მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძეა. სწორედ, მაღლაფერიძემ მიაწოდა სახალხო დამცველს 5 ნოემბერს დეტალური ინფორმაცია, ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თათბირის შესახებ. მაღლაფერიძე დეტალურად იხსენებს ამ თათბირის შინაარს და ამბობს, რომ 2007 წლის 5 ნოემბერს, რა ჩვენებაც მისცა სახალხო დამცველს, ზუსტად იგივე ჩვენება მისცა პროკურატურას.
For.ge ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრა.
რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თათბირის დეტალები მეორე დღესვე წერილობით გადაგეცათ სახლხო დამცველისთვის? ფაქტია, რომ ინფორმაციის გასაჯაროვება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული...
- რასაკვირელია, ამ ინფორმაციის გასაჯაროვება რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ბევრად უფრო დიდი რისკი იყო ისეთ ქვეყანაში გვეცხოვრა, როგორი ქვეყნის აშენებას ეს ბატონები გეგმავდნენ. ჩავთავლე, რომ როდესაც იქ არის შს მინისტრი, გენერალური პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ადამიანი, რომელიც თითქოსდა გადადგა, ვგულიხმობ დათა ახალაიას, რომელიც განაგებდა უშიშროებას, მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში დამთავრებულია ნებისმიერ სამართალზე ლაპარაკი. ჩავთავლე, რომ მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ ეს ინფორმაცია.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თათბირის დეტალები? თქვენ ამბობთ, რომ შეხვედრას გუბერნატორების გარდა ესწრებოდა კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, რომელიც უარყოფს ამ ინფორმციას და ამბობს, რომ მაღლაფერიძის განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია...
- მას შემდეგ, რაც 7 ნოემბერი მოხდა, ერთი თვის შემდეგ ჩავატარეთ არჩევნები, წამოვედი ხელისუფლებიდან და ამ დღიდან არანაირი კავშირი არ მქნოდა მათთან და რა პოლიტიზირებული მიზნები უნდა მქნოდეს? მე თქვენგან მაინტერესებს, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ.
ძალიან მძიმე...
- როდესაც სახალხო დამცველთან მივედი თავზარდაცემული ვიყავი. უცებ დავინახე, რომ ადამიანებს რომლებსაც ვიცნობდი, გასული არიან კანონის ფარგლებიდან. როდესაც მოვედი შსს-ს შენობაში, ლიფტთან შემხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედით და პირდაპირ შევედით ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. იქ დაგვხვდნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი. იყო ასევე ტანმორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო და ვიფიქრე, მესხელი თუ არის-მეთქი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი და ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი.
ვანო ჩქარობდა, დავიწყოთო. ვიღაცამ თქვა, საცაა მიხოც მოვაო და, მართლაც, ორ წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი, ოქრუაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, იხუმრა ვიღაცამ - ეგ, აუცილებლად, გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო. მიხომ უხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდზე დაჯდა.
ძალიან მნშიშვნელოვანია თათბირის დეტალები. მერაბიშვილის შეგონებამ - „ვინც არ იცით როგორ უნდა სცემოთ თირკლმებში, კონსულტაცია გაიარეთ დათა ახალაიასთან“-ო, დავით კირკიტაძე ხუმრობის ხასიათზე დააყენა, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორი იყო გუბერნატორების რეაქცია?
- გუბერნატორების აბსოლუტური უმრავლესობა იყო განცვიფრებული, თუმცა სხვადასხვა სახით გამოხატავდნენ ამას. მათთვის ეს იყო მოულოდნელი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ამ ბოროტების გეგმის შექმნაში არ მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, კირკიტაძე და კიდევ რამდენიმე ადრე იყო ამ ბოროტებაში ჩართული. აღმოჩნდა, რომ ქვეყანა როგორ იმართებოდა გუბერნატორებმა არ ვიცოდით. ვანომ დაიწყო - ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ამის შემდეგ მონოლოგის სახით ასე გვითხრა: „ეს ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა, ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოდ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არცერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ - სათითაოდ.
მაგალითად გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსული ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად, ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას. მოკლედ, ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე, სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში, მუცელში, ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან.
ვინც ცოტა „მოშავოა“, ან ეგეთი ტიპი, ჯიბეში ნარკოტიკი და -ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოუვლის, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ“, - თქვა მერაბიშვილმა.
სხვათა შორის, საკუთარ ამ ხუმრობაზე საკმაოდ იცინა. როდესაც შს მინისტრი და გენერალური პროკურორი ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზროვნების გამო, ადამიანებს წინააღმდეგ სასტიკი ანგარისწორება დაიწყონ, ცხადია, რომ ქვეყანაზე და სახელმწიფოზე ლაპარაკი არ იყო. განსაკუთრებული ცინიზმია, რომ ეს ადამიანები დემოკრატიაზე და ევროპეიზაციაზე საუბრობენ. აბსოლუტურად ცინიზმია როცა ე.წ. ექსპეტრები და საზოგადო მოღვაწეები საუბრობენ ევროპაზე. არა ბატონებო, ეს არაა ევროპა, ეს არის ჩრდილოეთ კორეა.
როდესაც მოისმინეთ მერაბიშვილის დავალება, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს გეგმა განხილული იყო გარკვეულ ჯგუფში?
- რასაკვირველია. ვიღაცეებმა წინასწარ იცოდნენ და გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. გუბერნატორებს გააცნეს იმის გამო, რომ გუბერნატორებს შტაბები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ, სინამდვილეში, გუბერნატორებს ამის რესურსი არ გააჩნდათ. სინამდვილეში ჩვენი დაბარების მიზეზი მდგომარეობდა შემდეგში - როდესაც დაიწყებოდა რეგიონებში და ქალაქებში ანგარისწორება, ეს არ გაგვკვირვებოდა. ფაქტობრივად გაგვაფრთხილეს გუბერნატორები, რომ თვალი დახუჭეთ და თუ მაგარი ბიჭები ხართ თავი ისახელეთ ამ ადამიანების ცემა-ტყეპითო.
გიგი უგულავას ფუნქცია რა იყო?
- გიგი უგულავამ ძალიან კარგად იცოდა ამ თათბირის შესახებ. ის იქ არ უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც კულტურის მინისტრიც არ უნდა ყოფილიყო. მახსოვს, ვანომ - გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო და თან უგულავას უთხრა ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლითო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა.
ძალიან საინტერესო არის მერაბიშვილის და ხაჩიძის დიალოგი, როდესაც მერაბიშვილმა მას არ მოუწონა იდეა. რა იდეა ჰქონდა ხაჩიძეს?
- ხაჩიძისთვის ეს ამბავი მოულოდნელი იყო. ის არ იყო ამ ცემა-ტყეპის დამგეგმავი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბრძანება გააპრავა. გოგა ხაჩიძემ ითხოვა სიტყვა, რაღაცის თქმა მინდაო. ვანომ მისცა სიტყვა. მისი იდეა იყო, რომ გავუშვათ კლიპები, სადაც მითითებული იქნება, ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევენო, მაგრამ ვანომ უთხრა, რომ არ არის ახლა ამ სისულელეების დრო, ახლა თეორიების და ჰაერში ფრენის დრო არ არის, ლაპარაკია, ამ ბოზების ბოლომდე ჩატ...აზე. ვინც ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოსო.
თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზერაშვილს უთხარით და მიხედავსო. თქვა, რომ ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს 1ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონო. მიტინგზე გადახედეთ, ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთო და აქვე თქვა, ონაშვილზე რა ქენითო, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ ჩემთან მყავდა და მივხედე, ყველაფერი წესრიგშიაო.
რას ამბობდა ახალაია, რომლესაც უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა და ის წესით იქ არ უნდა ყოფილიყო, რაც ასევე დანაშაულია...
- თვითონ ეს თათბირი იყო კრიმინალური. ამ თათბირიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დათა ახალაია იყო ერთ-ერთი პირი, რომელიც სახელმწიფოში იღებდა მთავარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან ერთად. იქ გამოჩნდა, რომ თანამდებობა კი არ ნიშნავდა რამეს, არამედ რეალურად რა იერარქია ეკავათ იმ მაფიაში. დათა ახალაია იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი.
პრეზიდენტი თათბირს არ ასწრებოდა? იყო ანგარისწორების ეს გეგმა პრეზიდენტთან შეთანხმებული?
- პრეზიდენტი არ ყოფილა და პრეზიდენტის სახელი არ თქმულა, მაგრამ რატომ წავედი სახალხო დამცველთან და არ წავედი პრეზიდენტთან, ვისთანაც პირდაპირ შემეძლო დამერეკა? - არ წავედი იმიტომ, რომ ჩავთვალე, რომ ამ ბანდის მეთაური იყო მიხეილ სააკაშვილი. შეუძლებელია ამ ტიპის თათბირი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაემართათ. რასაკვირველია მიხეილ სააკაშვილმა იცოდა.
თათბირს ესწრებოდნენ თუ არა ვასილ სანოძე და ამირან მესხელი? ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესხელმა მოახდინა თათბირის ჩაწერა, რომლის აუდიოვერსია აღმოჩნდა პროკურატურაში, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად დევს ამ საქმეში...
- ეს იყო მესხელი, სანოძე თუ სხვა, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია და თავს შევიკავებ. მაგრამ, ეს თათბირი არის დამტკიცებადი. ერთხელ იყო ნახსენები ამირანი, ახალგაზრდა ტანდაბალი ბიჭი იყო. სოზარ სუბარი ითხოვდა საგამოძიებიო კომისიის შექმნას და სხვათა შორის, თქვენმა ყოფილმა პორტალმა - presa.ge-მ, რომელიც შემდეგ წაგართვეს, პირველმა გამოაქვეყნა სოზარის გამოსვლა, სწორედ თქვენი გამოცემიდან გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ამ თათბირის შესახებ.
ხელისუფლებაში ძალიან კარგად იცოდნენ ვინ მისცა სახალხო დამცველს ეს ინფორმაცია, მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაც მოხდა იმ თათბირზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდოდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა. გახსოვთ მაშინ, მათი განცხადებები, რომ ტყულია და ა.შ. ტყუილი რომ ყოფილიყო იმ დღესვე შექმნიდნენ კომისიას, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს საქმე იყო დამტკიცებადი. დირექტივა ჰქონდათ მიღებული, რომ კომისია არ უნდა შეექმნათ.
თქვენი ჩანაწერიდან ჩანს, რომ შს მინისტრი სიცილით გაცნობდათ გეგმას, როგორ უნდა გეცემათ ადამიანები, იქვე იყო ადეიშვილიც, რას ამბობდა იგი?
- ჩემი პირადი აზრია, რომ ადეიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი და ბევრად უფრო დიდი შემოქმედი და დამგეგმავი იმ ბოროტების. პროკურატურას ჰქონდა ერთადერთი ფუნქცია, ადამიანების დატერორების და ანგარიშსწორების. ადეიშვილის სიჩუმემ და მერაბიშვილის საუბარმა არ მოგატყუოთ. ადეიშვილის დუმილი ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე მერაბიშვილის მჭერმეტყველება.
8 წლის წინ, როდესაც ფურცელზე გადმოგქონდათ თათბირის დეტალები, ფიქრობდით, რომ თქვენი წერილი გახდებოდა თათბირის მთავარი გმირების საბრალდებო დასკვნა?
- მართალი გითხრათ, ვიცოდი, რომ ამ თათბირის შესახებ ადამიანებს ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. ვისურვებდი, რომ პროკურატურამ ახლა მაინც მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე. სხვანაირად ნორმალურ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებთ.