ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება. კანონში ცვლილებების შეტანას ნარკოლოგები და ნარკოტიკდამოკიდული პირები კარგა ხანია ითხოვდნენ. თუმცა წინა ხელისუფლებამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. დღეს კი ორი უწყების - ჯანდაცვისა და შს სამინისტროების ერთობლივმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, არაერთი ადამიანის სიცოცხლე ლეტალური შედეგისგან იხსნას.

საქმე ისაა, რომ პაციენტის ზედოზირების ფაქტის მიჩქმალვის სურვილის გამო ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს არ იძახებდნენ. მეგობრებიც კი კრიტიკულ მდგომარეობაში ტოვებდნენ თავიანთ ახლობელს, რათა ნარკოტიკზე დამოკიდებულება არ გამჟღავნებულიყო და სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები არ შექმნოდათ. ამის გამო არაერთი ახალგაზრდა დაღუპულა.

ამიერიდან პაციენტის ზედოზირების მდგომარეობის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები, რომლებიც პოლიციისთვის ცნობის გადაცემას კანონით ისედაც ექვემდებარება. ესენია ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკო-ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; საავადმყოფოში გვამის მიყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.

შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა (თუ დამატებითი გარემოებები არ არის) პოლიციისთვის ცნობის მიწოდებას აღარ ექვემდებარება, „სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში შევიდა და ეს ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოსცა.

ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კანონში ამ სახის ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ თავად წამალდამოკიდებული პირები. ეს ემყარება იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ნარკოტიკის მოხმარება ხდება კოლექტიურად, ერთი და იმავე ნარკოტიკის ერთი და იგივე დოზაც კი სხვადასხვანაირად მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე. თუ ერთ შემთხვევაში ამას შეიძლება მხოლოდ მსუბუქი შედეგი ჰქონდეს, მეორე შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი მოიწამლოს.

„აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება მეტი დოზა მოიხმაროს და ამას მოჰყვეს მძიმე მოწამვლა, რაც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. რამდენად ხშირია ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ლეტალური შემთხვევები, ეს არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახლობლები აქამდე ცდილობდნენ იმის დამალვას, რომ ლეტალური შედეგი სწორედ ნარკოტიკის მოხმარებით დადგა. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ზოგჯერ იგონებდნენ, ადამიანი სოკოს ჭამით მოიწამლა და დაიღუპაო. ამიტომ ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევის შესახებ სტატისტიკა არარეალურია. მაგალითად, ე.წ. „ბიო“-თი მოწამვლის შემთხვევაში, მასობრივად, უთქვამთ კიდეც შეგვეშინდა გამოგვეძახა ექიმიო. ამიტომ ის, რომ ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება, ეს წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ექიმი დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს ნარკოტიკის ზედოზირებასთან, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პოლიციას შეატყობინოს“, - აცხადებს გელა ლეჟავა.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ჯანდაცვისა და შს სამინისტროს ინიციატივას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ამ ბრძანების შეცვლის მთავარი მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ის დანაშაული, რაც შეიძლება, ნარკოტიკდამოკიდებულმა ჩაიდინოს.

ნარკოლოგის თქმით, ძირითადად საქმე ეხებათ ახალგაზრდებს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტები რა ასაკის არიან, ზედოზირება ისეთი მდგომარეობაა, თუ მას სწორი სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს, ადამიანი ვერ გადარჩება.

„აქამდე პოლიცია ან პატრული ადგებოდა თავზე ამ ადამიანებს. ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა პატრული პირდაპირ რეანიმაციის განყოფილებაში მიდიოდა და ჯერ კიდევ მდგომარეობიდან გამოუსვლელი პაციენტები მიჰყავდა. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ნარკომანი დაუგდიათ თავისსავე მეგობრებს ქუჩაში, დახმარება არ აღმოუჩენიათ და ამის გამო ის დაღუპულა. მიუხედავად იმისა, რომ რეალური სტატისტიკა არ გვაქვს, ზედოზირების შემთხვევა საქართველოში ძალზე ხშირია და ამას სხვადასხვა მიზეზს აბრალებენ, თითქოს ახალგაზრდა გარდაიცვალა გულით, ან სუიციდი იყო. ამ დროს შესაძლოა, ეს იყო ბანალური ზედოზირება, რომელიც სულაც ახალგაზრდული ინტერესის გამო მოხდა. ნარკოლოგები დიდი ხანია, ამაოდ ვითხოვდით ცვლილებების შეტანას კანონში, მაგრამ წინა ხელისუფლება თვლიდა, რომ ესენი არ არიან ავადმყოფები, ესენი არიან კრიმინალები და რაც უფრო მეტი დაიღუპებოდა, ალბათ, მათთვის უკეთესი იქნებოდა“, - აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.

ამასთან, განმარტავს, რომ უცხოეთში ზედოზირების პრობლემა არ არის, რადგან იქ ნარკოტიკის მომხმარებელი აღიქმება, როგორც პაციენტი, რომელსაც შველა სჭირდება. ამიტომ სასწრაფო დახმარების ნებისმიერი მანქანა მიდის მასთან და ამის გამო პაციენტს არანაირი სანქცია არ ეკისრება. პირიქით, უცხოეთში ყველა ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ზურაბ სიხარულიძის აზრით, ალბათ, მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაც უნდა მოხდეს და ნარკოპოლიტიკა ადამიანის დასჯაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

„აქცენტი მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე უნდა გავაკეთოთ. ესენი ჩვენი ქვეყნის დაავადებული მოქალაქეები არიან. აქ არის სოციალური პრობლემა, ჯანმრთელობის, ქვეყნის უსაფრთხოების, გენოფონდის პრობლემა. თუ ჩვენ არ შევაჩერეთ ეპიდემია და არ მოვახდინეთ მისი სტაბილიზაცია, მაშინ ვერ მივიღებთ კარგ შედეგს“.