საქართველოში პირველად „ვეფხისტყაოსანს“ კინომიუზიკლად იღებენ. ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქირეოგრაფიული ილეთების გამოყენებით ქართველთა ეპიკური პოემის ეკრანზე გაცოცხლება გადაწყვიტა.
ძნელია იმის თქმა, როგორ მიიღებს ამ კინომიუზიკლს ქართველი მაყურებელი, რომლისთვისაც 900 წლის მანძილზე „ვეფხისტყაოსანი“ სათაყვანო წიგნად ითვლებოდა. უფრო მეტიც, ვერც ცნობილმა ქართველმა რეჟისორებმა ვერ შეჰბედეს შოთა რუსთაველის ნაწარმოებს ეკრანიზაცია. გამონაკლისი 1936 წელს იყო და მაშინაც „ვეფხისტყაოსნის“ სრული ვერსიის ეკრანიზაცია ვერავინ გაბედა, მხოლოდ ქაჯეთის ციხის ეპიზოდით შემოიფარგლნენ.
ამჯერად კი, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ფილმს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, ერთნი რეჟისორის ამბიციურ განზრახვაზე საუბრობენ, მეორენი ფილმის პერსონაჟებს კომიკურ კოსტიუმებს უწუნებენ.
საუბარია იმაზე, რომ ტარიელის როლის შემსრულებელი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელმძღვანელი ლაშა კობახიძე უცნაურ სამოსშია გამოწყობილი, რამაც სოციალურ ქსელში ცინიკური დამოკიდებულება გამოიწვია. კინომცოდნე ლელა ოჩიაურის თქმით, ტარიელის კოსტიუმი ბერიკაობა-ყეენობის პერსონაჟივით, თავსა და მხრებზემოგდებული მთლიანი, კბილებდაკრეჭილი თუ ხახადაფჩენილი ვეფხვის ტყავია, რაც კომიკურად გამოიყურება და ფილმს ბუტაფორიულ და ხელოვნურ იერს ანიჭებს. მისი თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ არ უნდა ჰგავდეს არც „ჰარი პოტერს“, არც „ბეჭდების მბრძანებელს“ და არც სხვა ასეთი კატეგორიის ფილმებს, რადგან ჟანრობრივად სრულიად სხვაგვარია.
ის ფაქტი, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაცია დღემდე ვერავინ გაბედა, ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს ისეთი ფილმის გადაღებას, როგორც ქართველთა წარმოსახვაშია.
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზვიად დოლიძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ქართულ კინოში „ვეფხისტყაოსანს“ ვერავინ შეეჭიდა. ჯერ კიდევ შალვა დადიანს ჰქონდა დაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ სცენარი და ძალიან უნდოდათ მისი გადაღება. როგორც ირკვევა, შალვა დადიანს ურთიერთობა ჰქონდა იტალიელებთან და სურდა, იტალიელები დახმარებოდნენ ასეთი ფილმის გადაღებაში, რადგან მე-20 საუკუნის ათიან წლებში იტალიელებმა სახელი გაითქვეს ისტორიული ფილმებითა და ცნობილი ნაწარმოებების ეკრანიზაციით, მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. როცა საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და ჩამოყალიბდა ჯერ კინოსექცია, შემდეგ კი -სახელმწიფო კინომრწეველობა და, ასე თუ ისე, დალაგდა კინოწარმოების საკითხი, 20-იან წლებში ცნობილი ქართველი პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც შეხვდა გამოჩენილ გერმანელ კინორეჟისორს, ფრიც ლანგს და შესთავაზა, ასეთი სცენარი გვაქვს და, ეგებ, თქვენ გადაიღოთო. ფრიც ლანგს ამ დროს უკვე გადაღებული ჰქონდა გერმანული ეპოსი - „ნიბელუნგები“, რომელიც დაახლოებით ისეთივეა გერმანელებისთვის, როგორც „ვეფხისტყაოსანი“ ქართველებისთვის, თავისი მასობრივი სცენებით, კოსტიუმირებული, მაგრამ ფრიც ლანგს იმხელა თანხა მოუთხოვია, რომ მოგვიანებით გერმანე გოგოტიძე იხსენებდა, იმ თანხით ზემო ავჭალის ორ ჰიდროელექტროსადგურს ავაშენებდითო.
ზვიად დოლიძის თქმით, 1936-37 წლებში კოტე მიქაბერიძემ, ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და რეჟისორმა, გადაწყვიტა, გაეკეთებინა არა მთლიანად „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაცია, არამედ ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი. ფილმსაც ამიტომ დაერქვა „ქაჯეთი“, მაგრამ იმდენად მდარე ფილმი გამოდგა, ზღაპარივით გამოვიდა, ბაყდაყდევებით და მთელი ამბით, რომ არავის მოსწონდა. ამ დროს კოტე მიქაბერიძე მშვენიერი მსახიობი და ძალიან კარგი რეჟისორი იყო, მაგრამ მანაც ვერ შეძლო თუნდაც იმ პატარა ერთი მონაკვეთის ისე გადმოცემა, როგორც იყო საჭირო. ამის შემდეგ ის ფილმი დავიწყებას მიეცა და ქართველები აღარ მიბრუნებიან ამ თემას.
გარდა ამისა, 80-იან წლებში იაპონელი ანიმატორები საქართველოში ჩამოვიდნენ და მოლაპარაკება გამართეს კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ანიმაციურ ფილმად გადაეღოთ და გაეკეთებინათ სერიებად, მაგრამ ესეც სხვადასხვა მიზეზთა გამო ჩაიშლა.
„საერთოდ, „ვეფხისტყაოსანი“ ისეთი სათუთი თემაა, რომ, თუ ფილმად გაკეთდება, უნდა იყოს ეპიკური ჟღერადობის ფილმი. კინოენაზე რომ ვთქვათ, „ვეფხისტყაოსანი“ უნდა იყოს ბლოკბასტერი, რაც დიდი ფული დაჯდება და დიდ ფულსაც მოიტანს, მაგრამ საქართველოში რომელ კომერციულ კინოზეა ლაპარაკი?! არ ვიცი, ამჟამად რას იღებენ, ჯერ არ მინახავს, ეტყობა, ნიკოლოზ ხომასურიძე ახალგაზრდა რეჟისორია. თუ ახალგაზრდა კაცი რამის გადაღებას აპირებს, მისასალმებელია, მაგრამ ბევრი რამ გასათვალისწინებელია. „ვეფხისტყაოსანს“ სერიოზულად, რუდუნებით მომზადება სჭირდება. სერიალად „ვეფხისტყაოსანი“, ალბათ, ვერ ივარგებს. ეს ერის იმხელა საგანძურია, რომ თუ ამას გააკეთებ, ეს მაღალ დონეზე უნდა მოხდეს, ხოლო, თუ გინდა, მისი მოტივებით გააკეთო, კი ბატონო, მაშინ იტყვი, ეს არის ექსპერიმენტი და ამის გამო ნუ დამძრახავთო. თუ ადამიანი ექსპერიმენტს ატარებს ცნობილ თემაზე, გააკეთოს. კარგია ნამუშევარი, რომელზეც დადებითი და უარყოფითი აზრი არსებობს. შეიძლება, იმ კაცს არც აქვს პრეტენზია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციას ახდენს. „მოტივების მიხედვით“ როცა აწერია ფილმს, ეს ნიშნავს, რომ ავტორს პირდაპირ ეკრანიზაციაზე არ აქვს პრეტენზია“, - აცხადებს ზვიად დოლიძე და რთულად ეჩვენება „ვეფხისტყაოსანთან“ შეჭიდება, რასაც ვერავინ მოჰკიდა ხელი, თორემ რეზო ჩხეიძე, თენგუზ აბულაძე და სხვები ამას ვერ გააკეთებდნენ?!
რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 30-იან წლებშიც ჰქონდათ „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზიდის ეკრანიზაციის მცდელობა, ოღონდ არაფერი გამოვიდა.
„ჯერჯერობით, არც თეატრსა და არც კინოში ეს მცდელობა არ განხორციელებულა, რადგან ურთულესი განსახორციელებელია. არ ვარ საქმის კურსში და არ მინახავს მასალა, ამიტომ ამ კინომიუზიკლის შესახებ მეტის თქმა არ შემილია. ეს პოეტური ნაწარმოებია, თანაც ეპიკური ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოების ეკრანზე გადმოტანა კი ურთულესი საქმეა. ეკრანი შედარებით კონკრეტული ხელოვნებაა. ამიტომ ძალზე რთულია ამის გაკეთება. თუ ფილმი მიუზიკლის ჟანრში იქნება გადაწყვეტილი და ქართული ფოლკლორის, საბრძოლო ხელოვნების ნომრებით გაფორმებული, მაშინ ეს იქნება სულ სხვა ნაწარმოები და არა „ვეფხისტყაოსანი“, - აცხადებს მერაბ კოკოჩაშვილი.