სასულიერო პირები კაზანტიპის პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ, მარშუნოკი კი თავად ეპატიჟება ქართველ მოძღვრებს ფესტივალზე, რათა ისინი დაარწმუნოს, რომ ფესტივალზე არც ნარკოტიკები იქნება და არც გარყვნილება.
რასაკვირველია, სასულიერო პირები მარშუნოკთან - „ამ თავხედ და ზნედაცემულ ადამიანთან შეხვედრას“ არ აპირებენ. უფრო მეტიც, კაზანტიპის საწინააღმდეგო აქციის მონაწილენი განმარტავენ, რომ პორნო და ნარკო-ორგიების ავტორებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ უნდა მიეცეთ.
„ჩვენ არ შეგვიშვეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ასობით შიშველი ადამიანი დარბის“, - აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე და პერმანენტულ აქციებს აანონსებს. სასულიერო პირების მიზანია, ის ადგილი აკურთხონ, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარდეს.
თავის მხრივ, კაზანტიპის თემას ვერ ელევა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა, რომელიც სკანდალურად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იგი ანაკლიაში მუნიციპალური ბაზრისა და ტაქსოპარკის პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ჯერჯერობით უსტატუსო გიორგი სიგუამ პრეზენტაცია საკმაოდ ხმაურიანი და გაბრაზებული ტონით დაიწყო, მან „კაზანტიპის რესპუბლიკაში“ რეგისტრირებულ ტაქსის მძღოლებს ჩვეული სტილით მიმართა, „ნუ ყაყანებთ აქ, თუ არ იქნებით ჭკვიანად, წავიღებ აქედან ყველაფერს“,- ასე „აწყნარებდა“ სიგუა რიგში მდგარ მძღოლებს, თუმცა არ აკონკრეტებდა, რას წაიღებდა ანაკლიიდან- პროექტს თუ ფესტივალის სუფთა მოგებას?! მოგვიანებით სიტუაცია „OK GEORGIA“-ს წარმომადგენელმა განმუხტა და მძღოლებს სამუშაო პირობები გააცნო.
სამების საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. ამიტომ ვისაც სურს, წავიდეს ფესტივალზე, ვისაც არ სურს, არ წავიდეს.
„მე პოლიციელი არ ვარ, მე სასულიერო პირი ვარ და ჩემს მრევლს მოვუწოდებ, ასეთ ორგიებში არ მიიღონ მონაწილეობა. პირადად ჩემი სახელით გეტყვით და არა - საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მე მოძღვარი ვარ, ჩემი იარაღია სიტყვა, აბჯარს ხომ ვერ ავისხამ?! კაზანტიპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გამოსავალს ვერ ვხედავ. ე.წ. ფესტივალი, ალბათ, ჩატარდება, რადგან უკვე ისეთ დონეზეა გადაწყვეტილი... მესმის, მატერიალურად უჭირთ ადამიანებს. ახლა გიორგი სიგუას სიუჟეტს ვუყურე, ძაღლებივით ელაპარაკა ხალხს, არ მომეწონა, ფულზე აქვს აქცენტი გადატანილი, ორი კაპიკი რომ იშოვონ“,-აცხადებს მამა ანთიმოზი.
მისივე განმარტებით, კაზანტიპი სუტენიორობაზე უარესია, რადგან რაც იქ ხდება, აღვირახსნილობაა. ეს რესპუბლიკაა, სადაც ყველაფერია დასაშვები - ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები. მათ აქვთ კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ჩვეულებრივ სახელმწიფო კონსტიტუციასთან. სახელმწიფო კრძალავს გარყვნილებას და ქუჩაში, პლაჟზე თუ ღია თავშეყრის ადგილებში ასეთ ადამიანებს აჯარიმებენ. უფრო მეტიც, სამართალდამცავმა ნარკოტიკების მომხმარებელი რომ დაინახოს, დაიჭერს წამლის გამო და ციხეში გაუშვებს. კაზანტიპი კი ამ ყველაფრის თავისუფლებაა და გაუგებარი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რაღაც უკანონობა ხდება და ამ დროს პოლიციას ღია სექსის და წამლის წინააღმდეგ ჩარევის უფლება არ აქვს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს ადგილი თურმე კაზანტიპის ორგანიზატორებს მიაქირავეს და მას ვერ შეეხებიან.
„სახელმწიფო პოლიციამ განმარტა, კაზანტიპის რესპუბლიკის ტერიტორიიდან რომ გამოვლენ და წამლის ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, დავიჭერთო. გაუგებარია, უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე, ანაკლიაში რატომ არ აქვთ შესვლის უფლება?! ეს ანტისახელმწიფოებრივი ფესტივალია. სინამდვილეში, არცაა ფესტივალი. რაც „კაზანტიპები“ არსებობს, მათ ისტორიაში შესაძლოა, ეს კაზანტიპი შედარებით უფრო თავშეკავებული იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ჯერზე მოხდება, რადგან აპირებენ, კიდევ 10 წლის განმავლობაში ჩაატარონ საქართველოში ეს ფესტივალი. თუმცა კი, კაზანტიპის იდეოლოგიას, კონსტიტუციას არ ცვლიან“.
წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეკლესიამ გამოხატა თავისი პოზიცია კაზანტიპთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია ასეთი ღონისძიების ჩატარება, რადგან ეს არის ორგია, გარყვნილებისა და ნარკოტიკების მოხმარების საშუალება და არა - მუსიკალური ფესტივალი. ამიტომ ის მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს ამ ფესტივალს, მოტყუებულია და არ ესმით, რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მათი ოჯახები.
„თვითონ მათაც აუცილებლად პრობლემები შეექმნებათ, რადგან ამ ღონისძიებაში შეიძლება აღმოჩნდნენ მათი შვილები, ნათესავები. ჩვენ გვაქვს დოკუმენტალური ინფორმაციები, ყირიმში კაზანტიპის ღონისძიების შემდეგ როგორ მკვეთრად მოიმატა შიდსით ინფიცირებულთა რიცხვმა. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. იქვე, მიმდებარე ტერიტორიაა განმუხური, ანაკლია. პროსტიტუციისა და ნარკოტიკებით პოპულარიზაციით ვაპირებთ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული კუთხეები? ადამიანები გაჭირვებით აპელირებენ, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა საქართველო მძიმე დღეში. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს მიმართავდა, ლოცულობდა, რწმენას განსაკუთრებულად ავლენდა ასეთ შემთხვევაში და არა - გარყვნილებას. პირიქით, ქართველი ხალხი ღმერთზე სასოებდა. ყოველთვის ასე იყო ისტორიულად, ამიტომ მოვედით აქამდე და ახლა გარყვნილებით ვაპირებთ, კეთილდღეობა შევიქმნათ? ეს ხომ გამორიცხულია. განა შეიძლება, სახელმწიფო გარყვნილებითა და ნარკოტიკებით შედგეს?!“-აცხადებს მამა დავითი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ნიკიტა მარშუნოკი თავის ინტერვიუებში არა მარტო ეკლესიას და ხელისუფლებას, არამედ საერთოდაც, ჩვენს ქვეყანას არაერთგზის აყენებს შეურაცხყოფას. ის ცინიკურად იქცევა და შეუძლებელია ადამიანს, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკის და გარყვნილების პოპულარიზაციას ეწევა, სასულიერო პირი დაელაპარაკოს. მამა დავითის თქმით, ასეთმა ადამიანებმა საქართველოს საზღვარი ნამდვილად არ უნდა გადმოკვეთონ, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის პრობლემების შექმნას.
მოძღვრის თქმით, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ზომები, რადგან ეს საერთო პრობლემაა, საქართველოს კანონმდებლობა კი უზნეობას კრძალავს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნაზეც კი ჯარიმაა დაწესებული. მისგან განსხვავებით, კაზანტიპზე მასიურ სექსუალურ ორგიებზეა საუბარი და საინტერესოა, ვინ გააკონტროლებს ნარკოტიკის მოხმარებას?!
„თუ მათ დაქირავებული აქვთ ჩვენი ტერიტორია, მაშინ საინტერესოა, თუნდაც ჩვენი პოლიციელი როგორ ივლის და როგორ გააკონტროლებს სიტუაციას?! ან კიდევ, 24-საათიან ელექტრომუსიკას ფხიზელი ადამიანი როგორ გაუძლებს?! ეს ხომ აბსურდია?! ამიტომ ჩვენი პროტესტი მუდმივი იქნება, ხოლო როგორ ფორმას ავირჩევთ საამისოდ, ამას დაინახავთ“.