უგულავას არ იცნობს... ქვისლთან მეგობრობს და არც 15 ათასს უხდიან

უგულავას არ იცნობს... ქვისლთან მეგობრობს და არც 15 ათასს უხდიან

გიგი უგულავა მატროსოვზე იმყოფება, მისი ოჯახი კი რამდენიმე თვეა წავკისში, ფეშენებელურ სახლში ქირით ცხოვრობს. წავკისში დროებით ცხოვრება უგულავას ოჯახმა ცხელი ზაფხულიდან გამომდინარე გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, წავკისში ის სახლი, რომელშიც გიგი უგულავას ოჯახი ქირით ცხოვრობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის შალვა სირაძის საკუთრებაა.

შალვა სირაძე შპს „აუთდორ მედია ჰაუსის“ დირექტორია. ეს კი საქართველოში სარეკლამაო კომპანიების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანაიაა, რომელიც დღემდე კეზერაშვილი-უგულავას ხელშია. სწორედ ამ სარეკლამო კომპანიის გაკეთებულია ქალაქში განთავსებული სარეკლამო ბანერები თუ ბილბორდები.

For.ge-სთან საუბრისას სირაძე ადასტურებს, რომ სახლი მისი საკუთრებაა, თუმცა ურაყოფს დავით კეზერაშვილთან და გიგი უგულავასთან ნაცნობობას. სირაძე ასევე კატეგორიულად უარყოფს, რომ ქირაში ის 15 ათას აშშ-ის დოლარს იღებს.

ბატონო შალვა, როდის გააქირავეთ თქვენი კუთვნილი აგარაკი?

- ივლისის თვეში გავაქირავე ჩემს მეგობარზე გიორგი ღონიაშვილზე. ნუ, შემდეგ გიორგი რომ დაიჭირეს, ეგენი ავიდნენ.

რამდენად გააქირავეთ? გავრცელებული ინფორმაციი15 ათას დოლარად გაქვთ გაქირავებული...

- რა 15 ათასი, თვეში 2 ათასი დოლარიც არ გამოდის. ეს სახლი აშენებულია 25 წლის უკან მამაჩემის მიერ. უბრალოდ ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული ეზო. ეზო მაქვს ძალიან კარგი და ლამაზი.

რამდენი თვით გააქირავეთ?

- სექტემბრის ბოლომდე გვაქვს გაქირავებული. როგორც უკვე მოგახსენეთ, გიგი უგულავას ქვისლი მოვიდა, ის არის ჩემი მეგობარი და მაგას მივეცი.

თანხას ხელზე გიხდიან, თუ ჩვეულებრივად ბანკში ირიცხება?

- ხელზე ვიღებ. ჩვეულებრივად ვაჩვენებ თვის ბოლოს ჩემს შემოსავლებში და ჩვეულებრივად 20 პროცენტი დაიბეგრება.

ეს სახლი ადრე თუ გქონდა გაქირავებული?

- არა, არასოდეს. წელს გავაქირავე შვილის ქორწილის გამო, თორემ არც ვაპირებდი გაქირავებას. თავიდანვე გადამიხადა გიორგიმ ქირის ფული მთლიანად.

საერთო ჯამში რამდენი გადაგიხადათ გიორგი ღონიაშვილმა?

- 8 ათასი დოლარი გადამიხადეს და თანხა მომცეს ხელზე.

ბატონო შალვა, რამდენადაც ვიცი შპსაუთდორ მედია ჰაუსისდირექტორი ხართ. თქვენი კომპანია დავით კეზერაშვილის და გიგი უგულავას პარტნიორი კომპანიაა?

- 15 წელია რაც სარეკლამო ბიზნესში ვარ, არანაირ კეზერაშვილის და არანირ უგულავას პარტნიორი ფირმა არ ვარ. ჩემი ფირმა მქონდა. ახლაც ჩვეულებრივად ვაქირავებ ქართულ სარეკლამო ბაზარზე... ბევრი კლიენტები მყავს, მათ ვემსახურები. ჩემი ჯგუფი მყავს. არასოდეს კეზერაშვილთან და უგულავასთან შეხება არ მქონია.

შეხებია არ გქონიათ, მაგრამ ნაცნობობა თუ გაკავშირებთ, ამბობთ, უგულავას ქვისლი თქვენი მეგობარია...

- არც ერთს არ ვიცნობ.

თქვენ უარყოფთ, რომ 15 ათას დოლარას გიხდიან, მაშინ რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია?

- რამდენი გიჟი დადის ამ ქვეყანაში, აბა რა ვიცი. წავკისში ვინ უნდა გადაიხადოს 15 ათასი დოლარი?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვიცნობ უგულავას და კეზერაშვილს.