„ბანკი უგულო, სასტიკი არსებაა, გულჩვილობა და სენტიმენტალობა არ ახასიათებს“

„ბანკი უგულო, სასტიკი არსებაა, გულჩვილობა და სენტიმენტალობა არ ახასიათებს“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ რატომღაც საქართველოში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია რეგიონსა და მსოფლიოში, სინამდვილეში, ეს ასე არ არის.

ქადაგიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას დაუკვეთა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ეს განაკვეთები არაა ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენი ეკონომიკაც არ იმყოფება იმ ფაზაში, როგორშიც დასავლური ეკონომიკები.

გიორგი ქადაგიძის ნათქვამის პარალელურად, ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთით შეწუხებული მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ისინი უნდა დაიცვას ბანკების ზეწოლისგან. „იბერიელთა კავშირის“ ხელმძღვანელი დარინა ლომინაძე ხუთშაბათს 12 საათზე კანცელარიასთან უვადო საპროტესტო აქციას იწყებს, რათა ფართო საზოგადოების ყურამდე კიდევ ერთხელ მიიტანოს იმ ოჯახების გასაჭირი, რომლებიც ბანკის თუ ყაჩაღებად ქცეული მიკროსაფინანსოების, ან იპოთეკარების ვალების გამო უკიდურეს გაჭირვებაში ჩაცვივდნენ.

დარინა ლომინაძის თქმით, მას ხშირად უწევს გამწარებული ხალხის მოსმენა და ყოველდღიურად ახალ-ახალ შემზარავ ფაქტებს იგებს. ზოგჯერ ბანკებსა და მევახშეებთან ურთიერთობა ლეტალურად მთავრდება, რადგან ადამიანებს არ აქვთ თანხის გადახდის საშუალება და ხშირად გულის შეტევით საავადმყოფოში ხვდებიან. „ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდება!“ - აცხადებს დარინა ლომინაძე.

სხვათა შორის, ამ რამდენიმე თვის წინ თავად გიორგი ქადაგიძემ მიმართა კომერციულ ბანკებს და ურჩია, თავი შეიკავონ ისეთი ტიპის აგრესიული სარეკლამო კამპანიებისგან, რომლებიც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას განაპირობებს. თუმცა ამის მიუხედავად, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ადამიანები უბინაოდ ისევ რჩებიან.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მაღალ საპროცენტო განაკვეთს განაპირობებს ქვეყანაში არსებული რისკები, საგარეო და საშინაო კუთხით ცვალებადი პოლიტიკური გარემო და მოსახლეობის გადახდის უუნარობა. პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპაში ბევრად უფრო დაბალია განაკვეთები, ვიდრე საქართველოში, მაგრამ საქართველოში შედარებით უფრო დაბალია განაკვეთები, ვიდრე თუნდაც შუა აზიის ქვეყნებში ან ჩვენს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, იმავე სომხეთში. ამიტომ ჩვენი ბანკების განაკვეთები ადეკვატურია იმ გარემოსი, რაც გვაქვს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ირაკლი ლექვინაძის თქმით, იქ მართლაც კატასტროფული განაკვეთებია. ერთი შეხედვით, ბანკების უწყინარი სერვისებიც კი, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები და სხვა, პრობლემურია. იქ ბევრი ისეთი ნიუანსია ჩადებული, რომელიც საპროცენტო განაკვეთის გარდა, ძალზე მაღალ დანახარჯებს იწვევს-  საკომისიები, ჯარიმები, ვადაგადაცილება.

„საუბარი იმაზე, რომ ბანკები სპეციალურად ზრდიან განაკვეთებს, ცოტა რთულია, რადგან ისინი ადეკვატურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ რისკებს. ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი დაახლოებით ასევე იმოქმედებდა. როცა ბანკები აცხადებდნენ ყალბ რეკლამას სესხის 7-8%-ად გაცემის შესახებ, რასკვირველია, სიცხადე აკლდა ამ ყველაფერს და საბოლოოდ აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. უფრო მეტიც, ვისთვისაც ხელმისაწვდომი იყო, მთლად 7 და 8%-იანი განაკვეთი არც ყოფილა. ან თუნდაც, ეს 7% იყო ცვალებადი, რაც დამოკიდებული იყო ადგილობრივ მონეტარული განაკვეთის ცვლილებაზე. ბანკები მონდომებულნი არ უნდა იყვნენ, აუცილებლად სესხი „შესტენონ“ მომხმარებელს, რაც მხოლოდ ბანკის სასარგებლოდ არის მორგებული“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში კრედიტი იაფი არ არის, მაგრამ გააჩნია, რას ვადარებთ, დასავლეთს თუ მეზობელ ქვეყნებს. მისი თქმით, გიორგი ქადაგიძე საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალია და როცა ლაპარაკობს პროცენტზე, უცებ ფულის ღირებულებას ჩართავს და ამბობს, რომ ბანკებს ფული უჯდებათ ამდენი, ჩვენთან დეპოზიტი ღირს ამდენი, გადასახადი ამდენი, ხარჯები, რისკები, დაზღვევა ამდენი და ბანკებიც უფრო იაფად ვერ გაასხვისებენო თანხებს.

„როცა ევროპის ქვეყნებში დეპოზიტის ღირებულება არის ნული ან 1%, ხოლო ჩვენთან 7-8%-ია დეპოზიტზე, ბუნებრივია, 10-12 % იქნება საზღაური იმისა, რომ კრედიტი მიიღოთ. ბანკი ხომ ფაქტიურად გამტარია, შუამავალი პროვაიდერია, ერთი მხრიდან იღებს კრედიტებს და მეორე მხრიდან გასცემს. უცხოეთიდანაც კი ბანკებს საკმაოდ ძვირიანი რესურსი მოაქვთ სესხის სახით. თუმცა მთავარია, რამდენად შეღავათია ასეთი დეტალური რეალური სურათის დახატვა იმ მოქალაქისთვის, რომელსაც სურს თავისი ბიზნესის დაწყება, ბინის მშენებლობა და სხვა. რა თქმა უნდა, არ არის შეღავათიანი. ამიტომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეკონომიკა. ბაზარზე როგორც კი გაჩნდება მოთხოვნა, იმ წუთში ბანკი იძულებული გახდება, დასწიოს პროცენტი. ბანკები, რომლებსაც თავისი მენეჯმენტის სამსახური აქვთ და, რომლებიც არიან ბაზელის ზედამხედველობის რეგულირების კომისიის მოთხოვნების ქვეშ, ვერ აყვებიან ემოციას, რომ ძვირია ფული საქართველოში და იაფად უნდა გასცენ საბანკო კრედიტები. ბანკი უგულო, სასტიკი არსებაა, გულჩვილობა და სენტიმენტალობა არ ახასიათებს, მას სურს მაქსიმალური მოგება ნებისმიერი გზით. ამიტომ ეროვნული ბანკი თუ უფრო მკაცრი რეგულატორი იქნება, უკეთესი იქნება მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია და განმარტავს, რომ ყველა განვითრებად ქვეყანაში იგივე პრობლემაა, ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მსგავს სიტუაციაშია, იაფი კრედიტი მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია, სადაც მოგების ნორმაც, დეპოზიტის დარიცხვაც და კრედიტიც დაბალია.

მისი თქმით, არ შეიძლება, ფულს ფასი არ ჰქონდეს, ეს კანონითაც აკრძალულია. საგადასახადო კოდექსით, მოგების გარეშე ოპერაცია არ უნდა ჩატარდეს, რადგან ფილანტროპი არავინაა. თუმცა ერთ წუთში განვადება და სხვა ოპერაციები მიმართულია ადამიანების გონების ასაბნევად, რომ ააღებინონ კრედიტი. ბანკები თავიანთი ყალბი გადაჭარბებული რეკლამით აბსოლუტურად სცოდავენ. ანეკდოტის დონეზე ვართ, როცა „უპროცენტო კრედიტით“ გვარწმუნებენ. სინამდვილეში, თუ უპროცენტოა, მაშინ კრედიტი აღარ გამოდის.

ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვს საკრედიტო რესურსებზე. სხვა ფაქტორებთან ერთად, პროცენტის სიდიდე დამოკიდებულია, ასევე, ინფლაციის მაჩვენებელზე.

„ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, თუმცა ამას მაინცდამაინც არსებითი გავლენა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე არ მოუხდენია. ფაქტობრივად, ნომინალური და რეალური საპროცენტი განაკვეთი ერთმანეთის ტოლი იყო, რაც საკმაოდ მაღალი იყო, იწყებოდა 15%-დან და ადიოდა 22%-მდე. ეს მერყეობს იმის მიხედვით, როგორია გრძელვადიანი სამომხმარებლო დატვირთვა. ნებისმიერი ბანკის საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი ყალიბდება მოზიდული სახსრებიდან. როგორც წესი, საკუთარი სახსრების მოცულობა არ აღემატება 20%-ს, დანარჩენი სულ მოზიდული სახსრებია. სახსრების მოზიდვაში დიდი წილი უჭირავს დეპოზიტებს, მოსახლეობის ანაბრებს. ამიტომ პროცენტების დაწესებისას ორიენტირი უნდა ავიღოთ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის და მაღალი დემოკრატიული კულტურის მქონე სახელმწიფოებისგან“,- აცხადებს იოსებ არჩვაძე და ერთ კონკრეულ ფაქტსაც იხსენებს, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ინფლაციის გამო, უნგრეთში ფასები ყოველ 12 საათში ერთხელ ორმაგდებოდა.