რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ დავით ჩხატარაშვილს აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან ადვოკატების შუამდგოლმლობის საფუძველზე გაანთავისუფლა. ადვოკატი ზაზა ქაჩიბაია განმარტავს, რომ საფუძვლები, რომლის საფუძველზე, დავით ჩხატარაშვილი დაკავებული იქნა, უკვე აღარ არსებობდა.
„პროკურატურა ითხოვდა წინასწარ პატიმრობაში დატოვებას, მაგრამ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ბრალლდებულს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. გირაოს თანხის გადახდის შედეგად წინასწარი პატიმრობიდან ჩხატარაშვილი გათავისუფლდა“, - განაცხადა ზაზა ქაჩიბაიამ.
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული დავით ჩხატარაშვილი პროკურატურის მთავარი მოწმე გახდა. პროკურატურაში არაოფიციალურად აცხადებენ, რომ ჩხატარაშვილი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.
ის, რომ შესაძლოა დავით ჩხატარაშვილის ჩვენებაზე იყოს აგებული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მიუხედავად იმისა - პროკურატურა ოფიციალურად ითხოვდა ჩხატარაშვილის პატიმრობაში დატოვებას და სასამართლომ პროკურატურის პოზიცია არ გაიზიარა, პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, მეტიც ამ საკითხზე მთავარი პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დავით ჩხატარაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანამშრომლობა დაიწყო პროკურატურასთან და მეტსახელად „ოქროს მოწმედ“ მოიხსენიებდნენ. პარალელურად ის შეხვედრებს მართავდა პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველთან გია ხუხაშვილთან, რომლის განცხადებით 9 წლის განმავლობაში „ჩხატარაშვილს სააკაშვილი და ადეიშვილი აკეთებინებდნენ ბევრ ცუდ საქმეს“. ხუხაშვილის განცხადებით, ჩხატარაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და მისთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.
For.ge მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მთავარი პროკურატურისგან მიეღო განმარტება, გაასაჩივრეს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტლება და თუ არ გაასაჩივრეს რატომ და გრძელდება თუ არა დავით ჩხატარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, პროკურატურის პრეს-სამსახურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; დამამცირებელი, არაადამინური მოპყრობის ორგანიზების; მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ბრალდებით, დავით ჩხატარაშვილი 2013 წლის 7 დეკემბერს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გადაღებული იყო მათ მიერ პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შემდეგ, საზოგადოებას ისე მიაწოდეს, თითქოს, სახელმწიფოს შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. იურისტი ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ დანაშაული, რომელსაც ედავებიან ჩხატარაშვილს, არის უზარმაზარი საზოგადობეივი ინტერესის საგანი, შებამისად, პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა ამ საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აცნობოს საზოგადოებას.
„ამ ფაქტის დამალვა ჩემთვის ნიშნავს, რომ პროკურატურას არ აქვს ამ საქმეში კარგად საქმე და ამიტომ მალავს ინფორმაციას. შესაძლოა, არის კიდევ ისეთი რაღაცეები, რაც ასევე იმალება. ეს ქმნის იმაზე მეტ უნდობლობას ვიდრე შეიძლება იყოს საჭირო ასეთ შემთხვევაში და ძალიან ცუდად განაწყობს პროკურატურის მიმართ ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას. ის, რომ ეს კაცი განთავისუფლებულია, უნდა იცოდეს საზოგადოებამ და საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება უნდა შეასრულოს მთავარმა პროკურატურამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.