მედიას, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების უფასო რეკლამირების ვალდებულება დაეკისროს

მედიას, შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების უფასო რეკლამირების ვალდებულება დაეკისროს

ახლო მომავალში, შესაძლოა, მედიასაშუალებებს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ სარეკლამო რგოლების უფასოდ გაშვება მოუწიოს.

ასეთ პერსპექტივაზე მედიის წარმომადგენელთა ნაწილი კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეფასების შემდეგ საუბრობს. მათი განცხადებით, ცვლილებები მედია ორგანიზაციებს ფინანსურად ძალიან დააზარალებს. საუბარია სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კანონებში „მაუწყებლობის შესახებ“, შესყიდვების შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“.

შესაბამისი ცვლილებების განხილვა საქართველოს პარლამენტში შემოდგომაზე იგეგმება. კანონპროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.

სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მაუწყებლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემცირებაა.

მოქმედი კანონმდებლობით, სოციალური რეკლამა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამაა, რომელიც კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამა არ არის და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, სოციალურ რეკლამად ასევე მიიჩნევა -  მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა.

პროექტი ტელემაუწყებლების ნაწილს მიუღებლად მიაჩნია. მათი აზრით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში მაუწყებლების ინტერესები გათვალისწინებული არ არის და ტერმინი „სოციალური რეკლამა“ სრულად არაა განმარტებული.

უფრო მეტიც, მაუწყებლებს სოციალური რეკლამის გაშვების ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ამ შემთხვევაში, სოციალური რეკლამის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოებულ ნებისმიერ საინფორმაციო კამპანიას, რაც ბოროტად შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფო სტრუქტურებმა.

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალზე მკაფიოდ უნდა იყოს გარკვეული, თუ რა იგულისხმება ტერმინში „სოციალურ რეკლამა“. ვთქვათ, იგივე ანტინარკოტიკული კამპანია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს, სავარადოდ, სოციალურ რეკლამად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, თამარ ჩიქოვანი ეჭვობს, რომ სოციალური რეკლამები ბევრი არ იქნება.

„თუ სოციალურ რეკლამად ჩათვლიან, რომ შს სამინისტრო და პროკურატურა თურმე ყველაზე კარგი პროკურატურა და შს სამინისტროა, რაც კი არსებულა საქართველოს ისტორიაში, ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილი რეკლამაა და ვერანაირად ვერ ჩაითვლება სოციალური რეკლამის კატეგორიაში. სანამ ეს კანონპროექტი მომზადდებოდა, რამდენიმე მაგალითი ვიცი, როცა არასამათავრობო ორგანიზაციებმა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით სოციალური რეკლამა მოამზადეს და მიიტანეს რამდენიმე ნაციონალურ ტელევიაზიაში, თუმცა მათ უთხრეს, რომ ეს სოციალური რეკლამა სულაც არ იყო და საკმაოდ დიდი ფულის გადახდა მოსთხოვეს. ამიტომ ზუსტად უნდა იყოს გარკვეული დეფინიცია, რა არის სოციალური რეკლამა“,-  აცხადებს თამარ ჩიქოვანი და განმარტავს, რომ სახელმწიფო უწყებების ე.წ. კეთილი საქმეების აფიშირება, რაც არ უნდა შეფუთონ, მაინც პიარი და რეკლამაა და არა-  სოციალური რეკლამა, რომელსაც სულ სხვა დატვირთვა აქვს. შესაბამისად, თუკი ასეთი თითქოს „სოციალური რეკლამები“ მასიურად გადაეცემა ტელევიზიებს, ცხადია, ეს დააზარალებს მაუწყებელთა ბიუჯეტს.

„მაუწყებლებში სოციალური რეკლამის განთავსება ფასიანი უნდა იყოს“,-  აცხადებს For.ge-სთან საუბარში „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე და არ მალავს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გარკვეული ძალადობის ფორმა აქვს. მას უკვირს, რატომ ავალდებულებენ მაუწყებელს თუნდაც ერთი წამით, უფასოდ რაიმე გააკეთოს?! ამიტომ აღნიშნული ცვლილება თუ შეაქვთ კანონში, მაშინ უმჯობესია, ცვლილება შევიდეს თავად ბიუჯეტში და ბიუჯეტს დაუმატონ სოციალურ თემებზე სარეკლამო განთავსების თანხები.

„უფასო რეკლამირებას მე რატომ მავალდებულებენ?! ეს ხომ აზარალებს ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რაღაცას აწარმოებს?! გამოდის, მაუწყებლებს თავიანთ ნაწარმს უფასოდ წაართმევენ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაწარმოებთ სარეკლამო დროს და ცხადია, კომპანია დაზარალდება. ამა თუ იმ კომერციული არხის, ხელმძღვანელობის, მენეჯმენტის და დამფუძნებლის კეთილი ნებაა, თუ ისინი უფასოდ გაუშვებენ სოციალურ რეკლამას. ეს მათზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, როცა ტელეეთერში უკვე გაშვებული რეკლამა მაუწყებლებს რეალიზაციაში ეთვლებათ და ამის გამო ისინი დღგ-ს იხდიან. ანუ უფასოდ გაშვებულ რეკლამაზე მაინც ვიხდით ფულს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ არ უნდა განიხილოს ეს საკითხი პარლამენტმა“,- აცხადებს ილია კიკაბიძე.

მისი თქმით, ეს იქნება არა სოციალური რეკლამა, არამედ ამა თუ იმ უწყების პიარი. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ეს, სოფლის მეურნეობა თუ პროკურატურა, მან თავად უნდა გადაიხადოს ბიუჯეტიდან ეს თანხები. ხოლო, თუ ამ უწყებებს რაიმე დადებითი ინიციატივა აქვთ, რომლის გაცნობაც საზოგადოებისთვის აუცილებელია, მაშინ გაუშვან ეს რეკლამები პირველ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ბუჯეტიდან ისედაც ფინანსდება.

„უცხოეთთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და იქ მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ტელეკომპანიები, ანუ სახელმწიფო არხები უშვებენ სოციალური ტიპის რეკლამებს“, - ასეთია ილია კიკაბიძის აზრი.

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენა სექტემბერში იგეგმება.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ასევე, რამდენიმე მაუწყებელმა გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება და მოვითხოვეთ განხილვის შეჩერება. თქვენ იცით, მაუწყებლობა გადადის ციფრულზე. ახალი რეგულაციებია საჭირო. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, კომპლექსური ცვლილებები განხორციელებულიყო და არა ფრაგმენტული. ახლაც არის კანონში ვალდებულება სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ და არსებული რეგულაცია დღემდე კითხვებს იწვევს. ერთადერთი, რაც იცვლება, არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანუ მარეგულირებლის შემოყვანა რეგულაციაში, რაც დაუშვებელია, რადგან აქამდე თავად მაუწყებელი წყვეტდა, იყო თუ არა რეკლამა სოციალური და შეესაბამებოდა თუ არა სოციალური რეკლამისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ამიტომ დაუშვებელია მარეგულირებელი კომისიის შემოყვანა. ჩემი აზრით, ამას არც მარეგულირებელში არ მიესალმებიან, უბრალოდ, შეიძლება ამას ღიად არ გამოხატავდნენ. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის განხილვა საერთოდ შეწყდება და ამის შემდეგ ძალიან მალე უნდა განვიხილოთ ახალი კანონი“,- აცხადებს ნათია კუპრაშვილი.