საფეხბურთო მატჩის წინ დაძაბულობის მოლოდინი

საფეხბურთო მატჩის წინ დაძაბულობის მოლოდინი

„მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!“ - ბანერზე მიწერილი ქართველი პოეტის - ოთარ ჭილაძის სიტყვები საქართველო-აზერბაიჯანის დაპირისპირების მიზეზი ლამის, გახდა. თბილისში დიდხანს მსჯელობდნენ იმაზე, ვინ და რატომ შექმნა აღნიშნული ბანერი, რომელმაც ბაქოს ფეხბურთის სტადიონზე ქართველებისა და აზერბაიჯანელების ჩხუბი გამოიწვია. ეს შეგნებული პროვოკაცია იყო თუ ისტორიული მეხსიერების აღტყინება?! საუბარია ქართველების მიერ ტრიბუნაზე გამოფენილ დროშაზე, რომელზეც ოდესღაც საქართველოს შემადგენლობაში არსებული ძირძველი ქართული მიწებია მონიშნული. მათ შორის, დღევანდელი აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეული ზაქათალისა და კახის ტერიტორიები.

აზერბაიჯანში გამართული „ჩიხურა-ნეფთჩის“ ხმაურიანი მატჩის შემდეგ დაძაბულობას და პროვოკაციებს თბილისში 7 აგვისტოსაც ელოდებიან. თუმცა ამ ეჭვებს აქარწყლებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. იგი ამბობს, რომ საფეხბურთო მატჩს საფრთხე არ ემუქრება და საქმეში ჩართულია ყველა ის უწყება, რომლებიც ვალდებული არიან პრობლემები აღმოფხვრან.

ცნობილია ისიც, რომ საჩხერის „ჩიხურასა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ თამაშთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო შეკრება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელი ბექა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სკანდალურად ქცეული ბანერი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და იგი სხვა მატჩებზეც გამოუფენიათ, მაგრამ არსად პრობლემები არ შექმნილა, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, სადაც მატჩის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა დროშა მოიპარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ ქართველებს გაუსწორდნენ.

ბაქოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ხვალინდელ მატჩზეც დაძაბულობას ელიან. ამ თამაშზე დასწრებას თუ აპირებთ?

 - თავს ვგრძნობთ შეურაცხყოფილად, რადგან ვაიგულშემატკივრები გვიწოდეს. ამიტომ საჩხერის გუნდისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ. სანამ არ მოიხდიან ბოდიშს ჩვენი ორგანიზაციის წინაშე, მანამდე არ ვაპირებთ ამ მატჩზე დასწრებას და მას ბოიკოტს ვუცხადებთ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩზე დასწრების საშიშროებას, უკვე გვქონდა საუბარი აზერბაიჯანელ გულშემატკივართან იმ ინციდენტის შესახებ, რაც ბაქოში მოხდა. ვაპირებთ უშუალოდ მათ შევხვდეთ სტადიონის გარეთაც. სავარაუდოდ, მათ დავხვდებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მივაცილებთ სტადიონზე და შემდეგ ისინი გააგრძელებენ თავიანთ გულშემატკივრობას. ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო შეკრება გაიმართა და უსაფრთხოების კუთხით უპრეცედენტო ზომები მიიღეს. არა მგონია, რაიმე საშიშროება იყოს.

თქვენ აპირებთ, დახვდეთ აზერბაიჯანელ გულშემატკივარს. ეს ზუსტად ის გულშემატკივრები არიან, ვისთანაც ხელჩართული დაპირისპირება მოგიხდათ ბაქოში 31 ივლისს?

- ჩვენ მოგვიხდა ჩვეულებრივ გულშემატკივართან ხელჩართული დაპირისპირება. ხოლო საქართველოში ვინც ჩამოდის, ესენი არიან ფანკლუბის წევრები, მათთან არანაირი შეტაკება არ გვქონია. აზერბაიჯანიდან საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი, 200 ადამიანი ჩამოდის. ახლაც თუ რაიმე გაუგებრობა იქნება, არ არის აუცილებელი, ამაში ვინმე ჩაერთოს - ან სახელმწიფო, ან სამართალდამცავები. გულშემატკივრები თავად მოაგვარებენ ურთიერთობას. ჩვენ ამ ადამიანებს მეგობრულად შევაცილებთ სტადიონზე და, თუ რაიმე დახმარების აღმოჩენა დასჭირდებათ, შევეცდებით, დავეხმაროთ.

მაშინდელ ფაქტსაც შევეხოთ. სხვადასხვაგვარი შეფასებები გაკეთდა, ზოგიერთებმა ბანერის გამოფენა პროვოკაციად აღიქვეს, ზოგიერთებმა გმირები გიწოდეს, რადგან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არ კარგავთ ისტორიულ მახსოვრობას და ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებთ. შესაძლოა, საქართველოში ბევრი გეთანხმებათ ამ სულისკვეთებაში, მაგრამ რამდენად სწორად იყო შერჩეული დრო და ადგილი? საქართველოს ხელისუფლებამ ეს პროვოკაციად აღიქვა. ხომ არ მიეცით მავანთ ორ ხალხს შორის დაპირისპირების საფუძველი? ამ გადასახედიდან ღირდა ამის გაკეთება ბაქოს სტადიონზე?

 - ამ კონკრეტულ თამაშზე პირველად არ გვქონია ბანერი წაღებული. დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ეს ბანერი დაბეჭდილი. შესაბამისად, ყველა თამაშზე დაგვქონდა. ჩვენ რომ არ გამოგვეფინა ბანერი, ამით ხაზს გავუსვამდით, თითქოს არასწორი რამ იყო ამ ბანერზე დაწერილი. თავიდანვე იდეაში იყო ჩადებული, რომ ეს იყო ჩვენი ისტორიული მიწების შეხსენება ჩვენი მოსახლეობისთვის, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაივიწყეს ამ მიწების არსებობის შესახებ.

სწორედ ამ კონტექსტში გაიხსენეთ სოჭის ოლიმპიადა, სადაც ქართველი ჟურნალისტი, სოხუმელი თენგიზ პაჭკორია აფრიალებდა პლაკატს  -სოხუმი საქართველოა?!

 - ჩვენი კუთხეები, აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს აქვს ოკუპირებული. სპორტი კარგი საშუალებაა, რომ მსოფლიოს ყველა ხერხით გავაგებინოთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია. დღეს ეს პრობლემა აქტუალურია, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ ზუსტად ანალოგიურად შეიძლება მოხდეს ამ ტერიტორიების დავიწყებაც. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ მსგავსი საკითხის პროპაგანდა მოვახდინოთ. ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე დანაშაული ჩავიდინეთ, ან შეცდომა მოგვივიდა, არც ბოდიშის მოხდას ვაპირებთ ვინმესთვის. ის ფაქტი და ის გამოხმაურება, რაც ჩვენს ბანერს მოჰყვა, ჩვენთვისაც არ იყო სასიამოვნო. წინასწარ რომ გვცოდნოდა, მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო, ალბათ, სხვაგვარად მოვიქცეოდით.

აცხადებთ, ბანერი სხვა შემთხვევაშიც გამოგვიფენიაო, ალბათ, აზერბაიჯანის გარდა, თურქეთს გულისხმობთ, რადგან თურქეთში ტაო-კლარჯეთის პრობლემაა.

 - დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ბანერი გვაქვს, აზერბაიჯანში იქამდე არ გვქონია თამაში და შესაბამისად, არ გამოგვიფენია. თუმცა თურქეთში გვქონდა ჩატანილი ბანერი და ადგილობრივი გულშემატკივრისგან არანაირი რეაქცია არ გვქონია.

იქნებ, ბანერის შინაარსს ვერ მიხვდნენ?

 - შესაძლოა, ვერ მიხვდნენ, თუმცა იმ თამაშზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, სპორტის სამინისტროს უმაღლესი პირები ესწრებოდნენ, იქ იყო მინისტრი ლევან ყიფიანიც, რომელიც ხუთი თვის წინ მთელი თამაშის განმავლობაში უყურებდა ამ ბანერს. მაშინ არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია ბანერს, არც არავის შევურაცხივართ პროვოკატორებად. როგორც ჩანს, სათანადოდ მაშინაც ვერ გაიაზრეს, პროვოკაციის შემცველი იყო თუ არა ეს ბანერი.

მართალია, რომ აზერბაიჯანელები თავიდან ვერ მიხვდნენ ამ ბანერის შინაარსს და შემდგომში გაერკვნენ?

- მთავარი იყო რუსი დელეგატის მოთხოვნა, რომელმაც მოითხოვა ბანერზე არსებული სიტყვების გადათრგმნა. როდესაც მიხვდა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური ბანერი, ამასობაში აზერბაიჯანელმა გულშემატკივარმაც მიაქცია ყურადღება ბანერს. იქ იყო შეურაცმხყოფელი რეპლიკები, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ ეს ბანერი მოიხსნა სტადიონიდან. იყო პოლიციის სპეცრაზმის მოთხოვნაც, გადამეტებული ძალა და ჩვენც უკვე საჭიროდ ჩავთვალეთ, ზედმეტი გართულებისგან თავი აგვეცილებინა. ამიტომ მეორე ტაიმის განმავლობაში ეს ბანერი ტრიბუნაზე აღარ ყოფილა.

თუ მოიხსნა ბანერი, რატომღა მოხდა დაძაბულობა?

 - ბანერი მოხსნილი იყო, მეორე ტაიმის განმავლობაში ბანერი ერთი წუთითაც არ ყოფილა აფრიალებული. როდესაც დასრულდა თამაში, შეგვიყვანეს სპეციალურ ოთახში, იქ უკვე აპირებდნენ ბანერის წართმევას და სწორედ იქ მოხდა დაპირისპირება.

თქვენ აცხადებთ, რომ 40 სპეცრაზმელი ერთად გცემდათ და ტვინის შერყევა მიიღეთ. როგორია თქვენი მდგომარეობა? რადგან თქვენ 7 აგვისტოს აღარ მოხვდებით სტადიონზე, აღარ გამოიფინება მსგავსი ბანერი?

 - ეს ბანერი აქვთ აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს, ამიტომ ფიზიკურადაც შეუძლებელია მისი გამოფენა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მაინც რეაბილიტაცია მჭირდება, წოლითი რეჟიმი მაქვს გამოწერილი. თუმცა ეს არაფერია. გამოვჯანმრთელდები და კვლავ დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას.

რაც შეეხებაჩიხურასმთავარ მწვრთნელს - სოსო ფრუიძეს, ის ამბობს, რომ აზერნაიჯანული მხარისთვის ბოდიში არ მოუხდია. სინამდვილეში, რა მოხდა?

 - როგორც ვიცი, ბოდიში მოიხადა სპორტულმა დირექტორმა  -ბერიკა შუკაკიძემ, ჩვენ მისგანაც ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, ისევე, როგორც მათგან, ვინც ამ დროის განმავლობაში საჩხერის გუნდის ხელმძღვანელობიდან გამომდინარე, ვაიგულშემატკივრები, პროვოკატორები, სახელმწიფოს და კლუბის მტრები გვიწოდა. ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია, რადგან განვლილი მატჩების განმავლობაში ასეულობით ადამიანი მიდიოდა მათ მხარდასაჭერად.

რამდენადაც ვიცი, წყალბურთელებიც ამბობენ, რომ მსგავსი ბანერი გამოფენილი ჰქონდათ თურქეთში, მაგრამ ამას დაპირისპირება არ მოჰყოლია.

 - მსგავსი ბანერი მართლაც გამოიფინა თურქეთში, 1-ელ მარტს გამართულ შეხვედრაზე ქალაქ სტამბულში, ეს იყო წყალბურთელთა შეხვედრა და იქ არანაირი გამოხმაურება, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არც მეტოქე გულშემატკივრის მხრიდან, არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან.

პარალელები რომ გავავლოთ, ინგლისელებისა და ირლანდიელების დამოკიდებულება მახსენდება, რომელიც შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონია იყო. 1995 წელს დუბლინში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე ინგლისელი ქომაგები ირლანდიის ჰიმნის დროს ნაცისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, რაც ირლანდიამ გოლის გატანა მოახერხა. ამ შემთხვევაში, თქვენ რომელიმე ქვეყნის პრეცედენტით იხელმძღვანელეთ?

 - მსგავსი ფაქტები ძალიან ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული, არა მარტო ირლანდია-ინგლისში, არამედ თურქეთშიც. გეხსომებათ, ალბათ, სერბებმა ჩაშალეს მატჩი იტალიაში კოსოვოს გამო, ბევრ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ. გულშემატკივარი ასოცირდება სიყვარულთან, პატრიოტიზმთან, ერთგულებასთან. ამ ადამიანებს, პირველ რიგში, აქვთ იმის შეგრძნება, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლოს ინტერესი, არიან ორგანიზებულნი, შეუძლიათ, ერთად იმოქმედონ. ეს არ არის ახალი. შესაძლოა, მსგავსი რამ ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში არ ხდება, რადგან მათ არაფერი აქვთ დაკარგული და არც არაფერი აქვთ დასაბრუნებელი, თუმცა ჩვენს მსგავს ქვეყნებში ასეთი მოვლენები თითქმის ყველა მატჩზე ხდება და აქ განსაკუთრებული არაფერია. ჩვენი ბანერის იდეა რომელიმე კონკრეტული ადამიანისგან არ მომდინარეობს, ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ვსაუბრობთ და ეს ერთობლოვი იდეა იყო, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ.

როგორც ვიცი, ჭიდაობის გულშემატკივართა კლუბი და ფანკლუბიგლადიატორიცგიჭერდნენ მხარს ამ საქმეში.

 - საქართველოში არსებული ყველა კლუბის გულშემატკივართა გაერთიანებამ უკვე გამოგვიცხადა სოლიდარობა, მათ შორის, რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა - იქ იყვნენ მორაგბეები, წყალბურთელთა ნაკრები, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენ შეგნებულად არ გავახმაურეთ, რათა მათ გარკვეული პრობლემები არ შექმნოდათ.

თქვენ თუ შეგექმნათ საქართველოში პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანთან მომხდარი დაძაბულობის გამო?

- ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ქართველ სამართალდამცავებთან. ავუხსენით, ჩვენი ნაბიჯის ქვეტექსტი, მათ გაითავისეს ჩვენი ნათქვამი და შს სამინისტრომაც გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ჩვენი ქმედება არ იყო პროვოკაციის მიზნით განხორციელებული და პრობლემები ჩვენს მიმართ აღარ არსებობს. დროსა და ადგილს რაც შეეხება, ნაწილობრივ გიპასუხეთ, რომ გვცოდნოდა, მსგავსი რეაქცია მოყვებოდა, შეიძლება, სხვაგვარად მოვქცეულიყავით და თავი აგვერიდებინა იმის გამო, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და არა იმიტომ, რომ ჩვენ უკან დაგვეხია.

მაგრამ შესაძლოა, „ჩიხურაამ ბანერის გამო დაჯარიმდეს.

- თავდაპირველად, დაფიქსირებული იყო, რომ 15 ათასი ევრო იყო ჯარიმა. ამასაც ჩვენ მოგვაწერდნენ, თუმცა ამ ჯარიმასთან არანაირი შეხება არ გვქონია. სინამდვილეში, ეს იყო ფეხბურთელ თორნიკე მუმლაძის საქციელის გამო და იმ ქართველი ნაციონალისტების ჟესტიკულაციის გამო, რომლებმაც რასისტული და ფაშისტური დამოკიდებულება გამოხატეს ტრიბუნაზე წინა თამაშზე, როცა საჩხერის „ჩიხურა“ თურქულ გუნდს უპირისპირდებოდა. იმ თამაშზე იყო გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფი, დაახლოებით ათ კაცამდე, რომელთაც გადმოფენილი ჰქონდათ ათა თურქის შეურაცხმყოფელი ბანერი. ამის გამო დააჯარიმეს საჩხერის გუნდი. ჩვენი ბანერი კი არ შეიცავდა არანაირ პოლიტიკურ ქვეტექსტს, იქ არ მოვითხოვდით ზაქათალისა და კახის დაბრუნებას ან ომის დაწყებას, არც იმას ვაფიქსირებდით, რომ ეს ტერიტორიები წართმეული გვაქვს. თუ ამასთან დაკავშირებით საჩხერის „ჩიხურა“ დაჯარიმდება, მაშინ გამოაქვეყნონ ეს განცხადება, სადაც თითქოს უშუალოდ ჩვენი საქციელის გამო დაჯარიმდნენ და ჩვენ თავისთავად ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს ნამოქმედარზე.

ზაქათალასა და კახის დაკარგვა სერგო ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი აზერბაიჯანი სამართალმემკვიდეა იმის, რაც მოხდა საბჭოთა პერიოდში?

- ჩვენი გულშემატკივრობის ფარგლებს გარეთაც შეიძლება განვიხილოთ ეს თემა, ეს არის ისტორიული სინამდვილე, რასაც აღიარებს, თუნდაც, იგივე, ერთა ლიგა. ეს იყო საქართველოს ტერიტორია და ორჯონიკიძემ გადასცა ჩვენს მეზობლებს თუ სხვა პიროვნებამ, ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. პირადად მაქვს ისეთი შინაგანი რწმენა, რომ ეს ტერიტორიები არ დამიკარგავს, მაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან კვლავ დავბრუნდები იქ. ბანერზეც ეს სიტყვებია დატანილი, რომ მე არ დამითმია ეს ტერიტორია და, თუ ორჯონიკიძემ გადასცა, სამწუხაროდ, იმდროინდელი ხელისუფლების და მთავრობის პრობლემაა.