ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ბიზნესმენთა, ყოფილ უკანონო პატიმართა, რეჟიმის მსხვერპლ ოჯახის წევრთა, ყოფილ პოლიტიკური პატიმართა და დაზარალებულ მოქალაქეთა.
საჯარო მიმართვა
უნგრეთის პრემიერ მინისტრს, ბ-ნ. ვიქტორ ორბანს;
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბ-ნ. კარლ ბილდტს;
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბ-ნ. ლინას ლინკევიჩუსს;
ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩს ბ-ნ. ფილიპ დიმიტროვს;
ევროპის სახალხო პარტიას;
ამერიკელ სენატორებს: ბ-ნ. ჯეიმს რიშმს, ბ-ნ. ჯინ შაჰინს, ბ-ნ. მარკო რუბიოს და ბ-ნ. ჯონ მაკკეინს;
საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებსა და ელჩებს;
საქართველოს მთავრობას!
დღეს საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების რთული პროცესების თვალსაზრისით. ბოლო წლებში, საქართველომ მოახერხა ფასადურ დემოკრატიას ამოფარებული, ავტორიტარულ-რეპრესიული რეჟიმიდან დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობისკენ სვლა. კარგად მოგეხსენებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
ბ-ნო ორბან, ბ-ნო ბილდტ, ბ-ნო ლინკიავიჩუს, ბ-ნო დიმიტროვ, ბ-ნო რიშმ, ბ-ნო შაჰინ, ბ-ნო რუბიო, ბ-ნო მაკკეინ, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელებო!
ვაფასებთ და მადლიერი ვართ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მხრდაჭერისთვის, თუმცა გვინდა გთხოვოთ თავი შეიკავოთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდამჭერი განცხადებებისგან გამოძიების დასრულებამდე, რადგან ვფიქრობთ, არასრული ინფორმაცით, შეცდომაში ხართ შეყვანილი, ფასადურ დემოკრატიას ამოფარებულ ნაციონალური მოძრაობის და მათი დაქირავებული ლობისტების მხრიდან. თქვენთან მოწოდებული მცდარი ინფორმაციით ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ პოლიტიკური დევნის მსხვერპლად და გადაფარონ ის უმძიმესი დანაშაულები, რომელსაც მათი მხრიდან ადგილი ქონდა მათი მმართველობის ბოლო 9 წლის განმავლობაში.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საკუთარ თავზე იწვნია ნაციონალური ხელისუფლების რეჟიმის რეპრესიები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ბოლშევიკური სისასტიკით ხდებოდა სისტემური დანაშაულები, როგორიც არის ასეულობით ადამიანის მკვლელობა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა, ათეულ-ათასობით ადამიანზე ქონების და ბიზნესის უკანონოდ წართმევა, დაშინება, პოლიტიკური რეპრესიები, რის შედეგადაც საქართველოს ციხეები ფაშისტურ ტყვეთა ბანაკებს დაემსგავსა და რის შესახებაც არერთი დასკვნაა მომზადებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. რაზეც საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს მტკიცედ დააფიქსირა პროტესტი და უარი თქვა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე. ხელისუფლების ცვლილებით შეწყდა მოსახლეობაზე ზეწოლა, ტერორი და რეპრესიები, დაწყებულია სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პროცესი, თქვენს მიერ მათი მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში აღიქმება როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების დაფარვად, საქართველოს მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად, რაც ხელს შეუშლის სამართლიანობის აღდგენის პროცესს.
მოგმართავთ საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს!
უფრო მეტად დაუჭიროთ მხარი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას,დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას რადგან თქვენი მეგობრობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მოგმართავთ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობის მიერ რეპრესირებული ადამიანები, მოგმართავთ პირები რომლებსაც მოუკლეს უახლოესი ადამიანები, მოგმართავთ ბიზნესმენები, რომელთაც უკანონოდ წაგვართვეს კერძო საკუთრება, მოგმართავთ ყოფილი პოლიტპატიმრები და უკანონო თავისუფლებააღკვეთილი ადამიანები-აქტიურად ჩაერთოთ და თქვენს ხელთარსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოთ, დაეხმაროთ საქართველოს მთავრობას, რათა საქართველოში დაჩქარდეს და გაგრძელდეს იმ სისტემური დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წლების განმავლობაში ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ. ვფიქრობთ, არც პოლიტიკურ სარჩულს ამოფარება, არც თანამდებობაზე ყოფნა, მათ შორის არც პრეზიდენტობა არ ათავისუფლებს ადამიანებს ჩადენილი დანაშაულის პასუხისმგებლობისაგან. ქართველმა ერმა აირჩია დემოკრატიული გზა, სადაც მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობა, და სამართლიანობის დამკვიდრებაა.
მოგმართავთ საქართველოს მთავრობას!
ჩვენ კარგად გვესმის დღეს არსებული საგარეო თუ საშინაო გამოწვევები. გვესმის ის მძიმე მემკვიდრეობა, რაც წილად გხვდათ. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური აღმავლობა და კეთილდღეობა ბევრად არის დამოკიდებული სამართლიანობის დამკვიდრებასთან. ჩვენ მივესალმებით ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციებს სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში. ვფიქრობთ, ნაციონალური მოძრაობა თავის გადასარჩენად ცდილობს, დაქირავებული ლობისტების საშუალებით შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები, რისი შედეგიცაა ბოლო პერიოდში მათ მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, რაც ჩვენში იწვევს შიშს, რომ ეს გავლენას მოახდენს პროკურატურის საქმიანობასა და სასამართლო პროცესებზე. ამიტომ, მოგმართავთ მაქსიმალურად დაჩქარდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა, რაც მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების საქმეში და რაშიც თითოეული ჩვენთაგანი აქტიურად გიჭერთ მხარს, გარწმუნებთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელოდება თქვენგან დაზარალებულთა ყველა საქმის მიუკერძოებელ, სამართლიან გამოძიებას და სამართლიანობის დამკვიდრებას. გვწამს, რომ ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ დემოკრატიული განვითარებული ქვეყნის მშენებლობას.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ბიზნესმენები, ყოფილი უკანონო პატიმრები, რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, პოლიტიკური პატიმრები და დაზარალებული მოქალაქეები.