სექტემბრიდან მასწავლებლების სერტიფიცირების სქემა შეიცვლება

სექტემბრიდან მასწავლებლების სერტიფიცირების სქემა შეიცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებლების ატესტაციის სქემა ამ სახით, რაც არის, უქმდება და ის მარტო გამოცდით აღარ შემოიფარგლება.

მინისტრის თქმით, მასწავლებელი აქამდე არაადეკვატურად ფასდებოდა მხოლოდ გამოცდის მეშვეობით. თუმცა, სხვა ქვეყნების მოდელებიდან გამომდინარე, სამინისტრომ ჩვენი ქვეყნისა და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის შეფასებას არა მხოლოდ საგნობრივი გამოცდით, არამედ- პრაქტიკულად, თუ რას აკეთებს ის გაკვეთილზე.

სანიკიძის განცხადებით, სერტიფიცირების ცვლილება გულისხმობს სქემის შეცვლას. კერძოდ, თუ ადრე გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგი ხდებოდა, ან ვერ ხდებოდა სერტიფიცირებული, ახლა სქემა ჩაერთვება მასწავლებელთა კარიერული განვითარების საქმეში. ეს დარეგულირებული იქნება, როგორც კარიერული წინსვლა, კატეგორიიდან კატეგორაში გადასვლა, განვითარება, რასაც მოჰყვება სახელფასო მატება.

„ასევე, შეიცვლება გამოცდების სქემაც და გამოცდები არსებული სახით აღარ იქნება. იქნება სქემა, რომელიც მოიცავს გარკვეულწილ საგნობრივ გამოცდას. დანარჩენი იქნება საკლასო შეფასება და პრაქტიკაში რასაც სწავლობენ. რაც ხდებოდა აქამდე, ეს იყო არაადეკვატური, არანორმალური, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როცა წლიდან წლამდე თარიღი გადაჰქონდათ კანონში და 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% სახლში უნდა გაგვეშვა. ეს იყო კატასტროფა, ძალიან ცუდად დაგეგმილი და გაუაზრებელი რამ. ჩვენი ვალია, ეს შევცვალოთ და მასწავლებლებს შევთავზოთ ადეკვატური სქემა, სადაც ისინი შეძლებენ თავის თავზე მუშაობას, განვითარებას და ცოდნის გამოხატვას. საბოლოო ჯამში, ეს ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სანიკიძემ.

ექსპერტი განათლების საკითხებში, 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი, როგორც სასერტიფიკაციო გამოცდის გამსწორებელი, დიდი ხანია თვლის, რომ მხოლოდ სასერტიფიკაციო გამოცდით არ შეიძლება პედაგოგის შეფასება, რადგან პედაგოგი ძირითადად არის პრაქტიკა, მისი საქმიანობაა სკოლა, კლასი. პედაგოგმა გამოცდა ერთხელ უკვე ჩააბარა უმაღლესში, იქ შეფასდა მისი ცოდნა და მიიღო დიპლომი, ამიტომ, ამჯერად სულ სხვა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს პედაგოგი.

„ახალ სქემას იცნობენ ჩვენი პედაგოგები, ეს სერიოზული საქმეა არა მხოლოდ ერთჯერადად, საერთოდაც, კარიერული განვითარების სქემა მნიშვნელოვანი დოკუმენტია და კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა აპრობირებული მეთოდია. შეიძლება იყოს 1000-ლარიანი სერტიფიცირებული პედაგოგი, მაგრამ ის გაკვეთილს ვერ ატარებდეს. ეს ადვილად შესამჩნევია. ამიტომ არ შეიძლება იმის მიხედვით დაყონ პედაგოგები, ვინ იცის თეორია და ვინ არა. შეიძლება იყოს ძალიან მაგარი ფილოლოგი, მაგრამ არ იყოს კარგი ქართულის მასწავლებელი. შეიძლება, სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით დაძლიო, მაგრამ პრაქტიკაში არ ივარგო. ჩვენ თეორეტიკოსებსა და პროფესორებზე არ ვლაპარაკობთ, არამედ ვსაუბრობთ პედაგოგზე, რომელსაც ბევრი სხვა თვისება უნდა ჰქონდეს -საკლასო ოთახის ფლობა, ბავშვებთან მუშაობა და ა.შ.

უამრავჯერ მქონია გასაუბრება პედაგოგთან, გავგიჟებულვარ, ერთი შეხედვით, ისეთი კარგი მასწავლებელი მოსულა, იმისთანა სივით, მაგრამ, სინამდვილეში, ის არ ყოფილა ნამდვილი პედაგოგი. მასწავლებლობა არ არის ადვილი საქმე, არ შეიძლება, სტიქიურად დაეუფლო ამ პროფესიას და სხვაგან ადგილს რომ ვერ ნახავ, ამიტომ მასწავლებელი გახდე“, - აცხადებს მანანა თურქაძე და იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ არასწორი პრაქტიკის გამო, მათი სკოლიდან ძალიან კარგი პედაგოგი წავიდა, რადგან ის ჩარჩოში იყო მოქცეული, მას მე-5-12 კლასებში არ შეეძლო შესვლა, რადგან არ ჰქონდა სერტიფიკატი.

ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა წურწუმია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეუძლებელია, პედაგოგი შეფასდეს მხოლოდ გამოცდებით, რადგან მთავარია მისი საკლასო აქტივობა.

„ეს სქემა საინტერესო იქნება მასწავლებლებისთვის, მაგრამ ერთი კატეგორიიდან მეორეში პედაგოგთა გადასვლას აუცილებლად უნდა მოჰყვეს მათი მოტივაციის ამაღლება და ხელფასების ზრდა. ჩვენი სკოლიდან არავინ წასულა იმის გამო, რომ ვერ ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა, თუმცა ორ კატეგორიად იყოფიან მასწავლებლები - პირველი, ვინც ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები (შესაბამისად, ისინი ახალ სქემას არ აღიარებენ) და მეორე კატეგორია, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული სასერტიფიკაციო გამოცდა. ეს კატეგორია ფიქრობს, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ახალ სქემაში ჩართვა, თუმცა რთულად ეჩვენებათ ეს სქემა“.

For.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ მინისტრ თამარ სანიკიძის კომენტარი არ მოუსმენია, თუმცა არ მალავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება შეფასებას, თითქოს აქამდე არაადეკვატურად ფასდებოდნენ პედაგოგები.

მისი თქმით, პირველად სასერტიფიკაციო გამოცდა 2010 წელს ჩატარდა და ამისთვის მათი ცენტრი ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ანუ საკმაო დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება და გარკვეული მოდელი შეემუშავებინათ. უფრო მეტიც, მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ იმ დღიდან მოყოლებული, როცა სასერტიფიკაციო გამოცდების მომზადებაზე მუშაობა დაიწყეს, ისინი ღიად აფიქსირებდნენ, რომ პედაგოგთა შეფასების მიზნით ეს აუცილებელი პირობა იყო, მაგრამ - არასაკმარისი.

„არაადეკვატურობასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ჩემთვის მიუღებელია თამარ სანიკიძის ასეთი შეფასება, რადგან ეს გამოცდები აფასებს პედაგოგის საგნობრივ ცოდნას და საგნის სწავლების მეთოდიკას, ასევე, იმ პროფესიულ უნარებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია, ჰქონდეს ნებისმიერ პედაგოგს. პედაგოგმა ასეთი გამოცდის ჩაბარება უნდა მოახერხოს. არის თუ არა საკმარისი, ეს მეორე საკითხია და არა მხოლოდ დღეს ითქვა ამის შესახებ, რომ აუცილებელია საგაკვეთილო პროცესზე დასწრება და პრაქტიკულად გარკვევა, როგორია პედაგოგი.

ჩვენ დავიწყეთ ჩვენი წილი გამოცდების მომზადება და მაშინ გეგმა იყო, რომ მეორე კომპონენტს პარალელურად მეორე ცენტრი გააკეთებდა. თუ რატომ ვერ განხორციელდა, ამას ვერ გეტყვით. პედაგოგებზე საკლასო დაკვირვებაც ჩვენმა ორგანიზაციამ აიღო თავის თავზე და სულ მალე ეს კომპონენტიც გვექნება“, - გვითხრა მაია მიმინოშვილმა.

ამასთან, იგი დაინტერესდა, თუ რომელი ქვეყნის მოდელებს გაეცნო განათლების მინისტრი, რადგან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მათ ჯერ კიდევ 2006 წლიდან მოუწიათ, ჰყავდათ უცხოელი კონსულტანტებიც და ქართული მოდელის ნაწილი მათ აშშ-ის გამოცდილებიდან აიღეს.