გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები - ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამების, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს.
საინტერესო დამთხვევაა, რომ გაეროს დასკვნაში სწორედ იმ საქმეზეა ლაპარაკი, რის გამოც საქართველოს პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გახდება თუ არა ეს საფუძველი იმისა, რომ გაეროს რეზოლუციასთან ერთად შესრულდეს ქართული საზოგადოების მთავარი მოთხოვნაც - სამართლიანობის დადგომა, ამ თემაზე ექსპერტი, კახა კახიშვილი გვესაუბრება.
კახა კახიშვილი: როგორც ჩანს, ამ რეზოლუციის მომზადების თაობაზე საქმის კურსში იყო ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა საქართველოს პროკურატურამ - სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნა იქნებოდა.
სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ძირითადად, ყურადღებას უფრო იმას აქცევენ, რა მოთხოვნები და რა დამოკიდებულებაა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, ვიდრე, რა მოთხოვნები აქვს ხალხს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
გაეროს რეზოლუციაში ჩამოთვლილი საკითხები ეს ის თემებია, რომელიც სერიოზულად აწუხებთ ჩვენს თანამოქალაქეებს და რომლის გამოძიების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. სწორედ ამის გამო ედავება საქართველოს მოსახლეობა საქართველოს პროკურატურას ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებით.
ეს არის პირველი საქმე, რომელიც სისტემური დანაშაულის ნიშნებს ატარებს და რომლის საფუძველზეც, სააკაშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
რაკი პირველი ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება ბოლო საქმე, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს ბრალს წაუყენებენ.
აქამდე ჩვენი პროკურატურის მხრიდან არ იყო გამოვლენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც ატარებდა სისტემური დანაშაულის ნიშნებს - იურიდიულ ენაზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები არ იყო გამოვლენილი, თუ არ ჩავთვლით ამ ბოლო საქმეს.
ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც შენობის ფერებსაც კი მიხეილ სააკაშვილი არჩევდა, აქედან გამომდინარე, წარმოუდგელია, ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს, რომ მიხეილ საკაშვილისთვის არ იყო ცნობილი, იგივე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ვითარება, როდესაც არაადამიანურ მოპყრობას, წამებას ჰქონდა ადგილი. არ არსებობს, რომ ეს სისტემა მიხეილ სააკაშვილის დავალებით არ ყოფილიყო შექმნილი და არ სცოდნდათ, რომ შს სამინისტრო უკანონოდ ახორციელენდა ფარულ მოსმენებს და მიყურადრებას, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შეგროვებას ამ ადამიანზე შემდგომი ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომლის გამოყენებითაც ადამიანს აიძულებდნენ ჩაედინა კონკრეტული დანაშაული.
რამდნადაც ცნობილია, მორალური ზეწოლის საქმეებიც არ არის გამოძიებული. არაადამიანური მოპყრობის, წამების, სექსუალური, ფიზიკური თუ მორლური ძალადობის გამო ერთადერთი ადამიანი, ვინც პასუხისგებაში მიეცა, ეს გახლდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამაზე ზევით გამოძიება არ წასულა.
არც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების წართმევის ფაქტებზე არ დამდგარა ვინმეს პასუხისმგებლობა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ვიღაც იღებდა გადაწყვეტილებებს და დილის 4-5 საათზე ბიზნესმენებს სხვადასხვა საფუძვლებით ართმევდნენ ქონებას.
როდესაც საპროცესო შეთანხმება წარმოადგენდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თანხების გამოძალვის მეთოდს და ამ ყველაფერს საფუძვლად ედო არა კონკრეტულად ერთი ან ორი საჯარო მოხელის დანაშაულებრივი მოქმედება, არამედ ქვეყნის უმაღლესი ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივი მითითებების გაცემა. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ კუთხით.
როგორ ფიქრობთ, საქმე რატომ მივიდა აქამდე, რომ გაერო მიგვითითებს ეს საქმეები გამოვიძიოთ?
- თავის დროზე, პროკურატურამ მთელი რიგი სტრატეგიული შეცდომები ჩაიდინა ყოფილი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებისას, ამან გამოიწვია დისკრედიტაცია ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვის პროცესში.
როდესაც ოდიოზური ფიგურები საქართველოში ჩამობრძანდნენ და აცხადებდნენ, აბა რას გვიმტკიცებთო, ვაშლის სათლელი დანისა და სხვა უმნიშვნელო საქმეების მეტი პროკურატურამ ვერ წაუყენა. შემდგომ კი დადგა გამამართლებელი განაჩენების კასკადი, რა თქმა უნდა, ამანაც ნაწილობრივი დისკრედიტაცია მოახდინა პროცესის.
ამ გამამართლებელი განაჩენებით ნაცმძრაობამ მოიარა მსოფლიო და აცნობა ყველას, როგორ დევნის მათ მხარდამჭერებს პროკურატურა და დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით როგორ ხდება ამ ადამიანების გამართლება.
როდესაც ბორჯომის პოლიციის უფროსის წამების საქმეზე ყველა ინსტანციის სასამართლოში დადგა გამამარლებელი განაჩენი, ხურჩის საქმესთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენები დადგა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. მაგრამ კიდევ ძლიან ბევრი სხვა საქმე ვიცით, 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებული ადამიანების საქმე, ჯერჯერობით ამ საქმეებთან დაკავშირბითაც ვერ ვნახეთ ვერც ერთი განაჩენი, რომლის ფარგლებშიც მკვლელობასა და ადამიანის გატაცებაში იქნებოდნენ დადანაშაულებული კონკრეტული პირები.
გავიხსენოთ, იგივე სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი მასალა, სადაც ჩანდა, როგორ აიძულებდნენ ადამიანებს, ეღიარებინათ არარსებული ტერაქტი და უარის მიღების შემთხვევაში როგორ ახდენდნენ ენით აუწერელ არაადამიანურ მოპყრობას, სექსუალურ ძალადობას და ა.შ. ამის გამო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც პასუხისგებაში მიეცა, იყო პოლიციის უფროსის მოადგილე - ხომ დაუჯერებელია, რომ პოლიციის უფროსის ან მისი მოადილის დონეზე გადაწყდა სადღაც ტყეში საწამებელი ოთახის მოწყობა.
არ დამდგარა პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი მაღალი თანამდებობის პირისა, რომელმაც დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ იცოდა, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, არამედ ეს ყველაფერი მათი უშუალო მითითებით ხდებოდა, ვის კომპეტენციაშიც შედიოდა პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობა.
გჯერათ, რომ რაიონის ან ოპლქის პროკურორმა არ იცოდა ამ საწამებელი ოთახის არსებობის შესახებ?- მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ტანჯვა-წამების მიუხედავად, არ აღიარეს აღნიშნული დანაშაული, ნარკოტიკების მოხმარებისთვის გასამართლეს. ვინმეს სჯერა, პროკურორებმა არ იცოდნენ ამ ადამიანებს სინამდვილეში ნარკოტიკები რომ არ ჰქონიათ? გამოძიებას არ უმსჯელია იმ მოსამართლის მიმართ, ვინც განიხილა ამ ადამიანების საქმე და ა.შ. არა მხოლოდ მოსამართლემ, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებმაც კარგად იცოდნენ, რეალურად ვის და რისთვის ასამართლებდნენ - არც ამ ადამიანების პასუხისმგებლობს საკითხი განუხილავს ვინმეს.
ჩვენ გვქონდა სისტემა, რომელიც იმართებოდა ზემოდან ქვემოთ, ამ სისტემას სათავეში ედგა რამდენიმე თანამდებობის პირი, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და ვერ ვისაუბრებ, მათზე როგორც დამნაშავეებზე, მაგრამ მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. დამნაშავეები არიან თუ არა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, მაგრამ დღეს იმიტომ ვმსჯელობთ ამ თემებზე, რომ დღევანდელი გამოძიების მხრიდან ამ კატეგორიის საქმეებზეე მსჯელობა არ ყოფილა, ან თუ ყოფილა, ჩვენთვის არ არის ცნობილი და ამიტომაცაა შეშფოთებული გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი.
რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პაუხი უფლებადამცველი ორგანიზაციების კითხვებსაც, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები. თითოეული ბრალი უნდა იყოს დასაბუთებული უტყუარი მტკიცებულებებით. არ ასამართლებენ ადამიანებს კოლექტიური ბრალის გამო, თითოეულ ადამიანს უნდა დაუმტკიცო მისი დანაშაული. თუ საუბარია ორგანიზებულ დანაშაულზე, ესეც უნდა დაამტკიცო.
რა თქმა უნდა, ეს ურთულესი კატეგორიის საქმეებია, როდესაც ეს ეხება ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომელთა მიმართაც გარკვეული სიმპათიები არსებობს დასავლეთის პოლიტიკოსების ნაწილში. ამ ნაწილსაც კი, რომ არ ჰქონდეს შემდგომში სალაპარაკო არგუმენტები, ამ ადამიანების ბრალი ისე უნდა იყოს დასაბუთებული მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეშფოთებულია ამ დაკვნით, ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს რომ დასკვნა ეხება მხოლოდ აგვისტოს ომსა და მის შემდგომ პერიოდს...
- რა მნიშვნელობა აქვს 2008 წლის შემდეგ მოხდა თუ იქამდე, ფაქტია, რომ ეს საქმეები მოითხოვს გამოძიებას. სწორედ 2008 წლის ომში დაიკარგა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, რომლის საქმის მოკვლევასაც ოჯახის წევრები ითხოვენ და ჯერჯერობით არ გვსმენია გამოძიების შედეგები. მითუმეტეს, არის ნიშნები, რომ ადამიანებს პირადი მოტივების გამო გაუსწორდნენ და სხვადასხვა თანამდებობის პირების დავალებით იყვნენ ლიკვიდირებული.
ეს მხოლოდ ვარაუდებია, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი მედიის მეშვეობით, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ან უნდა დადასტურდეს - დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ან უნდა გაცხადდეს, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონდა. ხელისუფლებისგან არც ეს პოზიცია მოგვისმენია, არც - ის პოზიცია, მეტიც, წამების მრავალ საქმეზე, რომელიც წავიდა სასამართლოში, რატომღაც დადგა გამამართლებელი განაჩენი. ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს, ეს არის ის, რომ ამ ფონზე ხელისუფლება ერთნაირად კმაყოფილია როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურის მუშაობით.
ხელისუფლების შეცვლისთანავე პროკურატურაში შვიდა უამრავი სარჩელი, რომელიც წართმეულ და ჩამორთმეულ ქონებას ეხებოდა, ეს პროცესი თითქმის არ დაძრულა ადგილიდან. გაეროს დასკვნის შემდეგ არის შანსი, რომ ასეთი საქმეების განხილვა დაიწყოს?
- ეს პროცესი საერთოდ არ დაწყებულა და თუ ვინმემ მიაღწია რაიმე წარმატებას, დარწმუნებული, ვარ, მხოლოდ პირადი კონტაქტების საუძველზე, არაერთ ბიზნესმენთან მქონია საუბარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ძალიან სწრაფად დაიბარეს პროკურატურაში, დაიწყო საქმეების გამოძიება, საკმაოდ ცოცხცალი პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ რაღაც ეტაპის შემდეგ ეს საქმეები შემოიდო თაროზე და მიუხედავად დაზარალებულებულის არაერთი მოთხოვნისა, მათი განცხადებები უყურადღებოდ და უპასუხოდ რჩება.
ეს არ ნიშნავს, რომ თუ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ აქვს პოზიცია, ადამიანები დიდხანს შეეგუებიან ასეთ დამოკიდებულებას. გვახსოვს საუბრები რაღაც თანხებზე, რომელიც ვინ და როგორ დაითვალა, დღემდე უცნობია. რაც უფრო მეტი დრო გადის და ხელისუფლება არ რეაგირებს ასეთ საქმეებზე, მით მეტ პასუხისმგებლობას იღებს იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც მიიღეს წინა ხელისუფლებისგან.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს პასუხგაუცემელი კითხვები ქონების წართმევაზე, შემდგომში შეფასებული არ იქნება, ძალიან ცდება. დღევანდელი სამართალდამცავების წყალობით მიმდინარეობს ქონების გადაყიდვის პროცესები, რომ გამოძიება საბოლოოდ ჩიხში შეიყვანონ. მაგრამ, ადამიანები, რომლებიც მათ მიმართ სამართლის აღდგენას 9 წელი ელოდებოდნენ, ამ ყველაფერს არ დაივიწყებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლას ელოდებოდნენ, ასე დაელოდებიან ამ ხელისუფლების წასვლასაც და იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომელთა უმოქმედობამაც მათ ქონებები საბოლოოდ დააკარგვინა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მისი მხრიდან ნებისმიერი არასწორი გადაწყვეტილება ან უმოქმედობა, ადრე თუ გვიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას, რადგან ეს ადამიანები საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით მიაღწევენ სამართალს.
გვახსოვს, საუბარი იყო იმაზე, რომ დასავლეთს არ მოეწონებოდა ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეების გამოძიება და ამიტომ ფერხდებოდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი. გაეროს დასკვნაში ნახსენებია ძველი საქმეები, როგორიცაა 7 ნოემბერი, 26 მაისი და ა.შ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საუბარია იმაზე, რასაც ითხოვს ქართული საზოგადოება, ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჩადენლი დანაშაულების გამოძიებაზე?
- გაეროს რეზოლუციაში ასე კონკრეტული საქმეები არ იქნებოდა ჩამოთვლილი, რომ არ ამახვილებდნენ ყურადღებას მთელ პერიოდზე. თუმცა, როდესაც კანონის უზენაესობის პრინციპზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრინციპი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ ოპონენტების მიმართ.
ოპონენტების დაჭერაში მიშა სააკაშვილი ჩემპიონი იყო, მაგრამ არავის ჰქონია განცდა, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებდა. ამიტომ ხელისუფლება არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი თანამდებობის პირების საქმიანობასაც ერთნაირი კრიტერიუმებით უნდა მიუდგეს. ასეთ შემთხვევაში სკეპტიკოსების მოსაზრებებიც შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გაბათილდება.
სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა სავარაუდოდ, მეტი დამაჯერებლობისთვის, დასავლეთს მოუწოდა, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ საქმეებში - ეს მოხსნის კითხვებს გამოძიების მიკერძოებულობასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, პრემიერის წინადადება პოლიტიკური განცხადებაა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს იმ პირთა წრეს, ვისაც უშუალო შეხება შეიძლება ჰქონდეს გამოძიებასთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სამართლებრივად ვერც ერთი ქვეყნის პროკურორი და გამომძიებელი ვერ ჩაერთვება უშუალოდ საქმის გამოძიებაში, მაგრამ შესაძლებელია, რომ დაინტერესებულ მხარეს მიეცეს უფრო მეტი ინფორმაცია.
ვფიქრობ, მისასალმებელია, თუ იმ მხარეს, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს, მიეცემა მეტი ინფორმაცია და მონიტორინგის საშუალება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტანენტის თუ ევროკომისრების წერილებში ნათქვამია, რომ დააკვირდებიან პროცესს და მონიტორინგს განახორციელებენ გამოძიების მიმდინარეობაზე.
ეს ძალიან კარგია - ასეთი ტიპის მინიტორინგი რომ განეხორციელებინათ 2003-დან 2012 წლამდე, მაშინ როდესაც ადამიანებს პროკურატურაში ქონებას ართმევდნენ, შესაძლოა დღეს სააკაშვილსა და მის გუნდს პრობლემები არ ჰქონოდა.
შესაბამისად, თუ ასეთი მონიტორინგი ჩატარდება ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოახდენს იმის პრევენციას, არ მივიღოთ ისეთივე მონსტრი ხელისუფლება, როგორიც გვყავდა 9 წლის განმავლობაში.