„ელმავლის მემანქანეს რეზინის ხელთათმანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ გვაძლევენ“

„ელმავლის მემანქანეს რეზინის ხელთათმანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ გვაძლევენ“

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში ელმავლის მემანქანე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 6 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. 53 წლის ზაალ ტყემალაძე, სავარაუდოდ, დენის დარტყმას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის მიზეზებს სპეციალური კომისია იკვლევს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხი, დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოში ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ზიანდება. ჭიათურის მაღაროში კი ერთ-ერთი ინციდენტი სამიოდე კვირის წინაც მოხდა, წერეთლის სახელობის მაღაროს მუშა რამაზ ჩიხელიძე მანგანუმით დატვირთული ვაგონის ქვეშ მოჰყვა. ჩიხელიძე, საბედნიეროდ, გადარჩა - სამედიცინო პერსონალმა დროულად მიუსწრო და საკმაოდ რთული ოპერაციები ჩაუტარეს.

უბედური შემთხვევების გახშირებას უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაუცველობას უკავშირებენ ჭიათურის მაღაროს პროფკავშირების წარმომადგენლები. მაღაროელები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი სათანადო შედეგს ვერასდროს იღებს, დრო გადის და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად არ იცვლება.

შუქრუთის მაღაროში გარდაცვლილი ზაალ ტყემალაძე პირველად მისსავე ცვლაში მომუშავე თანამშრომლებმა ნახეს. მათ შორის ერთ-ერთი ელმავლის მემანქანე შალვა მაჭავარიანი იყო.

„დაახლოებით 4-ის ნახევარი იქნებოდა როცა ვნახეთ. უკვე გარდაცვლილი იყო. პანტოგრაფზე ედო თავი. პანტოგრაფი ელმავლის სახურავის მოწყობილობაა, რომლითაც ელმაველი დენს იღებს. სახე სულ დამწვარი ჰქონდა. ალბათ დენმა დაარტყა. როდესაც სხვა ელმავალი მიადგა გაჩერებულ ელმავალს, მხოლოდ მაშინ მივხვდით, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. რომ გადმოვედით, ასეთი სურათი დაგვხვდა. დაახლოებით 20 წუთის წინ იყო ობიექტზე გასული და ალბათ, ამდენივე ხნის გარდაცვლილი იყო. სამნი ვიყავით, ელმავალზე გადავასვენეთ მიცვალებული. მერე უფროსობაც მოვიდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც და პატრულიც“, - უთხრა for.ge-ს შალვა მაჭავარიანმა.

ელმავლის მემანქანე აღნიშნავს, რომ მაღაროში, ზოგადად, მძიმე სამუშაო პირობებია და იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დიდ რისკებს უკავშირდება. ჭიათურის მაღაროელთა ნაწილი უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვაზეც საუბრობს და აცახდებს, რომ ელმავლის მემანქანეს მუშაობის დროს, წესით, რეზინის ხელთათმანები უნდა ეცვას, მაგრამ მხოლოდ ნაჭრის ხელთათმანებს ურიგებენ ხოლმე.

„სავარაუდოდ, ელმავალი რაღაცას წამოედო და შეფერხდა, მემანქანე გადმოვიდა ელმავლიდან და როგორც ჩანს, მაშინ დაარტყა დენმა. წესით, დამხმარე უნდა ჰყავდეს ელმავლის მემანქანეებს, მაგრამ წლებია სხვაგვარადაა - დამხმარე არც ერთ მემანქანეს არ ჰყავს. დროულად რომ ენახა ვინმეს, შესაძლოა, გადარჩენილიყო კიდეც. დამხმარე რომ ჰყოლოდა გვერდით, მეტი შანსი იყო, სიცოცხლე შეენარჩუნებინა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ნეფარიძე, რომელიც ასევე შუქრუთის მაღაროში მუშაობს და, იმავდროულად, „ჭიათურის მაღაროელთა პროფესიული კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.

ნეფარიძე აღნიშნავს, რომ 2012 წელს ჭიათურის მაღაროელთ მიერ მოწყობილ ხალხმრავალ და მრავალდღიან საპროტესტო აქციებს შედეგი, პრაქტიკულად, არ მოჰყოლია და მას და მის თანამშრომლებს კვლავ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

„ერთი, რაც შეიცვალა, მეტი ყურადღება მიექცა ჰიგიენური ნორმების დაცვას - საშხაპეები მოგვიწყვეს. მაგრამ ეს დაიხვიეს ხელზე და გაიძახიან, რაღაცას ვაკეთებთო. შრომის პირობები არ არის დაცული. უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ კონტროლდება - გაუმჯობესების ნაცვლად დღითიდღე უარესდება. ამიტომ ვითხოვთ მუდმივად, შეიქმნეს შრომის ინსპექცია, რომელიც დაარეგულირებს მსგავს საკითხებს და მაქსიმალურად დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები“,- აცხადებს გიორგი ნეფარიძე. მისი თქმით, წესით, ელმავლის მემანქანეს რეზინის ხელთათმანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამგვარი ხელთათმანი, ხშირად, მასაც არ აქვს, ვისაც უშუალოდ დენთან აქვს შეხება.

„საწყობს რომ ჰკითხო, ასეთ პასუხს გაძლევენ - კომპანიის ცენტრალურ საწყობშიც არ არის და ჩვენ საიდან მოგცემთო. ჩვენ არ შეგვიძლია იმის გარკვევა, მართლა არის თუ არა საწყობში. ფაქტია, მაღაროელებს ეს ხელთათმანები არ ურიგდებათ. ზაალ ტყემალაძეს რეზინის ხელთათმანები რომ ჰქონოდა, დიდი ალბათობით, დენიც არ დაარტყამდა. ეს ყველაფერი დარღვევაა, უსაფრთხოების წესების დაუცველობა. სწორედ, ამგვარი გაუფრთხილებლობა იწვევს სავავალო შედეგს. მაღაროს მუშებს მძიმე სოციალური პირობრბის გამო უჭირთ პრინციპების დაცვა. არადა, შესაბამისი პირობების და აღჭურვილობის გარეშე მუშაობაზე უარი უნდა თქვან“, - აცხადებს ნეფარიძე.

პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის მაღაროელებს ზესტაფონის საავადმყოფო ემსახურება, მეორე ქალაქში ჩასვლა კი დამატებით სირთულეებს ქმნის.

„ადრე „ტაოს“ დაზღვევა გვქონდა, ახლა „ალდაგი“ შემოვიდა, მაგრამ პირობები დიდად არ შეცვლილა. მოგეხსენებათ, ზესტაფონის საავადმყოფო გვემსახურება, იქ ჩასვლა კი არც ისე იოლია - ათეულობით კილომეტრის გავლაა საჭირო. მერე ისეთ წამლებს გამოგიწერენ, სააფთიაქო ქსელში რომ იშვიათად არის. სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებით ჭიათურაში მხოლოდ ერთი აფთიაქი გვემსახურება და იქ საჭირო წამლები იმდენად ხშირად არ აქვთ, ზოგჯერ ვფიქრობთ, განაგებ არ გვაძლევენ“, - აცხადებს გიორგი ნეფარიძე.

„ჭიათურის მაღაროელთა პროფესიული კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ელმავლის მემანქანის გარდაცვალების ფაქტზე საკუთარი ორგანიზაციის სახელით პოზიციის გამოხატვას ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გეგმავს. შუქრუთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზს იკვლევს მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ წარმომადგენლობა, კერძოდ, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის უსაფრთხოების სამსახური.

მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით for.ge-მ კომენტარი კომპანიის მენეჯმენტს სთხოვა. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მენეჯერმა აკაკი გურჯიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ კომპანია გარდაცვლილი მაღაროელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს და მის ოჯახს ფულად კომპენსაციას გადაუხდის.

„ფულადი კომპენსაცია იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენი წელი მუშაობდა პირი მაღაროში და რა დამსახურებები ჰქონდა, როგორც თანამშრომელს. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და რამე თანხა ვერ შეამსუბუქებს დანაკარგს, მაგრამ, კომპანია სოლიდურ თანხებს იხდის უბედური შემთხვევების დროს“, - აცახდებს აკაკი გურჯიძე.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ელმავლის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცლად საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც კომპანიის უსაფრთხოების სამსახური სპეციალური მოკვლევის საფუძველზე დასკვნას მოამზადებს.

„ველოდებით მოკვლევის შედეგს. შესაძლოა, ხელმძღვანელი პირების ან რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის დანაშაულიც გამოიკვეთოს. არ არის გამორიცხული, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“,- აცხადებს აკაკი გურჯიძე.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაზე სახელმწიფო ლიცენზია 2006 წელს 40 წლის ვადით გაიცა და ის კომპანია „ჯორჯიან მანაგანეზმა“ მოიპოვა. 2013 წლის გაზაფხულზე აღნიშნული კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზმა“ იყიდა. დღეს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებას, სწორედ, ეს კომპანია ახორციელებს.