„დაბომბეთ სოფელი ჩხალთა, დაადუღეთ, გადაბუგეთ ყველაფერი, ემზარ კვიციანისა და ნორა არღვლიანის სახლებიდან არაფერი დარჩეს“, - ასეთი ბრძანება მიიღეს მფრინავებმა 2006 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდორში ქართული ჯარი შეიყვანა და საბოლოოდ კოდორი უბრძოლველად ჩააბარა რუსეთს, ამბობს ემზარ კვიციანის ადვოკატი რევაზ კახნიაური, რომელთანაც For.ge-მ ინტერვიუ ჩაწერა.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის საქმეში გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს მფრინავი იმედა მაისურაძე, რომელიც კვიციანის უდანაშაულობას ადასტურებს. კონკრეტულად, ყოფილმა ხელისუფლებამ რა ვითარებაში მისცა ქართველ მფრინავებს ქართული სოფლის მიწასთან გასწორების ბრძანება?
- საქმის ირგვლივ ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე იმედა მაისურაძემ განმარტა, რომ 2006 წლის ზაფხულში ესკადრილიასთან ერთად, ორფოლოს საწვრთვნელ ბაზაზე იმყოფებოდა. წვრთვნების დამთავრების შემდეგ, უკვე, სენაკის სამხედრო ბაზაზე მიიღეს ბრძანება. ამ ბაზაზე იგი მათი ნაწილის უფროსის - არკადი ბუქვაიძის განკარგულებით იმყოფებოდა. აქ იყო სულ ექვსი საბრძოლო „მი 24“, ასევე, რამდენიმე „მი 8“, რომელსაც დესანტი უნდა გადაესხა და იყო „იროკეზები“. იმდენად დიდი რაოდენობის შვეულმფრენები აღმოჩნდა, რომ მფრინავებს ეგონათ, ორფოლოს წვრთვნების მერე აფხაზეთში შესვლას აპირებდნენ. ცხადია, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოდორის ხეობის დასაბომბად აგზავნიდნენ.
რა რაოდენობის შეიარაღება ჰქონდათ?
- იმედა მაისურაძე აცხადებს, რომ ჰქონდათ მთლიანი შეიარაღება. პირადად მას ჰქონდა ოთხი ოციანი ბლოკი, „ნურსის“ ტიპის რაკეტები, 30-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით, რომელშიც 250 ჭურვი იყო. სენაკის ბაზაზე ყველა „მი 24“-მა მიიღო დავალება, გაფრენილიყვნენ კოდორის ხეობაში, კერძოდ, სოფელ ჩხალთაში და დაედუღებინათ ყველაფერი. ამან მფრინავებში გაკვირვება და შოკი გამოიწვია, მათ იფიქრეს, რას ჰქვია დავადუღოთ, არიან კი იქ მშვიდობიანი მცხოვრებლები და ვის ვებრძვით?
ვისგან მიიღეს დავალება?
- ლევან ნიკოლეიშვილისგან, გენერალური შტაბის უფროსისგან. იყო ბრძანება, მიწასთან გაესწორებინათ ჩხალთა, გადაებუგათ ყველაფერი, რაც იქ იყო, და პირადად ემზარ კვიციანისა და ნორა არღვლიანის სახლებიდან არაფერი დარჩენილიყო. „ჩვენ ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ, ეს ის დროა, როცა ირაკლი ოქრუაშვილს ყველაფრის უფლება აქვს და თავდაცვის სამინისტროში ვისაც უნდა, იმას დაიჭერს, ან კიდევ, ოფიცრებს გააგდებს და დაკარგავს ქვეყნიდან. ვუთხარით, მშვიდობიანი მოსახლეობა თუ ადგილზე იმყოფება, მაშინ როგორ ვისროლოთო? ბრძანება შეასრულეთო. ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები უსიტყვოდ მოითხოვდნენ ჩვენს მორჩილებას და ბრძანების შესრულებას“, - იხსენებს მფრინავი იმედა მაისურაძე.
იმედა მაისურაძის და ალექსანდრე თურქიას გარდა სხვა მფრინავებიც იყვნენ?
- დიახ, სხვებიც იყვნენ. იმედა იხსენებს: „დილის ათ საათზე ავფრინდით სენაკის აეროპორტიდან, ორმოც წუთში ჩავფრინდით და გვატრიალეს ჰაერში 15 წუთი, რადგან ხეობაში რაციით იყო მითითება და ამის მერე წავედით სოფელ ჩხალთაში“. იმედას თქმით, მათი მისამართით მიწიდან არავითარი სროლა და წინააღმდეგობა არ ყოფილა. იმედას შვეულმფრენმა ჩხალთაში რამდენიმე წრე შემოხაზა, ის ხედავდა კვიციანის სახლს, მდინარის პირას ბაჩო არღვლიანის სახლს, შენიშნა ადამიანების მოძრაობა, გარბოდნენ და გამორბოდნენ, მაგრამ სროლა მათი მხრიდან შვეულმფრენებისკენ არ ყოფილა. ამის შემდეგ იმედა აღწერს, რომ მან კლდეზე ისროლა რამდენიმე ჭურვი და რიყეზე. ამასვე აკეთებდნენ სხვა მფრინავებიც.
„მე ჩემი თვალით დავინახე სახლებზე თეთრი ზეწრები გამოფენილი, ერთ ეზოში გარბოდა ბავში და მას დედა მისდევდა, დაიჭირა და სახლისკენ გააქცია. მე არ შემეძლო ამ სახლებისთვის სროლა. ასევე მოიქცნენ სხვა ბორტის პილოტები. როდესაც დავბრუნდით სენაკის სამხედრო ბაზაში, იქ უკვე იცოდნენ, რომ არცერთი სახლი არ დავადუღეთ და არ დავანგრიეთ. ლევან ნიკოლეიშვილმა გიჟივით გვიყვირა, რას აკეთებთ, მოღალატეები ხართო. იგინებოდა, ირაკლი ოქრუაშვილი გამწარებულია თქვენზე, ნახეთ, რა მოგივათო. ხელახლა „გაგვაზაპრავკეს“ და მუქარით და ჩხუბით გაგვგზავნეს უკან ჩხალთის დასაბომბად. იმეორებდნენ, დაადუღეთ ყველაფერიო. კონკრეტულად ბრძანებას იძლეოდა არაესკადრილიის ხელმძღვანელობა. მეორედაც ჩავფრინდით, მაგრამ არ მისვრია არცერთი სახლისთვის. უკან დავბრუნდი თუ არა, დამირეკა ლევან ნიკოლეიშვილმა, მაგინა უშვერი სიტყვებით, რამდენიმე წუთში მოვიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები და წამიყვანეს ფოთში, სამხედრო საპყრობილეში. ნიკოლეიშვილი გვიყვიროდა სენაკში, მთელ ესკადრილიას დაგშლით, ირაკლი გაგანადგურებთო. ფოთში იყო დაკითხვები, დღეში რამდენჯერმე, ჩხუბი, შეურაცხყოფა. დამკითხავები იცვლებოდნენ. არავინ გვარ-სახელს არ გვეუბნებოდა, იყო უდიერი დამოკიდებულება, ისეთი, სამხედრო ტყვეებს რომ არ ექცევიან. ოთხი დღე-ღამე გავატარეთ ასეთ აუტანელ პირობებში. ამის მერე ისევ უკან წამოგვიყვანეს სენაკში. სენაკის ბაზის დარბაზში შეგვკრიბეს, ნიკოლეიშვილმა „გვაკაჩავა“, მოგვაყენა შეურაცხყოფა, გვეუბნებოდა, თქვე უსაქმურებო, უნამუსოებო, ერთი უბრალო დავალებაც ვერ შეასრულეთო. თავის მართლება ვცადე - ვერ გავარტყი, ამიცდა-მეთქი. ამაზე სულ გაგიჟდა, ორფოლოში ყველა სამიზნე გაანადგურე, მანდ რაღა ოხრობა დაგემართაო. იქიდან თბილისში გადმომიყვანეს, სამხედრო პოლიციაში - სუხიტაშვილთან. იქიდან-ოქრუაშვილთან, სადაც ირაკლიმ ერთი კითხვა დამისვა, თავს რითი გაიმართლებო? ვუპასუხე, თავის მართლებას არ ვაპირებ-თქო. ირაკლიმ ხელი აიქნია, გაიყვანეთო, ამის მერე დამითხოვეს სამსახურიდან. სადაც კი მივდიოდი, სამსახურზე უარს მეუბნებოდნენ. ოქრუაშვილის და სააკაშვილის დაპირისპირების მერე ისევ დამიბარეს თავდაცვის სამინისტროში და ახლა უკვე მთხოვდნენ ოქრუშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, როგორ დაგამცირა, გაგაგდო და არ გინდა, სამაგიერო გადაუხადოო? ეს იყო არაოფიციალური საუბარი და ვერაფერი მათთვის საინტერესო რომ ვერ ვუთხარი, გამომიშვეს.
ჩემს ესკადრილიაში იყვნენ სოსო ოსურაული, სოფელ ალიდან, ალექსანდრე თურქია და აწ გარდაცვლილი გიორგი ლონდარიძე. ესენი არიან ყველა „კრაკადილების“ ანუ „მი-24“-ების პილოტები.
რას შეცვლის ეს ჩვენება კვიციანის საქმეში და ლევან ნიკოლეიშვილზე თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე?
- ჩემი აზრით, ეს არის სამხედრო დანაშაული. ადამიანებმა გასცეს ისეთი უკანონო ბრძანებები და სახელმწიფოს ისეთი რესურსები გამოიყენეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. როგორ მიგაჩნიათ, მშვიდობიანი მოსახლეობა, სოფელი ჩხალთა დაბუგო, გადაწვა, დაადუღო?! ასეთ ბრძანებებს ვერმახტის გენერალიტეტიც არ იძლეოდა. თანაც, სოფელი ჩხალთა, სადაც პირწმინდად მარტო ქართველები ცხოვრობენ.
მაგრამ ამის პრეცედენტი იყო 2004 წელს აფრასიძეების შემთხვევის სახით.
- ეს ამაზრზენია - დაადუღე, დაანგრიე, სამხედრო ტერმინებში ყოვლად მიუღებელია ბრძანების გაცემისას. მათ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული.
კოდორელები თუ აპირებენ ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას?
- კოდორის ხეობის მაცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, პროკურატურაში მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ და, ალბათ, ასეც მოხდება. ემზარ კვიციანს ბრალად აქვს წაყენებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მას 315-ე მუხლის მესამე ნაწილს უყენებენ იმის გამო, რომ სწორედ ვერტმფრენების მეშვეობით იქ ქალი დაიღუპა. ესენი აცხადებენ, რომ დაბლიდან სროლა არ იყო. კიდევ დანარჩენ იმ ორ ვერტმფრენში ისხდნენ უკრაინელი მფრინავები.
ანუ, ზემოდან დაბომბვის გამო დაიღუპა ქალბატონი?
- დიახ, ზემოდან მოხდა დაბომბვა და ეს დამამძიმებელ გარემოებად არის შერაცხილი კვიციანის ბრალში. როგორ შეიძლება, ამათ დანაშაული ჩაიდინეს და ეს გადააბრალონ კვიციანს. კვიციანს არავითარი რესურსი, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩაედინა, სოფელ ჩხალთიდან არ ჰქონდა.
ანუ, ისეთნაირად უნდათ წარმართონ პროცესი, თითქოს ემზარ კვიციანის ხალხმა მოკლა ქალბატონი?
- არა, ისინი ფიქრობენ, ემზარს რომ არ მოეწყო ამბოხი, ეს ქალი არ დაიღუპებოდა. იციან, ეს ვერტმფრენის მეშვეობით მოხდა, მაგრამ რა შუაშია აქ კვიციანი? თანაც, ეს ამბავი 2006 წლის 26 ივლისს ხდება, როდესაც კვიციანი უკვე აღარ არის საქართველოში.
ამდენად, შეიძლება კონკრეტულად იმ მფრინავის მიმართაც აღიძრას საქმე, რომლის გამოც ქალატონი დაიღუპა?
- მფრინავის მიმართ ვერ აღიძრება. ყოველ შემთხვევაში, ეს გამოსაკვლევია, თუ კონკრეტულად დადგინდება, რომელმა მფრინავმა მოახდინა გასროლა და მამა ნიკოლოზის სახლს რომელმა ესროლა, ალბათ, ბრალი შეერაცხება. მაგრამ, თვითონ იმედა მაისურაძე, ალექსანდრე თურქია და აწ გარდაცვლილი გიორგი ლონდარიძე, ვფიქრობ, აბსოლუტურად უდანაშაულონი იყვნენ. პირიქით, მათ გმირობა ჩაიდინეს, რომ იმ დიდძალი შეიარაღებით და რაკეტა-დანადგარებით არ მოახდინეს ამ სახლების მიზნობრივი სროლა და არ დაანგრიეს.
მამა ნიკოლოზის სახლთან რა მოხდა?
- მამა ნიკოლოზის სახლთან რამდენიმე ჭურვი დაეცა, არცერთი სახლი ამათ არ დაუნგრევიათ, მაგრამ სწორედ ვერტმფრენებიდან დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოსახლე ქალბატონი. მამაო უვნებელია და ყვება ყველაფერს, რაც ხდებოდა იქ. მამა ნიკოლოზი დღესაც ციხეში შედის და ნახულობს ემზარ კვიციანს და თვლის, რომ ის ხეობა ემზარ კვიციანის გადარჩენილი იყო და ამ უწმინდურებმა დაკარგეს.
კოდორის დაბომბვის გამო კონკრეტულად ვის მიმართ აღიძრება საქმე?
- იმ დროინდელი მთავრობის მიმართ, ვისგანაც უკანონო ბრძანებები მოდიოდა. იმის გამო, რომ კოდორში ერთ კვირაში ეს „ეპოპეა“ დამთავრდა, იმის გამო, რომ იმედა მაისურაძე ჯიმი მაისურაძის შვილი იყო, აღარ გაამწვავეს სიტუაცია. უბრალოდ, ის გააგდეს, ჩამოაცილეს თავის საქმეს და დატოვეს უმუშევრად. ჯიმი მაისურაძე აფხაზეთის ომის გმირი გახლდათ, რომელიც დაიღუპა ბრძოლის ველზე და ათობით ქართველი გადაარჩინა. სამწუხაროა, რომ მათ, ვინც ვითომდა კოდორის ხეობის ასაღორძინებლად იბრძოდა, იქ ასობით მილიონი გაფლანგეს, ორ წელიწადში, ტყვიის გაუსროლად გამოიქცნენ, მიატოვეს იქაურობა და მთელი შეიარაღება გადასცეს მოწინააღმდეგე მხარეს, ვისაც დღესაც კოდორის ხეობა აქვს დაკავებული. სამართლებრივად, არავითარი საფუძველი არ არსებობს, ემზარ კვიციანი დღეს ციხეში იჯდეს სასამართლო გადაწყვეტილებამდე.
ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, იმ პერიოდში რას აკეთებდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, მალხაზ აქიშბაია?
- დღესაც მიკვირს, უკვე ოთხი თვეა, ემზარ კვიციანის ადვოკატი ვარ და საბუთები რომ მჭირდება, აფხაზეთის მთავრობა სირაქლემის პოზას იჭერს, ვითომ ვერ ხედავს, რა ხდება გარშემო. ძალიან ბევრი ჰყავთ აფხაზეთის დევნილებს გმირები? ისინი აბსოლუტურად შორს დგანან, თითქოს ეს საკითხი არ ეხებათ.