„რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ!“ - ასე გამოეხმაურა მაია მიმინოშვილი პედაგოგთა კარიერულ სქემაზე თამარ სანიკიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს და მინისტრს ბრალი დასდო როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მისამართით არასწორად გაკეთებულ განცხადებაში, ასევე სერტიფიცირებული მასწავლებლების შეურაცხყოფაში. ნებით თუ უნებლიედ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ექსმინისტრ შაშკინის პოზიციაზე აღმოჩნდა თუმცა, ფაქტია - პედაგოგთა სერტიფიცირების დღევანდელი ფორმა, რომელსაც დღეს თავად მიმინოშვილიც არასაკმარისს უწოდებს, მისმა ცენტრმა სწორედ შაშკინის მინისტრობისას განახორციელა.
ბოლო დღეებში, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ექსმინისტრი შაშკინიც და განათლების სისტემის კრიტიკით დაინტერესებულები ხაზს უსვამენ, რომ პედაგოგებმა სერტიფიცირებით სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. მიმინოშვილს მიაჩნია, რომ პედაგოგებმა არც ისე მარტივად მოახერხეს ბარიერის გადალახვა. ჩვეული „პიარ-ტექნოლოგიებით“ შაშკინმა სააკაშვილის ხელისუფლებას ქებით ძირი გააგდებინა. სერტიფიცირების შემოღებით მან პედაგოგთა ფულად სტიმულირებაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ყველაზე დიდი ტყუილი, რაც მან ურცხვად გააჟღერა ისაა, თითქოს, 2012 წელს ყოველი მესამე პედაგოგი სერტიფიცირებული იყო. რეალურად პედაგოგთა მხოლოდ 20%-ია სერტიფიცირებული! რის გამჟღავნებასაც განათლების სამინისტრო წლების განმავლობაში ერიდებოდა.
2010 წელს, პედაგოგებს გასაგებად განემარტათ, რომ გამოცდების ჩასაბარებლად ვადა 2014 წლამდე ჰქონდათ, მაგრამ ღია მუქარის მიუხედავად, სერტიფიკატის აღება დაახლოებით პედაგოგთა 20%-მა შეძლო თუმცა, ცალკე თემაა მათგან სკოლის პედაგოგი რამდენია - სერტიფიცირებულთა შორის, არცთუ პატარა პროცენტია ის კატეგორია, ვისაც სკოლაში დღემდე არ უმუშავია. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრია ისეთი მასწავლებელიც, რომელიც შეგნებულად უარს ამბობდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რადგან თვლიდნენ, რომ მათი კვალიფიკაციის და ცოდნის შემფასებელი მხოლოდ ტესტური გამოცდა ვერ იქნებოდა. აუცილებელი იყო პრაქტიკული ნაწილის შემოტანაც.
სერტიფიცირების არსებული მოდელი რომ არაეფექტური იყო, ის გარემოებაც მეტყველებს, რომ ეს პროცესი 5 წელი მიმდინარეობდა და შედეგად პედაგოგების მხოლოდ მეხუთედი გახდა სერტიფიცირებული. პედაგოგების დიდმა ნაწილმა, რომლებსაც ოლიმპიადებში გამარჯვებული და ოქროს მედალოსანი ბავშვები ჰყავდათ, ამ მეთოდით საკუთარი ცოდნის შეფასებაზე უარი თქვეს. თუმცა, ამ მომენტზე შაშკინსა და მიმინოშვილს ყურადღება არასოდეს გაუმახვილებიათ.
სწორედ ამიტომ, სამინისტროს უნდა მიეღო ზომები, რომ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე ეზრუნა, რადგან თავად პროფესიაც უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.
პედაგოგთა უცოდინრობა განსაკუთრებით შარშან (წელსაც) სახალისო თემა იყო - პედაგოგებს გამოცდებზე „შპარგალკები“ უპოვეს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 93,5%, ხოლო ფიზიკის მასწავლებელთა 96% ჩაიჭრა. ეს იყო მინიშნება, რომ ან ძალიან დაბალი კომპეტენციის პედაგოგები გვყაყვს, ან სერტიფიცირების სისტემაა ისეთი, რომელიც პედაგოგთა უმეტესობას დისკრედიტებულ მდგომარეობაში აყენებს...
რაც შეეხება შაშკინის იმ პოზიციას, რომ სერტიფიცირების შემოღებით სააკაშვილის ხელისუფლებამ პედაგოგებს ფულადი სტიმულირება მისცა და ქვეყანას 1000 ლარიანი პედგოგები ჰყავდა ღიმილისმომგვრელია. რეალურად, ეს ფულადი სტიმულირება 75 ლარს მინუს 20%-ია ანუ, 60 ლარია. რაც შეეხება 1000 ლარიანებს, სერტიფიცირებულთა დაახლოებით 20%-დან სულ რამდენს შეიძლება ჰქონოდა 1000 ლარიანი ხელფასი, ამის დადგენას დიდი არითმეტიკა არ სჭირდება (1000 ლარი ეძლევა პედაგოგს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა არა მხოლოდ სერტიფიცირება, ინგლისურის, კომპიუტერის გამოცდა და იმდენად მაღალი ქულები დააგროვა, რომ ზედა 25%-ში მოხვდა). ასეთ პედაგოგების რიცხვი კი თითზე ჩამოსათვლელია.
საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას და ამას ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ რეალურად, განათლების სამინისტრომ პედაგოგები სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადაარჩინა - პედაგოგები სამსახურის გარეშე არ დატოვა! ამასთან, შეიმუშავა ახალი სქემა, რომლის თანახმად, ყველა, სერტიფიცირებულიც და არასერტიფიცირებულიც სკოლაში რჩება და კარიერული განვითარების სქემაში ჩაერთვება. პედაგოგები დონეებად დაიყოფიან, ისინი უფრო მაღალ საფეხურზე ეტაპობრივად ავლენ და წინსვლას, მათი ხელფასების ზრდა მოჰყვება. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რომ არა, 2015 წლიდან პედაგაოგთა მხოლოდ 20%-ის დატოვებით, ადვილი წარმოსადგენია, რა ვითარება შეიქმნებოდა ქვეყანაში.
და მთავარი, კრიტიკოსებს ჰგონიათ, რომ სამინისტრო სერტიფიცირებულებს დანამატს უუქმებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მეტიც, სწორედ სერტიფიცირების გამო, ისინი უფრო მაღალ საფეხურზე აღმოჩნდებიან. სიახლის ეფექტურად განხორციელებაში გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ანუ, როგორც ცენტრში შეშინდნენ სამინისტრო სერტიფიცირებულებს კი არ შეურაცხყოფს, პირიქით, მათ უფრო მაღალ საფეხურზე დააყენებს, რაშიც ცენტრსაც თავისი როლი ექნება.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ახალი სქემა განხილული და მოწონებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის პედაგოგებთან. თუმცა, პედაგოგებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება და გადაწყვეტილება, მხოლოდ მათთან კონსენსუსით მიიღება.
საგულისხმოა, რომ თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, განათლების ადგილობრივი ექსპერტები თუ აღიარებული და წარმატებული საერთაშორისო ექსპერტები (დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან) მასწავლებლების პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალ სისტემაზე მუშაობდნენ. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ამაღლებას, მასწავლებლლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას, რასაც დრო გვიჩვენებს.
სქემას დადებითად აფასებს პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძეც: „დროული და აუცილებელი ცვლილებაა. გაუაზრებელმა, პედაგოგთა სადამსჯელო ღონისძიებად გადაქცეულმა სასერტიფიკაციო გამოცდებმა შეიძლება ითქვას, რომ შედეგი არ მოგვცა. უფრო მეტიც, თუ 2014 წლის ბოლომდე პედაგოგი არ გაივლიდა სასერტიფიკაციო გამოცდებს, მაშინ ათასობით მასწავლებელს უწყდებოდა სტატუსი, რომელსაც განსაზღვრავს დიპლომი, საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ.
მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ მასწავლებელი თეორიული ცოდნის გარდა უნდა შეფასდეს პრაქტიკული საქმიანობითა და შედეგებით. სპმთპ წლების განმავლობაში აყენებდა საკითხს სერტიფიცირების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. პრინციპებს და მიდგომას ვეთანხმებით, თუმცა გვაქვს გარკვეული შენიშვნები კრედიტების განაწილების სისტემასა და პედგოგთა შემფასებლებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. და, რაც მთავარია, ახალი სქემა არ გადაიქცევა პედაგოგის დისკრედიტაციისა და დევნის საშუალებად, სერტიფიცირების ყოფილი სისტემისაგან განსხვავებით“, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება ასოციაცია „სკოლა - ოჯახი - საზოგადოება“ აღმასრულებელ დირექტორს, ლაშა მკურნალიძეს, მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სტანდარტის და სქემის არსებობა (როგორც განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტი) უპირველეს ყოვლისა აუცილებელი და გარდაუვალი დოკუმენტია.
„მისი ერთ-ერთი ღირსება არის შესაძლებლობა განისაზღვროს მასწავლებელთა „ტიპები“ და ამ ეტაპზე მოხდეს ანაზღაურების (სახელფასო სარგოს) რანჟირება. ხელფასების გაზრდის შემთხვევაში ეს იქნება უდავოდ სამართლიანი და სასტარტო წერტილი მომავალში ამ სტრუქტურის დახვეწის“, - აცხადებს მკურნალიძე.