"მთელი კვირის მანძილზე ვუკეთებდი მასაჟს, მსოფლიოში ჩემს ყველაზე საყვარელ კლიენტს"

მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. სააკაშვილთან ერთად ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც წარედგინა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება. ექსპრეზიდენტისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის მიმართ გამოძიება 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილებები მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია საქართველოში იმყოფება. ჯანაშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ დააკავებენ ამაში პრობლემას ვერ ხედავას, რადგან წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. 

„ჩემამდე და ჩემს მერე რომ იყვნენ სამსახურის უფროსები ისინი არ უწყობდნენ ხელს ხარჯების გასაიდუმლოებას? ეს ჩემამდე და ჩემს მერეც ხდებოდა და ამაზე არაფერი უთქვამთ. მე რომ დამითხოვეს სამსახურიდან მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდებოდა და იგივე გრძელდებოდა. სააკაშვილი პრეზიდენტი იყო კიდევ 8 თვე და ჩვეულებრივად მიდიოდა მუშაობა, ჩვეულებრივი რუტინა იყო. თუ დამაკავებენ დამაკავონ, რა ვქნა. არანაირად არ მივიჩნევ თავს დამნაშავედ, ახლოსაც არ ვყოფილვარ ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან“, - აცხადებს თემურ ჯანაშია.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც ექსპრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწია. ამის შემდეგ, „დოქტორ დოტის“ მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტის და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტი დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას, მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გამოძიების მასალებით თუ ვიმსჯელებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის თანამდებობას იმისთვის იყენებდა, რომ სულ ცოტა, საშუალო რანგის როკ-ვარსკვლავისთვის შესაფერისი ფუფუნებისა და სექსუალური გართობების გარემოში ეცხოვრა. ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა სააკაშვილისთვის მასაჟისტის ჩამოყვანის ფაქტს, თუმცა ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა მასაჟისტმა თავად გაავრცელა. მასაჟისტი წერდა, რომ სააკაშვილისთვის მასაჟის გაკეთებისას არაფერი უკანონო არ ჩაუდენია.

„მე აქ მთელი კვირის მანძილზე ვუკეთებდი მასაჟს, მსოფლიოში ჩემს ყველაზე საყვარელ კლიენტს (ბოდიშს ვუხდი საიმონ კოუველსს, შენ ჩემი საყვარელი კლიენტი აღარ ხარ), პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის საინტერესო ქვეყანაში დამპატიჟა“, - წერდა სააკაშვილის მასაჟისტი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფდნენ „დოქტორ დოტის“ საქართველოში ვიზიტს. თუმცა, საქართველოში მოგზაურობისადმი მიძღვნილი სამნაწილიანი ვიდეოს პირველივე კადრში ასახულია, ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის ეპიზოდი, რომელიც დოროთის საკუთარ გვერდზეა https://www.youtube.com/watch?v=eYko1zEi1jg  ასახული.

„ხედავთ ამ თვითმფრინავს? მე გერმანიიდან, ბერლინიდან თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩამოვფრინდი. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გავუკეთე მასაჟი. ის საქართველოს პრეზიდენტი და ძალიან მხიარული მოსაუბრეა. თავიდან მხოლოდ 30 წუთიანი მასაჟი მთხოვა, მაგრამ 90 წუთის შემდეგ მითხრა, რომ ჩემი მასაჟი - „საუკეთესოა, რომელიც აქამდე ცხოვრებაში გამიკეთებია“. სანამ მასაჟს ვუკეთებდი, მისი დაცვა, ოთახთან იდგა. თითოეული მათგანი 6 ფუტის სიმაღლისა და 4 ფუტის სიგანისაა.

ერთი მათგანი მართლაც კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად. მან მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფია მეტალიკა. ჰო, „როკერი ვარ“-ო მითხრა. ასე რომ, კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, სანამ პრეზიდენტი ვარჯიშს დაასრულებდა. იმან, რომ პრეზიდენტს მასაჟს ვუკეთებდი, აღმაფრთოვანა. მანამდე საუდის არაბეთის პრინცისთვის მქონდა მასაჟი გაკეთებული და რამდენიმე მერისთვის, მაგრამ ეს პირველი პრეზიდენტი იყო ჩემს პრაქტიკაში.

მასაჟის დროს პრეზიდენტი ძალიან გონებამახვილი იყო. მას მასიურ კისერს ვუზელდი და ვუთხარი - „ვაუ, როგორი დაძაბული გაქვთ“ - მან მიპასუხა - „აბა რა, რუსეთი მაზის კისერზე.“ იმდენი ვიცინეთ ორივემ... თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ვკითხე ჯორჯიაში თუ ყოფილხარ-თქო, ატლანტას ჯორჯიაში, გაიცინა და მიპასუხა - რა თქმა უნდაო. მერე უფრო მეტი გავბედე და ვკითხე რეი ჩარლზის სიმღერა თუ გაუგია „Georgia on my mind,“ თან ვიცინოდი და ვეუბნებოდი.

ისიც მოვუყევი, რომ ჩემი ოჯახი ჯორჯიაში ცხოვრობს. მან მითხრა, რომ მის ქვეყანას, საქართველოს უნდა ვესტუმრო... მარწმუნებდა, რომ თუ ჩავალ, მისი უსაფრთხოების სამსახურები მომხედავენ. დაიფიცა, რომ იქ ამერიკელები ძალიან უყვართ. მე ვუპასუხე, რომ ეს, ალბათ, ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც „ამერიკელები უყვართ“. მასაჟის შემდეგ გადასარევ ხასიათზე დადგა და ჩემთან ერთად სურათიც კი გადაიღო, მე თავი არც კი შემიწუხებია ჩემი გადასარევი სონის კამერის ამოსაღებად - არ მეგონა, რომ როკ-ენ-როლის მასაჟისტთან სურათს გადაიღებდა, მაგრამ მან ეს გააკეთა. ამიტომ სურათის გადაღება მობილურის კამერით მოგვიხდა“, - ამ სიტყვების ავტორი სააკაშვილის მასაჟისტი დოქტორ დოტია.

მისი თქმით, მას სააკაშვილისთვის არც კი უკბენია. დოქტორ დოტის თქმით, მისი და სააკაშვილის ურთიერთობებში დასამალი არაფერი ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ბლოგზე საქართველოში მოგზაურობის ეპიზოდებს ასე დეტალურად არ აღწერდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი გიგა ბოკერია ირწმუნებოდა, რომ მთავრობას დოქტორ დოტზე არავითარი თანხები არ დაუხარჯავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოპონენტები, მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

„ამ ტიპის წამოწყებაზე სამთავრობო რესურსები რომ დახარჯულიყო, რომ არსებულიყო რაიმე ინფორმაცია ამის თაობაზე, ეს რა თქმა უნდა, საზიანო იქნებოდა“, - ამბობდა მაშინ გიგა ბოკერია.

პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და იგი ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას.

თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილ იქნა ჯამში 5 952 500 ლარი. ასევე, მიხეილ სააკაშვილის გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.

2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სდსს-ის მიერ, საიდუმლო ფორმით ხდებოდა პრეზიდენტის ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. ხსენებულ პატაკებს კი გრიფი „საიდუმლო“ ენიჭებოდა „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.

მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

კერძოდ - სასტუმროს მომსახურებისათვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 074 611 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 916 017 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 403 966 ლარი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 280 196 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის - 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად - 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად - 576 508 ლარი.

for.ge გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების მცირე ჩამონათვლას, რომელიც გამოძიებამ გაასაჯაროვა. მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია - 191 643 ლარი;

მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;

გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი,

საქართველოს პრალამენტის წევრების - კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი;

მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი;

კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი;

ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი;

მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი;

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი;

იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავება 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავება 25 237 ლარი;

მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად 7 994,84 ლარი;

აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათი 53 283 ლარი;

ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენა 15 989 ლარი;

ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი.

ცნობისთვის, სააკაშვილი, ბაქრაძე და ვარშალომიძე კურორტ ფხუკეთში 2012 წლის 24 მარტს იმყოფებოდნენ, სადაც მათ კერძო დასვენების დღე გაატარეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობდნენ და აცხადებდნენ, რომ ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეაში ვიზიტს იწყებდა, სადაც 27-28 მარტს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებდა მონაწილეობას. მეტიც, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ფლობდნენ ინფორმაცაიას ვინ შედიოდა „დელეგაციის“ წევრებში. ფხუკეთი ტაილანდის სამხრეთში მდებარე ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის უმეტესი ნაწილი ტროპიკული ტყეებითაა დაფარული. საუკეთესო სეზონი ფხუკეთში ვიზიტისთვის დეკემბერი–მარტის პერიოდია.

აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.