თბილისის სხვადასხვა უბანში დამატებით 123 ურდული დამონტაჟდება და წყლის შესაძლო წყვეტის არეალი კიდევ უფრო შემცირდება. რა სიახლეებს გვთავაზობს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ამ თემაზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ მაკარიძე გვესაუბრება.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების პროცესში რატომ ხდება წყალმომარაგების შეწყვეტა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციისას წყალი მხოლოდ ღამის საათებში გაითიშოს?
-მიმდინარე წელს, მოძველებული ქსელების რეაბილიტაცია თბილისის 65 ქუჩაზე ტარდება. ეს ნიშნავს, რომ წყალსადენის თუ საკანალიზაციო სხვადასხვა დიამეტრის მილები მთლიანად ახლით იცვლება, ეწყობა ახალი საკვანძო ჭები და მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე წელს 60 კმ-ზე მეტი იქნება. ამ ტიპის სამუშაოები კომპანია წინა წლებშიც განახორციელა და მომავალშიც გააგრძელებს.
ჩვენ გვესმის, რომ თბილისელები წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევებს მტკივნეულად აღიქვამენ. მაგრამ დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ასეთი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. სამწუხაროდ, ყველა ტექნიკური სამუშაო, რასაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახორციელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აუცილებლად მოითხოვს წყლის მიწოდების შეწყვეტას ან შეზღუდვას გარკვეული დროით და გარკვეული არეალისთვის - ამის გარეშე წარმოუდგენელია სამუშაოების წარმართვა, რადგან ქსელები, რომელსაც რეაბილიტაცია ან საპროფილაქტიკო სამუშაო უნდა ჩაუტარდეს, აუცილებლად უნდა დაიცალოს წყლისგან, რასაც დრო სჭირდება; შემდეგ უნდა შესრულდეს სამუშაოები, რასაც ასევე დრო სჭირდება და შემდეგ ქსელები ისევ წყლით უნდა შეივსოს - ყველა ტიპის ტექნიკური სამუშაოს შესრულებას თავისი გაწერილი პროცედურა და შესრულების დრო აქვს, რისი ზედმიწევნით დაცვაც ტექნიკური სამსახურების მოვალეობაა. კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ მცირე არეალს შეეზღუდოს წყალმომარაგება. ამ მიზნით, თბილისის სხვადასხვა უბანში, წლის ბოლომდე, დამატებით 123 ჩამკეტი ურდული დამონტაჟდება, რაც წყალმომარაგების შესაძლო წყვეტის არეალს კიდევ უფრო შეამცირებს. რაც შეეხება სამუშაოების ღამის საათებში ჩატარებას, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამუშაოები ღამის განმავლობაში ჩაატაროს, რომ მომხმარებელს ნაკლები დისკომფორტი მიაყენოს.
როგორ ახერხებს კომპანია მოსახლეობის ინფორმირებას წყალმომარგების შეწყვეტის თაობაზე?
-წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას რეგულარულად ვახდენთ და ამისთვის ყველა საშუალებას ვიყენებთ - დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების თაობაზე განცხადება 10 დღით ადრე ქვეყნდება გაზეთში, ერთი დღით ადრე ვრცელდება საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, ქვეყნდება კომპანიის ფეისბუქის გვერდზე და ვებგვერდზე, 24-საათის განმავლობაში აბონენტების სამსახურშია ჩვენი ცხელი ხაზი. როდესაც ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წყლის შეწყვეტას დიდი არეალისთვის ითხოვს, კომპანია ყოველთვის ავრცელებს ინფორმაციას ტელე და რადიოკომპანიების მეშვეობით. ასევე, ვახდენთ აბონენეტების ინდივიდუალურ ინფორმირებას - SMS-შეტყობინება წყალმომარაგების წყვეტის არეალში მცხოვრებ ყველა იმ აბონენტს ეგზავნება, რომლის მობილური ტელეფონის ნომერი კომპანიის ბილინგის ბაზაშია დაფიქსირებული. სადღეისოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების წყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანიის 100 000-ზე მეტი აბონენტი იღებს. ჩვენ, პერიოდულად, რეკომენდაციითაც მივმართავთ იმ თბილისელ აბონენტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ კომპანიის ამ უფასო სერვისით - მოგვაწოდონ თავიანთი მობილური ტელეფონის ნომრები, ამისთვის მარტივი პროცედურაა გასავლელი. ვისაც სურვილი აქვს, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის თაობაზე დეტალური ინფორმაცია, წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიიღოს, რეგისტრაცია კომპანიის ვებგვერდზე უნდა გაიაროს - ამის საშუალებას ჩვენი განახლებული ვებგვერდი იძლევა.
და კიდევ ერთი სიახლე მომხმარებელთან მჭიდრო კონტაქტის მიმართულებით - ჩვენი ვებგვერდი, რომელიც მთლიანადაა მოდერნიზებული, ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, უკვე ინტერაქტიურ რეჟიმში ამყარებს ურთიერთობას აბონენტებთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი მოწყობილობისთვის, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან.