სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სამხედროების გმირობაზე ისაუბრა: „...ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით...“ - ასე გაამხნევა დავით აღმაშენებელმა ქართული მხედრობა დიდგორის ბრძოლის წინ. იმ დღის მერე დიდგორის ბრძოლა იქცა ჩვენი ქვეყნის ერთობის, მხედრული სულის უტეხობის სიმბოლოდ. ჩვენ ყველას არ გვაქვს სხვა უფლება, რომ ყოველდღიურად არ ვიზრუნოთ და არ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, ჩვენი ერის და საზოგადოების ერთობისთვის. მას მერე არაერთი ბრძოლა შეხვდა ქართველებს. 6 წლის წინ, რუსეთის აგრესიის დროს, ჩვენი ქვედანაყოფები და სამხედროები იყვნენ ქვეყნის დაცვისთვის ბოლომდე ბრძოლაში შესულები. მე მინდა პატივი მივაგო ყველა დაღუპულის ხსოვნას და ასევე, სიამაყით ვთქვა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, რომ ცოცხალი გმირებიც გვყავს, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გმირია მაიორი ცხადაძე, რომელიც აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 53-ე ბატალიონში მსახურობდა. მაგრამ როდესაც 53-ე ბატალიონის მეთაური ბრძოლის ველზე დაიჭრა, სწორედ მისი მხედრული მამაცობით, გამბედაობით და ასევე ლიდერული თვისებების გამო, ის ჩაუდგა ხელმძღვანელობაში ქვედანაყოფს და გამოიყვანა სამშვიდობოს. საქართველოს მთავრობის ინიციტივით, თავდაცვის სამინისტრომ და გაერთიანებულმა შტაბმა დააწესა ახალი ჯილდო - მედალი „დიდგორის ჯვარი“. ჩემთვის პატივია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვო პირველი ორდენი ქართველ ჯარისკაცს თავად გადასცეს.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სიტყვით გამოსვლისას.