დღეს უკვე მეოთხე თვე სრულდება, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად დაწყებული პროტესტი გრძელდება. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ისტორიკოსი ირაკლი ლომიძე ერთგულად დაჯარობენ იმ ადგილებს, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.
საყდრისის დამცველთა მთავარი მისია არა მარტო პრეისტორიული მაღაროს გადარჩენაა, არამედ იმ უძველესი ტაძრებისა და ძეგლების მოძიებაც, რომლებსაც „არ ემ ჯი გოლდმა“, ასევე, საფრთხე შეუქმნა.
„ჩვენ აქ ვართ, ვიცავთ საყდრისს და პარალელურად ვეძებთ ტაძრებს, ისტორიულ ძეგლებს, ნამოსახლარებს“,- აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ნინო მიქიაშვილი.
როგორც ვიცი, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროდან ძალიან ახლოს, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში ეკლესიას მიაგენით, ასევე - კვირაცხოვლის ქედის წვერზე ნაგებობის ნაშთსა და კიდევ არაერთ ისტორიულ ნაშთს. გარდა ამისა, თამარის დროინდელი საკვირველი წყაროც გიპოვიათ, თავის რეზერვუარებით. კონკრეტულად რას გვეტყვი ამ ძეგლების შესახებ და თქვენი პროტესტის მიუხედავად, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ეს ყველაფერი განადგურების საფრთხის წინაშე აღარ იყოს?
- აბულმუგის ხეობაში მდებარე კვირაცხოვლის ქედზე კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“ მადანს ღია კარიერული წესით (აფეთქებებით) მოიპოვებს. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ ძეგლებსა და ნამოსახლარებს განადგურების საფრთხე ემუქრებათ. იქვე, რამდენიმე მეტრში სამსხვრევი წისქვილი და გამოსატუტი მოედნები აქვთ მოწყობილი, სადაც ასევე, ღია წესით ხდება მადნის გამოტუტვა ციანიდის საშუალებით. აბულმუგის ხეობაში არსებული ისტორიული ნაგებობებისა და ტაძრების ირგვლივ ცნობები ძალზე მწირია. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ტაძრისა და ისტორიული ნაგებობის ნახვა-გადაღება შევძელით, რადგან აბულმუგის ისტორიული ნამოსახლარი დღეს „არ ემ ჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიად ითვლება და იქ ამავე კომპანიის თანამშრომლების გარდა არავის უშვებენ. მაგალითად, თამარის წყარო რომ გვენახა, შემოვლითი გზით ექვსი საათი ვიარეთ და თითქმის ამდენივე დაგვჭირდა უკან დასაბრუნებლად. არ იფიქროთ, რომ ჩვენს გარდა არავის უნახავს ან წყარო, ან ეს ძეგლები. ადგილობრივებმა ამის შესახებ კარგად იციან. ნანგრევების, ისტორიული ძეგლების, ტაძრების შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ მწყემსებს. წინასწარ არ ვამბობ, მაგრამ უახლოეს დღეებში კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გაცნობებთ. გადავიღებთ ვიდეოს, ფოტოს და გამოვაქვეყნებთ.
რა შეეხება „არ ემ ჯი გოლდს“, აბულმუგის ტერიტორიაზე ამ წუთას მიმდინარეობს მადნის ამოტუტვა, იქ მოედნებია გაშლილი და გზა გადაკეტილი აქვთ, „არ ემ ჯი გოლდს“ პოსტები აქვს გაკეთებული და არავის უშვებენ. ამიტომ შემოვლითი გზით გვიწევს სიარული, ძირითადად დავდივართ მე და ირაკლი ლომიძე, თუმცა დათო მახნიაშვილიც ჩვენთან ერთად იყო, როცა წყარო აღმოვაჩინეთ. ჩვენ ამას ვეძახით სპეცოპერაციას, რადგან დაახლოებით 6-9 საათი, შეიძლება, ათი საათიც დავდივართ, თითო ძეგლი რომ ვნახოთ, დავდივართ ტყე-ტყე, შემოვლითი გზებით, რომ „არ ემ ჯი გოლდის“ პოსტი არ დაგვხვდეს, აქ არც წყალია, არც არაფერი. ეს ტყე ისეთია, ფეხზე წამომდგარი მკვდარიო, რომ იტყვიან, ჩიტის ხმაც აღარ ისმის, სიჩუმეა, ყველაფერი გადათეთრებულია ამ მტვრისგან, რადგან მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ, აფეთქებები და საშინელი მტვერია. ამ ტყეში უკვე ციანიდის სუნია, ციანიდის სუნი ჩვენთანაც იგრძნობა. რაც მანდ ციანირება დაიწყეს, ჩვენგან ეს დაახლოებით 700 მეტრშია და გვაქვს დაბალი სიცხე და მრავალი სიმპტომი, რომლის ჩამოთვლასაც აღარ მოვყვები. თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარება, რომ ეს ასეა, ჩამოვიდეს ჩვენთან, აქ გაჩერდეს დაახლოებით ერთი კვირა და საკუთარ თავზე გამოსცადოს, ჯანმრთელობაზე როგორ აისახება ის, რასაც „არ ემ ჯი გოლდი“ აკეთებს. ჩვენსა და ციანირების მოედანს შორის საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროა, რომელიც ისევ ოკუპირებული აქვს „არ ემ ჯი გოლდს“. სხვათა შორის, კულტურის ახალმა მინისტრმა - მიხეილ გიორგაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საყდრისის დამცველთა მიერ ერთხელ უკვე მოგებული პროცესი. მისი პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იყო მინისტრის რანგში და ეს არის სამარცხვინო მინისტრი სამარცხვინო საქციელით.
ხომ არ ფიქრობ, ამ საქმეში უმჯობესია საპატრიარქოც ჩაერთოს, რადგან საუბარია საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
- ეკლესია ჩარეულია ამ საქმეში, ისინი ორჯერ იყვნენ ჩამოსულნი. ტაძრები თუ ისტორიული ძეგლები, მრავალი დანგრეული ეკლესია, მონასტერი თუ სამონასტრო კომპლექსი გვაქვს გადაღებული. ჯამში, მათი რიცხვი 11-ია. პარალელურად, ადგილობრივები გვყავს ჩაწერილი, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ტაძრების ნაწილი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, გადახურულიც იყო და ამ წლების განმავლობაში, მიმდინარე აფეთქებებმა ჩამოშალა და გააუბედურა. ცხადია, ამას ემატება ჟამთა სვლაც, რაც კარგს არაფერს მოიტანდა. არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც შარშან და შარშანწინ მოხდა.
„არ ემ ჯი გოლდი“ საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავს და მომხდარს „ისტორიულ დაბინძურებას“ უწოდებს.
- თუ ამაში გულისხმობენ, რომ აბულმუგის ტერიტორიაზე განთავსებული მოედნებიდან იწამლება დმანისი და გარშემო მცხოვრები მოსახლეობა, ამას „ისტორიულ დაბინძურებას“ ნუ აბრალებენ, რადგან ახლახანს დაიწყო ციანირება, ამიტომ ზღაპრებს ნუ ყვებიან და სიცრუის ტირაჟირებას ნუ ახდენენ. ეკლესიას რაც შეეხება, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს სპეციალური სხდომაც გაიმართა ამ ტაძრებთან დაკავშირებით. მისი უწმინდესობაც საქმის კურსშია, მეუფე დავით ალავერდელია ამ საბჭოს ხელმძღვანელი. მე თვითონ ვესწრებოდი ამ საბჭოს. ისე არ არის, რომ საპატრიარქო არ იყოს საქმეში ჩარეული. სასულიერო პირები კიდევ ჩამოვლენ და არა მარტო ისინი, ადგილობრივი მეუფეც საქმის კურსშია.
თამარის დროინდელ საკვირველ წყაროს თუ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?
- არანაირი სტატუსი არ აქვს. ამის შესახებ არაერთხელ ოფიციალურად მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილ ათდღიან ვადას ისინი ამ ჯერზე არ არღვევენ, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევიან. მაგალითად, როცა კაზრეთის და მთელი ტერიტორიის პასპორტიზაციის მონაცემები მოვითხოვე, წარმოიდგინეთ, მომცეს 1952 წლის მონაცემები და მომწერეს, ამის გარდა ჩვენთან არაფერი ინახებაო. ამ დროს სპეციალისტები, რომელთაც გარკვეული აღწერები აქვთ გაკეთებული და პასპორტებიც აქვთ შედგენილი, მეუბნებიან, რომ 70-იანი წლების ბოლოსაც აქ პასპორტიზაცია ჩატარდა. ამას ჰქვია ინფორმაციის დამალვა.
მე მაქვს არაოფიციალურად მოპოვებული ოფიციალური ინფორმაცია დმანისის და ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის შესახებ, სადაც საერთოდ არ არის თამარის წყარო ნახსენები. მეტსაც გეტყვი, „არ ემ ჯი გოლდი“ სანამ დაიწყებდა ამ ტერიტორიაზე გამოსატუტი უბნების მშენებლობას, მანამდე არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა ირინე ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნულ არქეოლოგიურ ანგარიშში ეს წყარო არ არის ნახსენები, მე ირინე ღამბაშიძესაც ვესაუბრე, მან მითხრა, შემოსაზღვრული გვქონდა გარკვეული მონაკვეთი და იმას ვერ გავცდებოდითო. იქ რაც ნახეს, ის დაწერეს კიდეც, მაგრამ ზოგადად, წყაროს შესახებ ქალბატონ ირინესგან შევიტყვე. ისიც ვიცოდი, რომ ირინეს შემდეგ „არ ემ ჯი გოლდმა“ არქეოლოგიური სამუშაოები ვახტანგ ლიჩელს დაუკვეთა. ლიჩელის ანგარიში არ გამოაჩინა სააგენტომ, არადა, ვალდებული იყო, მოეცა. სამაგიეროდ, არაოფიციალური გზით მოვიპოვე ლიჩელის ანგარიში. ამ ანგარიშში წყაროს ხსენება არ არის. რამდენადაც ვიცი, კიდევ მრავალი რამ არ შეუტანია ლიჩელს იმ ანგარიშში. სამაგიეროდ, ჩვენ გადავიღებთ ყველაფერს და მერე გამოვააშკარავებთ, ვამხელთ ლიჩელსაც და სხვებსაც.
რამდენად დაიცავდა ძეგლის სტატუსი წყაროს და სხვა ძეგლებს და ხომ არ იყო ეს გამიზნული პროცესი? თუ მოხდება ამ საქმეში ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, იუნესკოს ჩართვა, რომლებიც მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობენ?
- ამჟამად საყდრისის დამცველთა აქციაში მე და ირაკლი მარტონი ვართ. აქ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ვკითხოთ აზრი. უახლოეს დღეებში მოვდივართ თბილისში, რომ კომპეტენტურ ადამიანებს შევხვდეთ, კანონებშიც ჩავიხედავთ, სააგენტოსაც მივაკითხავთ. მაგ სამარცხვინო მინისტრსაც მივმართავთ. სამარცხვინო კია, მაგრამ მაინც მინისტრია და ჯერჯერობით ეგ განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის ბედ-იღბალს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული წყარო გადარჩეს. თორემ, ხომ ხედავთ, სტატუსი ჰქონდა მინიჭებული საყდრისს და მაინც როგორ გააუბედურეს და რა დღეში ჩაგდეს?! ყველაფერს დაცვა და ბრძოლა სჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ და, როგორც საყდრისს ვიცავთ, ასევე, ვიზრუნებთ თამარის წყაროსთვის და იმ ტაძრისთვის, რომელიც კვირაცხოვლის ქედის ძირშია და უკვე შუაზეა გადაპობილი. ასე თუ გაგრძელდა, ის ჩამოინგრევა და უბედურება დაემართება ყველა ისტორიულ ძეგლს, რაც აბულმუგის ტერიტორიაზეა. საერთაშორისო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციებს აუცილებლად ჩავრთავთ ამ საქმეში, რადგან ჩვენ ვიდეოებიც გადაღებული გვაქვს და ვიდეოში ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. ეს მხარე ისეთია, რომ, როცა ამ ქვეყანას პატრონი ეყოლება, მთელი მხარე მუზეუმად უნდა გადაიქცეს.