ერეკლე კოდუას განცხადებით, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ პატარკაციშვილის სურვილი იყო, მომკვდარიყო მისი გუნდის ოთხი წევრი, რაც ხელისუფლებას დაბრალდებოდა. ერთი, ეს იყო გოგა ხაინდრავა და დანარჩენ სამ ადამიანზე სიას მოგვიანებით მიაწვდიდა. კოდუას მტკიცებით, ბიზნესმენი მისი გუნდის ისეთ წევრებს იცილებდა, საზაგადოება 100 პროცენტით ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა.
ბიზნესმენის უახლესი მეგობარი, რეჟისორი გოგა ხაინდავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, მისი მკვლელობა კოდუას, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაუკვეთეს, რათა შემდეგ ეს ბადრი პატარკაციშვილისთვის გადაებრალებინათ.
For.ge გოგა ხაინდრავას ესაუბრა.
რამდენად სარწმუნოა თქვენთვის ერეკლე კოდუა განცხადება, გჯერათ ამის?
- რა თქმა უნდა - არა. კოდუას ცუდი ოფიციანტივით მოუვიდა - ოფიციანტი რომ რამსებს დაკარგავს და ვინ რა შეუკვეთა აღარ ახსოვს, ეგრეა ამათი ამბავი. ეს შეკვეთა მას სააკაშვილმა და მერაბიშვილმა მისცეს ეტყობა და ახლა ფსიქოლოგიურ ნიადაგზე რამსები აერია. ესმით რაც ელოდებათ და ეწვით ერთი ადგილი.
იციან რაც ელოდებათ, ჩადენილი რაც აქვთ ისიც იციან და პირველი შეშლილობაც დაეწყოთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, კოდუა არინ შიზოფრენიით დაავადებული ხალხი. ეს ავადმყოფობა, უკვე, ისეთ ხარისხში გადავიდა, თვითონ აღარ იციან რას აკეთებენ. სხვა კომენტარის გაკეთება ამ შიზოფრენიაზე შეუძლებელია.
რაც შეეხება ნოემბრის მოვლენებს, ამ საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც 7 ნოემბერს დილის საათებში დააკავეს, თქვენ იყავით. თუმცა, ამის მიუხედავად არ ხართ დაკითხული. იგეგმება თქვენი დაკითხვა?
- როდესაც ადამიანი აკეთებს საჯარო განცხადებას, იგივეა პროკურატურაში განცხადება შეიტანოს რაიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი კავშირის შესახებ. არაერთი განცხადება მაქვა გაკეთებული და დამკითხვას თუ არა პროკურატურა, ეს პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, რომ უნდა დამკითხოს. იმიტომ, რომ თუ ვინმე არის მოწმე იმ ყველაფრის, რაც ხდებოდა საქართველოში და განსაკუთრებით ნოემბრის დღეებში, ერთ-ერთი მე ვარ.
ოპოზიციის და ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი. ბუნებრივია, რომ უჩემოდ იქ ვერაფერი ვერ მოხდებოდა. პირველი, ვინც 7 ნოემბერს დილას დააკავეს, მე ვიყავი. მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ მაკავებდნენ. სამი მუხლით უნდოდათ ჩემთვის ბრალის წაყენება - ძალადობა, ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ როდესაც სასამართლოზე მოიტანეს ფირი და აჩვენეს, რომ ხელებაწეული ვიდექი, როდესაც ნაბადებში გადაცმული ზონდერები მოვიდნენ და ისე ჩამსვეს მანაქანაში, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვერაფერი გააკეთეს და სასამართლოზე შემოიტანეს ბრალდება, თითქოსდა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.
გადაგიყვანეს ნარკოლოგიურში?
- არა. არასად არ გადუვუყვანივართ და არც არავის არ გავუსინჯივარ. ბუნებრივია, რომ ეს იყო სიცრუე. ჩემთან ერთად იყო ზურაბ მარაქველიძეც და მასაც შეუძლია დაადასტუროს, რომ პროტესტის ნიშნად პოლიციასთან არავითარი კონტაქტი არ მქონდა, არც ჩვენებას ვაძლევდი და რაიმე ტიპის შემოწმებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რიგითი პოლიციელები რომ მიყურებდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ, ხან იქით წამიყვანეს, ხან აქეთ, დაბნეულები იყვნენ. ბოლოს გლდანის სასამართლოში გამასამართლეს.
რაც მთავარია, 7 ნოემბერს ვერანაირი გადატრიალება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ 6 დღის ნაშიმშილარი 50 კაცი ვიდექით პარლამენტის წინ. საპროტესტო აქცია თვენახევარი მზადდებოდა, 27 სექტემბერს დავაანონსეთ, რომ ჩვენი საპროტესტო აქციის ცენტრალური დღე იქნებოდა 2 ნოემბერი. სწორედ 2 ნოემბერს შეიკრიბა 200-დან 250 ათასი ადამიანი და ძალიან მშვიდობიანად დამთავრდა ეს აქცია.
ეს აქცია გახდა მაშინ ხელისუფლებისთვის იმის მტკიცების საფუძველი, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება...
- ყველა გამოსვლა არის დაფიქსირებული. იქ თუ სადმე არის ძალადობისკენ მოწოდება, ამის ნახვა ნებისმიერს შეეძლო, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ზუსტად იმ აქციაზე იყო მოსული ბადრი პატარკაციშვილი, იმ დღესვე წავიდა საქართველოდან და არ დაბრუნებულა. რასაც ნაციონალები ამბობდნენ და ბურჯანაძეც ეთანხმებოდა - თურმე რაღაცა გადატრიალებისგან გადაარჩინეს საქართველო - ეს იყო მტკნარი სიცრუე და ცილისწამება.
ერთადერთი კითხვა მაქვს ქართულ პრესასთან, რატომ აკეთებენ ამ სიცრუის ტირაჟირებას, რასაც ეს ბოროტმოქმედები აცხადებენ. არა თუ გადატრიალება, არამედ ძალადობის მცდელობაც კი არ ყოფილა 7 ნოემბერს. უსასტიკესად გაგვისწორდნენ, ხალხი ცემაში მოკლეს, დაასახიჩრეს ასობით ადამიანი. მთელს თბილისში მოაწყვეს ნადირობა, ეზოში უვარდებოდნენ ხალხს ეს ზონდერები და ცემაში კლავდნენ.
როდესაც ნინო ბურჯანაძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნიდან მიმართა მოსახლეობას, რომ ქვეყანამ აიცილა სახელმწიფო გადატრიალება, მაშინ ის ამართლებდა ამ პროცესებს. თუმცა, ამავე საქმეზე ბურჯანაძე მხოლოდ მოწმის სახით არის დაკითხული. როგორ ფიქრობთ აქ ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას?
- ბურჯანაძე არის იმ პროცესების თანამონაწილე. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბურჯანაძე გამოვიდა და პირდაპირ დაგვაბრალა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ეს მისი სიტყვებია, ისევე როგორც სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და გადაარჩინეს ქვეყანა. ამას თვითონ ბურჯანაძე ლაპარაკობს. ამიიღეთ კადრები და ნახეთ სადაც ამ ყველაფერს ქალბატონი ნინო ამბობს ხმამაღლა და ლაპარაკობს არა კერძო პირი, არამედ ლაპარაკობს პარლამანეტის თავმჯდომარე. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ რამეს ლაპარაკობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია სახელმწიფოსი. თუნდაც ამ ოფიციალურ პოზიციაზე განმარატება და პასუხისმგებლობა ნამდვილად ეკისრება ბურჯანაძეს. დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს, რამდენად მიუძღვის წვლილი იმაში, რაც იქ ხდებოდა.
თუმცა, ამ მიმართულებით, მის მიმართ პროკურატურას კითხვები არ აქვს...
- დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება, იქნება სასამართლო და იქ გამოჩნდება ყველაფერი, ვისაც ბრალი მიუძღვის. მე ბრალს კი არ ვუყენებ ბურჯანაძეს, მე ვამაბობ ფაქტს რაც იყო და სხვათა შორის, ის ნათქვამი მე მეხებოდა პირდაპირ. პროკურატურას რა მასალები აქვს და რა არა, მე ამას ვერ გეტყვით, ეს პროკურატურას ჰკითხეთ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ბურჯანაძემ ცილი დაგვწამა და სახელმწიფო გადატრიალება დაგვაბრალა, მაშინ, როდესაც ასეთი რამე ბუნებაში არ ყოფილა, ეს გააკეთა ოფიციალურმა პირმა. დანარჩენი გამოძიებამ ნახოს და დაადგინოს რა წვლილი მიუძღვის. პარლამენტის თავმჯდომარე იყო, კარის კაცი ხომ არ იყო?!
4 ნოემბრის თათბირის დეტალები გაახმაუარა ვასილ მაღლაფერიძემ, ეს არის გამოძიების ერთ-ერთი მტკიცებულება, თუმცა, უმცირესობა ამბობს, რომ ამ საქმის ძიება და ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება, ეს არის რუსული გეგმის ნაწილი. საინტერესოა თქვენი პოზიცია...
- ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმის მოწყობა ნადვილად იყო პუტინის დაკვეთა, ეს დაკვეთა ჩამოიტანა სააკაშვილის ბიძამ და ამათმა შეასრულეს. ქართველი ხალხის წელში გადატეხვა, ღისების შელახვა - ზუსტად ეს იყო პუტინის დავალება, მაგისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. ვანო მერაბიშვილი რომ რუსეთთან თანამშრომლობდა, ეს ამერიკაში იციან და საქართველში არ იციან? რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ბელორუსიაში და ჩინეთში ხვდებოდა ფე-ეს-ბე-ს წარმომადგენლებს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხოტბას ღიად და დაუფარავად ასხამდნენ ვანო მერაბიშვილს, ვისაც ინტერვიუებს აძლევდა, ეს იყო რუსეთი.
სხვაგან ვანო მერაბიშვილი არავის არ აინტერესებდა, რუსეთში მაგალითად მოჰყავდათ როგორც ერთ-ერთი წარამატებული ადამიანი. ლამის იყო, რუსეთის შს მინისტრად გადაიყვანეს, პატარა ჩინი ჰქონდა ფე-ეს-ბე-ში თორემ გადაიყვანდნენ. რა თქმა უნდა, პუტინის დავალებით იყო 7 ნოემბერი მოწყობილი, რომ ქართველი ხალხის სიმტკიცე გაეტახათ და მერე მოეწყოთ ის, რაც მოაწყვეს 8 აგვისტოს. ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.
ამის დროც მოვა და ყველაფერი გამჟღავნდება. ბენდუქიძის, სააკაშვილის, თემურ ალასანიას, ვანო მერაბიშივილის როლი გამჟღავნდება, როგორც რუსეთის ინტერესების დამცველების და რუსეთის სატელიტების საქართველოში ღიად და დაუფარავად. ბენდუქიძე პუტინმა გამოაგზავნა საქართველოში და ეს იცის ყველამ, უბრალოდ, ქართულ მედიას ავიწყდება. რაც ბენდუქიძემ გააკეთა ყველამ კარგად ვიცით - ყველაფერი გაყიდა და ვის მიჰყიდა? - რა თქმა უნდა - რუსეთს. გამჟღავნდება ასევე სააკაშვილის წერილი, რომელიც პუტინს გაუგზავანა.
შეგიძლიათ გვითხრათ რას წერდა სააკაშვილი ამ წერილში?
- 2007 წელს გაიგზავნა ეს წერილი, მაგრამ მივიწყებულია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს და საქართველოს რას უზამს. წერილში წერდა, რომ „ღალის გზაზე“ გავიყოთ აფხეზეთი, იქ შენ იყავი და აქეთ მე ვიქნებიო, აი ეს რატომ დაგავიწყდათ?! რაც 9 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა, ყველაფერი რუსების სასარგებლოდ განხორციელდა. ერთი-ერთში, ზუსტად იგივე პროვოკაციებს ჩადიან ახლა უკრაინაში, იგივე დავალებას ასრულებენ, რა დავალებასაც საქართველოში ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის დავალებით.
რუსული დავალების შესასრულებლად იმყოფებიან უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები?
- რა თქმა უნდა. ქვეყანა შუაზე გაყვეს. ზუსტად იგივე შედეგს ვღებულობთ უკრაინაში, რაც მოხდა 2008 წელს საქართველში. უკრაინამ დაკარგა უკვე ყირიმი და კარგავს აღმოსავლეთ უკრაინას, ეს ნათელია. ამას კურირებს ეს ჯგუფი. ეს ხომ ნათელია და დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება. ახლა გაერომ გამოაქვეყნა წერილი, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები ჰქვია იმ წერილს, ამას პოლიტიკური დოკუმენტი როგორ უნდა უწოდო?!
წერილის ორი მესამედი დათმობილია იმაზე, რატომ არ იჭერთ, რატომ არ იძიებთ წამების და მკვლელობის საქმესო და მეორე მესამედში წერია, რომ ხელი არ ახლოთ მაგათ, შეშფოთებული ვართო. ეს ერთმანეთში თავსებადი როგორ არის, იქნებ ვინმემ გამააგებინოს. ამერიკელები ჩვენგან დემოკრატიას ითხოვენ და ამ სისხლის მსმელს, ამ კაციჭამიას ამერიკაში ლექსიებს აკითხინებენ, დემოკრატიის შუქურას ეძახიან ადამიანს, რომელსაც პირდაპირ გამოჰქონდა ადამიანებისთვის განაჩენი - ის მოკალით, ეს ჩამოახრჩვეთ. ეს არის პოლიტიკური საგიჟეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება.