საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქართველოს პროკურატურამ თითქოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მითითება იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან მოხდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეესაბამება სინამდვილეს და არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მეთვალყურეობას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, რაც დოკუმენტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას პროკურატურის მხრიდან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების შედეგებზე შსს-ს რეაგირებას, გვინდა განვმარტოთ, რომ ხსენებული საკითხი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ხოლო ფაქტზე რეაგირება არ შედის შსს-ს კომპეტენციაში.