საქართველოს თავდაცვის მინისრტი ირაკლი ალასანია აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კრეისერ ,,ველლა გალფზე” იმყოფებოდა. მიწვეულ სტუმრებს ამერიკელმა მეზღვაურებმა კრეისერი დაათვალიერებინეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკული ხომლადის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: „არა მარტო საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ ასეთი გემი, ასეთი შეიარაღებით, ასეთი თავდაცვითი შესაძლებლობებით შემოვიდა შავ ზღვაში. ეს არ არის პირველად, ეს არის უკვე მესამედ. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების, რომ ის ერთგულად იქნება ჩვენი მხარდამჭერი რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების. ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვავითარებთ სამხედრო თანამშრომლობას და ველოდებით, რომ ნატოს მომდევნო სამიტი, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში იქნება, შედეგად გამოიღებს იმას, რომ საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის. ესეც არის ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისკენ, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ შეერთებული შტატების. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ბევრად უფრო ხშირი იქნება ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სამხედრო ხომალდების, ასევე, მათი შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები საქართველოში.“
აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ ბათუმის პორტს 18 აგვისტოს ესტუმრა და საქართველოში ორ დღეს გაჩერდება. ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.
„ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. კრეისერის ბაზა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. მას მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და რეგიონში ნატოს ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით მრავალმხრივი როლი აკისრია.
შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.