სანდრო გირგვლიანის მკვლეობაში ბრალდებულის შეწყალების ფაქტი; 2008 წლის თებერვალში ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებები; 2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლაგვა; პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმე;
2005 წლის ივნისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ისა და ტელეკომპანია „მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობა, 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტი; 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი“-ს ქონების გაფლანგვა;
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თემურ ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე“ უკანონოდ პრივატიზება; 2012 წლის თებერვალში, აჭარის ა-რ მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად -1 ლარად გადაცემა; 2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ“ ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტი.
ეს არის იმ სისხლის სამართლის საქმის ჩამონათვალი, რის გამოც ექსპრეზიდენტი მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად იყო დაბარებული. მიუხედვადა იმისა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, პროკურატურა მოქმედი კანონმდებლობით მოწმის გამოცხადების მიუხედავად, საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.
ჩამოთვლილი 10 პუნქტიანი საქმიდან, მიხეილ სააკაშვილს ბრალი მხლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წაყენებული. პროკურატურა ახალი ბრალის წასაყენებლად ემზადება, თუმცა, ამის მიუხედავად არ ჩქარობს მიმართოს ინტერპოლს და გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. როგორც for.ge-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ყველა საქმეზე ბრალდებულად იქნება ცნობილი, რაც უახლოესი ერთი თვის განამვლობაში მოხდება.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ კი სისხლის სამართლის საქმე მზად იქნება პირის ექსტრადირებისთვის, ევროპის არც ერთი სასამართლო არ დადგება კანონზე მაღლა და ურას არ იტყვის ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადირებაზე.
For.ge ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
ექსპრეზიდენტი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეში. მთავარი ტვირთი უკვე სასამართლოზეა. ერთია ბრალის წაყენება და მეორეა, მისი დადასტურება და სასამართლო გადაწყვეტილება. აქვს ამ საქმეებს პრესპექტივა?
ლევან ალაფიშვილი: როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს კიდევ წაუყენებენ ბრალს და ეს ჩემი ვარაუდი ეფუძნება ე.წ. 10 პუნქტიან სიას, რომელზეც მიხელი სააკაშვილი პირველად მოწმედ დაიბარეს. პროკურატურამ მაშინ განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით ნაწილიაო. ასე რომ, ველი კიდევ იქნება ბრალის წარდგინება. რაც შეეხება სასამართლო პრესპექტივას, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მთავარი პროკურატურისთვის და სახელმწიფოსთვის.
თუ კი, ჩვენი პროკურატურა აპირებს გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნა, ამ შემთხვევაში, იმისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ არა მხოლოდ ჩვენი სასამართლო განიხილავს საქმეს, არამედ ექსტრადირების საკითხის დასმის შემთხვევაში, იმ ქვეყნის სასამართლო იმსჯელებს, სადაც ძებნის გამოცხადების შემდეგ დააკავებენ სააკაშვილს. შესაძლოა, სააკაშვილმა ითამაშოს კიდეც ტაქტიკურად. იმის გათვალისწინებით, რომ მას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ველი შეზღუდული აქვს, შეეცდება გარედან მოახდინოს გავლენა.
როგორ შეძლებს გარედან პროცესებზე გავლენის მოხდენას?
- ყველაზე საუკეთესო საშუალება იქნება შეგნებულად ე.წ. საზღვრის გადაკვეთა, სადაც მას დააკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვა, სადაც, თუ კი, სისხლის სამართლის საქმე წავა მოუმზადებელი, ის იგებს, მაგრამ სახელმწიფო დაზარალდება ამით. ასე რომ, სააკაშვილის საქმე გამოძიებისა და სასამართლოს თვალსაზრისით, შესაძლებელია, სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად იქცეს, რომელიც ან გაამყარებს ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობას, ან - პირიქით.
როგორც ვხედავთ პროკურატურას საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩქარობს პროკურატურა საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას? ბრალდებული თავისუფლად გადაადგილდება, აკეთებს ძალიან ხმაურიან განცხადებებს და ზოგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო განცხადებებს...
- მას უნდა ქართულ პოლიტკურ სივრცეში დარჩეს, ეს ჩანს მისი განცხადებებიდანაც. 2020 წლამდე, როგორც მინიმუმ, საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს და ვერც შემოვა. ამის გათვალისწიებით, თამაშობს და მიდის იმაზე, რომ სახელმწიფოებრიობა დააყენოს გამოწვევის წინაშე. სახელმწიფოს სიბრძეც იმაშია, რომ ეს ყველაფერი გათვალოს და ისე იმოქმედოს და „ითამაშოს“ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ეს გამოწვევები მინიმუმადე დაიყვანოს.
რაც შეეხება იმას, რატომ არაა ძებნა გამოცხადებული, პროკურატუარამ იცის, რომ საქმის ნაწილი შეიძლება გახდეს რომელიმე დემოკრატული ქვეყნის სასამართლოს მსჯელობის საკითხი, ექსტრადირების სასამართლო მაქვს მხედველობაში და საქმის სისუსტის გათვალისწინებით, ჯერჯერობით, არ ჩქარობს საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. შესაძლოა, ელოდება ამ საქმის სასამართლოში გაშვებას და არც ეს არის ცუდი პრაქტიკა.
თავდაპირველად 10 პუნქტიანი სია გამოაქვეყნა პროკურატურამ, მაგრამ ამ დრომდე სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. თქვენ საქმის სისუსტე ახსენეთ და მინდა გკითხოთ, ელოდებით, რომ დარჩენილი 7 საქმე გაცილებით მძიმე იქნება?
- სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. მას რომ უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, ეს უპირობოა. რაც შეეხება გაგრძელებას, იმავე განცხადებაში პროკურატურამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენ ამ საქმეს მის გარეშე გამოვიძებთ და მივმართავთ სასამართლოშიო. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროკურატურას, როგორც ჩანს, სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული.
სწორად შერჩეული ტაქტიკა რაში გამოიხატება?
- ბრალის წაყენება, გამოძიების სრულად დასრულება და სასამართლოსთვის გადაცემა. სასამართლო, ისევე როგორც გამოძიება შეზღუდული არ არის ბრალდებულის საქართველოში არყოფნის მიუხედავად განიხილოს ეს საქმე და გადასცეს სასამართლოს. რა და როგორ იქნება ამის ვარაუდი, ძნელია. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცით, ეს არის 10 პუნქტიანი საქმე, რაც პროკურატურას უკვე გაცხადებული აქვს. როდის იქნება ბრალის დამძიება და როგორ იქნება, ეს უკვე პროკურატურაზეა დამოკიდებული. ყველაზე ოპტიმალური იქნება ეს გამოძიებები დასრულდეს და გადაეცეს სასამართლოს.
საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ექსტრადირების შესაძლებლობას უშვეთ?
- ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როდესაც უარით დასრულდა დავით კეზერაშვილი ექსტრადირების სასამართლო პროცესი. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავისი წინაპირობები და კერძოდ ის, რომ შემდეგ პროგრესი ამ საქმეზე არ გვინახავს. თავიდანვე მოუმზადებელი იყო კეზერაშვილის საქმე, იჩქარა გამოძიებამ. თუ კი საქმე მომზადებული იქნება ექსტრადირებისთვის, ასეთ შემთხვევაში, არც ერთი სასამართლო არ დადგება კანონზე მაღლა და ურას არ იტყვის ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის საქართველოზე გადმოცემაზე.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, უნდა შეჯამდეს რაში დაიხარჯა თანხები და რა შედეგი იქნა მიღწეული. გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რაში დაიხარჯა ეს თანხები, ჩამოთვლი ფაქტებიდან დასტურდება, რომ გრიფით „საიდუმლოს“ არც ერთი ფაქტი არ საჭირობდა...
- პრეზიდენტის და სხვა ჩინოვნიკების შენახვისთვის ბიუჯეტში სპეციალური მუხლები არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სარეზერვო ფონდი თუ სხვა. ამ შემთხვევაში თანხები გაღებული არის სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებიდან, ეს შეგნებულად არის გაკეთებული. როგორც წესი, სპეცსამასხურების ხარჯები ყველა შემთხვევაში არის საიდუმლო. მაშინ, როდესაც გვქონდა პრეზიდენტის ფონდი, სარეზერვო ფონდი, რატომ დაიხარჯა სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ხარჯებიდან ეს ყველაფერი, ეს არის კანონდარღვევის მთავარი გასაღები. არა რამდენი და როგორ, არამედ რატომ დაიხარჯა აქედან.
რაც შეეხება იმ ხარჯებს, რომელიც გამოქვეყნდა, აქედან შეიძლება ორი ნაწილის გამოყოფა. პირველი, რომელიც უპირობოდ არამიზნობრივია, პირადი ხასიათის რაც არის, ტანსაცმელი, მასაჟისტი, მზარეული და ა.შ. ამ კუთხით სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების დახარჯვა არის არამიზნობრივი და ამას სასამართლო დაარქმევს თავის სახელს, მაგარამ არის მეორე ნაწილი ხარჯებისა, რომელთა არამიზნობრიობა შესაძლებელია საკამათო გახდეს.
საიდანაც არ უნდა დახარჯულიყო, იგივე, ბილეთების ხარჯები პრეზიდენტის და არა სხვების, შესაძლებელია აქ ვიკამათოთ არის თუ არა ეს არამიზნობრივი ხარჯვა. კარგი იქნება ამ ყველაფერს თუ გადასცემენ ან მოიწვევენ აუდიტის სამსახურს. ერთადერთი ორგანო, რომელიც საქართველოში ფინანსური დარღვევის შესაბამისობაზე მსჯელობს, ეს არის აუდიტის სამსახური. საქმეში ამ ორგანოს ჩაურთველობამ შესაძლებელია, პროცესი სამართლებლივ ჩიხამდე მიიყვანოს.