მსოფლიო ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, სადაც ვითარება ისევ დაძაბული რჩება.აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში „ბოევიკებმა“ უკრაინული სანიტარული ვერტმფრენი МИ-8 ჩამოაგდეს. სანიტარული ვეტმფრენი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც დაჭრილთა წასაყვანად მიემართებოდა. მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, რომ სეპარატისტები ვერტმფრენს არ ჩამოაგდებდნენ, ცეცხლი მაინც გახსენს. გარდა ამისა, დონეცკის ოლქში, ქალაქ ენაკიევოში „ბოევიკებმა“ ჩამოაგდეს უკრაინული გამანადგურებელი МИГ 29.
აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის ზონაში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. უკრაინის საზღვართან გალაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. იზრდება საფრთხე იმისა, რომ რუსეთის რეგულარული არმია ჰუმანიტარული დახმარების საბაბით, კონფლიქტში ჩაერთვება. აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებს, არ გამოიყენონ ჰუმანიტარული დახმარება აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანის საბაბად.
გაერო-ში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის, სამანტა პაუერის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ნებისმიერი ინდივიდუალური ინტერვენცია, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის სახით, აბსოლუტურად მიუღებელი და საგანგაშო იქნება, რაც მათი მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრად ჩაითვლება. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან.
აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ნატომ რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. ალიანსი აძლიერებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს წევრების დასაცავად. ანდერს ფოგ რასმუსენის განხადებით, ნატო-უკრაინის სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, მხარეებს ახალი პროდუქტიული თანამშრომლობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
რასმუსენი მოუწოდებს რუსეთს, რომ არ გამოიყენოს სამშვიდობოები ომის საბაბად.
„კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას და სეპარატისტთა მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს, უკან დაიხიოს საზღვრიდან, არ გამოიყენოს სამშვიდობოები ომის საბაბად, დაუბრუნდეს მშვიდობის გზას და შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა. გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან და ჩაერთოს გულწრფელ დიალოგში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით“, - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში, რომელსაც ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელბს.
კიევის მერi ვიტალი კლიჩკო ადაგილობრივ მოსახლეობას მაიდანზე წესრიგის დამყარებას სთხოვს. კლიჩკოს განცხადებით, მაიდანზე მოწყობილი დაპირისპირება პროვოკაციაა, რათა დედაქალაქში ვითარების დესტაბილიზაცია მოხდეს. მისივე განცხადებით, მაიდანზე უსაფრთხოებისა და იქ მყოფთა მშვიდობიან განზრახვაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან სამართალდამცავებმა კარვებიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ასევე, ნაპოვნია ავტომატები, ტყვიები, რუსული პასპორტები და რუსული ფული.
უკრაინის შს მინისტრი, არსენ ავაკოვი ამბობს, რომ ახლანდელი მაიდანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის პროექტია. შს მინისტრის განცხადებით, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის 82 პროცენტი ნეგატიურად არის განწყობილი მაიდანზე გაშლილი კარვების მიმართ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტიელბა, რომ უკრაინის აღმოსაველთში განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს რუსეთთან ურთიერთობას, ექსპერტები დაგვიანებულად აფასებენ, თუმცა, აქვე ამბობენ, რომ ეს დროული გადაწყვეტილებაა. ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთმა ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გააკეთოს, ვინაიად, რა ფორმითაც ექცევა დღეს ნატო რუსეთს არის სწორი და სამართლიანი.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ რუსეთი მისი პოლიტიკით ყოველ დღე ემსაგავსება საბჭოთა კავშირს. მუჩაიძე ამბობს, რომ უკრაინაში ომი უკვე დაწყებულია.
for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.
ალიანსის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა, დაგვიანებული არ არის? რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელაც შეიძლება დასკვნა გამოიტანოს და გადახედოს თავის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში?
- საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, რუსეთის მიდგომა იგივე იყო. უბრალოდ პრობლემატური იყო დასავლეთისთვის ამის აღქმა. ჩვენს რეგიონში ვინ შექმნა პრობლემები, ვინ მოახდინა ამ პრობლემების ფორსირება, ვინ უწევდა სეპარატისტულ ძალებს დახმარებას, თავის დროზე ეს არ იყო სწორად და ღრმად აღქმული. 2008 წლის აშკარა აგრესიისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთის ეს მიდგომები - აღვივებს კონფლიქტებს და შემდეგ უკვე სამშვიდო ძალად უნდა შესვლა და წესრიგის დამყარება, იყოს მუდმივად არასტაბილურობა, რომელიც მეტ-ნაკელბად კონტოლირებადი იქნება რუსეთის მხრიდან, ეს არის რუსეთის მოქმედებს სტილი.
ანუ დასავლეთმა დაიწყო რუსეთის ამ ილეთის შესწავლა და გაანალიზება?
- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც აშკარად გამოვლინდა უკრაინაში. ჯერ აგრესია მოახდინა, შემდეგ ყირიმის ოკუპაცია და ანექსია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ეს არის პირველი ფაქტი ტერიტორიის ანექსიის. რუსეთი ცალსახად არღვევს ყველა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს. უკვე აღქმა იმისა, თუ რა სახის პოლიტიკას ატარებს რუსეთის მხარე, და რომ ის საფრთხეა ევროკავშირის, ნატოს და დასავლეთის უსაფრთხოებისათვის, უკვე ძალიან სწორად და ცალსახად იქნა აღქმული. აქედან გამომდინარე, შედეგიც ვნახეთ, ძალიან სერიოზული სანქციების სახით.
მაგრამ რამდენად იმოქმედებს ეს სანქციები რუსეთზე?
- რუსეთი მისი პოლიტიკით და მიდგომით ყოველ დღე ემსაგავსება საბჭოთა კავშირს. დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, რა სანქციები დაუწესა რუსეთმა დასავლეთს? - იმ პროდუქციის იმპორტი აკრძალა, რომელშიც თვითონ არაკონკურენტუნარიანია. გარდა ამისა, აპირებენ გადასახადი დაუწესონ რუს ტურისტებს, თუ დასავლეთში წავლენ დასასვენებლად. იმ სტილით და პოლიტიკით მოქმედებს, რასაც ატარებდა საბჭოთა კავშირი. რამდენად მდგრადია ასეთი ქვეყნების მომავალი, ეს ისტორიამ კარგად გავასწავლა.
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს რუსეთის ხელისუფლებას. ფაქტობრივად, პუტინი მომწყვდეულია მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც მანევრირება გაუჭირდა.
ძალიან საინტერესო გამოკითხვა იყო, სეპარატისტთა ლიდერები, რომლებიც მოქმედებენ აღმოსავლეთ უკრაინაში, პუპულარობით არ ჩამოვარდებიან და უსწრებენ კიდევაც პუტინს. ასე რომ, პუტინისთვის უკანდახევა იქნება პოპულარობის დაკარგვის ტოლფასი.
როგორც ვხედავთ უკრაინის ძალები ნელ-ნელა იბრუნებენ ტერიტორიებს და შეიძლება ახლო მომავალში დონეცკი და ლუგანსკიც გაწმინდონ მებრძოლებისგან. ეს იქნება ძალიან დიდი კრახი რუსეთის იმ პოლიტიკის, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთის ინტერესებში არაა, მაგრამ ამ პოლიტიკის კრახი რუსეთის რეჟიმისთვის იქნება დამღუპველი.
ამ ფონზე, რამდენად იზრდება რუსული ინტერვენციის საფრთხე?
- ვფიქრობ, რომ იზრდება რუსული მხარის ინტერვეციის რისკები. აქ უკვე საუბარია ამ რეჟიმის შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან აგრესიული გახდეს რეჟიმი და ყველაფერს შეიძლება მოველოდოთ. ომი დაწყებულია, შეიძლება ომის ესკალაცია მოხდეს და უკვე ოფიციალურად ჩაერთოს რუსეთის რეგულარული ჯარი ამ კონფლიქტში.
ახლა მიმდინარეობს შედარებით დაბალი ინტენსიობის ომი, მაგრამ საკმაოდ დიდი მსხვერპლით. რუსეთის რეგულარული არმია, რომელიც უკრანის საზღვართან დგას, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩაერთოს ამ აგრესიაში. მითუმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს პირდაპირ განუცხადა - თქვენ მაქსიმალურად მზადყოფნაში უნდა იყოთ, ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს ქვეყანას თქვენი სამსახურიო.
ასევე, თუ გადავხედავთ მასმედიას, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მზადდება ხალხის აზრი ომის მხადრასაჭერად და ეს ძალიან მნიშვლელოვანი ინდიკატორია. ასე რომ, ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ხდება მზადება. მითუმეტეს, თუ უკრაინელებმა დაიწყეს ბანდფორმირებისგან დონეცკის და ლუგანსკის გაწმენდა ტერორისტებისგან, ამ შემთხვევაში იზრდება ესკალაციის საფრთხე და რუსეთის რეგულარული არმია ე.წ. სამშვიდობო ძალების მისიით ჩაერთვება კონფლიქტში. ასე რომ, ომი დაწყებულია, უბრალოდ იზრდება აგრესიის საფრთხე და იზრდება საფრთხე, რომ რუსეთის რეგულარული ჯარი ჩაერთვება ამ კონფლიქტში.