პრეზიდენტობიდან რიგით ბრალდებულამდე

პრეზიდენტობიდან რიგით ბრალდებულამდე

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძებნა, ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით გამოცხადდება. ამ შუამდგომლობით ბრალდების მხარე შსს-ს ოფიციალურად მიმართავს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ძებნილის დაკავების შემთხვევაში, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ექსტრადირება მოხდება.

ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის პესპექტივა აბსოლუტურად არარეალისტურია.

„აბსოლუტურად არარეალისტურია მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა. ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ქრონიკას, 2012 წლის მიწურულიდან რა განცხადებებს აკეთებს ცივილიზებული სამყარო, რა შეფასებებს აკეთებენ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს არა აქვთ. შეგვიძლია, ელემენტარულად, დავით კეზერაშვილის საქმე გავიხსენოთ, სადაც საფრანგეთის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს საკითხი განსახილველიც არ არის“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განხადებით, განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ არ უნდა გამოიძიოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულები, პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავარ დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს.

„საჭიროა, ყველანი გამოძიების საბოლოო შედეგებს დაველოდოთ და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო დაადგენს ამა თუ იმ პირის დანაშაულეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ პროცესის გამჭვირვალობას. ჩვენ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობა დავიწყეთ, ვართ სუვერენული სახელმწიფო, გვსურს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, როგორიც არის თანამედროვე, განვითარებული ევროპული სახელმწიფოები. თუ ვაცხადებთ, რომ გვსურს თანამედროვე ევროპული ინსტიტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება დაცული, მაშინ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა.

სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეიზდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, არის აბსურდი. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას, ვერც ერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერჯერობით წინ არის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით არსებობს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომელიც ბრალდებულს სასამართლომდე მიიყვანს. კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების შემთხვევაში, რა პროცედურები იქნება ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი განმარტავს, რომ როდესაც ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა შერჩეული, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ წარსდგეს საგამოძიებო ორგანოს და სასამართლოს წინაშე. 

„აქ შეიძლება გამოყენებული იყოს კანონით დართული მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს მიიყვანს გამომძიებლამდე და სასამართლომდე. იქნება ეს გვარად სააკაშვილი თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე აცხადებს, რომ აშშ-ის გარკვეულ წრეებში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები და ინტერესი არსებობს, რაც მისი თქმით, ბუნებრივია. ელჩი განმარტავს, რომ ქვეყნის ინტერესებშია, რომ პროცესი მაქსიმალურად მაღალი დემოკრატიული ნორმების დაცვით წარიმართოს, რითაც პირველ რიგში, საქართველოს დემოკრატია მოიგებს. 

„ეს თემა ინტერესს იწვევს აშშ-ში. ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია, მაგრამ არიან ცალკეული წრეები, ცალკეული ჯგუფები, იქნებიან ეს სენატორები, ადმინისტრაციული სტრუქტურების წარმომადგენლები, თუ მედია საშუალებები. კითხვები და ინეტერესი ბუნებრივია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატია გახლავთ, ქვეყანაში საინტერესო პროცესები ვითარდება, განსაკუთრებით - ბოლო ხანებში.

ამდაგვარი განცხადებებით, ამდაგვარი შეკითხვებით ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და გვირჩევენ, რომ არ დავუშვათ რაიმე ნორმიდან, სტანდარტიდან გადახვევა. ეს არის კითხვები, რომლებსაც სჭირდება სათანადო ახსნა-განმარტება, მათ შორის სათანადო დიპლომატიური მუშაობა და ეს პროცესი მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ გეგეშიძემ. 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოსთვის მისი გადმოცემის პროცედურას საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს. კოჟორიძის განცხადებით, ამ ეტაპზე დაცვის მხარე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში. მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა და მიემართოს ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს. 

მისივე განცხადებით, ეს ბიურო დამოუკიდებლად განსაზღვრავს, როგორც ბრალდების საფუძვლიანობას, ასევე იმას, არის თუ არა პოლიტიკური მოტივები და ამის შემდეგ გადაწყვეტს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს. კოჟორიძის განცხადებით, ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იქნება, ავტომატურად იქნება ვალდებული დააკავოს ის და გადმოსცეს საქართველოს.

„ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყანასა და საქართველოს შორის სისხლის სამართლის სფეროში რა ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებაა გაფორმებული. პროცედურა ასევე დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნის სამართლადამცავ ორგანოებზეც, რომლებიც გადმოცემის საკითხს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ. ქვეყანა, სადაც მოხდება სააკაშილის დაკავება, მოითხოვს საქმის სრულ მასალებს. ამ შემთხვევაში პირის ექსტარადირებისთვის კონკრეტული მტკიცებები და არგუმენტები იქნება გადამწყვეტი“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.