დღეს, გორის რაიონის სოფელ შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული ქართველი გმირი სამხედროები გაიხსენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის გმირი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მე-2 ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. შინდისის მემორიალთან იმყოფებოდნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, დაღუპული თანამებრძოლების სახელით, შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირეს. დილიდან შინდისის მემორიალთან მოქალაქეებიც მიდიოდნენ და პატივს მიაგებდნენ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.