აგვისტოს ომში დაღუპულთა ახლობლები აცხადებენ, რომ პასუხი უნდა გაეცეთ მშობლებს, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ მათი შვილები. ამდენად, ისინი აგვისტოს ომის კვლევის დეტალების გასაჯაროებას მიესალმებიან. თუმცა არიან ისეთნიც, რომლებიც ამ ყველაფრის უკან ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობას ნაკლებად ხედავენ და მიიჩნევენ, რომ აგვისტოს ომის დეტალების კვლევა სულაც არაა არსებითი, მთავარია, რომ მათი შვილი სამშობლოს შეეწირა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ვაზიანის მეოთხე ბრიგადის კაპიტნის, ალექსანდრე თანდაშვილის დედა - ლენა თანდაშვილი გულგრილი ვერ იქნება აგვისტოს ომის შესწავლის საქმეში. როგორც For.ge-სთან საუბარში ლენა თანდაშვილი აცხადებს, როცა ყოფილი მთავრობა მთელი შემადგენლობით გარბოდა, მისი შვილი ცხინვალში მეგობრის -ერეკლე ყულოშვილის ცხედრის გამოსატანად შევიდა და სამუდამოდ იქ დარჩა. ამიტომ, მას სრულყოფილად აინტერესებს, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ დაუშვეს ამდენი შეცდომა?!
„ფაქტია, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო, რუსეთს ვინ მოერეოდა?! ჩემი შვილი გამოცდილი ოფიცერი გახლდათ, 19 წლიდან ჯარში მსახურობდა და 37 წლის ასაკში დაიღუპა. ახალი ჩამოსული იყო ერაყიდან. არ უთქვამს, რომ ომში მიდიოდა. 7 რიცხვში დამირეკა, დედა მივდივარო. მეგონა, ჯარი პოლიგონზე მიჰყავდა, გაფრთხილებული ვყავდი, ტელეფონზე როცა გელაპარაკები, ზედმეტი შეკითხვა არ დამისვა, არ მითხრა, სად მიდიხარ, როდის მოხვალ, მე სამხედრო ვარ და, როცა წავალ და მოვალ, არ არის სალაპარაკო თემაო. მისი მჯეროდა. ამიტომ აგვისტოს ომის დროსაც რომ მითხრა, მივდივარო, ვერ შევეკითხე, სად მიდიოდა. მერე გავაცნობიერე, ისე მელაპარაკებოდა, გეგონება, თავისი თავი ენანებოდა. თვითონ ხომ იცოდა, სადაც მიდიოდა და თურმე გამომემშვიდობა. ახლა მის ხმასაც ვეღარ გავიგონებ“, - აცხადებს ლენა თანდაშვილი და მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა მისი ოჯახი დაღუპა, მას აღარავინ დარჩა, ვაჟის უბედურებას მისი მეუღლეც გადაყვა, შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი დაეღუპა და ახლა მათ ობლებს ზრდის. უშუალოდ ალექსანდრე თანდაშვილს მეუღლე და გოგონა დარჩა. 67 წლის ლენა თანდაშვილი სწორედ მცირეწლოვან შვილიშვილ გოგონასთან ერთად ცხოვრობს.
ლენა თანდაშვილი იხსენებს, რომ როცა 2009 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა ამოსვენება დაიწყეს და ცინკის კუბოები გახსნეს, ისინი ქიმიური ნივთერებებით ყოფილა დამუშავებული. 18 დღე დაუმარხავები ეყარნენ მეომრები და მხოლოდ პატრიარქმა გადმოასვენა ისინი. ამიტომ ლენა თანდაშვილი იმითაც ინტერესდება, რატომ ეყარნენ ჯარისკაცები თაკარა მზის ქვეშ? იქნებ, მათ შვილებს შველა სჭირდებოდათ? იქნებ, ზოგიერთი მათგანი დაჭრილი იყო? რატომ არ გამოიყვანეს ისინი?
„ერთმანეთს რომ ასწრებდნენ და მორბოდნენ, სად მორბოდნენ?! ახლა ბაქრაძე რომ გამოვიდა და ტლიკინებს, ეგ არ იყო, რომ იძახდა, გამოდით ჩანგლებით, დანებით, თბილისისკენ მოდის რუსის ჯარიო. ამას რომ ვამბობდი, ყველას ოპოზიციონერი ვეგონე. სააკაშვილის დროს, რაც გინდა გეთქვა, ვინ გაგცემდა პასუხს?! შეიძლება, არც ახლა გაგვცენ პასუხი, თუ რა მოხდა სინამდვილეში აგვისტოს ომში. ჩემი შვილი აფხაზეთის ომში დაჭრილი იყო. თუკი რამე მქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და ოპერაცია გავუკეთეთ მარცხენა ფეხზე, არტერია ჰქონდა გადაწყვეტილი და ხელი დაცხრილული. ფეხზე დავაყენე შვილი და დავრჩი უსახლკაროდ. თვენახევარი კლინიკურში იწვა ქუთაისში და ძლივს გადავარჩინე. ახლა კი ვფიქრობ, გმირულად დაღუპულთა ახლობლები, ვისაც ომის დროს მომხდარი დანაშაულის გამოძიება არ აინტერესებთ, ნაციონალებთან არიან ჩაფსკვნილები. დაცარიელებულ ცხინვალში შეუშვეს ჩვენი ბიჭები, სადაც ჩასაფრებული სნაიპერები დახვდნენ. ჩვენმა არტილერისტებმა დაადუღეს ის გვირაბი, 45-ე ბატალიონიდან ერთეული რუსი თუ გადარჩა ცოცხალი. რუსი გენერალი იძახდა, ოდითგანვე მოსდგამდათ ქართველებს ვაჟკაცობა და აგვისტოს ომში ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცესო“.
როგორც თანამებრძოლები იხსენებენ, ალექსანდრე თანდაშვილმა თავისი ოცეული ნიქოზამდე მშვიდობიანად გამოიყვანა, არცერთი ჯარისკაცი არ მოკვდომია, შემდეგ ბიჭებმა შეატყობინეს, შენი მეგობარი ერეკლე ყულოშვილი დაიღუპაო. მანაც დააგდო ზურგჩანთა, აიღო იარაღი და უთქვამს, მე შევდივარ ნაძვნარში ყულოშვილის გამოსატანად, ვისაც გინდათ, გამომყევითო. არავინ შეყოლია. შევიდა მარტო, ამის შემდეგ დაიწყო მეორე დაბომბვა. ბიჭები რომ საშველად შესულან, ერეკლე ყულოშვილი, ალექსანდრე თანდაშვილი და კიდევ ერთი ჯარისკაცი, გვარად მელია დახოცილები უნახავთ. ერეკლე ყულოშვილსა და ალექსანდრე თანდაშვილს ნაძვის ხე ჰქონდათ დაცემული. ამასთან, ერეკლეს ფეხი ჰქონდა მოწყვეტილი, არცერთი ცოცხალი აღარ იყო.
***
ალვანელი გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ტყვედჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა.
დღეს მისი ქვრივი - მაკა ჩიკვილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის უპასუხო შეკითხვები და უცნობია, ვინ გასცემს პასუხს ამ კითხვებზე.
„მისი წამების კადრებს იღებდნენ და ამ კადრებზე ნამდვილად გიორგია გამოსახული, ჩვენ არც მიცვალებული გვინახავს, არც დაგვიმარხავს, რომ ავედით, უკვე დამარხულები იყვნენ მიცვალებულები. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ მისი ცხოვრების ბოლო წუთების შესახებ. ზოგი იძახის, ცემეს და შემდეგ დახვრიტესო, თვითონ ფუხაევის ინტერვიუ წავიკითხე, ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ტყვედ აიყვანა და აწამა გიორგი, ის წერდა, სიკვდილამდე ვცემეთო. ეს კითხვა ნამდვილად მოითხოვს პასუხის გაცემას, გიორგი დახვრიტეს თუ ცემაში შეამოაკვდათ. როგორც ვიცი, აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა და ეს ყველაფერი რომ არ გააკეთა, ცემაში მოკლეს. ტრაგედიის დეტალების შესახებ არავინ არაფერს გვეუბნებოდა, ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ სირბილი, რომ რაღაც გაგვეგო, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც ყველამ თავი შეიკავა, ბოლო მომენტში არ გვინახავსო. მართლაც, კადრში გიორგი მარტო ჩანს, სხვებთან ერთად არ არის და შეიძლება, მის თანამებრძოლებს არც უნახავთ“, - აცხადებს მაკა ჩიკვილაძე და იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა განგაში ატყდა, ხელმძღვანელობა გიორგის ვერ უკავშირდებოდა, ამიტომ მას დაურეკეს და მისი მეშვეობით გიორგი ანწუხელიძემ შეიტყო, რომ იბარებდნენ.
„ვუთხარი, მე მგონი, ომი დაიწყო, ფრთხილად იყავი-თქო. დამამშვიდა, ნუ გეშინიაო, მაგრამ ვერ დაბრუნდა იქიდან“.
დღეს მაკა ჩიკვილაძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, აცხადებს, რომ დახმარებას იღებს, მაგრამ ძირითადად დახმარება მის დედამთილს უფრო ესაჭიროება და ეხმარებიან კიდეც. გიორგი ანწუხელიძის საქმე კი გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში და, ალბათ, მალე დაიწყება მისი განხილვა.
დაღუპულის ქვრივი პირადად არავის უჩივის. ერთადერთი, იმედი აქვს, რომ ოდესმე მაინც დაისჯებიან ისინი, ვინც გიორგი აწამა. ისინი ოსები იყვნენ და ოსურად ლაპარაკობდნენ. იგი მიიჩნევს, რომ, წესით, სხვა დაღუპულ მებრძოლთა ახლობლებსაც უნდა აინტერესებდეთ ტრაგედიის დეტალების გარკვევა, რადგან ასე უბრალოდ შვილის გაწირვას არავინ შეეგუება.
***
მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიის მეთაური ერეკლე ყულოშვილი გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან. მის წინაპარს, მღვდელ მიხეილ ყულოშვილს საინგილოში სარწმუნოების დაცვის გამო თავი მოჰკვეთეს მაჰმადიანებმა. თანამებრძოლები იხსენებენ, რომ ერეკლე მათ გმირულ მაგალითს აძლევდა. ერეკლეს არტილერიამ რუსეთის 58-ე არმიის შეტევა მამაცურად ჩაახშო. გამწარებული რუსები ეძებდნენ არტილერიის მეთაურს ერეკლე ყულოშვილს. ერეკლემ თავადვე ითავა მზვერავობა, რათა სტრატეგია არ შეჩერებულიყო, ზუსტი ცნობა მიეღო და გადაერჩინა 400 მებრძოლი. ფიჭვთან მუხლებზე დაშვებული, რუკითა და რაციით კოორდინატებს გადასცემდა. თუმცა მოულოდნელად იმ ადგილს ნახევარტონიანი „ისკანდერი“ (კასეტური ბომბი) დაეცა.
ერეკლეს დედა, დინარა ყულოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ოჯახისთვის ომი და მშვიდობა უცხო არ არის და იგი შვილებს ქვეყნისთვის ზრდიდა. ზოგჯერ შვილები საყვედურობდნენ კიდეც, შენ გაგვირთულე ცხოვრება და რთული გზა აირჩიეო, თუმცა ერეკლე ყულოშვილის დედა მიიჩნევს, რომ ეს რთული გზა ყველამ უნდა განვლოს და სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერის წინაშე.
„ჩემი შვილი ხელშეკრულებით კი არ იყო ომში, ბავშვობიდან ასე ჰქონდა ჩანერგილი, რომ ის უნდა გამოსულიყო ოფიცერი. მას სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და იყო ოფიცერი. ამ ბიჭებმა ქართული სახელმწიფოებრიობა არ წაშალეს. 7-ში ერეკლეს არტილერიამ იომა, 8-ში დილას ვიყავი გორში, რომ გამოვიდა, მითხრეს, ისვენებენო, მაგრამ მე ვერ წავედი იქით, რომ ჩემი შვილი მენახა. რამდენადაც ვიცი, მერე თათბირი იყო და კოორდინატების განსაზღვრისთვის შევიდა. ეს მისი მოვალეობა იყო. გამოიძიებენ თუ არა აგვისტოს ომის დეტალებს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ დედები, ამის იქით ჩარჩოა, გარკვეული ზღვარია, სადაც მე არ უნდა შევიდე. როცა დაღუპული გმირის დედა ამბობს, ვემსახურები ქვეყანას და ამისთვის ვზრდი შვილს, მისთვის ნაკლებადმნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში. ეს კითხვა პოლიტიკოსებისთვისაა. გამოძიება მე არ მეხება, ყველა მშობელმა უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა, შეაჯამოს თავისი ცხოვრება, რომ პირნათელი დედაა. მე ვთვლი, რომ ვარ ღირსეული დედა, მყავს ორი შვილი, რომელთაგან ერთი ჩემთვის მუდამ ცოცხალი იქნება“, - გვითხრა დინარა ყულოშვილმა.