ახალგორელების მორიგი შიში

ახალგორელების მორიგი შიში

ჩაასახლებენ თუ არა რუსებს უკრაინიდან ახალგორში? - ეს კითხვა, ბოლო რამდენიმე დღეა, ახალგორის მოსახლეობას აწუხებს. ახალგორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას საოკუპაციო ჯარი ზღუდავს, უკრაინის აღმოსავლეთიდან დევნილი რუსების ჩასახლებას გეგმავენ, რომლებმაც ომის გამო მშობლიური ქალაქები დატოვეს.

მართალია, ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ მის გადამოწმებას აუცილებლად აპირებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი ვარაუდობს, რომ საუბარია დაცარიელებულ სახლებზე, რომელთა მფლობელებიც 2008 წლის შემდეგ საცხოვრებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. თუმცა ციხელაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ინფორმაცია ჭორი ან სულაც გამიზნული პროვოკაცია იყოს.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი მსგავსი ჭორის გავრცელებას ადასტურებს. თუმცა დე ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან ამ ინფორმაციის ოფიციალურ გაცხადებას უარყოფს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ეჭვობს, ვინმემ მოინდომოს ასეთ რთულ და არაპროგნოზირებად რეგიონში ჩასახლება. მით უფრო, რომ უკრაინის აღმოსავლეთიდან დევნილ რუსებს უკეთეს პირობებს სთავაზობენ კარელიაში, რუსეთის სიღრმეში, შორეულ აღმოსავლეთშიც კი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ახალგორელი ქართველებისთვის გამკაცრებულია საშვების გაცემა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალგორში შეუშვებენ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ პერიოდისთვის გაცემულია 2147 საშვი, უარყოფითი პასუხი კი 2356-მა მოქალაქემ მიიღო.

ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ ცნობილი იყო, რომ ახალგორში რუსი სამხედროების ოჯახებმა დაიწყეს ჩასახლება. მოგვიანებით მათ მიემატნენ ჩეჩენი მშენებლებიც, რომლებიც ახალგორში სამხედრო დასახლებებს აშენებდნენ. სხვათა შორის, იმ პერიოდში ადგილობრივები იმასაც ამბობდნენ, რომ რუსი სამხედროების უმეტესობას საცხოვრებელი სახლი ახალგორიდან გაქცეული მეპატრონისგან ჰქონდა ნაქირავები და ქირას საკმაოდ პატიოსნად იხდიდნენ.

„ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადრეც ბევრს ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, რომ გალის რაიონში აპირებდნენ რუსების ჩასახლებას, ან კიდევ - ახალგორის რაიონში და სხვაგან. თუმცა ამ ეტაპზე ეს არარეალურია, რადგან უკრაინიდან დევნილი რუსები, პირველ რიგში, ჩასახლდებიან უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე, არ წავლენ შორს და აირჩევენ როსტოვის ოლქს ან მახლობელ რეგიონებს, სადაც უკვე მიმდინარეობს მათი ჩასახლება. გარდა ამისა, უკრაინიდან დევნილი რუსები დასახლდებიან ცენტრალურ რეგიონებში, სადაც უფრო მეტ დახმარებას მოელიან.

„თუ მაინცდამაინც ჩასახლება იქნება, ვფიქრობ, რუსებს ჩაასახლებენ უფრო რუსებით დასახლებულ ტერიტორიებზე. ალბათ, არ არის შემთხვევითი, რომ ყირიმელებს, რომლებსაც სურთ რუსეთის მოქალაქეობა, სწორედ ციმბირში უკეთებენ ჩაწერას. ამიტომ, ამ ეტაპზე, რაიმე ასეთ მოქმედებას რუსების მხრიდან მე არ ველოდები. ასეთი საუბარი ადრეც გვახსოვს და უშედეგოდ. იყო საუბარი, რომ რუსებს ჩაასახლებდნენ ინგუშეთშიც, მაგრამ ჩემი აზრით, ესეც გამორიცხულია, რომ ისინი თავისით წავიდნენ იქით. თუ ვინმეს ძალით ჩაასახლებენ ინგუშეთში ან თუნდაც ახალგორში, ისინი მაინც აუცილებლად დატოვებენ ამ ტერიტორიებს, რადგან უკრაინაში მოსახლე რუსები არ არიან მიჩვეულნი ისეთ ცხოვრებას, რაც დღეს არის ახალგორის რაიონში, აბსოლუტურად არაკომფორტული და ძალიან გაჩანაგებულია დღეს ცხინვალის რეგიონი. ზუსტად იგივეა ინგუშეთში და არც იქით არ წავლენ. ამიტომ ისინი შეეცდებიან იქ დასახლდნენ, სადაც უფრო მეტი ცხოვრების პერსპექტივაა და მეტი შანსი აქვთ, რომ მომავალში განვითარდნენ“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.

რაც შეეხება რუსი სამხედროების ოჯახებს, ექსპერტი მათ ჩასახლებას ნამდვილად არ გამორიცხავს. ეს ადამიანები შეიძლება გადმოისროლონ კიდეც ცხინვალის რეგიონში სამსახურის მიზნით და, რასაკვირველია, მათ მოჰყვებიან თავიანთი ოჯახები. ეს იქნება ახალგორი, ცხინვალი თუ ჯავის რაიონი, ისინი იქ დასახლდებიან. ექსპერტის აზრით, ეს არც არის გასაკვირი და ჩვეულებრივი პროცესია. მით უფრო, რომ ეს არ იქნება დიდი რაოდენობა, შეიძლება სულ რამდენიმე ოფიცერზე იყოს საუბარი.

„არ ვიცი, მთლიანად ჩაანაცვლებენ თუ არა ცხინვალის რეგიონში მდგარ ჯარს იმ ადამიანებით, რომლებიც უკრაინიდან არიან წამოსულნი. ეს ძალიან მეეჭვება. ალბათ, პატარა რაოდენობაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ახლა პანიკის საფუძველს ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებით ვერ ვხედავ“.

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს. მისი აზრით, ახალგორში რუსების ჩასახლება მარტივად არ გამოვა, რადგან ადამიანები იქ შედიან, განსაკუთრებით, უფროსი თაობა შედის და გამოდის. მით უმეტეს, იქ არ არის ტურისტული კომპლექსები.

„რადგან არ ვფლობ ინფორმაციას, ისე მიჭირს ამ თემაზე საუბარი. შეიძლება, ჭორიც იყოს“, - აცხადებს დეპუტატი.