„საბრალდებო დასკვნაში უფრო მეტი მუშაობა იყო ჩასატარებელი, გასამიჯნი იყო სადაო და ბუნდოვანი ხარჯები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი იმ ხარჯებისგან, სადაც მართლა დანაშაულის ნიშნებია“, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, პროკურატურამ იჩქარა, როდესაც გაუფილტრავი საქმე წარუდგინა საზოგადოებას.
For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
სააკაშვილის წინააღმდეგ გამოცხადდა შიდა ძებნა, რაც არც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ არ დაწყებულა, ისე გამოცხდდნენ საერთაშორისო ძებნილებად. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი გარისკავდა სახელმწიფო საზღვარის გადმოკვეთევას და ამიტომ დაიზღვია თავი პროკურატაურამ?
- სტანდარტული პროცედურაა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების პრესპექტივას, ჩამომსვლელი, რომ ყოფილიყო და რეალურად პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, რომელსაც თავისი ქვეყანა მართლა სტკივა და მიაჩნია, რომ მის მიმართ მართლა პოლიტიკური დევნაა... საერთოდ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ შინაგანი რწმენა, რომ მათ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, პირიქით, ისინი ციხისკენ მიისწრაფვიან და მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან კარგი ეტაპია სასმომავლო პოლიტიკური კარიერისთვის. მიხეილ სააკაშვილი არაა ასეთი რანგის ადამინი, არც თავისი მორალური და ზნეობრივი მონაცემებით, თუნდაც მამაკაცური შესაძლებლობებით, რომ ეს გაააკეთოს.
რაც შეეხება ბრალდებას, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა ეს ფინანსური დოკუმენტი, სეიფში ინახვადა და სწორედ გაყალბებული დოკუმენტი გამოაქვეყნა პროკურატურამ. არის ეს ბრალდების საპირისპირო არგუმენტი?
- ეს არის აბსურდი. ამ დოკუმენტების გაყალბება შეუძლებელია. იქ არის თანხები, რომელიც ანგარიშზე გადის და მერე ქეშდება. ამის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი ასეთი საქმეებით დაკავდებოდა? გასაგებია, რომ სააკშვილი ცდილობს რაღაცნაირად თავი დაიცვას და ეს თემა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თემა, პოლიტიკურში გადაიყვანოს. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვისთან ჰქონდა საქმე. ეს იყო ბულემიით დაავადებული ადამიანი, რომელიც ვერაფით ვერ ძღებოდა. ვერც კეთილდღეობით და ვერც ძალაუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა, კიდევ რაღაცეებს იგონებდა, რომ უფრო გაეზარდა თავისი უფლებამოსილება. ეს ყველაფერი არ იყო ახალი, მაგრამ ჩემი აზრით, ამ საქმეში გარკვეული რისკებია ჩადებული.
რისკებში რას გულისხმობთ?
- საბრალდებო დასკვნაში არ მომხდარა ამ ხარჯების ფილტრაცია. ფაქტობრივად, მთელი ხარჯი არის ჩახვავებული საბრალდებო დასკვნაში. შიგნით პრობლემა არ გვაქვს, ვიცით ვინ იყო სააკაშვილი და მისი რეჟიმი, ვერდიქტი უკვე გამოტანილი გვაქვს და არაფერი არ გვიკვირს, ველოდებით ამ ვერდიქტის სამართლის ენაზე გადათარგმნას, მაგრამ უცხოელების თვალში ამ საქმეს შეიძლება უკუშედეგი მოჰყვეს. საქმეში არის დიდი თანხების გრაფები, როგორიცაა სასტუმროს დაჯავშნა, თვითმფრინავის დაქირავება, ეს როგორი გრაფებია იცით - „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ამ სიით წავლენ და ჩვენ უცხოელ პარტნიორებს აჩვენებენ ამ ჩამონათვალს, იქ ხომ დეტალებში არავინ შევა და არავინ აქცენტებს „დოქტორ დოტზე“ არ გააკეთებს. ისინი აქცენეტებს უცხოელებთან გააკეთებენ დიდ თანხებზე და იტყვიან, რომ პრეზიდენტს უთვლიან სასტუმროს ხარჯებს. ბუნებრივია, პრეზიდენტი ვიზიტით როცა მიდის, სასტუმროში იცხოვრებს, ქუჩაში ხომ არ იქნება? აქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საბრალდებო დასკვანში არის პრობლემა. ბრალდებების ნუსხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება სადაო გახადოს ჩვენს ლობისტებთან.
ბილეთების და სასტუმროს ხარჯები არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში შესაძლოა სადავო გახდეს?
- აუცილებლად გახდება სადავო. საბრალდებო დასკვანში უფრო მეტი მუშაობა იყო ჩასატარებელი, გასამიჯნი იყო სადავო და ბუნდოვანი ხარჯები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი იმ ხარჯებისგან, სადაც მართლა დანაშაულის ნიშნებია.
რატომ არ გაითვალიწინა ეს ნაწილი პროკურატურამ, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს ამ საქმეზე?
- ეს კითხვა მეც გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, რომ აღმოჩნდეს - ამ 8 მილონიდან რაღაცა ნაწილი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამან ხომ შეიძლება მთლიანად მთელი საქმის დისკრედიტირება მოახდინოს? როდესაც ვლაპარკობ უხარისხობის რისკებზე, აქ არა მარტო ამ საქმეს ვგულისხმობ, არამედ ყველა საქმეზე ბოლომდე უნდა ემუშავათ და მოსადავებელი არაფერი არ უნდა დაეტოვებინათ. იქ ნამდვილად არის ხარჯები, რომლის მიზნობრიობა დგება ეჭვქვეშ. გარდა ამისა, არის ხარჯები, რომელიც არ ვიცი სისხლის სამართლის დანაშაულია თუ არა, იგივე, დასავლური სტანდარტით.
დასავლური სტანდარტი ვიცით რაც არის, როდესაც არამიზნობრივ ხარჯებს გასწევს რომელიმე ჩინოვნიკი, ძირითადად, ისინი გადადგომით შემოიფარგლებიან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე არ მიდის ეს ყველაფრი. ეს რისკიც არის ჩასადები. არ ვამბობ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ უნდა ეწარმოებინათ. პირიქით, უნდა ეწარმოებინათ, მაგრამ ვხედავ გარკვეულ გრძლევადიან რისკებს. კი ბატონო, მოკლევადიანი ამოცანა შესრულებულია, კიდევ ერთხელ ვუთხარით საზოგადოებას ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რამდენად საჭიროა ეს ქართული საზოგადოებისთვის, არ ვიცი. ყველამ ვიცით ვინ არის ეს კაცი.
გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ კარგი იქნებოდა ეს საქმე გადაეცათ აუდიტის სამსახურისთვის, რომელიც ფინანსური დარღვევის შესაბამისობაზე მსჯელობს. საქმეში ამ ორგანოს ჩაურთველობამ შესაძლებელია, პროცესი სამართლებლივ ჩიხამდე მიიყვანოს?
- ეს რისკი არსებობს. მეტსაც გეტყვით, სანამ ეს საბრალდებო დასკვნა გამოქვეყნდებოდა და საზოგადოებას გააცნობდნენ ამ ჩამონათვალს, მანამდე უნდა მომხდარიყო აუდიტის ჩართვა. ახლა შეიძლება დაგვიანებულიც არის. ეს ყველაფერი უკვე დევს საბრალდებო დასკვნაში. წარმოიდგინეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიქირავებს რომელიმე საერთაშორისო აუდიტორს, რომელიც დადებს დასკვნას, რომ ამ ხარჯების საკმაოდ მსხილი ნაწილი არ შეიცავს არანაირ სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობას, ეს ხარჯები არის გაწეული კანონის შესაბამისად, მერე სად მიდის ჩვენი სამართალი? - ძალიან მაინტერესებს. მოხდება მთელი პროცესის დისკრედიტირება?
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არამიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა პრეზიდენტის მხრიდან...
- რა თქმა უნდა, ის დამნაშავეა, სისტემური დანაშაულის თავში იყო სააკაშვილი და ჩვენ ეს ვიცით. როდესაც ბრალად ვუყენებთ ბევრ დანაშაულს, იმ საქმეებიდან ერთ ნაწილშიც რომ დაისვას კითხვის ნიშანი, ყველა საქმე ეჭვქვეშ დგება. ეს რისკი არ არის გათვალისწინებული, ამიტომ არის ძალიან მაღალი ხარისხის რისკი. როდესაც ადამიანის უყენებ ბრალს, რომელსაც აქვს საკამოდ სერიოზული საერთაშორისო წონა, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს ძალიან კომპეტენტურად, პროფესიონალურად გაკეთებული, კარგად შემზადებული, მათ შორის პოლიტიკურადაც ბრალდების წაყენებამდე. აუდიტის სამსახური ახლა კი არ უნდა ჩართონ, მაშინვე უნდა ჩაერთოთ, რომ ეს სია გაეცხრილა იმ ენაზე, რომელზე ჩვენ ვსაუბრობთ. ეს სია გასაჯაროვდა, ახლა ეს რომც გაკეთდეს, ამას ფასი არ ექნება. სალაპარაკო დოკუმენტური ოპონენტებს ხელში ჩაუგდეს.
არ მინდა ძალიან კატეგორიული ვიყო და იმედს ვიტოვებ, რომ რა ეჭვებსაც ჩვენ ახლა გამოვთქვათ, შეიძლება მთლად ასე არაა, მაგრამ გამომდინარე იქედან, როგორ მიდის პროცესი, ძალიან დიდი ალბათობით, ეს რისკები ჩვენ გვაქვს. თუ მოხდა ერთი საქმის დისკრედიტირება, გამოვა, რომ ჩვენ დღეს ვაკეთებთ იმას, რაც მის ინტერესებშია და მის გათეთრებას ვეწევით. ფაქტიურად, ვათეთრებთ და ვუქმნით პოლიტიკური დევნილის იმიჯს, რაც სრული აბსურდია, ეს ყველას კარგად გვესმის.
რატომ იჩქარა პროკურატურამ? ვიცით ნაჩქარევის საქმის საბოლოო ფინალი კეზერაშვილის სახით...
- ვერსიები არის სხვადსხვა, ღმერთმა ჰქნას, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს, ამას პროცესი აჩვენებს. მე, როგორც ამ პროცესის მონაწილე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ პროცესზე და იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცა გათვლილი ჰქონდათ. თუ ასე არ მოხდა, მაშინ სამი ვარიანტი უნდა განვიხილოთ - პირველი, არაპროფესიონალიზმი, მეორე - შეიძლება თვითონ პროკურატურას გაუჩნდა ოპერატიული საჭიროება იმისა, რომ რაღაცა გაეკეთებინა. ანუ, ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა მათ წინაშე გაჩენილიყო კითხვები, ამიტომ იჩქარეს - თავდაცვითი რეაქცია იყო, დაემტკიცებინათ, რომ შეტევაზე არიან და მესამე - შეთქმულების თეორია, ასე უხარისხოდ საქმეების ინიცირება თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პროვოცირებით ხდება.
რას გულისხმობთ?
- სამწუხაროდ, გარაკვეულ საქმეებთან დაკავშირებით, ასეთი სცენარების გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვინ მუშაობს პროკურატურაში - იგივე ხალხი მუშაობს, რომლებზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული კომპრომატები ან ზემოქმედების სხვა მექანიზმები. მოდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკით შევხედოთ პროცესს - რა თქმა უნდა, იმის გაკეთება, რომ ბლოკირება მოახდინო და არანაირი საქმე შენზე არ იყოს აღძრული, ეს შეუძლებელია. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში პირიქით, ახდენ უპრესპექტივო საქმეების ინიცირებას, შექმნა განწყობა, რომ შენს მიმართ არის დევნა.
ამის საპასუხოდ სააკაშვილი ამბობს, რომ ვერ იპოვეს ის მილიონოები, რომელსაც ედავებიან.
- ძალიან სასაცილოა ამას რომ ამბობს. მას ნამდვილად აქვს მილარდები. ის არის კორუმპირებული. სააკაშვილს ეს ფული სახლში მიჰქონდა, პარტიულ სალაროში თუ რომელიღაც ანგარიშზე აქვს განთავსებული, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეს ხომ სისტემური დანაშაული იყო, ფაქტია, რომ მილიარდებია მოპარული. ასეთი ანგარიშები რომ არსებობს ამაზე ეჭვი არავის ეპარება. იგივე ბაქოს ინციდენტი, როდესაც ქეშით მოჰქონდათ მილიონ ნახევარი დოლარი და მერე ამტკიცებდნენ, რომ არ მოჰქონდათ.
ეს ფული სალაროდან მოჰქონდათ პოლიტიკური მიზნებისთვის. არ ვარ კორუმპირებული და სახლში არ წამიღიაო, შეიძლება მის ანგარიშზე არაა, მაგრამ ვინ განაგებს ამ მოპარულ „ობშიაკს“? - რა თქმა უნდა - სააკაშვილი. საკითხს, რომ დავუბრუნდეთ, ხდება უპრესპექტივო საქმის ინიცირება, რითაც ხდება იმ დიდი დანაშაულის გადაფარვა, რომელიც ჩადენილი აქვს ამ ადამიანებს. ეს არის ტექნოლოგიური საკითხი. ასეთ სცენარებს გარკვეულ პიროვნებებთან დაკავშირებით ვერ გამოვრიცხავ. მე ვვარაუდობ, რომ ასეთი ტიპის ზეწოლის ბერკეტები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სამართალდამცავ სისტემაში.
როდესაც შენ იცი, რომ უმძიმესი დანაშაული გაქვს ჩადენილი და იცი, რომ ამაზე შენ იქნები დასჯილი, ყოველთვის ცდილობ, რომ წინ წამოსწიო უფრო მსუბუქი დანაშაული, თან მოხდეს ამ მსუბუქი დანაშაულის დისკრედიტაცია, რითაც ახდენ შენი დევნის დისკრედიტაცაიას მთლიან საქმესთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია და ამით შენ უმტკიცებ სხვა ადამიანებს, რომ რეალაურად შენ ისეთ რაღაცაზე გედავებიან, რაც არის ბლეფი, რასაც აკეთებს დღეს სააკაშვილი.
ფიქრობთ, რომ ამ საქმის წამოწევა სააკაშვილის ინტერესშია?
- დიახ, ვფიქრობ, რომ ამ საქმის წინ წამოწევა მის ინტერესებშია. როდესაც მას ბრალი წაუყენეს ისეთ უმძიმეს დანაშაულში, როგორიც არის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და მთელი სპექტრი დანაშაულსა, დღეს ამაზე არაა ლაპარაკი და მიდის საუბარი ფულის გადახარჯვაზე, რაც 7 ნოებერს ჩადენილ დანაშაულთან შედარებით არაფერია. საერთოდ, ნებისმერ აქლემის ქურდს ურჩევნია, რომ ნემსის ქურდობაზე დააკავონ. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ და აქლემის ქურდი აქლემის ქურდობაზე უნდა დავსაჯოთ. ნემსზე ბევრი ლაპარაკით აქლემის ქურდობა იკარგება, ამით გარაკვეულწილად ის აღწევს პოლიტიკურ შედეგს. თუ ასე არაა, ძალიან გამიხარდება. გამოვთქვამ გარკვეულ ეჭვებს და ვლაპარაკობ გარკვეულ რისკებზე, რომელიც შესაძლებელია ამ საქმეებს ახლდეს.
მთავარი ტვირთი არის სასამართლოზე, მაგრამ რა უნდა ქნას ბრალდების მხარემ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ამ საქმეზე არ დარჩეთ კითხვები?
- თუ პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულება - სასტუმროში რომ შედიოდა სააკაშვილი, ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ თუ არა აქვს ამის მტკიცებულება და ამის დამტკიცება შეუძლებელი გახდა, მაშინ სად მივდივართ? ამაშია პრობლემა. ბრალი უკვე წაყენებულია, სიტყვა გასროლილია, ამას უკან ვეღარ წაიღებენ. კი ბატონო, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ სააკაშვილი იყო ღორმუცელა, ეს ისედაც ვიცოდით. გასაგებია, მოკლევადიანი ამოცანა შესრულებულია, მაგრამ გრძელვადიანი პრესპექტივა აქვს ამ საქმეს? ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი.