დეპუტატის ფასი

დეპუტატის ფასი

რა ღირს საკრებულოს დეპუტატის მიერ საკრებულოს ერთ სხდომაზე დასწრება, ამომრჩეველთან ან თანამდებობის პირებთან შეხვედრა?- თბილისსა და რეგიონებში ეს საკითხი სხვადასხვაგვარად რეგულირდება. განსხვავებულია ანაზღაურების პროცედურები და ლიმიტები.

ქარელის საკრებულომ „ხალხის რჩეულთა“ მომსახურების ფასების ნუსხა ახლახან გამოსცა. თვითმმართველი ორგანოს დადგენილების თანახმად, საკრებულოს წევრებზე ფულადი ანაზღაურება კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო და განსაზღვრული ოდენობით გაიცემა.

„საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის - 100 ლარი; საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარი; (ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარი; ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისთვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს თვეში სამი შეხვედრისა); საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის - 50 ლარის ოდენობით“,- აღნიშნულია წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გამოცემულ დოკუმენტში, რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება და, თავდაპირველად, რეგიონულმა გამოცემამ „ქართლის ხმამ“ გამოაქვეყნა.

დადგენილების თანახმად, ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მოხსენებითი ბარათით უნდა დადასტურდეს, რომელსაც საკრებულოს აპარატის პასუხისმგებელი პირი ავსებს. 

დოკუმენტის გამოცემის საკითხზე for.ge ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდათ ამგვარი „პრესიკურანტის“ შემუშავება და როგორ უნაზღაურდებოდათ დეპუტატებს გაწეული საქმიანობისთვის ხარჯები 2 აგვისტომდე? ივანე არდემანაშვილი ასე პასუხობს:

„ძველმა საკრებულომ 2014 წლის 4 ივლისის დადგენილებით სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმა სადეპუტატო უფლებამოსილების განხრციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. კანონი გვანიჭებს უფლებას, დეპუტატის მიერ გაწეული გარკვეული საქმიანობა ანაზღაურდეს. ეს ხელფასში არ შედის და შრომის ანაზღაურება არ არის. ორგანული კანონი არეგულირებს ამ საკითხს. მანამდე ზოგადი ხასიათის იყო ხარჯების ანაზღაურება - 500 ლარი იყო მაქსიმუმი, მაგრამ პარამეტრები არ იყო დაცული. კონსულტაციების გავლის შემდეგ შევჯერდით იმ ვარიანტზე, რაც დადგენილებაში აისახა. დღესაც 500 ლარი არის ზედა ზღვარი. მოგეხსენებათ, დეპუტატებისთვის ხელფასი არ არის განსაზღვრული და ვინც თანამდებობის პირი არ არის, უხელფასოდ არიან. შეხვედრები იქნება ამომრჩეველთან სოფლებში, გამგეობასა თუ საკრებულოში, ეს დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, როგორიცაა საწვავის ფული, ტელეფონის ხარჯები და ა.შ. ამიტომ მივიღეთ ეს დადგენილება“.

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მართალია, დადგენილებით, დეპუტატთა კონკრეტულ აქტივობაზე კონკრეტული თანხებია განსაზღვრული, მაგრამ ლიმიტი 500 ლარია. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, საკრებულოს წევრი ამომრჩეველთან თვის განმავლობაში სამზე მეტ შეხვედრას გამართავს, მას მაინც სამი შეხვედრის ხარჯი აუნაზღაურდება.

ივანე არდემანაშვილის თქმით, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად ქარელის საკრებულო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და, რადგან დადგენილების მიღება დასჭირდათ, კონკრეტულ აქტივობაზე კონკრეტული თანხებიც დოკუმენტშივე გაწერეს.

For.ge თბილისის საკრებულოს წევრების ანაზღაურების საკითხითაც დაინტერესდა. როგორც ირკვევა, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა საქმიანობის ანაზღაურების წესი და ფორმა რეგლამენტში არის ასახული.

ქარელის საკრებულოსგან განსხვავებით თბილისელ დეპუტატებს ამომრჩეველთან შეხვედრა არ უნაზღაურდებათ, მაგრამ მათ, სანაცვლოდ, თანხები ფრაქციაში მონაწილეობის გამო ერიცხებათ. ასევე უნაზღაურდებათ საწვავისა და ტელეფონის ხარჯები.

თბილისის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის ფრაქციის სხდომაზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღარურებლად ფორმა N 1 ივსება; კომისიის სხდომაზე მონაწილეობისთვის - ფორმა N2, საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომაზე დასწრებისთვის - ფორმა N3. ცალკეა განხორციელებული ხარჯების ანაზღაურება, რომლის მისაღებად დეპუტატების სახელზე ფორმა N4-ს ავსებენ.

თბილისის საკრებულოში დეპუტატათა საქმიანობის ანაზღაურება პროცედურულად ქარელის საკრებულოს მსგავსად არ არის გაწერილი, თუმცა, ტარიფები დედაქალაქში გაცილებით მაღალია.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში დეპუტატთა სხდომებში მონაწილეობისთვის განსაზღვრულია 700 ლარი, კომისიებში მონაწილეობისთვის - ასევე 700 ლარი, ხოლო, ფრაქციაში მონაწილეობისთვის - 300 ლარი.

„თვის ბოლოს დგება სპეციალური ცხრილი, აღნიშვნა ხდება ვინ ესწრებოდა და ვინ არა სხდომას. ამის მიხედვით განისაზღვრება საკრებულოს წევრის ხელფასი. თუ ადამიანი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო სხდომას, იმას, რა თქმა უნდა, გამოაკლდება ხელფასი. ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის კი თბილისის საკრებულოში არანაირი ანაზღაურება არ არის დაწესებული. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა“,- აცახდებს რიმა ბერაძე და აღნიშნავს, რომ თბილისის მოქმედი საკრებულო წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით 300%-იან პრემიებს აღარ გამოწერს თანამშრომლებზე, რადგან უკვე ოფიციალურად თქვა უარი პრემიებზე და ეს შესაბამისი დოკუმენტითაც დაადასტურა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი დეპუტატთა კონკრეტული ხარჯების, კერძოდ, საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ლიმიტებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხებს უკვე სწავლობს სპეციალური კომისია და, სწორედ, კომისიის დასკვნის შემდეგ დადგინდება ახალი ლიმიტები.

„სატელეფონო ხარჯი თვეში 200-ლარს შეადგენდა, საწვავზე კი 500 ლიტრი იყო ლიმიტი. საკითხი აუცილებლად უნდა გადახედილიყო, რადგან ჩვენ გაბერილად მიგვაჩნია ის თანხები, რაც ამ მიზნით იხარჯებოდა წინა მოწვევის საკრებულოში. შესაბამისი ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის“, - აცხადებს რიმა ბერაძე.

ვიდრე სპეციალური კომისია საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯებზე ოპტიმალურ ლიმიტებს დაადგენს, თბილისელი დეპუტატები ძველი ლიმიტით სარგებლობენ.