რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისგან ნოტა მიიღო, რომელშიც ის მზადყოფნას გამოხატავს რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე. სერგეი ლავროვის განცხადებით, მანამდე რუსეთის საგარეო უწყებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა თხოვნით, რუსეთისთვის ნება დაერთო უკრაინისკენ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონის გამგზავრებასთან დაკავშირებით. რუსეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ბოლო დროს მჭიდრო სამუშაოები მიმდინარეობდა აღნიშნული ჰუმანიტარული ოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით.
აღმოსავლეთ უკრაინისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული კოლონა ვორონეჟიდან ბელგოროდის მიმართულებით დაიძრა. ავტოკოლონა, რომელიც 280 თეთრი „კამაზისაგან“ შედგება ვორონეჟში ჩავიდა. ავტოკოლონა დღეს ვორონეჟიდან ბელგოროდისკენ დაიძრა. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება კონკრეტულად როგორ მოხვდება რუსული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარება, რუსეთ-უკრაინის საზღვარეზე „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უნდა გადასცეს, თავად კოლონა კი საზღვარს ვერ გადაკვეთს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ამბობს, რომ უკრაინა ხარკოვის ოლქიდან რუსულ ჰუმანიტარულ ავტოკოლონას არ შემოუშვებს. „პუტინის არანაირ ჰუმანიტარულ კოლონას ხარკოვის ოლქის ტერიტორიიდან არ შემოვუშვებთ. ცინიკური აგრესორის პროვოკაცია ჩვენს ტერიტორიაზე დაუშვებელია“, - ამბობს უკრაინის შს მინისტრი.
რუსული ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს პრემიერ-მინისტრი. არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების გარეშეც იყო, რომელიც დონბასში ტანკებსა და ტერორისტებს აგზავნის. მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს უნარი დამოუკიდებლად უზრუნველყოს პროდუქტებით აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებნი.
„ჩვენ 10 მილიონ გრივნას გამოვყოფთ პირველადი აუცილებლობის პროდუქტების შესაძენად. უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიღება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში და ისიც მხოლოდ „წითელი ჯვრისგან“ შეუძლია.
რუსეთის ცინიზმს საზღვარი არა აქვს. ჯერ ტანკები, გრადები და ტერორისტები შემოიყვანეს უკრაინელთა დასახოცად, ახლა კი წყლისა და მარილის მოწოდება უნდათ. უმჯობესი იქნებოდა, რუსებს ეს 300-მდე სატვირთო მანქანა ცარიელი გამოეგზავნა და თავიანთი ბანდიტები წაყვანა უკან. ასე რომ ყოფილიყო, არანაირი ჰუმანიტარული დახმარება არ იქნებოდა საჭირო“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.
უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება, თავისი მოქმედების სტილით, ძალიან ჰგავს აფხაზეთში განხორციელებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას. სწორედ, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მსგავსი ჰუმანიტარული მისია საქართველოში 1993 წელსაც განახორციელა. რუსეთმა მაშინ „ჰუმანიტარული დახმარებით“ სავსე ავტომანქანები ქალაქ ტყვარჩელში გაგზავნა. შეთანხმება იყო, რომ ტვირთი არ უნდა შემოწმებულიყო. სწორედ მაშინ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ამ მანქანებით აფხაზ სეპარატისტებს და დაქირავებულ მებრძოლებს დიდძალი იარაღი, საბრძოლო მასალები და არტილერია მიუტანა, რომლებიც აფხაზებმა ჯერ სოხუმის ბლოკირებისთვის, შემდეგ კი მის ხელში ჩასაგდებად გამოიყენეს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს: „ეს უნდობლობა სამართლიანია თუ უსამართლო, ამას ისტორია განსჯის, მაგრამ მთავარი დღეისათვის ის არის, რომ ყველა მიიჩნევს სამართლიანად ამ უნდობლობას. რუსეთმა უნდა გადახედოს თავის წარსულს, პუტინმა 2000 წლიდან უნდა გადახედოს თავის ნამოქმედარს და ადვილად მიხვდება რატომ არ სჯერათ მისი, როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, მის სტრატეგიულ მოკავშირეს, სომხეთსაც კი არ სჯერა რუსეთის უანგარო დახმარების. რასაკვირველია, კრემლში იცოდნენ, რომ უკრაინელები ამ ტვირთებს არ შეუშვებდნენ. რუსეთის მხრიდან ეს არის ვა-ბანკზე წასვლა. სხვა არფერი დარჩენია რუსეთს, თვალსა და ხელს შუა კარგავს უკრაინას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, ამ ჰუმანიტარული დახმარების მიზანია, როგორმე გადაარჩინონ სეპარატისტები, რომლებიც უკანასკენელ პოზიციებზე დგანან ლუგანსკსა და დონეცკში. დაიწყონ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განმეორდეს ის, რაც მოხდა აფხაზეთში.
„ცეცხლი შეწყდა, მოლაპარაკება დაიწყო, საქართველომ გამოიყვანა 30-40 კმ-ზე თავისი მძიმე ტექნიკა, აფხაზებმა და რუსებმა გაიტანეს 5 კმ-ზე, ომი განახლდა და ისე დასრულდა ომი აფხაზეთში, რომ საქართველომ მძიმე ტექნიკის შეტანა ვერ მოასწრო. დროებითი დაზავება ყოველთვის ძალზედ მაცდური საფრთხეა, ვინაიდან იმ მხარეს, რომელიც ითხოვს ამ დაზავებას, აძლევს იმის შანს, რომ ძალები მოიკრიბოს, რაღაცა გადაჯგუფება მოხდეს და შემდეგ ახალი ძალით განაგრძოს ბრძოლა.
საინტერესია ასევე ის ფაქტიც, რომ ამ 280 ავტომანქანის მძღოლები არიან მოხალისეები. ვინც წავიდოდა მოხალისედ? - რასაკვირველია, ეს მოხალისეები არიან „ფეესბეს“ თანამშრომლები, რომლებიც გაწვრთნილი არიან და რომლებმაც მშვენივრად იციან როგორ უნდა მოიქცნენ ექსტერმალურ სიტუაციებში. ამიტომ, დღეს რაიმე დასკვნის გაკეთება ცოტა რთულია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მითუმეტეს, რომ დიდი დრო არ დაგვჭირდება. გადამწვეტი მომენტი იქნება დღეს საღამოს, ხვალ დილას, როდესაც ეს 280 მანქანა საზღვარს მიადგება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთის ბოლო 25 წლის მოქმედებით თუ ვიმსჯელებთ, მისი ქმედება ძალიან ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ მთავარი, რაც რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში ამოძრავებს, არის ის, რომ თავისი გავლენის სფეროდან არ გამოვიდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
„მისი ჰუმანიტარული ტვირთები, საბოლოო ჯამში, რას წარმოადგნეს და მისი სამშვიდო ძალები, როგორი სამშვიდობო ძალები არიან, ყველასთვის ნათელია. აღმოსავლეთ უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთი, რომ უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან არ მოაკლდება, ეს ფაქტია. ჰუმანიტარული ტვირთი რომელიც სჭირდება ამ რეგიონს, სწორედ რუსეთის დამსახურებაა და ცინიკურია კრემლის მხრიდან ჰუმანიტარულ ტვირთზე აპელირება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ თავისი კონკრეტული გეგმა ჰქონდეთ, როგორიცაა რუსულენოვანი მოსახლეობის დახმარება და ამ საბაბით ე.წ. სამშვიდობო ძალების შეყვანა. ეს ხრიკი დასავლეთმა ძალიან კარგად ისწავლა. ჩვენც ხომ დიდი ხანია ნასწავლი გვაქვს. უკრაინის მაგალითზე ძალიან აშკარად და ცალსახად გამოჩნდა რა მიზნებიც ამოძრავებდა და რა ჰუმანიტარული დახმარებით გეგმავენ საკუთარი ჯარების განლაგებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.