განვახორციელო ჩემი მოვალეობები, როდესაც არ მექნება საკონსულო ბარათი, პარკირების საშუალება და ა.შ? - მედიის მეშვეობით არ უნდა ხდებოდეს ამ კითხვების დასმა. აუცილებელი იყო შეხვედრა და შესაძლოა, ეს წერილებიც არ გამხდარიყო საჭირო. 22 ქვეყნის წარმომადგენელი ვართ და მინისტრის მოადგილემაც კი არ ჩათვალა საჭიროდ ჩვენთან შეხვედრა. არადა, მოვალე ვარ, იმ ქვეყანას, რომლის წარმომადგენელიც გახლავართ, ინფორმაცია მივაწოდო, რატომ ვერ ვახორციელებ საკონსულო საქმიანობას. როდესაც კომუნიკაცია არ არის, ვერ გიპასუხებთ, რატომ მოხდა ეს. მსოფლიოში არსად მომხდარა, რომ არსებული პრივილეგიები შეეზღუდათ, პირიქით, გაუმჯობესებაზე მუშაობენ“, - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთ-ერთია საპატიო კონსულების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე HC აბრევიატურიანი „ბეიჯის“ გამოყენება - ვენის კონვენციის 28-ე მუხლის მიხედვით კი: „ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას საკონსულო დაწესებულებას თავისი ფუქნციების შესასრულებლად. მათ შორის, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის მიმოსვლის და მოგზაურობის თავისუფლება.

ამდენად, გაუგებარია, რითი ისარგებლა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გზამკვლევის მომზადებისას.

თემურ ჭიჭინაძე: „ეს არის გენერალური საკონსულო, რომელიც ახორციელებს სავიზო მომსახურებას. დღეს უამრავი ფილიპინელია საქართველოში, ხდება დელეგაციების მიღება-გაცილება, დეპოტრაცია ან გარდაცვლილის გადასვენება, ეს ყველაფერი ჩვენი, კონსულების კისერზე გადადის და როდესაც მოქმედების არეალი გვეზღუდება, მაგალითად, შესვლა იმ ზონებში, რომელიც აუცილებელია საკონსულო საქმიანობის განხორციელებისთვის, ამ ფუნქციებს ვეღარ განვახორციელებთ. მაგალითად, თუ აეროპორტში მანქანის პარკირების საშუალება არ გექნება, როგორც დიპლომატს, როგორ უნდა დახვდე ელჩს“?

როგორც საპატიო კონსულები განმარტავენ, ყოველივე აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისთვის პროტოკოლის სახელმძღვანელოსთან.

არ არის გამორიცხული, საქართველოს სახელმწიფომ უცხოეთის მრავალი სახელმწიფოსგან ნოტაც კი მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში საპატიო კონსულების უსამართლო დიფერენციაცია ხდება, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების სხვა თანამდებობის პირებთან მიმართებაში, რასაც შედეგად მოჰყვა საკონსულოზე დაკისრებული საქმიანობის შეფერხება.

„დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ნორმების დაცვაში უკვე არსებული პრინციპის შეზღუდვა და უგულებელყოფა, შესაძლოა განხილული იქნას როგორც არამეგობრული ქმედება, რასაც საპასუხო ნაბიჯები შეიძლება მოყვეს“, - აცხადებენ კონსულები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყო მცდელობები მსგავსი შეზღუდვების შემოღებისა, თუმცა დიპლომატიური კორპუსის მიმართვის შემდგეგ სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს მსგავს შეზღუდვებზე თანაც, ამ შემთხვევაში საუბარი იყო არა „ბეიჯის“ შემოღებაზე, არამედ სანომრე ნიშნის ფერის შეცვლაზე.

რაც შეეხება ახალი ტიპის „აკრედიტაციის ბარათის“ შემოღებას, საპატიო კონსულებისათვის, აქაც ბუნდოვანი და გაუგებარია რა იგულისხმება ახალი ტიპის ბარათში, ვინაიდან ვენის კონვენცია არათუ არ ცნობს აღნიშნულ საკითხს, არამედ პირდაპირ მიუთითებს, რომ საპატიო კონსულები სარგებლობენ ყველა იმ პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რითაც კარიერული კონსულები.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ერთჯერადი საშვების გამოყენებას, კონსულები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეაფერხებს და უფრო მეტიც, ხელს შეუშლის მასზე დაკისრებული ფუნცქიების ჯეროვნად განხორციელებას.

მართლაც, წარმოუდგენელია, როგორ უნდა განახორციელოს საპატიო კონსულმა საკონსულო საქმიანობა წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების დახმარების მიზნით, თუ მას არ ექნება აეროპორტებისა და სხვა სამგზავრო ობიექტების დახურულ ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების უფლება.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, იმას რომ იმ ქვეყნების საკონსულოები, რომლებსაც საელჩოები არ გააჩნიათ საქართველოში, გაუქმდება, ამაზე პასუხი არ არსებობს, თუმცა იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც დღესდღეობით ხელმისწვდომია, ასეთი ტენდენცია იკითხება.

საქართველოში აკრედიტირებული საპატიო კონსულები და კონსულების ასოციაცია იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაგებით მოეკიდება მათ შეშფოთებას და ძალას არ დაიშურებს აღნიშნულის საკითხების 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციით“ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით დროულად დარეგულირებისთვის.