დე ფაქტო ლიდერების პრეტენზიები და უძირო ქვევრი რუსეთისთვის

დე ფაქტო ლიდერების პრეტენზიები და უძირო ქვევრი რუსეთისთვის

იმის მიუხედავად, რომ რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია დისლოცირებული, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი მერაბ ქიშმარია მაინც ფიქრობს, რომ დე ფაქტო რეგიონებს საკუთარი ჯარი სჭირდებათ.

„რაც მოხდა სამხრეთ ოსეთში და როგორც მოხდა, ეს ჩვენი ტკივილიც არის. ჯარისკაცების ის რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთში იმყოფებიან, საკმარისია ამ დროისთვის, მაგრამ საქმე არაა რაოდენობაში, არამედ ხარისხშია“, - განაცხადა ქიშმარიამ და არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის ჯარი სურთ დე ფაქტო ლიდერებს. მისი თქმით, ამას უკვე მეთაური განსაზღვრავს.

რაც შეეხება აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ საიდ ლოლუას, იგი აცხადებს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს აშკარა მისწრაფების გათვალისწინებით, არსებობს პირდაპირი მუქარა აფხაზეთის არსებობასთან დაკავშირებით. ამიტომ მიზანშეწონილია, მოხდეს სამხედრო თანამშრომლობის ფორმატის ადაპტირება რუსეთის ფედერაციასთან და უფრო სწრაფი ურთიერთობა.

რა პოტენციალი აქვთ აფხაზურ და ოსურ საჯარისო დანაყოფებს და რის ხარჯზე აპირებენ ისინი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას?!

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დგება პერიოდი, როდესაც სახელმწიფოებრიობანას თამაში გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს და, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებსა და ფულზე, როგორც ჩანს, რუსი დონორები უარს აცხადებენ აფხაზების ეს აპეტიტი დააკმაყოფილონ. დიდი ალბათობით, ეტყობა, მიმდინარეობს საუბარი, რომ ან შეუმცირდეს დაფინანსება ე.წ. აფხაზურ ჯარს, ან სრულიად გაუქმდეს აფხაზური ჯარი და რუსები თავის თავზე აიღებენ ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფოს დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერაბ ქიშმარია ამ საკითხს არ წამოსწევდა.

„აფხაზური ჯარის და ზოგადადად, აფხაზეთის შენახვა ძვირი უჯდება რუსეთს. თანაც, ეს ის ჯარია, რომელშიც აუცილებლად იქნება კორუფცია. ეს ჯარი უძირო ქვევრია. თუმცა მთავარია, რომ ეს ჯარი ვერანაირად ვერ იქნება დისციპლინირებული, ეფექტური და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია იმისთვის, რომ დისციპლინირებული ჯარი შეიქმნას. ამას სჭირდება სერიოზული სახელმწიფო, სერიოზული სოციალური და სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნება შეიარაღებულ ძალების დისციპლინა. თავისთავად, ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო, რომელსაც თავისი რესურსი არ გააჩნია, ვერ შეძლებს სერიოზული ორგანიზაციის შექმნას.

მეორე მხრივ, თავისი არსით, ესენი არიან შეიარაღებული ბანდფორმირებები, მიუხედავად იმისა, რას დაარქმევენ მას. ეს ბანდფორმირებები უქმნის პრობლემას თავად საოკუპაციო ძალებს, თუნდაც იმით, რომ ეს შეიძლება იყოს ახალი გარჩევების, ფიზიკური თუ პიროვნული შეურაცხყოფის საწინდარი საოკუპაციო ძალების ოჯახის წევრების მიმართ. ზოგადად, როცა სახელმწიფო ხელისუფლება ძალზე სუსტია, ბანდფორმირებები შიგნით ქმნიან დაძაბულობის კერებს, წარმოადგენენ პრივილეგირებულ, შეიარაღებულ დაჯგუფებებს და მიდრეკილნი არიან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ.

ეს ყველაფერი რუსეთს აფიქრებინებს, რა მოუხერხოს ამ ქვედანაყოფს. იმ ეტაპზე, როცა პიარდებოდა აფხაზეთის „დამოუკიდებელი“ სახელმწიფო, როცა იყო მისი აღიარების მცდელობა, ამ ჯარის გაუქმება და ამას მოყოლილი გარკვეული პროტესტის ტალღა რუსეთს არ აწყობდა, ეს მის პროპაგანდისტულ მანქანას ზიანს მიაყენებდა. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გამათავისუფლებელი თუ ძლიერი მოკავშირე - აფხაზური არმია რუსეთს პროპაგანდისტული მიზნისთვის სჭირდებოდა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და კითხვაზე, მთლიანობაში, რამდენი ჯარისკაცი ეყოლება აფხაზეთს, განმარტავს, რომ კლასიკური პრინციპებით თუ მივუდგებით, 120 ათასამდე აფხაზს შესაძლოა, 1200 კაცი შეიარაღებული არმია ჰყავდეს და აფხაზურმა ეკონომიკამ შეიძლება ამას გაუძლოს. თუმცა ცხინვალის რეგიონში ექსპერტი 130-კაციან არმიას ვარაუდობს. რასაკვირველია, აქ არ იგულისხმებიან ბანდფორმირებები, ვინაიდან შესაძლოა, მთელი 13-ათასკაციანი დასახლება მთლიანად ბანდფორმირებად ჩამოყალიბდეს, ბავშვებისა და მოხუცების გამოკლებით, ან მათი ჩათვლით.

რაც შეეხებათ დაქირავებულ მებრძოლებს, გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რეგიონებისთვის მათი დაქირავება აზრს კარგავს, რადგან ერთი ღირებული მებრძოლის დაქირავება თვეში 3-დან 5 ათას დოლარამდე მერყეობს, განსხვავებით, რუსეთის მოქალაქისგან, რომლის საბრძოლო ღირებულებაც საკმაოდ დაბალია, რადგან ის მოხალისეა, სხვაგან ვერ მიაგნო სამსახურს და მზად არის, მცირე ანაზღაურების საფასურად დაქირავებულ ჯგუფში იყოს და 500-დან 1000 დოლარს დათანხმდეს. თუმცა ღირებული მებრძოლის დაქირავებაც არ არის საიმედო, რადგან გარკვეული ხნის შემდეგ გამოცდილ მებრძოლებს უკვე სხვა უხდის ფულს და ის შეიძლება მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდეს.

„წარმოიდგინეთ, თურქეთის ან სირიის მოქალაქეები თქვენს ტერიტორიაზე დაიქირაოთ, ჩააცვათ, დაახუროთ, თოფი მისცეთ ხელში და მერე ის გეგცეთ პრობლემად. ცხადია, ამას არ გააკეთებთ. ეს შეიძლება მოხდეს კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროება დგას. მაგალითად, როცა აფხაზეთში მიმდინარეობდა სააბრძოლო ოპერაცია, რუსები ქირაობდნენ ჩრდილო კავკასიელებს და უშვებდნენ ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ეს იყო კონკრეტული შემთხვევა კონკრეტული მიზნისთვის. რამდენად სუსტი სახელმწიფოც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს, მან იცის, რა არის ომი და მშვიდობა და მას დამატებითი ტვირთი აფხაზური დაქირავებული ქვედანაყოფების სახით არ სჭირდება“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

„ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სულ რაღაც ორ კვირაში აფხაზეთში არჩევნებს ელიან და მერაბ ქიშმარიაც განცხადებაც წინასაარჩევნო რიტორიკის ნაწილია. ცხადია, ქიშმარია საკუთარი მიმართულების გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს. ეს მაშინ, როცა თავის დროზე რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ არც ცხინვალს და არც აფხაზეთს არ ჰყოლოდა ძლიერი ფორმირებები, ან შენაერთები. ამისთვის ამ ტერიტორიებზე განათავსა საკუთარი ნაწილები. რუსები ამით თავს იზღვევდნენ, მათ არ აწყობდათ აფხაზებისა და ოსების სამხედრო ძალა, რათა ისინი ისევ რუსებს არ დაპირისპირებოდნენ. ამიტომაც დღეს რუსები წარმოადგენენ ერთადერთ რეალურ ძალას მთელ ამ რეგიონში.

„რუსეთთან მიმართებით ქიშმარიასა და ხაჯინბას განცხადებები წინასაარჩევნო ბლეფია. არა მგონია, არჩევნების შემდეგ ისინი აქტიურად მიუბრუნდნენ ამ ნათქვამის განხორციელებას. დღეს დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ჯარი მხოლოდ პატარა ატრიბუტია, რომლითაც უნდათ, ვითომ სახელმწიფოებრიობა წარმოაჩინონ. რეალურად ისინი არც ძალას წარმოადგენენ, არც ორგანიზებულ შენაერთს. აფხაზური პატარა შენაერთი, რომელიც დროდადრო გადის და ვარჯიშობს რუსების ხელმძღვანელობით, არაა რეალური ძალა, აფხაზეთში ძალზე ცუდ დღეში არიან ჯარისკაცები, ჩასაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი არ გააჩნიათ. ის, რასაც რუსეთი აძლევს, მიზანმიმართული დაფინანსებაა კონკრეტული პროექტებისთვის. იმასაც უკონტროლებენ, ორ თვეში ერთხელ კრემლიდან წარმომადგენელი ჩადის და აკონტროლებს მათ ხარჯვას. ასე რომ, აფხაზური და ოსური ჯარის შექმნის რაიმე პერსპექტივას ვერ ვხედავ. მათი შენაერთების ნაწილი მაროდიორობს. ე.წ. ჯარში ძირითადად გაწვეულნი არიან ახალგაზრდები. ვინც საკონტრაქტოზეა, არავინ არ წავა აფხაზურ ან ოსურ ჯარში, პირდაპირ წავა რუსულ ჯარში, უკეთესი პირობებითა და შემოსავლით“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი და მიიჩნევს, რომ, საერთოდ, ცხინვალის და აფხაზეთის საზოგადოება უკვე აღარ არის საომრად შემართული. დღეს ისინი უფრო მშვიდობიან ცხოვრებაზე არიან გადასულნი და ამ „მშვიდობიანი ცხოვრების“ ფარგლებში ზოგი მაროდიორობს, ყაჩაღობს, ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კი ნარკოტიკზეა „შემჯდარი“.