სასამართლო ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვას იწყებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი იწყება. ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავა.
საგამოძებო უწყებაში ამბობენ, რომ ჩაჩუამ ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.
ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს იწყება. ბრალდებულ ლევან ჩაჩუას ადვოკატი, ზურაბ ტაბიძე განმარტავს, რომ აბსურდული ექსპერტიზების გამო ითხოვს პროკურატურა წინასასამართლო სხდომის გადავადებას. მისი თქმით, ტარდება ხმის ექსპერტიზა იმის თაობაზე, ლევან ჩაჩუა ესწრებოდა თუ არა ექსპერტიზის პროცესს.
„ეს არის სისულელე. ამბობენ, რომ სჭირდებათ ამ ექსპერტიზის დასკვნა, რათა დაამტკიცონ ლვან ჩაჩუას გულგრილობა. აბსურდს ედავებიან, მაგრამ კანონით აქვთ უფლება, ჩაატარონ ეს ექსპერტიზა, დრო გაჰყავთ. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ჩაჩუა იყო ექსპერტიზაზე და საუბრობდა თუ არა, ამის ექსპერტიზა რაში სჭირდებათ, გაუგებარია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმედ დაავადებულია, მუდმივი მკურნალობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქით უნდა შეიცვალოს.
ორ-წლიან მუხლზე შეიძლება ადამიანი 6 თვე წინასწარ პატიმრობაში გყავდეს? არის თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა? ლევან ჩაჩუა პოლიტიკას შეეწირა. პროკურატურა და ხელისუფლება შეჰპირდა ამ ხალხს, რომ რაღაცას გახსნიდნენ და ვერაფერი ვერ გახსენს. არც გვამის ეგსჰუმაცია, არც განმეორებითი ექსპერტიზა, არც არაფერი ახალი არ არის ჟვანიას საქმეში. ჰაკიმ ფაშას კადრების მეტი არაფერი აქვთ“, -აცხადებს ზურაბ ტაბიძე, რომლის განცხადებით ლევან ჩაჩუა თავს უდანაშაულოდ თვლის.
ლევან ჩაჩუასთან ერთად, ამავე საქმეზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, რომელსაც გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედევება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა დავით დაღელაშვილი, რომელიც ჟვანიას დაცვის წევრი იყო და ექსპერტი კახა ერისთავი.
ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებამ დაკითხა დაცვის უფროსი, პატიმრობაში მყოფი, კობა ხარშილაძე და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრიფინგის დროს ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დაასახელა იმიტომ, რომ იგი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნამწვის სუნი იგრძნობოდა.
როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების შესახებ 3 თებერვალს პირველად ამცნო საზოგადოებას და მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. მან წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზი - ბუნებრივი აირით მოწამვლა. ბრიფინგი 2005 წლის 3 თებერვალს, დილის 08.38 საათზე გაიმართა, ეს მაშინ, როდესაც გვამების გამოკვლევა დაწყებულიც არ იყო.
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული იყო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ყოფილმა პირველმა პირმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით კულმინაციას უახლოვდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს წაუყენებენ ბრალს. ოფიციალურად საგამოძიებო უწყება კომენტარს არ აკეთებს.
თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ ჟვანიას საქმე გამოძიებულია და აცხადებს, რომ ბნელ ოთახში შავ კატას ტყუილად ეძებენ.
„მე არ ვმონაწილეობ ბიძნურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და აქვს ძალიან კონკრეტული სარჩული. ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე და ტყუილად ჰგონიათ, რომ საერთაშორისო ურთიერთობაში და თუნდაც საქართველში ბნელა. რეალურად ყველაფერი ისედაც გარკვეულია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძარაობის“ წევრები ცდილობდნენ საზოგადოება დაეჯერებინათ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მათ ვერ დახურეს ეს საქმე, რადგან საქმე აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, ამ წინააღმდეგობების ნაწილი იყო ფედერალური ბიუროს დასკვნა.
„ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია ვინ არის დამნაშვე. გამათბობელი „ნიკალა“ აბსოლუტურად გამართული იყო. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა „ნიკალა“ საერთოდ უხმარი იყო. უხმარი გამათბობელი კი ვერაფრით ვერ გახდებოდა ადამიანების გაგუდვის მიზეზი. ანუ გამათბობელს ფედერალური ბიუროს ექსპერიმენტამდე საერთოდ არ უმუშავია. ჩემთვის გასაგებია სააკაშვილის მდგომარეობა, ის არის ფსიქიურად არაჯანსაღი ადამიანი, ის არის პანიკაში.
სააკაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით, სულ ცოტა, რამდენიმე საკითხზე მოუწევს პასუხისგება. პირველი - მან ხელი დააფარა მკველელებს, მისი დავალებით ხდებოდა საქმის მასალების გამოძიების გაყალბება. მეორე - ზუსტადაც, რომ პასუხისმგება მოუწევს იმაზე, რასაც ბედავდა და ლაპარაკობდა.
ერთია, რომ ეს ადამიანი ფიზიკურად მოკლეს და მეორეა, რომ სცადეს მისი მორალური განადგურება. მაგაზეც მოუწევს სააკაშვილს პასუხსიგება. ეს ვერსიაც პირადად მისი მითითებით შეიქმნა და გავრცელდა საზოგადოებაში... უკვე აგონიაშია სააკაშვილი. გპირდებით, რომ ძალიან მალე დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მას ეს იცის და ახლა ფართხალი დაიწყო“, - აცხადებს გოგლა ჟვანია.