თბილისი მალე უველოსიპედოდ დარჩება... ახალი მერი სააკაშვილის საყვარელ სკულპტურას - გიგანტურ ველოსიპედს ვარდების მოედნიდან, სავარაუდოდ, თბილისის შემოგარენში მიუჩენს ბინას, სხვა „უსახურ და გაურკვეველი წარმომავლობის“ სკულპტურებთან ერთად. დავით ნარმანიას თქმით, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ნახონ, ნაციონალების დროს როგორი მიდგომა იყო ძეგლებთან მიმართებით და, საერთოდ, არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. ნარმანია არც იმას გამორიცხავს, ამ სკულპტურებს, ანუ 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოებს, პატარა ისტორიაც მიაწერონ.
რაც შეეხება სხვა „უსახური ძეგლების“ გადატანას, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საკრებულოს შესაბამისი სამსახური მუშაობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ დავით ნარმანია არ აპირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.
„ძეგლების დემონტაჟსა და გადატანას საბიუჯეტო თანხების ფლანგვა არ უნდა მოჰყვეს“, - ასეთია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, სოსო მანჯავიძის მოსაზრება.
როგორც სოსო მანჯავიძემ For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ გაურკვეველი ძეგლების დადგმით დაამახინჯა ქალაქის იერსახე და დიდი რაოდენობის საბიუჯეტო სახსრები გახარჯა, თუმცა დღეს მათი დემონტაჟი, ასევე, დამოკიდებული იქნება დიდ თანხებთან. ამიტომ დემონტაჟის ან გადატანის შემთხვევაში, ძეგლების დიფერენცირება უნდა მოხდეს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დავუსვი თბილისის ახალ მერს და მან მითხრა, რომ ველოსიპედის აღება მარტივია, რადგან ის არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან, ხოლო სხვა ძეგლები, მილები თუ ხიდები უკავშირდება დიდ საბიუჯეტო სახსრებს. ბატონი დავითი მეთანხმება, რომ მათ დაამახინჯეს ქალაქის იერსახე და შეამცირეს ბიუჯეტი. ამიტომ მათმა დემონტაჟმა კიდევ მორიგი ზიანი არ უნდა მიაყენოს ქალაქს. დიფერენცირებულად უნდა მივუდგეთ საკითხს და, სადაც არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ის უნდა გადავიტანოთ. ხოლო, რომელიც დაკავშირებულია დიდ საბიუჯეტო ხარჯებთან, დროებით იყოს და, როდესაც გამდიდრდება ჩვენი ქვეყანა, მაშინ გადავიტანოთ. საკრებულოც და მერიაც ერთ პოზიციაზეა, რომ მავნე პრაქტიკა, როცა არავინ არავის არაფერს ეკითხებოდა, უნდა ამოიძირკვოს და მცოდნე ადამიანების დასკვნა გავითვალისწინოთ“, - მიიჩნევს სოსო მანჯავიძე.
კონკრეტულად, საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ ველოსიპედი დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს დედაქალაქს, საერთოდაც, გამოსაკვლევია, რატომ დადგეს, რა დაუჯდა ჩვენს ღატაკ ქვეყანას ეს უშნო, უფუნქციო, უსახური ველოსიპედი. რაც შეეხება „უგემოვნო და რიყისთვის შეურაცხმყოფელი მილების“ დემონტაჟს, მანჯავიძის თქმით, ამას სახსრები დასჭირდება, დავით ნარმანია კი აცხადებს, რომ შეისწავლის ამ მილების კონსტრუქციას და შეეცდება, ინვესტორი დააინტერესოს და ინვესტორმა გადაიტანოს აღნიშნული კონსტრუქცია რიყიდან.
„400 მილიონი ევროა გახარჯული ამ უაზრო სკულპტურებში თბილისში, ბათუმსა და სხვაგან. ამის დემონტაჟი თავის თავზე ინვესტორმა უნდა აიღოს. კარგი იქნება, თუ მოიძებნება ინვესტორი. თავისთავად, შუშის ხიდი ცუდი არაა, მაგრამ 15-საუკუნოვან ქალაქში იმ კონტექსტში მისი დადგმა გაუმართლებელია. ძველ პრაღაში შუშის ხიდს ვინ ჩადგამს? აქ მეტეხია, სიონია, ჩვენი სიმდიდრეა ეს ლანდშაფტი. ამ დროს ჩანს ეს „საოცარი“ ხიდი და მილები, თავიანთი „შანგრილით“, რაც ამახინჯებს ქალაქს. განსაკუთრებით, მეტეხის ხიდიდან რომ წახვიდეთ, ლამაზია თბილისის ხედი და სწორედ ეს სატირალი ნაგებობები გეჩხირებათ თვალში. ასევე, შესასწავლია გმირთა მოედნის საკითხიც. არის თუ არა საფრთხის შემცველი, უამრავი პრობლემა დაგვრჩა წინა ხელისუფლებისგან, რომელიც პიარისთვის საბიუჯეტო თანხებს ფლანგავდა და ამ ფლანგვაში ჩქარდებოდა მშენებლობები, რაც მათ უსაფრთხოებას ამცირებდა. ამავეს ვერ ვიტყვი ქუთაისის ცნობილ შადრევანზე, ეს ბრწყინვალე კოლხური კულტურის გამოსახვაა ბრინჯაოში. თუმცა ასე არ მოხდა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის დროს“.
ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი ელენე კავლელიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელოვნებათმცოდნეები ნებისმიერი ქანდაკების გადატანას კრძალავენ, თუმცა ეს შეეხება მაღალმხატვრულ და სწორად გააზრებულ ქანდაკებას, რომელიც გარემო პირობებში ორგანულად არის ჩართული. რა თქმა უნდა, ასეთი ქანდაკება ხელუხლებელი უნდა დარჩეს. რაც შეეხება ველოსიპედს, ის არანაირ მხატვრულ ელემენტს ქალაქისთვის არ წარმოადგენს და არანაირი დანიშნულება არ აქვს.
„არა მგონია, რომელიმე ქართველი მასში მხატვრულობას ნახულობდეს. შესაძლებელია, სწორი იყოს ის აზრი, რომ ეს სკულპტურები სადღაც დაიდგას, რათა ტურისტებიც დარწმუნდნენ, როგორ უსახურ ქანდაკებებს გვთავაზობდნენ ნაციონალები. თუ ჩვენი ახალი მთავრობაც გაითვალისწინებს, რომ მსგავსი რამ მანაც არ უნდა გააკეთოს, კარგი იქნება. დავით აღმაშენებლის ქანდაკება ახლა სრულიად შეუფერებელ ადგილასაა, არც მხატვრულად, არც აზრობრივად არ შეესაბამება ჩვენი დიდი მეფის ქანდაკების კონტექსტს. ამავე დროს, თვითონ ძეგლი ძალზე მაღალმხატვრულია, მას ვერაფერს დავუწუნებთ, დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ის მოხსნეს და გაიტანეს. არც მაშინდელი „ივერია“ არ იყო შესაბამისი ადგილი, მაგრამ მაშინ ე.წ. ანდროპოვის ყურების გამო დადგეს ეს ქანდაკება, რომ შენიშვნა მიეცათ საბჭოთა ხელისუფლებისთვის, სწორად მოიქეცითო. ამას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რთულ პერიოდში დაიდგა ეს ძეგლი, მაშინ საუბარი და შენიშვნების მიცემა ძნელი იყო და დავით აღმაშენებლის ქანდაკების თითის პასაჟიც ამას გულისხმობდა. მანდ იყო ასეთი ჩაფიქრება, რომ დავით აღმაშენებელი სამეფო გვირგვინს გადასცემდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ანდროპოვის ყურებთან დემონსტრაციის დროს იდგებოდა. გვირგვინის გადაცემაზე მაშინვე დაფიქრდნენ და უარი თქვეს, ამიტომ თითს გარკვეული აზრობრივი დატვირთვა აქვს. ვფიქრობ, თავისუფლების მოედანზე ყველაზე უპრიანი დავით აღმაშენებლის ქანდაკება იქნება, რომელიც დიღომში გადაიტანეს, თავისი სიმბოლოთი, აწეული თითით“, - აცხადებს ელენე კავლელიშვილი.
ამასთან, იზიარებს პოზიციას, რომ ძეგლების გადატანა-დემონტაჟს საბიუჯეტო თანხების ფლანგვა არ უნდა მოჰყვეს. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სკულპტურები გადასაყრელი არ უნდა გახდეს, უბრალოდ, მათ ადგილი უნდა შევუცვალოთ.
მაგალითად, რიყეზე აშენებული „რაღაც საშინელების“ - მილების დემონტაჟი ისე უნდა განხორციელდეს, რომ მასალა არ გადავყაროთ და არ დავჭრათ, ის უნდა გამოვიყენოთ და ღია ქალაქში თანამედროვე ადგილას დავდგათ.
რაც შეეხება შუშის ხიდს, კარგი იქნება, თუ მას მტკვრის სხვა ნაპირზე გადაიტანენ, რომ არ დაზიანდეს. წმინდა გიორგის ქანდაკება კი არც კანონიკურია და არც მხატვრული, მისი დადგმა ცენტრალურ მოედანზე სრულიად შეუსაბამოა.