„თბილისიდან ბათუმამდე 2 ათასი თურქულენოვანი წარწერაა გამოკრული“

„თბილისიდან ბათუმამდე 2 ათასი თურქულენოვანი წარწერაა გამოკრული“

"თუ ადამიანმა წინასწარ არ იცის, რომელ ქალაქს სტუმრობს, ისე ვერ მიხვდება, რომ თბილისში იმყოფება, რადგან უამრავი უცხოურენოვანი წარწერაა გარშემო“, - მიიჩნევენ მეცნიერ-აკადემიკოსები და სახელმწიფო ენის დაცვას მოითხოვენ.

ქართული ენის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაწესდება. სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით მეცნიერების მიერ შეთავაზებულ პროექტზე პარლამენტში უკვე იმსჯელეს. პროექტი აკადემიკოსების - თამაზ გამყრელიძის, ჯონი ხეცურიანის, მზექალა შანიძისა და გუჩა კვარაცხელიას, ასევე, აკადემიკოს წევრ-კორესპონდენტების ავთანდილ არაბულისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატ ლევან ღვინჯილიას მიერ მომზადდა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო ენის სტატუსი სრულფასოვანი უნდა იყოს და არ უნდა შეიზღუდოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე, - საზღვარგარეთაც, სადაც მას აქვს გამოყენების ასპარეზი.

ქართული ენის კანონის დარღვევისთვის ჯარიმები როგორ განისაზღვრება?

- სახელმწიფოებრიობის კრიზისი იმაშიც გამოიხატება, რომ სახელმწიფო საკუთარ ენას ვერ უვლის. მოგეხსენებათ, არსებობს რეგიონები და არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან მოწყვეტილი რეგიონები, არამედ ისეთი რეგიონებიც, სადაც 90-იანი წლების შემდეგ ძნელბედობის გამო, მთელი თაობები გაიზარდა, რომელთაც არ იციან სახელმწიფო ენა. ჩვენს მოქალაქეებს არ შეუძლიათ კომუნიკაცია სახელმწიფო დაწესებულებებთან. ამაზე უფრო მეტი დარღვევა რა შეიძლება იყოს?! სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარ მოქალაქეს მისცეს პირობები, რომ მას ჰქონდეს წვდომა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციასთან, მათ შორის, სახელმწიფო ენის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ახლანდელი ხელისუფლება მოწადინებულია, ეს საკითხი გადაწყვიტოს და ეს კანონი ამის განმსაზღვრელია. გასული წლის სექტემბრისთვის შეცდომით აგორდა ტალღა და ჟურნალისტებს უთხრეს, თქვენს დაჯარიმებას აპირებენ ლიტერატურული ენის დარღვევის გამოო. მათაც დაიჯერეს და დაიწყო მთელი ამბავი, დავდიოდით და ვეუბნებოდით, რომ ეს შეუძლებელია, ეს ასე არ არის, აქ საუბარია მატერიალურად ფიქსირებულ ქართული ენის გამოყენების ფაქტებზე. ეს არის სავაჭრო ნიშნები, სარეკლამო, აბრები და ფირნიშები, რასაც ჩვენ ვხედავთ ტრასებზე თუ თბილისში.

ამ თვალსაზრისით, არსებობდა კიდეც საჯარიმო სანქციები. კერძოდ, რეკლამის კანონში თუ ჩაიხედავთ, იქ არის საჯარიმო სანქციები სახელმწიფო ენის გამოუყენებლობისთვის. უბრალოდ, ამას არავინ იყენებდა. წარწერა იქნება, ფირნიში თუ რეკლამა, სახელმწიფო ენის დამახინჯების გამო, პირველ ეტაპზე, მათ გაფრთხილება მიეცემათ. ვეტყვით, კონკრეტულად რა დარღვევა აქვთ და რა უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ვადები იქნება დათქმული და თუ ამას არ გაასწორებენ, შემდეგ ამოქმედდება საჯარიმო სანქციები.

პირველ ჯერზე, ეს არის 200-300, მაქსიმუმ 500 ლარამდე ჯარიმა. თუ ამასაც არ გაითვალისწინებენ, შემდეგ იზრდება ათას ლარამდე და ფირნიშის დემონტაჟიც შეიძლება მოხდეს. გაფრთხილების ვადა რაციონალური იქნება. ამას დეპარტამენტი უხელმძღვანელებს. თუ დაწესებულებას პატარა ფირნიში აქვს მიკრული და მის შეცვლას 2 დღე სჭირდება, მას მიეცემა ერთი კვირა, ან უფრო მეტი.

ჯერ კიდევ შარშან, ქართული ენის სიწმინდის დაცვის ტალღა რომ აგორდა, მთელ თბილისში აქტუალური იყო ინგლისურენოვანი წარწერები. რამდენად შეიცვალეს სასტუმროს ან სხვა დაწესებულებების მეპატრონეებმა გარე წარწერების მხრივ მიდგომა?

- ეს პროცესი პოზიტიური გზით ჯერჯერობით არ განვითარებულა. შეიძლება, შარშანდელმა აჟიოტაჟმა ვიღაც შეაფერხა და ახალ დაწესებულებაზე წარწერა მარტო ინგლისურად ან მარტო თურქულად აღარ გააკეთეს, მაგრამ პროცესი წინ არ წასულა. სხვათა შორის, ბევრგან თურქული წარწერებია. როგორც კი კანონი ამოქმედდება, თქვენ თვითონვე იქნებით მომსწრე, რომ არც გაფრთხილება და არც ჯარიმა აღარ დასჭირდებათ, თვითონვე გამოასწორებენ.

ეს მართლაც აშკარაა, პლეხანოვზე რომ ჩაივლით, გგონიათ, თურქულ უბანში ხართ. თურქეთში ალბათ, არავინ დაუშვებს პრეცედენტს, რომ ქართული წარწერით ააჭრელონ იქაურობა.

- ამას არცერთ ქვეყანაში არ დაუშვებენ. ჯერ ერთი, ევროპის ქვეყნებში ერთენოვანი წარწერებია, ჩვეულებრივ ესაა სახელმწიფოენოვანი წარწერები.

საქართველოში ერთენოვანი წარწერა დაუშვებელია? წარწერები, მაინცდამაინც ბილინგური უნდა იყოს?

- საქართველოში დაშვებულია, რომ აუცილებლად სახელმწიფოენოვანი წარწერა უნდა იყოს და, ასევე,-  მეორენოვანიც. ჩვეულებრივ, ეს წარწერები პრაქტიკული დანიშნულებისაა, რადგან ჩვენი ქვეყანა გზაჯვარედინზეა. გააჩნია დაწესებულებას, მაგალითად, აფთიაქს არ სჭირდება ორენოვანი წარწერა, რადგან აფთიაქს ისეთი სიმბოლო ახატია, ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა იცის. ამიტომ, ამას ქართულიც ეყოფა. ამიტომ გააჩნია დაწესებულებას. რაც ჩვენთან ხდება, ამას სახელმწიფო არ ჰქვია. ეს წარწერები დათვლილია და თბილისიდან ბათუმამდე ტრასაზე, გზებზე 2 ათასი თუ 2 ათასზე მეტი მხოლოდ თურქულენოვანი წარწერაა გამოკრული. აბა, ასეთი რამ შეიძლება? თურქეთში ამას დაუშვებენ? თურქეთში ვყოფილვართ და ეს კარგად აქვთ მოგვარებული.

ევროპული ქვეყნები ლათინურენოვანი შრიფტით სარგებლობენ. გერმანულად რამე რომ ეწეროს, ფრანგი, ინგლისელი მაინც კითხულობს. რადგან ჩვენ ანბანი განსხვავებული გვაქვს, ეს პრობლემა არსებობს, რომ ჩვენს წარწერებს საერთოდ ვერავინ წაიკითხავს. ამიტომ, მეორე საერთაშორისო ენა უნდა იყოს იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც ყველა იყენებს.

ზოგჯერ მესამე ენაც რომ გვხვდება, ანუ სამენოვანი წარწერა?

- სამენოვანი წარწერა იქნება მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა. აფხაზური ენა იქნება ქართულთან ერთად და კიდევ ერთი საერთაშორისო ენის გამოყენება შეიძლება.

რა რეაქცია გაქვთ პარლამენტარებთან დაკავშირებით, როცა ისმენთ მათ მიერ დაბინძურებულ ქართულს? ზოგადად, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები როგორ მეტყველებენ?

- ცუდად. თუმცა ასეა განვითარებული მასმედიის საშუალებები და მთელი ქვეყანა შეჰყურებს მათ, ამიტომ მთელი შრომა სპეციალისტებს წყალში გვეყრება. ათასიანი, მილიონიანი აუდიტორია ჰყავთ პარლამენტარებს. სხვათა შორის, ყველაზე ლოიალური მე ვარ ჟურნალისტების მიმართ, რადგან ვიცი, როგორ ექსტრემალურ ვითარებაში უწევთ მათ ინფორმაციების გადამუშავება. ისეთ რამეს ასწრებენ, რაც სასწაულებრივია, მაგრამ ჟურნალისტის პასუხისმგებლობა იმით იზრდება, რომ ამხელა აუდიტორიის გამო მისი ერთი შეცდომა, როგორც წვეთი კუპრი, კასრს აფუჭებს. ჟურნალისტებთან დაკავშირებით ყოველთვიურად გვექნება ანგარიშები დიდი საინფორმაციო საშუალებების წინაშე, თუ რა შეცდომებს უშვებენ და როგორ უნდა გამოასწორონ.

პარლამენტარების სამეტყველო ქართული როგორ გაუმჯობესდება? თუ ჩაუტარდებათ სპეციალური კურსები?

- კარგი პრეცედენტია, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში არის ყოველკვირეული გადაცემა, რასაც თამარ ვაშაკიძე, ჩვენი მეტყველების კულტურის განყოფილების გამგე უძღვება. პოპულარული გახდა ეს გადაცემა. მოსწყურდა ხალხს კარგი ქართული. ნამდვილი შიმშილია იმისთვის, რომ ჩვენს ენას ვუპატრონოთ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ამბიციის გამოვლინება. სხვათა შორის, ეს ინიციატივა იყო წინა პარლამენტში. მაშინ თამაზ კვაჭანტირაძემ წამოიწყო, რომ რაღაც კურსებივით ყოფილიყო პარლამენტარებისთვის, მაგრამ არ განხორციელებულა. ახლა პირდაპირ კანონში პროგრამები გვაქვს. ასე რომ, პროგრამები გაკეთდება არაქართული რეგიონებისთვის, მასმედიისთვის, პარლამენტარებისთვის. ახლა სხვა უბედურება გვჭირს, რუსულენოვანმა უკან დაიწია და, სამაგიეროდ, იხუვლა ტერმინების გაუკონტროლებელმა მასამ. მარტო კომპიუტერული ტერმინოლოგია რომ ავიღოთ, რუსულ-ინგლისური ტერმინებია და ვერ მოვასწარით, რომ ქართულით ჩავანაცვლოთ.

სხვათა შორის, ინგილოები და ფერეიდნელები ამბობენ, რომ მათ განსაკუთრებულად შეინარჩუნეს მე-17 საუკუნის, სულხან-საბას დროინდელი ენა და გაცილებით არქაული ქართულით მეტყველებენ ჩაკეტილი სივრცის გამო. სამშობლოში დარჩენილი ქართველები კი შემდგომში დაუკავშირდნენ რუსებს, შემოვიდა ბარბარიზმები. 200- წლოვანი რუსული ანექსიის შემდეგ რამდენად დავკარგეთ ჩვენი ენის სიწმინდე? თუ უკავშირებთ ამ ყველაფერს ისტორიის პერიპეტიებს?

- ამ კითხვას ვრცელი მიმოხილვა სჭირდება. ისტორია მწვავედ შეეხო ინგილოებსაც, ფერეიდნელებსაც, მათ შეინარჩუნეს ქართული, მაგრამ მათმა მეტყველებამ სხვა გავლენა განიცადა- სპარსულის, თურქულის, აზერბაიჯანულის. სალიტერატურო ენა ყველაზე მეტად ინარჩუნებს სიწმინდეს. ამიტომ, ის ენა, რომელიც ემსახურება თანამედროვე საქართველოს, მაინც ყველაზე უფრო დახვეწილია ყველა ენასთან შედარებით, მათ შორის, კუთხურ ენასთან შედარებითაც. ლექსიკის შედგენილობის თვალსაზრისით, შეიძლება მეტად იყოს შერეული არაქართულენოვანი ტერმინოლოგიით, მაგრამ მეტყველების სიწმინდის თვალსაზრისით, უფრო დახვეწილი და დამუშავებულია. ფერეიდნელები და იმერხეველებიც ამბობენ, რომ ადრე გვესმოდა, რას ლაპარაკობენ ქართველი დიქტორები, ახლა არ გვესმის, ტემპი დაჩქარდა და ჭირს, ახლანდელი ჟურნალისტების მეტყველების გაყოლა.