მამია სანადირაძე: “კრიშა”, ანუ კალაძე ამას უანგაროდ არ აკეთებს“

მამია სანადირაძე: “კრიშა”, ანუ კალაძე ამას უანგაროდ არ აკეთებს“

ბიზნესმენი სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის აღძვრას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას, შესაძლოა, კიდევ ერთ საქმე დაემატოს. “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე თავისი ბიზნესის წართმევაში ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს. როგორც სანადირაძემ “ბიზნეს-რეზონანსს” განუცხადა, მას ქონების იძულების გზით წართმევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს, თუმცა პროკურატურაში შეტანილი სარჩელი 2 წელია გაჩერებულია და მის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

ვისი დაკვეთით დათმო კომპანია ბიზნესმენმა და რა სამხილი აქვს დაზარალებულს? რატომ აჭიანურებს “კავკასუს ონლაინის” საქმეს პროკურატურა? ვინ მფარველობს დამნაშავეთა გუნდს? ამ და სხვა კითხვებზე “ბიზნეს-რეზონანსს” მამია სანადირაძე უპასუხა.

“ბიზნეს-რეზონანსი”: საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, რა დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ, რომ კოპანიის წართმევა ყოფილი პრეზიდენტის მითითებით მოხდა და ის ამ საქმის მთავარი ფიგურაა?

მამია სანადირაძე: “დღეს, როდესაც საუბარია სააკაშვილსა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდაზე, აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს დანაშაული, რომელიც მას “კავკასუს ონლაინის” წართმევაში მიუძღვის. ამ საქმეში კრიმინალური ჯგუფის ყველა წევრმა თავისი როლი შეასრულა.

ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე გამოაშკარავდა 7 ნოემბრის დარღვევაზე, არ არის საკმარისი. კარგი იქნებოდა,  პროკურატურას ყურადღება მიექცია სააკაშვილისა და მისი ბანდის - ადეიშვილის, კეზერაშვილისა და უგულავას - ფინანსურ მაქინაციებზე და ძარცვა-გლეჯაზე  რაც ამ ჯგუფმა “კავკასუს ონლაინის” მიმართ ჩაიდინა. სააკაშვილი კრიმინალური დამნაშავეა და ხალხს ფულს ორგანიზებული თაღლითური და ყაჩაღური მეთოდებით სძალავდა.

“კავკასუს ონლაინის” საქმეს თაროდან თუ გადმოიღებენ და გამოიძიებენ, აშკარად დაინახავენ, რომ ჩემთვის ქონების წართმევა მოხდა მიხეილ სააკაშვილის მითითებით, რაც დადასტურებულიცაა.  კარგი იქნება თუ მთავრობა დაძრავს “კავკასუს ონლაინის” საქმეზე დაწყებულ გამოძიებას და ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალს წაუყენებენ, როგორც მძარცველს.

“ბ-რ”: თქვენ ხშირად ახსენებთ, რომ კომპანიის წართმევამდე არაერთგზის იყო მცდელობა მისი ფინანსური გაკოტრებისთვის, რაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ადანაშაულებდით. კონკრეტულად ვინ არიან ისინი და რა წვლილი მიუძღვით იმ პროცესებში, რაც შემდეგ განვითარდა და თქვენი, როგორც ბიზნესმენის, ქვეყნიდან გაქცევის საბაბი გახდა?

მ.ს: დიახ, ქონების წართმევამდე იყო მრავალი მცდელობა, რომ კომპანია ფინანსურად გაეკოტრებინათ და ინფრასტრუქურა მოეშალათ, რაც სააკაშვილის მითითებით ხდებოდა და ამ პროცესში, მისივე დაკვეთით, სხვადასხვა უწყება აქტიურად მონაწილეობდა. ესენი არიან მერიის ზედამხედველობის სამსახური - გიგი უგულავას დაქვემდებარებული უწყება, საპატრულო პოლიცია(ვანო მერაბიშვილი), მარეგულირებელი კომისია(ირაკლი ჩიქოვანი) და საგადასახადო სამსახური.

“კავკასუს ონლაინის” კოორდინირებულ ნგრევაში ჩართული იყო კონკურენტი ფირმა “სილქნეტი” (გიორგი რამიშვილი, იგივე “ზარალა”), რისი დამადასტურებელი ვიდეომასალა და სხვა სახის ფაქტებიც გაგვაჩნია. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ კომპანია გაკოტრებულიყო.

საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები იმ პერიოდში კომპანიაში ფინანსური შემოწმების მიზნით შემოვიდნენ და 5-თვიანი უშედეგო მუშაობის შემდეგ გამოაცხადეს, რომ 11 მილიონი ლარით მაჯარიმებდნენ იმის გამო, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ინტერნეტმომსახურებაზე დაბალი ფასი მქონდა დაწესებული. განმიცხადეს, რომ აღნიშნული თანხა 45 დღის ვადაში უნდა გადამეხადა და თუ არ გადავიხდიდი, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად გამასამართლებდნენ.

“ბ-რ”: რეალურად რა მოხდა, როგორ დათმეთ ბიზნესი?

მ.ს: მრავალჯერ დამემუქრნენ სიცოცხლის ხელყოფით. ამის დამადასტურებელი ფაქტები ქალაქის პროკურატურაში უკვე მაქვს წარდგენილი. მუქარების შემდეგ იძულებული გავხდი პირობებს დავთანხმებულიყავი და 50%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასა და ლევან ყარამანაშვილისთვის(რუსთავი2-ის დღევანდელი მფლობელი) გადამეფორმებინა, 3-მილიონიანი “ბე”-ს სანაცვლოდ (“კავკასუს ონლაინის” საბაზრო ღირებულება იმ პერიოდში 150 მილიონი აშშ დოლარი იყო) და დავლოდებოდი შემდეგი სამი წლის განმავლობაში 15 მილიონ აშშ დოლარს.

კომპანიის წილების გადაფორმებიდან რამდენიმე დღეში მათ განმიცხადეს, რომ აღარ აპირებდნენ 15 მილიონი დოლარის გადახდას, რადგან კომპანია ამდენი არ ღირდა. ამჯერდ მხოლოდ 10 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ (ანუ სულ 13 მილიონს) მთელ ჩემს 80%-იან წილში და თუ უარს ვიტყოდი, “კავკასუს ონლაინი” გაკოტრდებოდა.

დავრწმუნდი რა მათ შესაძლებლობებში, მივხვდი, რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ. ამიტომ ოჯახთან ერთად ინგლისში გავიქეცი, იქაც მომძებნეს. მითხრეს, რომ ვერც იქ ვიქნებოდი უსაფრთხოდ და თუ მათ პირობებს არ დავთანხმდებოდი, კომპანიას გააკოტრებდნენ, მე და ჩემს ახლობლებს კი დამატებით პრობლემებს შეგვიქმნიდნენ.  ამ ყველაფრის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერები მაქვს, რომლებიც გადავეცი ქალაქის პროკურატურას და თაროდან დღემდე არ ჩამოუღიათ.

“ბ-რ”: რას ამხელს ფაქტები, რომელიც თავის დროზე პროკურატურას წარუდგინეთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ის სააკაშვილის ბრალეულობის დასამტკიცებლად საკმარისია?

მ.ს: სააკაშვილის ბრალეულობის მთავარი მტკიცებულება დღეს პროკურატურაშია. ეს არის ლონდონში გაკეთებული აუდიოჩანაწერები, რომელსაც გავლილი აქვს ეროვნული ექსპერტიზის ბიურო და მისი იდენტურობა დამტკიცებულია.

კერძოდ, ჩემი დევნა-შევიწროების პერიოდში დამიკავშირდა თანაკლასელი ლევან ხუნდაძე და მთხოვა შეხვედრა. შეხვედრის დროს მან მითხრა, რომ იგი „ჯი ემ სი ჯგუფის წარმომადგენელი იყო და მათ მიხეილ სააკაშვილის დავალებით დაუკავშირდნენ ტელეფონზე და უბრძანეს, “წამოეღოთ” “კავკასუს ონლაინი”. ამ შეხვედრის შემდეგ მან ჩვენ ოფისში მოიყვანა და გამაცნო ხვიჩა მაქაცარია და ლევან ყარამანაშვილი. განმიცხადეს, რომ ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნაა გადამეცა მათთვის კომპანიის 50%-იანი წილი, ხოლო გენერალური დირექტორის თანამდებობა დამეტოვებინა. თუ ასე მოვიქცეოდი, პრობლემები მომეხსნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპანიას გაანადგურებდნენ და “ნარჩენებს” “სილქნეტს” გადასცემდნენ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობამ უნდა დაძრას ეს საქმე და სააკაშვილს წაუყენონ ახალი ბრალი, როგორც ყაჩაღს. მოგეხსენებათ  გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაში, დოკუმენტის მეათე მუხლის თანახმად, კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს. მათ შორის საუბარია იმ საქმეებზე რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. აი ეს არის სწორედ მისი ნამდვილი სახე.
ყველაფერი გამოძიებულია, არის ფაქტი, არიან მოწმეები, მაგრამ დამნაშავეებს ჰყავს მფარველები და გამოძიების დასრულება მხოლოდ ამ მიზნით ჭიანურდება, რაც საზოგადოებას დემორალიზებას გამოიწვევს.

“ბ-რ:” ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ დამნაშავეების მფარველობაში ვიცე-პრემიერს ადანაშაულებთ, ბოლო პერიოდში “კავკასუს ონლაინის” მიმართ კახი კალაძის ინტერესებიც გამოიკვეთა, თუმცა მან საბოლოოდ ეს უარყო. ამ ეტაპზეც რჩებით მოსაზრებაზე, რომ კახი კალაძის სახით დამნაშავეებს ახალი მფარველი ჰყავთ ხელისუფლებაში?

მ.ს: ვეცადე ხვიჩა მაქაცარიადან კომპანია ფინანსურად გამომესყიდა. „კავკასუს ონლაინს“  დღესდღეობით ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს. რომც დავიბრუნო, შეიძლება, მისგან არაფერი დარჩეს, რადგან საკრედიტო დავალიანებები გასამმაგებულია. დიდი ალბათობაა, რომ უკვე კრედიტორებმა მთლიანად წაიღონ ეს კომპანია და მე არაფერი დამიბრუნდეს.

სწორედ ასეთ დროს კახი კალაძე გამოჩნდა. მაქვს კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია, რომ ის მფარველობს მაქაცარიას და მისი “კრიშაა” მთავრობაში. ეს ხალხი მოქმედებს ნაცადი ხერხითა და ტექნოლოგიით. ცხადია, “კრიშა”, ანუ კალაძე ამას უანგაროდ არ აკეთებს და არც მაქაცარიაა ხეიბარი, რომ ალტრუისტული დახმარება სჭირდებოდეს.

მყავს მოწმეები, გამოკვეთილია სისხლის სამართლის დანაშაული. როგორც კი მთავრობა შეიცვალა მაშინვე მივმართე. მთელი წელიწადი და 10 თვე გავიდა და ეს საქმე თაროზეა შემოდებული. ხოლო ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ცდილობს წინა ხელისუფლების დროინდელი დამნაშავეების მფარველობაში იშოვოს ფული და დარწმუნებულია, რომ არავინ არაფერს მოჰკითხავს.