პრივატიზების ფორმები კონკრეტდება - სახელმწიფო ქონება 1 ლარად აღარ გასხვისდება

პრივატიზების ფორმები კონკრეტდება - სახელმწიფო ქონება 1 ლარად აღარ გასხვისდება

სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად აღარ გასხვისდება და ის პირს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. შესაბამისი ცვლილებები - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეა.

დეპუტატის განმარტებით, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო, ალტერნატიულ საშუალებად ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა გამოიყენება, მაშინ, როდესაც სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შინაარსით ჩუქებას ემსგავსება.

მისი ცნობით, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად ზოგადად გადაეცემა - იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას და წახალისების მიზნით, ინვესტორებს.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ქონების მმართველის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კომპეტენციას დაექვემდებარება.

„თავს ვიტყუებდით, რადგან სინამდვილეში, პირს სახელმწიფო ქონებას უფასოდ - 1 ლარად ვაძლევდით. მომავალში, თუ საჭირო იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და პირს ქონებას უფასოდ გადასცემს და არა ერთ ლარად“, - აღნიშნავს დეპუტატი.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, ხოლო მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. ცვლილებებით, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირობებით, ასევე პირობების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადად სამი თვე განისაზღვრება. ანუ, მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან სამი თვე უნდა გავიდეს.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პირობები იზრდება.

კერძოდ, ინიციატივით, მყიდველი ვალდებულია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წარადგინოს ვალდებულებების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი გარანტია, რომლის ვადაც ორი თვის ნაცვლად, ოთხი თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას.

პროექტით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულების გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტირებულ მესამე პირის იპოთეკის უფლება უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზაციო ვალდებულებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. პროექტით, სახელმწიფო ქონების შემძენს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს არ აუნაზღაურებს.

აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საკუთრებაში გადაეცათ სახელმწიფო ქონება, გათავისუფლდებიან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 1-ელ ივლისამდე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებისგან.

ამასთანავე, იძულებით გადაადგილებული პირების გარდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდებიან 2012 წლის 17 სექტემბრამდე, ან 17 სექტემბრის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტამდე სარგებლობის პერიოდისთვის გადასახდელი და სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

ტყემალაძის მტკიცებით, პატიების წარმოდგენილი შემთხვევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაცია სახელმწიფო ქონების მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესის ნაწილია.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით მარტივდება ასევე, სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში პირის მიერ ნებაყოფლობით ზიანის ანაზღაურების საკითხი.

კერძოდ, ცვლილებებთ, სახელმწიფო დაწესებულებას უფლება აქვს, მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, დაზიანებული ქონება გადასცეს ზიანის მიმყენებელსა და სანაცვლოდ მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს სხვა ქონება.

ამასთანავე, კანონპროექტი აკონკრეტებს პრივატიზების ფორმებს. კერძოდ, ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.

პროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, შესაბამისი ხელშეკრულებიის ფორმას სამინისტრო ამტკიცებს და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით გასცეს. ხოლო, შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ კი შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში.

პარლამენტში აღნიშნული ცვლილებები უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა საშემოდგომო სესიიდან დაიწყება, რომელიც 2 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.

რაც შეეხება იმ საკითხს, აღნიშნული ცვლილებები თუ რა გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ტყემალაძე განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების თვალსაზრისით, პირგასამტეხლოს თანხების გადასახადიდან გარკვეული კატეგორიის სუბიექტთა გათავისუფლების გამო.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაცემის ორი ცნობილი ფაქტი დაფიქსირდა. თუ კურორტი საირმე ერთ ლარად გაიცა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, პარლამენტის ექს სპიკერს, ნინო ბუჯანაძეს წყნეთში 31 696 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და სახლი 1 ლარად გადაეცა, რომელიც ცნობილი პოლიტიკური პროცესების შემდეგ, მას ჩამოერთვა.