ნატოს სარდლობა ე.წ. „მწვანე კაცუნებთან“ საბრძოლველად პოლიციასა და არმიას მოამზადებს

ნატოს სარდლობა ე.წ. „მწვანე კაცუნებთან“ საბრძოლველად პოლიციასა და არმიას მოამზადებს

„მწვანე კაცუნებთან“ ბრძოლა უნდა ვისწავლოთ“,- ამ სიტყვებით ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, კარდინალურად გადააფასონ მიდგომები უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში და ისწავლონ ბრძოლა პროფესიონალ სამხედროებთან, რომლებსაც ქვეყნის აღმნიშვნელი ნიშნები არ გააჩნიათ.

ტერმინი „მწვანე კაცუნები“ ყირიმის ოკუპაციის დროს გაჩნდა, როდესაც ნახევარკუნძული დაიპყრეს სრულად აღჭურვილმა სამხედრო შენაერთებმა კონკრეტული ქვეყნის საცნობი ნიშნების გარეშე.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ ე.წ. „მწვანე კაცუნები“ რუსეთის არმია იყო და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობდა. უფრო მეტიც, გენერალი ფილიპ ბრიდლავი მაშინ აცხადებდა, რომ ყირიმშიც და აღმოსავლეთ უკრაინაშიც მოქმედებდნენ არა ამბოხებული მოხალისეები, არამედ რუსეთის რეგულარული შენაერთები. ამის შესახებ მან შესაბამისი მტკიცებულებებიც არაერთხელ წარადგინა.

ამის მიუხედავად, პუტინი კატეგორიულად უარყოფდა ყირიმში რუსული ჯარის ყოფნას, თუმცა მოგვიანებით ცინიკურად საპირისპირო რამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებისათვის დააჯილდოვა კიდეც.

„მართალი რომ გითხრათ, ყველაზე მთავარია, ნატოს ქვეყნები მზად იყვნენ საბრძოლო მოქმედებებისათვის ე.წ. „მწვანე კაცუნებთან“ - შეიარაღებულ სამხედროებთან, საცნობი ნიშნების გარეშე, რომლებიც სიმშვიდეს არღვევენ, იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს, აქეზებენ მოსახლეობას, წვრთნიან სეპარატისტებს, აწარმოებენ სამხედრო ინსტრუქტაჟს და შესაბამისად, ხელს უწყობენ სერიოზულ დესტაბილიზაციას. ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ამ სქემით იყო ორგანიზებული რუსულენოვანი მოსახლეობა. არის საფრთხე, რომ იგივე მოხდება სხვა აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებშიც. ამიტომ ჩვენ უნდა გავწვრთნათ პოლიცია და არმია, რათა მზად იყოს ასეთი გამოწვევებისათვის“, - განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.

პარალელურად, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ რუსეთს სამხედრო ძალით ვიღაც უნდა დაუპირისპირდეს, რადგან რუსეთი ზედმეტად „მონდომებულია“.

რატომ კეთდება ნატოს მაღალჩინოსანთა მხრიდან სულ უფრო მეტი განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი სამხედრო ძალით ვიღაცამ უნდა შეაჩეროს?! რამდენად რთული იქნება რუსებისგან დაგეშილ ე.წ. „მწვანე კაცუნებთან“ ბრძოლა?!

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში ნატოს მაღალჩინოსანთა განცხადებას იმის დეკლარირებად მიიჩნევს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ იწყებს სამხედრო კონცეფციის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ეს არის ევროპელი პოლიტიკოსებისადმი მოწოდება, გამოვიდნენ პაციფიზმის ხიბლიდან, რადგან, თუ მსოფლიოში წესრიგი მუდმივი კონტროლის ქვეშ არ იქნება, შეიძლება, ერთ დღესაც ევროპა სამხედრო ქაოსში აღმოჩნდეს.

„რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, ფაქტია, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ცივი ომის ფაზა და ეს ომი ცხელ ფაზაში, ანუ ღია სამხედრო მოქმედებეში ჯერჯერობით არ გადასულა. იმის ალბათობა, რომ ცივი ომი დასრულდეს ერთი მხარის, სავარაუდოდ, დასავლეთის გამარჯვებით ისე, რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყოს, საკმაოდ მაღალია, ისევე, როგორც მაღალია შანსი, ეს ყველაფერი გადაიზარდოს ცხელ ომში. ტერორიზმს 11 სექტემბრის ტერაქტამდეც ებრძოდნენ, მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ეს გახდა მთავარი სტრატეგიული სამიზნე და ამოცანა. ტერორიზმთან ბრძოლის გამო ხდებოდა ისეთი მასშტაბური სამხედრო ოპერაციები, როგორიც იყო ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია, „აისაფი“-ს მისია ავღანეთში, სპეცოპერაცია ბინ ლადენის წინააღმდეგ, ამაში იხარჯებოდა ფინანსები.

ქართულ საზოგადოებას რატომღაც ომი მხოლოდ თოფის გასროლა ჰგონია. არადა, პარალელურ რეჟიმში ეს არის ტერორიზმის ბაზის შესუსტება და საყრდენის გამოცლა. დაახლოებით ასეთი ეტაპობრივი განცხადებაა ნატოს ჯარების სარდლის, ფილიპ ბრიდლავის განცხადება. სეპარატიზმი იქცა ისეთივე სამიზნედ, როგორც ტერორიზმი 11 სექტემბრის შემდეგ. „მწვანე კაცუნები“ არ ჩნდებიან დანიაში, გერმანიაში, არამედ ისინი ჩნდებიან გარკვეულ გეოგრაფიულ და ეთნიკურ ტერიტორიებზე, რომლის საყრდენიც არის სეპარატიზმი. სწორედ სეპარატიზმზეა საუბარი დონეცკთან, ლუგანსკთან, ყირიმთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. ეს არის ის ანკლავები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და მის უკან დგას რუსეთი არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო, არამედ მისი გარკვეული პოლიტიკური და ბიზნესჯგუფები, რომლებიც ხელს უწყობენ სეპარატიზმს“,-აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისი აზრით, ნატოს ტრანსფორმირების პროცესი აუცილებლად მოხდება, სადაც რუსეთი უკვე აღარ განიხილება პარტნიორად. ამ კონცეფციის შემადგენელი ნაწილი იქნება არა რუსეთის ჩამოშლა (როგორც ეს ესმით ნაციონალებს), არამედ ამ სახელმწიფოს დამარცხება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და, თუ საჭირო გახდება, სამხედრო გზითაც, რათა ევროპა არ გადაიჩეხოს ქაოსში.

„სამხედრო გზას არ გამოვრიცხავ. ცივი ომის დროს სამხედრო ქვედანაყოფები განლაგებული იყო საბჭოთა კავშირთან ვირტუალური ომის საჭიროებიდან გამომდინარე. ანუ ბრიტანული, ამერიკული ქვედანაყოფები განთავსებული იყო გერმანიის ტერიტორიაზე. ახლაც შეიარაღებული ძალების მოწყობა შეიცვლება იმისთვის, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთთან სამხედრო მოქმედება იქცეს რეალობად. ცივი ომის შემდგომ ოპერატიული გეგმა - „რუსეთი, როგორც სამხედრო მოწინაღმდეგე“, არ განიხილებოდა. სხვათა შორის, გერმანელებს უსაფრთხოების პოლიტიკაში დეკლარირებული ჰქონდათ, რომ ისინი უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში ვერ ხედავდნენ სამხედრო საფრთხეს არა მარტო თავის საზღვრებთან, არამედ თავისი მეზობლის საზღვრებთანაც კი. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ ეს საფრთხე მიუახლოვდა მათ მეზობელ ქვეყნებს - პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს. ამიტომ კონცეფტუალური ცვლილებების გარეშე ერთ ნაბიჯსაც აღარ დგამენ ევროპელები“.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა ყირიმში, ეს იყო განსხვავებული საომარი მოქმედებები, რომლითაც ოკუპაცია განახორციელა რუსეთმა. ეს ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოს პირდაპირი სამხედრო აგრესიისგან ფორმით განსხვავდებოდა, თუმცა შედეგი იგივე იყო - ჯერ ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ -ანექსია. სწორედ ამიტომ, დავით სიხარულიძის აზრით, ალიანსის მოკავშირეები ფიქრობენ, რომ მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რუსეთის სამხედრო აგრესიას პასუხი გასცენ. ამ კონტექტსში საუბრობს ევროპაში ნატოს ჯარების სარდალიც.

„ყირიმის ოკუპაციამ ყველას დაანახა, რომ ასეთი ტიპის აგრესიაც შესაძლებელია. ამიტომ შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამა არა მხოლოდ იმას უნდა შეიცავდეს, რა შესაძლებლობებსაც ამჟამად ავითარებენ - პატრულირება და ისეთი ამოცანები, რომელიც ავღანეთში დგას, არამედ ზუსტად ამ ტიპის სამხედრო აგრესიის აღკვეთაც უნდა შეეძლოთ. სპეციფიკური მომზადების პირობებში განსაკუთრებულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ე.წ. მწვანე კაცუნებთან ბრძოლა. ნატო-ს, როგორც კოლექტიური თავდაცვითი ორგანიზაციის, მეხუთე მუხლის ვალდებულებებით, ნატოს ერთ წევრ ქვეყანაზე შეტევა ნიშნავს აგრესიას მთელ ალიანსზე. ამიტომ თავდაცვითი სისტემები ისე უნდა მომზადდეს, რომ პასუხი გაეცეს ნებისმიერი ტიპის შესაძლო სამხედრო აგრესიას ნატოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის წინაღმდეგ“, - აცხადებს დავით სიხარულიძე და ფიქრობს, რომ ნატოს სამხედრო დაგეგმვა იქითკენ იქნება მიმართული, ასეთი ტიპის აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური პასუხი გასცენ.