ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილის დათვალიერება გარკვეული ტექნიკური საშუალებების დახმარებით განხორციელდა. აღმოჩენილია რამდენიმე ახალი საყურადღებო დეტალი, რომლის დაკონკრეტებისგან, ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი თავს იკავებს. მისი თქმით, ახლად აღმოჩენილ დეტალებს გამოძიება შეისწავლის. ის ვარაუდობს, რომ გამოძიებამ შეიძლება ერთ თვეში საბოლოო დასკვნა დადოს.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პროკურატურა განმარტებებს არ აკეთებს. ცნობილია, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულსხმობს. კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს იყო კარგად დადგეგმილი და ორგანიზებული მკვლელობა.
For.ge ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.
საქმის გამაოძიება ამ დრომდე 115-ე მუხლით მიმდინარებს, მთავარი პროკურატურა არ საუბრობს მოხდება თუ არა მუხლის გადაკვლიფიცირება. ბატონო ზურაბ, თქვენ თუ გაქვთ გამოძიებასთან ურთიერთობა და შესაძლებელია, რომ მოხდეს 115-ე მუხლის გადაკვალიფიცირება?
- რაც შეეხება საქმეს და ექსპერიმენტს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ეს იყო პროფილაქტიკა. მიუხედავად იმისა, გამოძიება რა კვალიფიკაციას მისცემს მომხდარს, ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, რომ ასეთი სახის ექსპერიმენტი ტარდებოდეს. გვინდოდა, რომ ულტრაიისფერი სხივებით გაგვეშუქებინა ავტოფარეხი, ლიფტიდან ჩასასვლელი, კედლები, ასფალტი, დაახლოებით 300 კვ-მდე ადგილზეა ლაპარაკი, რომელიც სრულ სიბნელეში ბიოლოგიურ კვალს ანათებს. სამწუხაროდ, ასეთი ტექნიკური საშუალება შსს-ს კრიმინალისტებმა ვერ შემოგვთავაზეს. იქ იყო მანათობელი ხელსაწყო, რომელსაც არ ჰქონდა სპეციალური მანათობელი, მაგრამ გამოვიყენეთ სხვა მეთოდი, რომელიც იგივეს აკეთებს, ოღონდ პატარა სივრცეში.
ამით რამდენად მნიშვნელოვანი დეტალი იქნა აღმოჩენილი?
- ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც სჭირდება საექსპერტო დამუშავება, ზოგიერთ დეტალს სჭირდება მიკროსკოპული დამუშავება. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, რომელიც შემთხვევის ადგილზე ვნახეთ და რომელსაც სჭირდება ანალიზი. სავარაუდოდ, რაღაცასთან კავშირში უნდა იყოს. ეს ჩაიწერა გამოძიების ოქმში და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ამ ყველაფერს ნათელს მოჰფენს. საბოლოოდ როცა მათი სამუშაო დასრულდება და დასკვნები დაიდება, ამ დასკვნებში, ალბათ, ამ კითხვებსაც და ამ ახლახან აღმოჩენილ გარემოებას საფუძვლიანი და მყარი ახსნა-განმარტება ექნება.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ პირველადი შეხება ეროსი კიწმარიშვილთან გარდაცვალების შემდეგ, მათ ტანსაცმელს ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი და გამოძიებამ უკვე მიიღო ამ დნმ-ის ანალიზის პასუხები. თქვენთვის თუ არის ცნობილი?
- სავარაუდოდ, გამოძიებას უკვე აქვს დნმ-ის პასუხები. დაახლოებით 18 ექსპერტიზა ჩატარდა ნივთმტკიცებებზე. ვფიქრობ, რომ მათ უმეტესეობას ამდენი დრო არ სჭირდება იმისათვის, რომ დასკვნა დაიწეროს. ვფიქრობ, რომ დასკვნების უმეტესობა გამოძიებას უკვე ხელთ აქვს, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არაა რა წერია ამ დასკვნებში. დასკვნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რომ დნმ-ის პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, არ ნიშნავს, რომ ის არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. საბოლოო ჯამში, ეს საქმე უნდა შეკრას გამოძიებამ, ყველა დასკვნა უნდა იყოს თავის ადგილას და უნდა ამაგრებდეს გარკვეულ ვერსიებს. ველოდები, ბევრი საშუალება აქვს გამოძიებას, რომ ეს საქმე გასხსნას.
ელით, რომ გამოძება ამ საქმეს გახსნის?
- საქმეზე ძიება მიდის ინტენსიურად. გამომძიებლების ჯგუფია შექმნილი, რომლებიც სწავლობენ ამ საქმეს. ვხედავ, რომ გამოძიება მუშაობს. ეს ხალხი არაა გუშინ მოსულები, საკმაო გამოცდილება აქვთ. ეს მათი მონდომება, პროფესინალიზმი და მასალა, რომელიც საკმაოდ ბლომად არის, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გაიხსნება. რაც შეეხება თვითონ საქმეს, მე არ ვთვლი, რომ მარტივი საქმეა, საკმაოდ რთულია. თუმცა, ვთვლი, რომ დანაშაული ვერ მოხდებოდა ისე, რომ რაიმე კვალი არ არსებობდეს. ეს კვალი უნდა იქნას მოძიებული.
საქმეში არსებული მასალებით და მტკიცებულებებით, თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული მკვლელობა?
- თქვენ იცით, რომ პირველივე წუთიდან ჩვენ გამოვრიცხავდით თვითმკვლელობის ვერსიას. ჩვენ ვიცნობდით გარდაცვლილს, ვიცოდით მისი იმდროინდელი აქტივობები, ვიცოდით მისი გეგმების შესახებ, ეს არის მთავარი არგუმენტი, რითაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო მკვლელობა. რაც შეეხება იმას, როგორ არის გაკეთებული, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არაა მარტივად დასადატურებელი საქმე. ჩვენი დაკვირვებით, ხელჩასაჭიდი ფაქტი ჯერ არ გვინახავს. შესაძლოა, გამოძიებას ჰქონდეს ეს ყველაფერი. შესაძლოა, იმ ვიდეო კამერებში იყოს ძალიან საინტერესო დეტალი, რაც გამოძიებამ იცის. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რაც დავინახეთ. გამოკვეთილი ფაქტი არ გვინახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვალოდ იყო გაკეთებული და რაღაცის აღმოჩენის საშუალება გამოძიებამ ვერ შეძლოს.
უშვებთ ვერსიას, რომ მკვლელი ეროსი კიწმარიშვილს მანქანაში ელოდა სავარძლის უკანა მხარეს? ეს ვერსია ძალიან აქტიურად განიხილება...
- არაფარის გამორიცხვა არ შეიძლება. სისხლის კვალით მე ვერ ვიმსჯელებ, არ ვარ პროფესიონალი, ამას თავისი სპეციალისტები ჰყავს და ისინი შეაჯერებენ. ერთადერთი, რასაც მე გამოვრიცხავ, ეს არის თვითმკვლელობა. დანარჩენი, ვისი დაგეგმილია, ვინ შეასრულა, რატომ დაგეგმეს, ამას უკვე გამოძიება იტყვის. იმედი მაქვს, რომ ნათელი მოეფინება ყველაფერს და კითხვის ნიშნები არ დარჩება.
თქვენ აცხადებთ, რომ ეს იყო მკვლელობა, თუმცა გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რატომ არ გადაკვალიფიცირდა 115-ე მუხლი? დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვით მიმართავდით გამოძიებას...
- მქონდა ეს კითხვა, თუმცა პასუხი იყო, რომ ამ ეტაპზე ისინი არ თვლიან მიზანშეწონილად მუხლის გადაკვალიფიცირებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობენ. იმისათვის, რომ კვალიფიკაცია შეიცვალოს, მნიშვნელოვანია ფაქტების ქონა. ეს ყველაფერი შეიძლება ამ წუთას არ იყოს გასაჯაროვებული. მიჭირს ამ დეტალებზე საუბარი, იმიტომ, რომ ბოლომდე არ ვარ ჩახედული, მაგრამ შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ დეტალები, რომელიც ამ წუთამდე არის აღმოჩენილი, ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა, კომპიუტერიდან და კამერებიდან ამოღებული მასალა ჯერ კიდევ შესასწავლია. შეიძლება ერთ თვეში დაიდოს საბოლოო დასკვნა.