სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გრძელდება. ოლეგ მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე, საგამოძიებო ნაწილში არ გამორიცხავენ, რომ თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაკითხონ. წარუდგენენ თუ არა მკვლელობის ორგანიზების მუხლით ბრალს შს ყოფილი მინისტრის მეუღლეს, ამაზე საგამოძიებო უწყებაში განმარატავენ, რომ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, ყველა პირის მიერ ჩადენილ ქმედებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის როლს ამ სკანდალურ საქმეში.
ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 18 აგვისტოს განახლდება. სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, მელნიკოვმა სასამართლოს სკანადლური ჩვენება მისცა. ბრალდებული საქმის ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს. მელნიკოვმა სასამართლოს ყოფილი მაღალჩინოსნების მამხილებელი ჩვენება მისცა და თავისი ჩვენებით, დაადასტურა საქმეში დათა ახალაიას მონაწილება. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ინფორმირებული იყვნენ კუდ-ის მაღლაჩინოსნების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შესახებ.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ეს არის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო და პროკურატურა თანამშრომლობდნენ ამ საქმის გაყალბებაში, თანამშრომლობდნენ, რომ დამნაშავეები დარჩენილიყვნენ დაუსჯელები, რაც ასევე დაადასტურა მელნიკოვმა თავის ჩვენებით.
ოლეგ მელნიკოვის ჩვენება: „თაკოს ელაპარაკებოდა ის გოგო, რომ ვიღაცამ შემაწუხაო, ლაპარაკი იყო იმ ბიჭზე, ვისთანაც გადასული იყო მაგიდაზე გირგვლიანის მეგობარი გოგონა. თაკო სალაყაიამ ახალაიას უთხრა, რომ დაეხმარე გოგოსო. ახალაიამ დაიწყო სადღაც რეკვა გურამ დონაძის ტელეფონით. როგორც აღმოჩნდა, ალანიასთან და მეტრეველთან რეკავდა. მითხრა ასეთი რაღაცა - გადი მეტრეველი ნახეო, ალანიამ მაჩვენა ორი ბიჭი, რომლებიც გვერდზე მაგიდაზე იჯდნენ და მითხრა, დააკავეო“, - ამბობს მელნიკოვი.
მელინკოვმა სხდომაზე ის დღეც გაიხსენა, როდესაც თავად მანქანის საჭესთან იმყოფებოდა, მასთან ერთად კი გია ალანია, სოსო თოფურიძე და დათა ახალაია იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ახალაიას თხოვნით ისინი თავდაპირველად პროკურატურაში გაემართნენ, სადაც დათა ახალაია ზურაბ ადეიშვილს შეხვდა. მოგვიანებით კი, შავნაბადას პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდნენ, სადაც ახალაია პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მელნიკოვმა განაცხადა, ისინი დათა ახალაიას შეხვედრების დროს მანქანაში ელოდებოდნენ.
ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის და პროტესტის ჩასახშობად, ყოფილმა ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმად, ფორმალურად, ოთხი მაღალჩინოსანი უნდა დაეკავებინათ, თუმცა იყო დაპირება, რომ ისინი გათავისუფლდებოდნენ და ეს დაპირება დათა ახალაიამ პრეზიდენტ სააკაშვილთან ან გენერალურ პროკურორთან, ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამ ჩვენებით დასტურდება, რომ სააკაშვილი ინფორმირებული იყო კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ.
მელნიკოვის ჩვენება: „საღამოს დამირეკა დათა ახალაიამ და მითრხა - დაჯექი „რულზე“. მანაქანაში იყვნენ გია ალანია და სოსო თოფურიძე. მივედით გენერალურ პროკურატურაში, ეზოში შევედით. დათა ახალაია ავიდა ადეიშვილთან, ერთი საათი გაგრძელდა მათი საუბარი. იქიდან, რომ ჩამოვიდა გია ალანიას უთხრა - შენ უნდა წახვიდე ციხეშიო. შემდეგ მითხრა წადი შავნაბადაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. დაახლოებით ერთი საათი იყო იქ. იქიდან, რომ გამოვიდა სამსახურში წავედით. გზაში ელაპარაკობდა გიას და სოსოს, რომ პრეზიდენტთან ვიყავი შეხვედრაზე, დაპირება მივიღე, რომ შეგიწყალებენო“.
სკანდალურ ჩვენებაში მელნიკოვი ამბობს, რომ თავის დროზე მას ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ კუდ-ის ოფისში დათა ახალაიას კაბინეტში ის დაკითხეს და ამ დაკითხვას ესწრებოდა შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია და შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე.
მელნიკოვის ჩვენება: „დათას ოთახში ვიყავით მე, სალაყაია, დონაძე და არ მახსოვს კიდევ ვინ იყო. ახალაიამ მომცა ფურცელი და მითხრა, რომ ეს ჩვენება უნდა წამეკითხა სასამართლოზე“, - ამბობს ოლეგ მელნიკოვი.
დათა ახალაიას მარჯვენა ხელი აქვე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს ახალაიასთვის სასურველი ჩვენება მისცა, 2007 წელს, როგორც კუდ-ის თანამშრომელი მივლინებით გაამწესეს უკრაინაში. 2010 წლის შემდეგ მას არ მიუღია არც ერთი დავალება და არც მივლინება გაფორმებულა მასთან, თუმცა ამის მიუხედავად, ხელფასი ერიცხებოდა პლასტიკურ ბარათაზე. ამ თანხით მისი ოჯახი სარგებლობდა, რომლებიც მაშინ საქართველოში იმყოფებოდნენ.
მელნიკოვმა სასამართლოზე 2005 წელიც გაიხსენა, როდესაც დათა ახალაიამ მისი თანდასწრებით ცემა ორი ახალგაზრდა. მისი თქმით, ოქროყანის სასაფლაოსთან არსებული ტყე ის ადგილი იყო, სადაც კუდ-ის მაღალჩინოსანი დათა ახალაია გარჩევებს აწარმოებდა და მისთვის არასასურველ პირებს ფიზიკურად სწორედ აქ უსწორდებოდა.
„რულზე მე ვიჯექი, ახალაია გვერდზე იჯდა. მითხრა წავიდეთ ოქროყანაშიაო. მითხრა ტყეში შედიო. გავჩერდით ტყეში. რამოდენიმე ხანში ამოვიდა სამი მანქანა, როგორც ლაპარაკიდან გავიგე, ახალაიას აგინა ვიღაცამ ტელეფონში და ამიტომ გადაწყვიტეს ამ ბიჭის ცემა, ვინმე აბულაშვილი იყო. ადგილზე იმყოფებოდა გია ალანია, მე, დათა ახალაია და მეტრეველი“, - აცხადებს ოლეგ მელნიკოვი.
მელნიკოვის დააკითხვა 18 აგვისტოს განახლდება. მელნიკოვის დაკითხვის გადადების მიზეზი ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადება გახდა, რომელიც მელნიკოვის გარდა, იცავს აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს. ადვოკატმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.
„ოლეგ მელნიკოვმა, როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო. მელნიკოვმა ჩემი აცილების შუამდგომლობა დაახლოებით 4 თვის წინ დააყენა, რაც ემთხვევა პერიოდს, როდესაც მის გვერდზე საკანში მყოფებმა გაიგეს გამომძიებლისა და მელნიკოვის გარიგების დეტალები. მელნიკოვი როდესაც ჩამოიყვანეს, მან პროცესზე განცხადება გააკეთა, რომ პროკურორები შემოდიან, დედაჩემი შემოჰყავთ და ჩემზე ზეწოლას ახდენენო. ასევე ამბობდა, ჩემს შვილზე საქმე აღძრესო. ამ ადამიანზე ზეწოლა იყო და ალბათ, ვერ გაუძლო“, - აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.
საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, რომ მელნიკოვმა, თავდაპირველად, გირგვლიანის საქმეზე ძველი ხელისუფლების პირობებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დათა ახალაიას ფაქტორიდან გამომდინარე, ცრუ ჩვენება მისცა.
„ბრალდებულმა საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა. მისცა ჩვენება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, ვისი თხოვნითა და ვისი მინიშნებით გაიცა სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცების ბრძანება“,- განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სანდრო გირგვლიანის ბიძა, გოგი ენუქიძეთაკო სალაყაიას და თათია მაისურაძის დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლის განცხადებით, მელნიკოვის ჩვენებით გამოიკვეთა, რომ სალაყაიამ და მაისურაძემ მიუთითეს შარდენის ცნობილი სუფრის წევრებს, რომ სანდრო მათ აწუხებდათ.
„მელნიკოვის ჩვენებიდან გაირკვა, რომ პასუხისგებაში სასწრაფოდ მისაცემი არიან თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე. მათ მიუთითეს, რომ აწუხებდათ სანდრო, მათ მიიჩნიეს საჭიროდ დათა ახალაიას ჩარევა, რომ მას გამოეძახებინა სპეცრაზმი. სანდროს მკვლელობის შემდეგ, თათია მაისურაძე ოჯახთან მიდიოდა და თანაუგრძნობდა, თუმცა არც ერთხელ არ უთქვამს, ის, რაც ჩვენებაში ოლეგ მელნიკოვმა მიუთითა. მერაბიშვილიც და დათა ახალაიაც უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. დათა ახალაია იყო ორგანიზატორი იმის, რაც მოხდა ოქროყანაში“, - აცხადებს გოგი ენუქიძე.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი.
„წლებია ამაზე ვსაუბრობთ. ვიცოდით, რომ დამკვეთი იყო თაკო სალაყაია და დათა ახალაია. მათ შეკრეს გარკვეული ჯგუფი და დაავალეს ჩემი შვილის და ლევან ბუხაიძის აყვანა ოქროყანაში. დავალება მისცეს მელნიკოვს და მელნიკოვმა მიუთითა ალანიას და მის ჯგუფს, რომ ამ ორი პიროვნებისთვის „მიეხედათ“. დაკვეთა მოხდა სუფრიდან და სუფრის ყველა წევრი საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა. ეს ჩემთვის ცნობილი იყო. ვერ ვიტყვი, რომ მელნიკოვი ნამუსმა შეაწუხა. პიროვნებას სახეზე, რომ შეხედავ აშკარად ჩანს რომ მკვლელია. ბრალი უნდა დაუმძიმდეს სააკაშვილს, უნდა დაისაჯოს. ამას ამბობდა სტრასბურგის სასამართლო. ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე“, - აცხადებს გურამ გირგვლიანი.
მელნიკოვის აღიარებას მიესალმება პრემიერ-მინისტრი. პრემიერის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ ჰპირდება მოსახლეობას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა. რაც შეეხება განცხადებას, რომ მელნიკოვზე შესაძლოა ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, პრემიერის განმარტებით, ეს არის ოპონენტების ბრალდება, რომელზეც კომენტარს არ გააკეთებს. რამდენად შესაძლებელია მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე ყოფილ პრეიზდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, ამაზე ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება მომავალში, ეს გამოძიების პრეროგატივაა.
ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ გირგვლიანის საქმე იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს და ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად.
„დღეს აღარ არის სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას დრო, როდესაც ციხეებში ზეწოლა ხდებოდა. დღეს ერთი ზედმეტი სიტყვა რომ უთხრას ვინმემ პატიმარს, მეორე დღეს მთელი საერთაშორისო, თუ ქართული მედია ამაზე იწყებს ლაპარაკს. ასე რომ, წარმოუდგენელია ზეწოლაზე საუბარი ვინმეს მხრიდან ან ვინმეზე. გირგვლიანის საქმე იყო ქართული სახელმწიფოს და ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი. დღესაც სირცხვილია და ასე დარჩება, ვიდრე ყველა დამნაშავე არ აგებს პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც, სხვათა შორის, იურიდიულადაც დაგვაკისრა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. დღეს დადგა დრო, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.