შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან

შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრს დღეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ნახიჩევანში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს საპატიო ყარაული დახვდა. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნები.

მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების  შემდეგ აზერბაიჯანის და თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.  ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი  თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება  რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმობა.