პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის მიმოწერის გასაჯაროებისა და სამართლებრივი საკითხების განხილვის შემდეგ, ყურადღების მიღმა დარჩა მნიშვნელოვანი თემა, თუ რატომ დასჭირდა პროკურატურას ერთი თვე პრეზიდენტისგან გრიფის მოხსნაზე თანხმობის მისაღებად?! რატომ არ ხსნიდა გრიფს მარგველაშვილი ერთი თვის განმავლობაში სააკაშვილის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არამიზნობრივ ხარჯებს, რომელსაც აღნიშნული გრიფი სწორედ წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დაედო?!
როგორც ირკვევა, გრიფის მოხსნა მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ გრიფის მოხსნაზე წერილი იყო გაგზავნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტს რომ პირველი მიმართვისთანავე მიეღო გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 12 ივლისს მოხდებოდა გრიფის მოხსნა და ეს თემაც ძალიან მარტივად მოგვარდებოდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პროკურატურა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს სააკაშვილის ბრალის უკან მდგომი რეალურ დანაშაულთა გარემოებები და მტკიცებულებები.
მართალია, გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ 8 აგვისტოს მოხსნა, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავარ პროკურატურას შორის კვლავაც დაძაბულობაა, რაც მათ შორის გაჩაღებულ ეპისტოლარულ ჟანრშიც გამოსჭვივის და პრეზიდენტი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერების გასაჯაროებით შეშფოთებულია.
მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ პრეზიდენტთან წერილი ორჯერ გაიგზავნა - 12 ივლისსა და 6 აგვისტოს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გამოძიებით დადასტურებულია, რომ გრიფი მინიჭებულია არასწორად, ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია.
უფრო მეტიც, პროკურატურა განმარტავს, რომ სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისთვის გრიფის მოხსნის თაობაზე 8 აგვისტოს პროკურატურის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა შედეგი არც ამ შეხვედრას არ ჰქონია და პროკურატურამ პასუხი მიმართვაზე კვლავ ვერ მიიღო.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და გრიფი „საიდუმლო“ არასწორად იყო მინიჭებული და აღნიშნული დოკუმენტებისთვის გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის თაობაზე პრეზიდენტის თანხმობის მიღებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.
თუ რატომ არ ხსნიდა გრიფს გიორგი მარგველაშვილი ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არამიზნობრივ ხარჯებს, ამის შესახებ ექსპერტებსა და პარლამენტარებს სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვთ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს ამ თემაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს და მიიჩნევს, რომ ეს თავად პრეზიდენტმა უნდა განმარტოს. პირადად მისთვის, როგორც უმრავლესობის წევრისთვის, ამ პოლემიკის მოსმენა სასიამოვნო არ არის და სურს, ყველაფერი კანონის დაცვითა და კანონით დადგენილ ვადებში განხორციელდეს, როგორც პრეზიდენტის, ისე პროკურატურის მხრიდან.
For.ge-სთან საუბარში მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ე.წ. გასაიდუმლოებული მასალები არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების ნიშნებს, რადგან, სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. საუბარია მილიონობით თანხებზე, რაც ბუნებრივია, განგაშის თემაა და გამოძიება ამ მიმართულებით აქამდეც უნდა წარმართულიყო. ამას ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ შარშან გასაჯაროვდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ე.წ. საჩუქრებს პარლამენტის წევრებისთვის, მასაჟებს, ბოტოქსებს, პირადი მოხმარების ხარჯებს, პრეზიდენტის შვილის სწავლის დაფინანსებას. უამრავი ინფორმაცია იყო, რომელიც პირდაპირ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ ამ საქმეებში ბევრი რამ გამოსაძიებელიც არ არის.
„მეც მიკვირს, თავის დროზე რატომ არ მოხდა გრიფის მოხსნა აღნიშნულ საქმეზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, საქართველომ რამდენი ტანკი შეიძინა ან რამდენი ჯარისკაცი ჰყავს ქვეყანას, რომელსაც შეიძლება ჰქონოდა გრიფი „საიდუმლო“. აქ საუბარია ბიუჯეტის ხარჯვაზე. რამდენადაც ჩანს ამ საქმის არსი, ეს ინფორმაცია საერთოდ გასაიდუმლოებულიც არ უნდა ყოფილიყო. თავად პრეზიდენტმა უნდა ახსნას, რატომ ვერ მოხერხდა უფრო ადრე გრიფის ახსნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე გრიფს მოხსნიდა, უნდა შეესწავლა და კანონის დაცვით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. ცხადია, ამას გარკვეული დრო სჭირდებოდა, მაგრამ სჭირდებოდა თუ არა ერთი თვე, ეს არ ვიცი. შესაძლოა, სჭირდებოდა კიდეც, ეს მასალის მოცულობაზეა დამოკიდებული, რომლის მოცულობაც არ ვიცი“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია პროკურატურის სიჯიუტე, რომელიც „რაღაცას ამტკიცებს“. მისთვის დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური დალაგება, ანუ კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება, ვიდრე ასეთი გაუგებრობა.
„მე არ ვიცი, რა პროცედურებია, როგორ წყდება ეს ყველაფერი და რა დრო სჭირდება გრიფის ახსნას. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ჰკითხოთ. ვფიქრობ, როდესაც ასეთი წერილი იგზავნება, რაღაც განმარტებაც უნდა მიჰყვეს ხოლმე. დისკომუნიკაცია ადრე იყო, დღეს კი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტია, ის არის ქვეყნის პირველი პირი, ამიტომ ამას უნდა აკეთებდნენ მაქსიმალურად ყურადღებიან ფორმატში. წერილი გაგზავნეს და ელოდებოდნენ?! ასე არ ხდება. მე არ მინდა კონკრეტულად ვარაუდები გამოვთქვა, აჯობებს, მხარეებმა თვითონ გააკეთონ განმარტებები, მაგრამ წერილთან ერთად ჯობდა, გენერალური პროკურორი ან ვინმე დალაპარაკებოდა პრეზიდენტს, საქმის კურსში ჩაეყენებინა, თუ რატომ და როგორ აეხსნათ გრიფი. შეიძლება, რაღაც ზერელე დამოკიდებულებაა. ფაქტია, რომ პროკურატურამ თვითონ მიანიჭა საქმეს გრიფი „საიდუმლო“ და შემდგომ დაიწყო ამ დოკუმენტზე საუბარი. პროკურატურას, პირველ რიგში, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ასეთი ინტერპრეტაციებით და ასეთი თავისუფალი მიდგომით არ ჰქონდეს კანონთან საქმე“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.
იგი აბსურდად და უსამართლობად მიიჩნევს იმის თქმას, თითქოს პრეზიდენტი მარგველაშვილი სპეციალურად აფერხებდა ამ ყველაფერს და ხელს უშლიდა მართლმსაჯულების აღსრულებას.
„შემიძლია ვივარაუდო, ეს კითხვები ვისაც გაუჩნდა და რატომაც გაუჩნდა. ეს არის პატარა ადამიანების პატარა კითხვები. მე აქ გაგრძელებებს და სკანდალურს ვერაფერს ვხედავ. ასეთი ოპონირება ცუდი არაა, პირიქით, ეს მიუთითებს პროცესის სიჯანსაღეზე, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დროდადრო ასეთი ტიპის დისკუსიები იწყება. როდესაც ძალიან შეხმატკბილებულები არიან, ეს იწვევს მერე იმ რისკებს, რაც ავტორიტარიზმს უკავშირდება, მაგრამ კანონის მოთხოვნა უნდა აღსრულდეს. ეს განსაკუთრებით მოეთხოვებათ სამართალდამცავ სტრუქტურებს. თვითონ თუ მიუდგნენ კანონს ზერელედ, მაშინ რა უნდა მოსთხოვონ სხვა მოქალაქეებს? საქმე არის ძალიან მარტივად, თვითონ პროკურატურის მიერ იყო გრიფი „საიდუმლო“ დადებული დოკუმენტზე, რომელზეც შემდგომ თვითონვე დაიწყეს საჯარო საუბარი. თუ მედიით უნდა ელაპარაკოს პროკურატურა ქვეყნის პირველ პირს, მაშინ არ ყოფილა საშველი. თუ მედიაში იმიტომ გაუშვეს ეს თემა, რომ ეიძულებინათ პრეზიდენტი, რაღაც ნაბიჯი გადაედგა, მაშინ დიდ უბედურებასა და შარში ვყოფილვართ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და დეპოლიტიზირებულ სისტემებს ურჩევს, პოლიტიკაში ნუ გადაიყვანენ ამ თემებს და ნუ გაჯიუტდებიან.
მისი თქმით, თუკი შეცდომა იყო დაშვებული, უნდა აღიარონ. მით უმეტეს, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, რეალური ზარალი არ მიგვიღია. თანაც, პრობლემა ზარალში კი არ არის, კანონისადმი მიდგომაშია. საბოლოო ჯამში, ამით სისტემა ზიანდება და სისტემურ საფრთხედ შეიძლება ეს ყველაფერი იქცეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს არანარი სურვილი არ აქვს აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთოს, რაც მისთვის ჭიქაში ამტყდარი ქარიშხალია.