ქართველი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი თემურ დადიანი, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ფეხი დაკარგა, მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება.
სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
23 წლის დადიანი რეკორდების წიგნებში მოხვედრას ერთ–ერთი უიშვიათესი ფიზიკური ვარჯიშის – ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით აპირებს, რომლის დროსაც ის მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ–ერთი ცნობილი ელემენტის, ე.წ. „ფლენჩის“ (Pლანცჰე) სახესხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა განსაკუთრებული სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასოდეს დამყარებულა.
თემურ დადიანის სარეკორდო ასპარეზობა დღეს, 13:00 საათზე, გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს ცენტრში გაიმართება.
გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურმა ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 10 აზიდვა უნდა შეასრულოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება და წარმატების შემთხვევაში ადგილზე დაადასტურებს ქართველი ჯარისკაცის შედეგს.
თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში, IშAF-ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა. იმავე წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. ასევე, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.