კმარა მოსკოვის კვება...

კმარა მოსკოვის კვება...

„კრემლი ციმბირს კარგავს“... შესაძლოა, ათეულობით ახალი სახელმწიფო წარმოიშვას - შესაბამისი რუსულენოვანი ვიდეომიმართვა უკვე გავრცელებულია, მოწოდებებით, „ციმბირი მზადაა, რუსეთის ფედერაციიდან გამოვიდეს!“ „ვაჩვენებთ მოსკოვს ციმბირს!“

„სიბირსკი დერჟავნი საიუზ“-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ციმბირი ყველაზე მდიდარი ადგილია მსოფლიოში. ამიტომაც მოსკოვი მის ძლიერ ექსპლუატაციას ახდენს და თავისი კლანჭებიდან არ უშვებს. ციმბირში არა მარტო ოქრო და ნავთობი მოიპოვება, არამედ ციმბირი კადრების სამჭედლოა, ხოლო ციმბირულმა თვისებებმა და ინტელექტმა სახელი გაუთქვა არაერთ სპორტსმენს მსოფლიოში.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ განვკარგავთ ჩვენს სიმდიდრეს. მოსკოვმა კოლონიად აქცია ციმბირი და გვართმევს შემოსავლების 80%-ს. მოსკოვი არ აძლევს საშუალებას ურალიდან შორეულ აღმოსავლეთამდე მცხოვრებ ადამიანებს, ნორმალურად იცხოვრონ. ეს ფედერალური ცენტრის მძარცველური პოლიტიკაა. ჩვენი მიზანია მოსკოვის დიქტატისგან გათავისუფლება“,- ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

სიუჟეტის ავტორებმა, ამავდროულად, კითხვით მიმართეს რიგით ციმბირელებს, ნუთუ არ არის დამოუკიდებლობის დრო? ნუთუ არ მომწიფდა მსგავსი კითხვა?

თავის დროზე, ივანე მრისხანემ დაიწყო საზღვრის გაფართოება აღმოსავლეთით. მან დაიპყრო ყაზანისა და ასტრახანის სახანოები. ამის შემდეგ რუსეთს გზა გაეხსნა ციმბირის სახანოსკენ. კაზაკების რაზმის ატამანის - ერმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა ციმბირის სახანოს წინააღმდეგ ერმაკის დაღუპვის შემდეგაც გაგრძელდა და ციმბირის სახანოს განადგურებით დასრულდა.

მთლიანობაში, ციმბირი რუსეთის ტერიტორიის 73,6%-ს იკავებს. ტერიტორია მჭიდროდ არ არის დასახლებული, თუმცა არსებობენ სოფლები და ქალაქის ტიპის დასახლებები, რომლებიც მთელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ფედერალიზაციის მომხრეთა მარში წარმატებით ჩაივლის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირში შესაძლოა, რამდენიმე ათეული თვითგამოცხადებული სახელმწიფო წარმოიქმნას. სწორედ ამიტომ რუსეთის ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში ცდილობს გაფილტროს ინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

კრემლს ესმის, რომ აჯანყების ჩახშობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება“, - წერს ანალიტიკოსი ვალენტინ ივანოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფედერალიზაციის მოთხოვნით აქციები ძალზე კარგად არის დაგეგმილი. აქციები ალტაის მხარის პატარა ქალაქებში დაიწყება (ზმეინოგორსკი, იაროვო, სლავგოროდი და ზარინსკი). ეს ის ქალაქებია, სადაც მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მაშინ როდესაც საკუთარი შრომის შედეგად ისინი მოსკოვში მილიონებს რიცხავენ.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, ადგილობრივი სამართალდამცავები მხარს მოსახლეობას დაუჭერენ, რადგან აქ ყველა ერთმანეთის შვილი, სიძე და ნათესავია. ამ ქალაქების შემდეგ აქციები შესაძლოა, ნოვოალტაისკის ქალაქებში გაიმართოს, შემდეგ უკვე ბურცოვოში, ბაისკში და ბარნაულში. ალტაის მხარის ქალაქების შემდეგ კი აქციები შეიძლება ბურიატიას, ირკუტსკს, კემეროვოს, ნოვოსიბირსკს, კრასნოიარსკს, ტივას, ომსკს და ხაკასიას გადაედოს.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ძალაა საჭირო იმისთვის, რომ მასობრივი პროტესტი ჩაახშო ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 12,6 მილიონი კვადრატული კილომეტრია? ეს უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა. ციმბირის 600-ზე მეტი ქალაქიდან, რომელთა მოსახლეობაც 40 ათას არ აღემატება, ყველგან ძმები და დები ცხოვრობენ და მათგან ყველა თანახმაა, რომ კმარა მოსკოვის კვება... აი, რატომ ფუსფუსებს კრემლი, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ციმბირი დაკარგულია“, -  წერს ანალიტიკოსი.

პარალელურად, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექსპერტები რუსეთის დაშლის სქემას აქვეყნებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 2015 წლისთვის რუსეთი, შესაძლოა 6-8 სახელმწიფოდ დაიყოს. მათი აზრით, 2015 წლამდე მოსკოვს სულ უფრო გაუჭირდება გლობალური ლიდერობის ამბიციებისა და კატასტროფულად მწირი რესურსების შეთავსება. რაც შეეხება 8 ნაწილად დაყოფას, როგორც ამბობენ, მსგავსი გეგმები რუსეთის ხელისუფლებაშიც არსებობს. ოღონდაც, ბუნებრივია, ქვეყნის შემადგენლობიდან გამოსვლა, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არაა. უბრალოდ, ფედერაციის 48 სუბიექტის მართვა ძალზე რთულია, ამიტომ კრემლში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის მიხედვით დაყოფა საქმეს გააადვილებს.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ციმბირის რუსეთიდან გამოყოფის გამოცდილება და პრეცედენტი ერთხელ უკვე არსებობს, როცა 1-ლი მსოფლიო ომის მერე ციმბირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთიდან ცალკე იყო გასული და შემდგომში ისევ შემოიერთა რუსეთმა. ასე რომ, მსგავსი რამ კიდევ შეიძლება განმეორდეს.

„რუსეთის ფედერაციიდან ციმბირის გამოყოფა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაემართება რუსეთს - დასუსტდება თუ არა იგი. ჯერჯერობით, რუსეთი ინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაძლოა, ციმბირელებს კრემლის კვება მართლაც მობეზრდათ, მაგრამ სანამ მათ ცენტრი ძლიერად აკონტრლებს, უნდა კვებონ კიდეც, სხვა გზა არ აქვთ. ციმბირი ერთხელ უკვე იყო დამოუკიდებელი, ამიტომ ამას გაიხსენებენ, ამოქექავენ რაღაც საბუთებს და გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას. ცხადია, ეს დარტყმა იქნება რუსეთისთვის“, - მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „კმარა მოსკოვის კვება“ შესაძლოა, მართლაც აწუხებდეთ ციმბირელებს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ მოხდეს პოლიტიკური სუვერენიზაცია და დაიწყოს ქვეყნის პოლიტიკური დეცენტრალიზაცია. რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს ცენტრსა და სუბიექტებს შორის, არის რთული ეკონომიკური და საფინანსო ურთიერთობები, არათანაბრად ხდება გარკვეული რეგიონების განვითარება, ზოგიერთები ფედერალურ დოტაციაზე არიან, მაგრამ ეს შეიძლება დარეგულირდეს.

„ეთნიკური რესპუბლიკების არსებობა (თათარისტანი, ბაშკირეთი) ერთგვარი მიძინებული ვულკანის ფორმატია. თუმცა პუტინმა შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. იყო პრობლემა შორეული აღმოსავლეთშიც - ხაბაროვსკი, ვლადივოსტოკი, სახალინი. სახალინი ეკოლოგიური კატასტროფების დარტყმის ქვეშაა, იქ სტიქიური უბედურებები ხდება და დაზარალებული ადამიანები მოითხოვენ კომპენსაციას ზარალის ანაზღაურების კუთხით. ეს მომენტები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ სერიოზული აჯანყება არა მგონია, მოხდეს. შეიძლება, უკმყოფილება გაჩნდეს პუტინის რეჟიმის მიმართ, მაგრამ გამოყოფას ვეჭვობ. ჩრდილო კავკასია უფრო სახიფათო გამოწვევად მიმაჩნია რუსეთისთვის, ვიდრე შორეული აღმოსავლეთი და ციმბირი. მაგალითად, თათარისტანი რომ გამოეყოს რუსეთს, სად გაიქცევა? გარშემო სულ რუსული ანკლავებია. პუტინის რეჟიმმა მოახდინა ქვეყნის ცენტრალიზაცია, დაიმორჩილა რეგიონები და ასეთი ტენდენციები ელცინის ყველაზე სუსტი მთავრობის დროსაც არ ყოფილა. მაშინაც კი არ ყოფილა ასეთი რამ, როცა პუგაჩოვის აჯანყება მოეწყო ეკატერინე მეორის პერიოდში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში მეორე დიდ საფრთხეზე - ჩინურ ექსპანსიაზე საუბრობს, რაც რუსეთის უშიშროების დოქტრინაში რეალურ საშიშროებად აღიქმება. ამიტომაც, ვინც ცენტრიდან საცხოვრებლად გადადის ციმბირის ტერიტორიაზე, მათ აძლევენ სპეციალურ პრივილეგიებს. თუმცა იმის ფონზე, რაც ევროკავშირმა შემოიღო სანქციები, რუსეთმა აზიური ორიენტაცია აიღო და იქ გადაიტანა მთელი ეკონომიკური აქტივები. ამან შესაძლოა, ამ რეგიონის ეკონომიკური განახლება და ბუმი გამოიწვიოს. მით უმეტეს, აქ ახალი საბადოებია აღმოჩენილი.

რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექსპერტების მოსაზრებას რუსეთის დაშლის თაობაზე, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რადგან ამერიკასა და რუსეთს შორის ფაქტობრივად, ცივი ომი დაიწყო. ცენტრალურმა სამმართველომ რა პროგნოზიც გააკეთა ერაყში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაშინაც არ გაამართლა ამ პროგნოზებმა და ახლა, მით უმეტეს, მათი ხედვები ცოტა არარეალურია.