„ხელები შორს მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პროფესიონალებისგან“

„ხელები შორს მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პროფესიონალებისგან“

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძესთან დაკავშირებით მოყვანილ მაგალითს „ტექნიკურ უზუსტობას“ უკავშირებს. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა გამიზნული და რეალური კონტექსტი სხვა იყო.

„რეალურად, კონტექსტი იყო ასეთი - აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ. სწორედ ამის გამო, სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა დავით კირვალიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. ამიტომ, ვფიქრობთ, ზედმეტია ამ თემის პოლიტიკური ანგაჟირება“, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი სენატორებისთვის მიწერილ წერილში კანონის უზენაესობის აღსადგენად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ამის მაგალითად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მაგალითები მოიყვანა. 

სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში პრემიერ-მინისტრის მიერ დავით კირვალიძესთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია არ გაიზიარა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიას შეფასებით, სწორი ფორმაა, როცა სახელმწიფოს ლიდერი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს ღიად ესაუბრება.

„ეს არის აბსოლუტურად სწორი ფორმა და, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიზიარებთ იმას, რაც წერილშია აღნიშნული, რა თქმა უნდა, ერთის გამოკლებით, რომელიც ეხება ბატონ კირვალიძეს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დავით კირვალიძესთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას არ იზიარებს ექსპეტრი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ასეთი ცრუ და ცილისმწამებლური, სრულიად მიუღებელი ხსენება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისა არ არის სწორი და ეს ძალიან კარგად იცის არამხოლოდ პრემიერ-მინისტრმა, არამედ მისმა პირადმა პრემიერ-მინისტრმაც.

For.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

პრემიერის მხრიდან სენატორებისთვის ამ ფორმით პასუხის გაცემა, არის სწორი ფორმა?

- თავისთავად, ასეთი წერილის გაგზავნა იმ სენატორებისთვის, რომელთაც ყურადღება გამოიჩინეს ქართული რეალობის მიმართ, სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია და ალბათ, უყურადღებობა იქნებოდა და გამართლება არ ექნებოდა, ასეთი წერილი რომ არ შემდგარიყო. რაც შეეხება თავად ფაქტს, რომელიც ამ წერილშია ნახსენები და რასაც დათო კირვალიძის თემა ჰქვია - იმ ინკოგნიტო არაკომპეტენტურ პიროვნებას, რომელმაც ეს ფრაზა ჩაწერა ამ წერილში, არ სცოდნია, რომ დავით კირვალიძე არავის მოუხსნია. იგი საკუთარი ინიციატივით გადადგა, როგორც კი მისი მიერ შექმნილი სატენდერო კომისიის წევრები დააპატიმრეს და დაიწყო ძიება. ამით ის გაემიჯნა ნებისმიერ ბრალდებას. საკუთარ თავში დარწმუნებულმა და საკუთარი სიმართლით ზურგ გამაგრებულმა განვლო საკამრისზე მეტი დრო თავისუფალი მოქალაქის სტატუსით. საუბარი იმაზე, რომ ის იყო სერიოზული დარღვევის ჩამდენი და დამნაშავე, ეს უკვე არის ცილისწამება და არა მხოლოდ სიცრუე.

თუმცა, დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ წერილში დავით კირვალიძესთან დაკავშირებით მოყვანილი მაგალითიტექნიკური უზუსტობაიყო. რამდენად უშვებთ ვერსიას, რომ მართლაც ტექნიკურ უზუსტობასთან იყოს კავშირში?

- ასეთი განცხადება რაიმე სახის დამაჯერებლობას შეიცავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქვე იქნებოდა ნათქვამი რა გვარის და სახელისაა ის ადამიანი, რომელიც ასეთი შეცდომის გამო განთავისუფლდა სამსახურიდან. გვექნებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს შესწორება დამატებით გაეგზავნა სენატორებსაც. საშინაო საკითხების მოგვარება შეიძლება მრავალნაირად და რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ეს შეცდომის აღიარებაა. როდესაც დოკუმენტი ხელმოსაწერად შეაქვთ პრემიერ-მინისტრთან, ის კორექტორის ფუნქციებით არ უნდა დატვირთო.

თუ რამე შეცდომა არის, ეს მისმა ხელქვეითებმა უნდა აცნობონ ხელმომწერს. ასეთი რამ არ მომხდარა, ამდენად ძნელად დასაჯერებელია ეს განცხადება. იმ შემთხვევაში დავიჯერებდით ასეთი განცხადების გულწრფელობას, თუ ადრესატი იქნებოდა ბატონი კირვალიძე და მას პრემიერ მინისტრი ბოდიშს მოუხდიდა.

როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ღარიბაშვილის მხრიდან შეცდომა დაშვებული, როდესაც კანონის უზენაესობის აღსადგენად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების კომენტირებისას მოიხსენია ტრაქტორების საქმე? ალბათ, ძნელად დასაჯერებელია პრემიერ-მინისტრს არ ჰქონოდა ინფორმაცია, რომ .. ტრაქტორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენია დამდგარი.

- რასაკვირველია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თემა ზედმიწევნით არის ცნობილი ბატონი ღარიბაშვილისთვის. ახლა უკვე ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ, მაგრამ ეს ფრაზა მისი ინიციატივით არ მოხვედრილა ამ ტექსტში. ინიციატივა მოდიოდა ისეთი წყაროდან, რომლის შესწორების უფლებამოსილება ჩვენს პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია.

ვის გულისხმობთ?

- ჩვენ კარგად არ ვიცით რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და განსაკუთრებით მის კულისებში. არის თუ არა საფუძველი, რომ ვინმეს ჯერ კიდევ არ გასვლოდეს გონებიდან ლაშა ნაცვლიშვილის ხიბლი? ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგა, ვგულისხმობ პროკურორებს, დიდი ალბათობით, დაკავებულია მისი ძიებით. ასე რომ, ჯერ კიდევ დასალაგებელია სახელისუფლებო ვერტიკალი და ყველა თავის ადგილზეა განსათავსებელი. არაპროფესიონალიზმი, გამოუცდელობა, უდარდელობა ან ზედმეტი ნერვიულობა არასოდეს ყოფილა რომელიმე ხელისუფლების წარმატების საფუძველი. ჯერ იქნებ კიდევ გადაითვალონ და შესაბამის ადგილებზე არ აღმოჩნდნენ მავანნი და მავანნი.

რას უკავშირებთ პრემიერის მხრიდან პოზიციის შეცვლას. ხელისუფლებიდან ერთადერთი იყო ირაკლი ალასანია, რომელმაც არ გაიზიარა კირვალიძის ნაწილში პრემიერის წერილი და ასევე იყავით თქვენ. პრემიერმა გაიზიარა შენიშვა?

- ეს კარგი პროცესის მიმანიშნებელია, რადგან ნამდვილად უარესი იქნებოდა პრემიერ-მინისტრს გამოემჟღავნებინა ისეთი სიჯიუტე, რომელიც მასაც ავნებდა და ქვეყანასაც. დიახ, მისთვის განსხვავებული აზრიც მოსმენადია და რეაგირების ფორმას თვითონ არჩევს, მაგრამ მე გავიმორებდი უცნობი ავტორის მოწოდებას უკანასკნელ ტექსტზე, რომ ზედმეტი პოლიტიზირება ამ თემის არ ღირს და შევთანხმდეთ ერთზე - ხელები შორს მაღალი პროფესიონალაიზმის მქონე პროფესიონალებისგან. ცხადია, ამაში იგულისხმება არა მხოლოდ კირვალიძე, არამედ ზოგიერთი მთავრობის წევრიც, რომელიც ნამდვილად საკუთარ ადგილას გახლავან.

ამ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი. სახელმწიფო არაა ვალდებული აღიაროს, რომ მოხდა გადაცდომა კონკრეტული პირების მიერ. მითუმეტეს, არსებობს თომას ჰამერბერგის წერილი, რომელიც დამალა ლაშა ნაცვლიშვილმა, წერილში ის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააკეთოს განმარტება რა მოხდა რეალურად და პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე და დაარქვეს მას .. ტრაქტორების საქმე...

- ნამდვილად სერიოზული თემაა, მაგრამ, მაშინ, როდესაც დღევანდელ ქართულ პროკურატურაში და სასამართლო სისტემაში თანამშრომლების 50 პროცენტი შერჩეულია პატიმრობაში მიცემული სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ, ისინი დღემდე არიან ბოროტმოქმედთა თანამზრახველები.

ასეთი კადრების მქონე პროკურატურაზე და სასამართლოზე როგორ შეიძლება გამოვთქვათ აღტაცება, რომ ის არის დამოუკიდებელი, მაშინ, როცა არც ერთ მათგანს არ უღიარებია, არ მოუნანიებია, როდესაც სრულიად უსამართლოდ, ადამიანის უფლებათა დარღვევით ადამიანები მისცეს პასუხისგებაში. უფრო მეტიც, არსებობს საკმაოდ დიდი მაკომპრომიტირებელი ფაქტი ამ პროკურორებზეც და ასეთ მოსამართლეებზეც, რომელსაც, დიდი ალბათობით, დღესაც იყენებენ ისინი, ვინც ამ ფარულ ჩანაწერებს და კომპრომატების შემცველ დოკუმენტებს აგროვებდნენ. ასეთი მაგალითები, ადრე თუ გვიან, მოიძიება.

P.S. მინდა ვთქვა, რომაგრონომისსახელით შეკაზმული გაიძვერა, რომელიც, როგორც ჩანს, თქვენი აქტიური მკითხველია, ორი კვირის წინ პირდებოდა თქვენს მკითხველებს, რომ გამოაქვეყნებდა დოკუმენტებს, რომელიც დაადასტურებდა, რომ მე ვარსებობ დავით კირვალიძის მიერ ბოძებული ფინანსური დახმარების ხარჯზე. ძალიან ვთხოვ გამოაქვეყნოს ასეთი დოკუმენტი და იქნებ საბანკო მისამართიც შემატყობინოს სად ირიცხება ეს ფული. თუ იგი ვერ მოახერხებს ამას, მაშინ ასეთი უმეცარი ცილისმწამებელი მოაშორონ საინფომაციო სივრცეს