„არ დაიწყონ უკანონო მშენებლობა, რადგან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება“

„არ დაიწყონ უკანონო მშენებლობა, რადგან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება“

„არ დაიწყონ უკანონო მშენებლობა, რადგან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება“, - აცხადებს დავით ნარმანია. ამასთან, გამგებლებს მოუწოდებს, ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებსა და მწვანე საფარის გაჩეხვის ფაქტებთან დაკავშირებით მომდევნო კვირისთვის რაიონების მიხედვით, მერიას სრული ინფორმაცია წარუდგინონ. ამის შემდეგ თითოეული ფაქტის შესწავლა მოხდება და გატარდება ქმედითი ღონისძიებები, რომ მშენებლობები მოქალაქეთა ინტერესების შელახვის ხარჯზე არ განხორციელდეს.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ ვინც უკანონო ნებართვის მიღებაში ფული გადაიხადა, პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, თუკი იზარალებს.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ მშენებლობებს, თბილისის მერის განცხადებით, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ის პირები და კომპანიები, ვინც უკანონო მშენებლობა განახორციელეს და დადგება მერიის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს. უფრო მეტიც, თბილისის ახლადარჩეული მერის თქმით, თბილისში ზოგიერთი მშენებლობის საკითხი საგამოძიებო სამსახურებს გადაეცემა.

ერთი ასეთი კანონდარღვევა თბილისში, თაბუკაშვილის 29-ში მდებარე ისტორიულ შენობაზე მოხდა, რომელზეც წინა ხელისუფლების დახმარებით, მეზობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაციონალმა აქტივისტმა მიიტაცა ფართი და სხვა მობინადრეთა ბინების თავზე 97,14 კვ. მ. უკანონო დაშენება განახორციელა. დაშენების სიმძიმეს უძრავმა ძეგლმა ვერ გაუძლო, საყრდენი ბოძი გაიღუნა, კედლები დაიბზარა, სადარბაზო ჩაბნელდა, ხოლო იქ მაცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, რადგან ორსართულიანი ძეგლ-სახლი არ იყო გათვლილი მესამე სართულის დაშენებისთვის. ამ ყველაფრის ლეგალიზება მაშინდელი მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა - მიხეილ ავალიანმა მოახდინა. მოგვიანებით სასამართლოს სამივე ინსტანციამ უკანონო ლეგალიზება გააუქმა, მაგრამ დღემდე მერიასა და გამგეობებში მოკალათებული ნაციონალების ჩარევით, უკანონო დაშენება არ მოუშლიათ, დაშენების სიმძიმე კვლავაც აწვება ისტორიულ ძეგლს, აზიანებს მას და იქ მაცხოვრებლებს ხიფათში აგდებს. იმედია, ქალაქის ახლანდელი მერი, ასევე, პროკურატურა, დაინტერესდება კონკრეტული ისტორიული ძეგლების ბედით, მით უფრო, რომ სამშენებლო დარგის სპეციალისტები ახლადარჩეულ მერს, პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიხედვას ურჩევენ, სადაც ბოლო წლებში ნაცმოძრაობასთან დაახლოებულმა პირებმა ხელოვნური ჩარევა განახორციელეს და უკანონო მიშენება-დაშენებებით ისტორიული ძეგლები დააზიანეს.

ყოფილი პარლამენტარი, ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით ნარმანიას ჩარევა აუცილებელია, განსაკუთრებით, ისტორიულ ძეგლებთან და ძეგლ-სახლებთან მიმართებით, რომლებსაც ნაციონალები სპეციალურად ანგრევდნენ. ამ დანაშაულს კი პირდაპირ ლობირებდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური. მისი თქმით, ნაციონალებს არავითარი ნებართვა არ სჭირდებოდათ, ისინი ცრუობდნენ, თითქოს ისტორიულ ძეგლებს რესტავრაციას უტარებდნენ, სინამდვილეში, მათ ანგრევდნენ. იმის მომსწრენიც ვიყავით, რომ თბილისის მშვენიერი ისტორიული შენობები მიტოვებული იყო, სახურავს გადახდიდნენ და ატმოსფერული ნალექების ქვეშ სპეციალურად განადგურების მიზნით ტოვებდნენ.

„დავით ნარმანიასთან ადრეც გვქონდა შეხვედრა. ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა. ნარმანიამ, ალბათ, ისტორიული ძეგლებით უნდა დაიწყოს. დრო აღარ ითმენს, უკანონო დაშენებების გამო სახლები ინგრევა. სხვა სახლები მაინც მოითმენს, მაგრამ გადაუდებელია კულტურულ ძეგლების შენარჩუნება. ნაციონალების თარეში იყო ამ ქალაქში და ხშირად ძეგლებზე უკანონო დაშენებებიც ამის გამო ხდებოდა. ამხელა ზიანი მიაყენეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ამიტომ უნდა მოიხსნას სახიფათო დაშენებები ამ ძეგლებზე, რომლებიც ადამიანებსა და ძეგლებს თანაბრად უქმნის საფრთხეს. ძეგლი იმიტომაა ძეგლი, რომ არ უნდა შეეხო, უფრო მეტიც, ძეგლის გარშემო პერიმეტრსაც რამდენიმე მეტრით არ უნდა შეეხო, რომ მთელი ანსამბლი გამოჩნდეს. ძეგლებზე მიშენება-დაშენება არაფრით არ შეიძლება, სიძველის გამო ისინი თავიანთ სიმძიმესაც ვეღარ უძლებენ, ამ დროს კიდევ ვაძლიერებთ მათ დანგრევას? მთელ თბილისში უნდა შემოწმდეს შენობები. თბილისი უნდა გამოცხადდეს სეისმური უბედურების ზონად. 25 წელია, არცერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმო მედეგობაზე, ამიტომ ამ უკანონობიდან რისი მოხსნაც შეიძლება, აგურ-აგურ უნდა გამოვაძროთ“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

მისი თქმით, ქალაქმშენებლობაში უბედურებები ბევრად უფრო ადრეც ხდებოდა, მაგრამ ნაციონალების დროს გაცილებით მაღალ დონეზე ავიდა და კორუფციის პირდაპირი საწყისი გახდა. მშენებლობის ნებართვის მიღება მხოლოდ და მხოლოდ არასრულყოფილი, ფასადური არქიტექტურული ნახაზების მიხედვით შეიძლებოდა. ამის მეტი არაფერი მოეთხოვებოდა მშენებელს, ამან ხელი გაუხსნა უნებართვო მშენებლობებს, რის გამოც სასამართლოში უამრავი საქმეა აღძრული.

თბილისის ყველა მაღლივმა შენობამ დაანგრია პატარა შენობა და პასუხს ამაზე არავინ არ აგებს. ხანდახან მეტრიც კი არ იყო მათ შორის დაცილება, პირდაპირ აწებებდნენ პატარა დაბალსართულიან შენობებს მაღლივ სახლებს, თავიანთი ღრმა საძირკვლით, რის გამოც პატარა სახლის საძირკველი ჰაერში რჩებოდა გამოკიდებული, ფაქტობრივად, შიშვლდებოდა საძირკველი და სახლი იბზარებოდა და ინგრეოდა. ასე რომ, გვერდითი სახლების ნგრევა კვლავაც გაგრძელდება.

„იმაზეც კი წავიდნენ, ფსიქიატრიული საავადმყოფოს უნიკალური ხეები გაანადგურეს, იქ 33-სართულიანი რვა მეგაკორპუსი უნდა ააშენონ. წელიწადზე მეტია, არაფრით არ მაჩვენებენ კონსტრუქციული ნაწილის პროექტს, ბოლოს მითხრეს, ინვესტორის მოთხოვნით დავადეთ გრიფი „საიდუმლოო“. მიშენებები 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაშინ პარლამენტში ვიყავი მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე და პირველი ტრაგედია როცა მოხდა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ჩამოინგრა მიშენება და მსხვერპლით დამთავრდა, მაშინ შევაჩერე ყოველგვარი მიშენება-დაშენება. ამიტომ ეს მიშენებებიც უნდა შემოწმდეს მდგრადობაზე, სეისმომედეგობაზე“.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობების სხვადასხვა შემთხვევა ინდივიდუალურადაა შესასწავლი. ეს უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა და არა -პოლიტიკოსებმა.

„თბილისში სამშენებლო დარღვევები შეინიშნებოდა იმიტომ, რომ ძირითადად მშენებლობებს ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკოსები, პირადად პრეზიდენტი და ქალაქის მერი წყვეტდა, რა უნდა აშენებულიყო. არადა, მშენებლობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არქიტექტორმა. უნებართვო მიშენებებზე სამშენებლო ამნისტია არაფრით არ შეიძლება, რადგან ამ სახის ამნისტიით დაიჩაგრება წესიერი მოქალაქე. მაგალითად, თუ ადამიანს 4-სართულიანი სახლის აშენების ნებართვა ჰქონდა და ამ დროს 4-სართულიანის ნაცვლად, გაცილებით მეტსართულიანი შენობა ააშენა, ეს დაუშვებელია. ამიტომ არ შეიძლება, ახლადმიღებული ამნისტიით უკანონობის ჩამდენი მოგებული დარჩეს. საერთოდ, ცალკეული პირის დასჯას მარტო კონკრეტული ეფექტი არ აქვს, რომ ვიღაც ერთი ადამიანი გაამწარონ, ამას პრევენციის ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ სხვას უკანონობის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეს. ამნისტიას თუ გამოვაცხადებთ, ამით ბევრი წესიერი სამშენებლო ორგანიზაცია ძალზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მათგან განსხვავებით, შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების დროს ბევრმა ისარგებლა უკანონო გარიგებით“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.