„იდეალური იქნება, საშემოსავლო გადასახადი თანდათანობით 10%-მდე შემცირდეს“

„იდეალური იქნება, საშემოსავლო გადასახადი თანდათანობით 10%-მდე შემცირდეს“

როგორც იქნა, ორწლიანი შრომის შემდეგ მთავრობამ საგადასახადო ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა და პროექტი განსახილველად გამოიტანა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, „საგადასახადო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებები ფისკალურად ბიუჯეტს არაფერს დააკლებს .

საუბარია ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების მექანიზმის გამარტივებაზე, მცირე მეწარმეთათვის საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერასა და 5000 ლარამდე დავალიანების, უზრუნველყოფის გარეშე, ერთი წლით გადავადებაზე, ასევე, 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხისა (თუ მას შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება) და 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის ჩამოწერაზე.

გარდა ამისა, ბიზნესის დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაზე და „საგადასახადო კოდექსში“ ბუნდოვანი მუხლების გასასწორებლად მუშაობის გაგრძელების მიზნით, სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი ნორმების გადავადება 2016 წლის 1 იანვრამდე მოხდა.

როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიზნესის ფუნქციონირებას, თუმცა რა რაოდენობის თანხის ჩამოწერაზეა საუბარი, ხადური არ აკონკრეტებს.

რამდენად აწესრიგებს აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო გარემოს ქვეყანაში, ამ თემაზე ექსპერტი, ირაკლი ლექვინაძე გვესაუბრება.

ირაკლი ლექვინაძე: ეს არის პრინციპული ცვლილებები, რომელიც პირველ რიგში, მეწარმეებისათვის ნიშნავს საქმიანობის გამარტივებას, რაც გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად აისახება დასაბეგრი ბაზის გაზრდაზე და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებზეც. მაგრამ მოკლე პერიოდში თვით მეწარმეებისათვის არის მომგებიანი ორი მიმართულებით. ერთი, რომ დღგ-სგან გათავისუფლდება ორი მნიშვნელოვანი სექტორი, ყველაზე მეტად ამას იგრძნობს საფეიქრო მრეწველობა და სამშენებლო სექტორი, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვის ახორციელებს სხვადასხვა მშენებლობებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეღავათია გათვალისწინებული იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც ტვირთად აწევთ ძველი დავალიანება. მათი მოცულობა შესაძლოა, ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი არ არის, მაგრამ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩამოწერა. საუბარია 2005 წლამდე არსებულ დავალიანებებზე - ზოგი კომპანია აღაც კი ფუნქციონირებდა და პრაქტიკულად, ამ ვალის ამოღება უიმედო იყო და ჯობდა მათი ჩამოწერა.

ასევე მნიშვნელოვანია არსებული საურავების ჩამოწერა 2009-წლამდე არსებულ დავალიანებებზე, რაც ზოგჯერ საკმაოდ მოცულობითი იყო და კომპანიებისთვის ძალზე მძიმე ტვირთის მატარებელი - განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, სალარო აპარატებზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერაა ძალზე მნიშვნელოვანი.

მთლიანობაში ეს ისეთი ცვლილებებია, რომელიც არის სტიმულის მიმცემი როგორც მცირე, ასევე კონკრეტულ ბიზნესსექტორებში მოქმედი ბიზნესმენებისთვის. პრინციპში, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და შედეგი ბიზნესსექტორის და ფინანასთა სამინისტროს თანამშრომლობის, როდესაც ბიზნესისგან წამოსული წინადადებები აისახა კოდექსში და ვფიქრობ, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

ამიტომ ეს ისეთი ცვლილებებია, რომელსაც მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ და არ მეგულება ეკონომისტი, რომელსაც საწინააღმდეგო განწყობა შეიძლება, ჰქონდეს.

ცვლილებებზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარობდა. არის ეს ის ცვლილებები, რომელიც ძირეულად ცვლის კოდექსს? უფრო მეტს ხომ არ ელოდით?

- ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაც რევოლუციური ცვლილებებია, თუმცა ჯარიმებისა და საურავების ნაწილში ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. რაც შეხება გადასახადების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი დაბალი გადასახადები რეგიონში, ალბათ, მაინც კარგი იქნებოდა თუნდაც იგივე საშემოსავლო გადასახადის შემცირების მიმართულებით მუშაობა.

არის კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც როგორც ადმინისტრაციულ ნაწილში გამარტივებას და კიდევ უფრო ლიბერალიზაციას, ასევე თვითონ საგადასახადო განაკვეთების ნაწილში ცვლილებას ითხოვს. ასევე სამუშაოა თუნდაც, კოდექსის დახვეწის მიმართულებით.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს შეეხება მოგების გადასახადის მექანიზმს. თუ შარშან მე გადავიხადე მოგების გადასახადი, წელს ვიხდი ოთხ ნაწილად გაყოფილ საავანსო მოგებას, მაშინ, როდესაც შესაძლოა, წელს მოგება არ მქონდეს - ეს მექანიზმი დიდი ხანია არსებობს, რაც პრინციპულად არასწორია და ვფიქრობ, კარგი იქნება შეიცვალოს.

არის კიდევ ერთი თემა, მაგალითად, გართულდა იმპორტიორებისათვის დღგ-ს დაბეგვრის მექანიზმი. მათ ჰქონდა საშეღავათო ორი თვე, რომელიც ახლა აღარ აქვთ, ვთვლი, რომ ყველასთვის უნდა ყოფილიყო მსგავსი ტიპის საშეღავათო პერიოდი. დღგ არის გადასახადი, რომელსაც ვიხდით რეალიზაციაზე და როდესაც შემოტანისთანავე მახდევინებ გადასახადს, მე შეიძლება არ გავყიდო და სულაც, დავასაწყობო, ამიტომ იმპორტის დაფიქსირებისთანავე რომ მახდევინებ დღგ-საც, ეს არსწორია. ამიტომ არის კიდევ რიგი საკითხები, რომელიც ითხოვს მუშაობას, მაგრამ ის რაც უკვე გაკეთდა, ძალიან კარგია.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, იმ გრაფიკის მიხედვით, რაც არსებობდა, 2013 წლისთვის უნა შემცირებულიყო 18%-მდე თუმცა არ შემცირებულა. როდესაც ხელისუფლებისგან კეთდებოდა განცხადებები, რომ საგადასახადო კოდექსზე მიმდინარეობდა მუშაობა, იყო მოლოდინი, რომ ცვლილება ამ საკითხსაც შეეხებოდა...

- საშემოსავლო გადასახადი არის საკმაოდ მოცულობითი, დღგ-ს შემდეგ ერთ-ერთია სადანაც ყველაზე მსხვილი ფული შედის ბიუჯეტში. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სოციალური ვალდებულებები გაზრდილია, ასევე, ახალი ბიუჯეტის შედგენის ვალდებულება დადგა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობ, ცოტა სარისკოა.

თუმცა ვთვლი, რომ მაინც აუცილებელია ამისი გაკეთება და როდესაც საბოლოოდ გვექნება მდგრადი ეკონომიკა, ამ თემაზეც დაიწყება მუშაობა, რაც დიდ შეღავათს გაუწევს ადამიანებს.

მე პირადად, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების ნაცვლად საშემოსავლო გადასახადს ყველასთვის შევამცირებდი. ეს ბევრად უფრო დიდი შეღავათი იქნებოდა, ვიდრე დაუბეგრავი მინიმუმი. კი, რა თქმა უნდა, არის შეღავათი გარკვეული ჯგუფის ადამიანებისათვის, მაგრამ ნეგატიური შედეგებიც აქვს - რადგან გარკვეულ პერიოდში ბიუჯეტს ვალდებულება უჩნდება გარკვეული თანხების უკან დაბრუნების. ამას საშემოსავლო გადასახადის თუნდაც 2%-ით შემცირება ჯობდა.

მოსახლეობისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი საკმაოდ დიდი ტვირთია. თქვენ როგორ თვლით, რა იქნებოდა ოპტიმალური განაკვეთი? მაგალითად, ლებერტარიანელები თვლიან, რომ საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ უნდა არსებობდეს...

- მაგათი ლოგიკით არც ერთი გადასახადი არ უნდა არსებობდეს, თუ გვინდა რომ ნორმალურად ვითარდებოდეს სახელმწიფო, ეკონომიკა, გადასახადები აუცილებლად უნდა არსებობდეს, უბრალოდ, საუბარია ოპტიმალურ და გონივრულ განაკვეთებზე.

10%-იანი საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა საუკეთესო ამ ეტაპზე ჩვენთვის, თუმცა მოკლე ვადაში ამის გაკეთება ცოტა სარისკოა, იმიტომ, რომ დანაკარგები დიდი იქნება. მაგრამ ეტაპობრივად საშემოსავლო გადასახადის 10%-მდე დაწევა იქნებოდა იდეალური. გაუქმებას რაც შეეხება უფრო უპრიანი მოგების გადასახადის გაუქმება იქნებოდა, თუ რამის გაუქმებაზე ვისაუბრებთ - ბიუჯეტში მისი წილი დიდი არ არის სამაგიეროდ, ეფექტი იქნებოდა მაღალი.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ კოდექსის გამარტივება 2016 წლისთვის გადაიდო, რამდენად სერიოზულ პრობლემას ქმნის კოდექსის ბუნდოვანება?

- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წეტილი, როდესაც გამარტივებაზე ვსაუბრობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი, ძალიან კარგია თუ ეს გაკეთდება - ბევრ გაურკვევლობას დაუსვამს წერტილს სხვადასხვა სამსახურებს შორის.

ეკონომისტები თვლიან, რომ სასგადასახადო კოდექსზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ბიზნესის სტიმულირება, ხელშწყობა, განვითარება. რა არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ბიზნესის ხელშწყობისთვის?

- ბიზნესომბუდსმენის მიმართ ძალიან ბევრი წინადადებაა დაგროვილი - ბიზნესმენების მხრიდან კონკრეტულ წინადადებებს არ ვგულისხმობ, რომლებიც შეღავათებს ითხოვენ - კოდექსი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი, ნაკლებხარჯიანი, როგორც დროის, ასევე ფინანსური კუთხით.

დროში ვგულისხმობ დოკუმენტების რაოდენობასა და დროზე, რომელსაც ხარჯავს მეწარმე საგადასახდო ორგანოებთან ურთიერთობაში - ამის მაქსიმალურად შემცირებაზე აქცენტირება კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება ხარჯებს, უნდა მოხდეს განაკვეთების თანდათანობით და ეტაპობრივად შემცირება და რაც მთავარია, კოდექსი უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და მარტივად წასაკითხი. კოდექსი უნდა იყოს მორგებული ბიზნესის ინტერესზე და არ უნდა იქცეს ბიზნესისთვის ტვირთად - ამ მიმართულებებით მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია.