ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ათონელის სამთავრობო რეზიდენციაზე უარს გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ამბობენ. უცნობია, რა დანიშნულება შეიძლება შეიძინოს შვიდსართულიანმა ობიექტმა, რომლის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიზნით ათეულობით მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. ამ ეტაპზე ღიად მხოლოდ ის გაცხადდა, რომ აღნიშნულ შენობაში სამუშაოდ არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადადის და არც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
„არ მაქვს სურვილი, გადავიდე ათონელის რეზიდენციაში. მიმაჩნია, რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითარდეს კარგად. ფეხზე უნდა დადგეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი ხალხი. შემდეგ ვიზრუნოთ ახალ რეზიდენციებზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, განმარტა, რომ ავლაბრის რეზიდენციის შეცვლას არ აპირებს და არც ის იცის, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობას.
რეზიდენცია, რომლის მშენებლობაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს დაიწყო, თავდაპირველი გეგმის თანახმად, ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დასრულებულიყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესულ, ორბელიანების ისტორიულ სასახლეს, რომელშიც მოგვიანებით აშშ-ის საელჩო, სულ ბოლოს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იყო განთავსებული, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ პრემიერის რეზიდენციის სტატუსი მიანიჭა.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა კი სააკაშვილის და მისი მთავრობის გეგმები რადიკალურად შეცვალა. ათონელზე მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა და შესაბამისი სამუშაოები მოგვიანებით გაგრძელდა.
პრემიერის რეზიდენციაზე უარი, თავდაპირველად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა. 2013 წლის თებერვალში გასაიდუმლოებული ობიექტის მშენებლობის თემა გასაჯაროვდა და შენობის ტერიტორიის დათვალიერების შესაძლებლობა ჟურნალისტებსაც მიეცათ.
საზოგადოებამ, სწორედ, მაშინ ნახა კადრები ფეშენებელური შენობიდან, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეებს, ძვირადღირებულ აპარტამენტებსა და მოსასვენებელ ოთახებს მოიცავს. მაშინ ითქვა კიდეც, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საგმოძიებო ორგანოებს უნდა შეესწავლათ.
რეზიდენციის მშენებლობას თავდაპირველად კომპანია „არტესი“ ახორციელებდა და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონიც მიიღო. მოგვიანებით, „არტესს“ პირობების დარღვევის საფუძველზე ხელშეკრულება გაუუქმეს. კერძო სამშენებლო კომპანიის შემდეგ ობიექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. სამშენებლო პროცესზე ზედამხედველობა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიას“ დაევალა.
მშენებლობის პროცესი ერთგვარად გაჭიანურდა და ათონელის რეზიდენციაში სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება. როდის დასრულდება შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები და რა დანიშნულება ექნება მას? - For.ge რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სამთავრობო რეზიდენცია განსაზღვრული გეგმისა და გრაფიკის გათვალისწინებით შენდება, მის სტატუსს კი მთავრობა განსაზღვრავს.
„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია სამთავრობო რეზიდენციებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. ათონელის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა სტატუსი მიენიჭება აღნიშნულ შენობას საქართველოს მთავრობა მიიღებს“, - განმარტავენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ათონელის რეზიდენციაზე ხელისუფლების უმაღლესი პირების უარს „პოლიტიკურ კეკლუცობასა“ და „პოპულიზმს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი გიორგი თევდორაძე. მისი განცხადებით, უმჯობესია, ხელისუფლება რეალური პრობლემებით დაინტერესდეს, სოციალურ საკითხებზე იზრუნოს და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს საფრთხე არ შეუქმნას.
„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დაეწყო აგონიის პერიოდი და თავადაც არ იციან, რას აკეთებენ. ან, შესაძლოა, მე ვცდები და კარგად იციან და ფართო ნაბიჯებით მიდიან კიდეც დასავლური ღირებულებებისგან გვერდზე გადგომის გზაზე. ვურჩევდი მათ, ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე დაფიქრდნენ, დაფიქრდნენ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, გაზრდილ კრიმინალზე და არა შენობებში შესვლა-შეუსვლელობაზე. კარგად გვახსოვს მათი მოსაზრებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი შევიდა იმ შენობაში და, ბოლოსდაბოლოს, კეთილგონიერებამ გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, ამ შენობასთან დაკავშირებითაც კიდევ 30-ჯერ შეიცვლება პოზიცია და დამოკიდებულება“, - განუცხადა for.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ უკვე აშენებულ შენობას ხელისუფლება სათანადოდ გამოიყენებს და არ გამორიცხავენ, რომ პრემიერის რეზიდენციის მიზნით აშენებული ობიექტი სახელმწიფომ გაყიდოს კიდეც.
„შეიძლება, რომელიმე სახელმწიფო უწყება განთავსდეს ამ შენობაში, შესაძლოა, სულაც საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდეს და გაიყიდოს. არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე საელჩო მოეწყოს - ისე, რომ ფული, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ შენობას მოხმარდა, არ დაიკარგება“, - გაუნცხადა for.ge-ს გიგლა აგულაშვილმა.
თუ რა ბედი ეწევა, რეალურად, ათონელის ქუჩაზე მდებარე, ამ დროისთვის „უპატრონო“ 7-სართულიან შენობას, მთავრობა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს.